1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.