1 . ბუკს ჩაჰბერეთ! არწივივით დააცხრება მტერი უფლის სახლს, ვინაიდან დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ჩემს რჯულს განუდგნენ.
2 . შემომღაღადებს ისრაელი: "ღმერთო ჩემო! გიცნობთ შენ!”
3 . უარყო ისრაელმა კეთილი, მტერი დაედევნება მას.
4 . მეფეებს ისვამდნენ, მაგრამ არა ჩემგან; მთავრებს იყენებდნენ და არ ვიცოდი. თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი კერპებს იკეთებდნენ, რათა დაღუპულიყვნენ.
5 . მიგატოვა შენმა ხბომ, სამარია! გიზგიზებს ჩემი რისხვა ამ ხალხზე. როდემდე არ უნდა განიწმიდონ ისინი?
6 . ვინაიდან ესეც ისრაელისგანაა - ოსტატის ნაკეთობაა და არა ღვთისა, ამიტომაც ნამსხვრევებად იქცევა სამარიის ხბო.
7 . რადგან ქარი დათესეს და ქარიშხალს მოიმკიან. ყანა არის მაგრამ თავთავი არა აქვს, მარცვალს არ იძლევა; თუ მისცემს, უცხონი შთანთქავენ მას.
8 . ჩაიყლაპა ისრაელი; უსარგებლო ჭურჭელივით გახდა ახლა ხალხთა შორის.
9 . რადგან აშურში ავიდნენ ისინი, მარტოდმარტო მოხეტიალე კანჯარივით; საყვარლები დაიქირავა ეფრემმა.
10 . და თუმცა ერებს შორის ქირაობდა, ახლა შევკრებ მათ და დამცირდებიან მეფისა და მთავართა უღლის ქვეშ.
11 . რადგან ცოდვისთვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლონი, შეცოდების სამსხვერპლოებად ექცა მას ისინი.
12 . ჩემი მთავარი კანონები დავუწერე მას, მაგრამ უცხო სწავლებად შერაცხა.
13 . ჩემთვის მსხვერპლის შემოსაწირად საკლავი მოყავთ და ჭამენ მას, თუმცა, არ ღებულობს მათ უფალი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეს დაუბრუნდებიან ისინი.
14 . დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოები აიშენა; გამაგრებული ქალაქები გაიმრავლა იუდამ; მაგრამ ცეცხლით ვშთანთქავ მის ქალაქებს და მის სასახლეებს.