ოსია თავი 12

1 . ქარს მწყემსავს ეფრემი და აღმოსავლეთის ქარს დასდევს, ყოველდღიურად სიცრუესა და ნგრევას ამრავლებს; აღთქმას აშურთან დებს, ზეთს კი ეგვიპტეში ეზიდება.

2 . დავა აქვს უფალს იუდასთან, ის მოჰკითხავს იაკობს მისი გზების მიხედვით და მიუზღავს მისი ბოროტი საქმეებისამებრ.

3 . მუცელშივე მოეჭიდა თავის ძმას ქუსლზე და თავისი ძალით შეეჭიდა ღმერთს.

4 . გაუძალიანდა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ევედრებოდა მას. ბეთელში გვიპოვა იაკობი და იქ გველაპარაკა.

5 . უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.

6 . შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.

7 . ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!

8 . თქვა ეფრემმა: "თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.

9 . მაგრამ მე, უფალი, ვარ შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან რომ გამოგიყვანე! კვლავ დაგასახლებ კარვებში, როგორც იმ დადგენილ დღეებში.

10 . წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.

11 . თუ ურჯულოებას გადაეცა გილყადი, ამაოებად იქცევა. გილგალში ხარებს სწირავდნენ, მათი სამსხვერპლოები ქვების გროვებივითაა მინდვრის ხნულებში.

12 . არამის ქვეყანაში გაიქცა იაკობი და ცოლისთვის მუშაობდა ისრაელი და ცოლისთვის მწყემსავდა.

13 . წინასწარმეტყველის ხელით გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მიერ იქნა დაცული.

14 . ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.