ოსია თავი 7

1 . ისრაელს რომ ვკურნავდი, მაშინ გამოაშკარავდა ეფრემის ურჯულოება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; ქურდი სახლში იპარება, ყაჩაღი ქუჩაში ესხმის თავს.

2 . არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.

3 . თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი სიცრუით - მთავრებს.

4 . ყველანი მრუშობენ ხაბაზის გახურებული ღუმელივით, ცეცხლს რომ ანელებს, ვიდრე ახალი ცომი არ გაფუვდება.

5 . ჩვენი მეფის ლხენის დღეს ღვინით წაიბილწნენ მთავრები, ის კი მასხარებს უწვდის ხელს.

6 . რადგან ღუმელივით გახურდნენ თავიანთ გულისთქმებში; გამონელდება თონე მთელი ღამის ძილში, დილით კი კვლავ აგიზგიზებული ცეცხლივით აღეგზნება.

7 . ღუმელივით გახურდა ყველა, თავიანთ მსაჯულებს ჭამენ; განმდგარია მათი ყველა მეფე, აღარავინ მიხმობს მათ შორის.

8 . ხალხებს შეერია ეფრემი, გადაუბრუნებული კვერივით შეიქნა.

9 . უცხონი ჭამენ მის ძალას, მას კი ვერ გაუგია; ჭაღარა შეერია, მას კი არ შეუმჩნევია.

10 . ისრაელის ამპარტავნება მოწმობს მისსავე წინააღმდეგ, მაინც არ მოექცნენ უფლისკენ, თავიანთი ღმერთისკენ, არ მოძებნეს იგი.

11 . ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი - ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.

12 . წავლენ თუ არა, ჩემს ბადეს გავშლი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში.

13 . ვაი მათ, რადგან განმიდგნენ! განადგურება მათ, რადგან ჩემს წინააღმდეგ აღდგნენ! გამოვისყიდიდი მათ, მაგრამ სიცრუეს ლაპარაკობენ ჩემს წინააღმდეგ.

14 . გულიდან არ შემომღაღადებენ, როცა კვნესიან თავიანთ საწოლებზე; ხორბლისა და ღვინის გამო იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.

15 . ვმოძღვრავდი, მკლავს ვუმაგრებდი, მაგრამ მაინც ბოროტი განიზრახეს ჩემს წინააღმდეგ.

16 . მიიქცნენ, მაგრამ არა უზენაესისკენ, მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უკუღმართი ენის გამო და დასაცინად შეიქნებიან ეგვიპტის ქვეყანაში.