1 . ციდკიაჰუს გამეფების მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმის წინააღმდეგ, მის წინ დაბანაკდა და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.
2 . მეფე ციდკიაჰუს გამეფების მეთერთმეტე წლამდე იყო ალყაში ქალაქი.
3 . მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და აღარ ჰქონდა ხალხს პური.
4 . გატყდა ქალაქი და ყველა მეომარი კაცი გაიქცა ღამით ორ კედელს შუა კარიბჭის გზით, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუ ყარაბასკენ მიმავალი გზით წავიდა.
5 . დაედევნა მეფეს ქალდეველთა ლაშქარი, მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე; შემოეფანტა (მთელი) ლაშქარი.
6 . შეიპყრეს მეფე, მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში და განაჩენი გამოუტანეს.
7 . თვალწინ დაუკლეს ძეები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილებით შეკრეს და ისე მიიყვანეს ბაბილონში.
8 . მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, გამეფების მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, მცველთა მთავარი, ბაბილონის მეფის მსახური.
9 . გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
10 . დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც მცველთა მთავარს მოჰყვა.
11 . ქალაქში დარჩენილი ხალხი და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, სხვა, უამრავ ხალხთან ერთად გადაასახლა ნებუზარადანმა, მცველთა მთავარმა.
12 . ქვეყნის ღარიბები მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა მცველთა მთავარმა.
13 . სპინლენძის სვეტები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა და კვარცხლბეკები, დაამსხვრიეს ქალდეველებმა, სპილენძი კი ბაბილონში წაიღეს.
14 . ქვაბები, ნიჩბები, საკვეთები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებდნენ, წაიღეს.
15 . საცეცხლურები, თასები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, მცველთა მთავარმა წაიღო.
16 . ორი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; აუწონავი იყო სპილენძი, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული;
17 . თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე და ზედ სპილენძის გვირგვინი ჰქონდა. სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ბადე და ბროწეულები გვირგვინების გარშემო მთლიანად სპილენძისა იყო. ასეთივე ბროწეულები იყო მეორე სვეტის ბადეზე.
18 . წაიყვანა მცველთა მთავარმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და კარიბჭის სამი მცველი.
19 . ქალაქიდან წაიყვანა ერთი მთავარი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა; ასევე _ ხუთი კაცი, მეფის მრჩევლები, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწიგნობარი, რომელიც ჯარში იწვევდა ქვეყნის ხალხს და სამოცი საერო კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.
20 . წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, მცველთა მთავარმა და ბაბილონის მეფეს რიბლაში მიჰგვარა.
21 . დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში და გადაასახლა იუდა თავისი ქვეყნიდან.
22 . იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა დატოვა, ბაბილონის მეფემ, მმართველად გედალიაჰუ დაუნიშნა, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
23 . გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა მეფისნაცვლად და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში: იშმაელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
24 . შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ კაცებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მსახურების. იცხოვრეთ ქვეყანაში, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ყველაფერი კარგად იქნება!”
25 . მეშვიდე თვეს მოვიდა იშმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფის შთამომავალი, ათი კაცი ახლდა თან, განგმირა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, მიცფაში რომ იყვნენ მასთან ერთად.
26 . ადგა მთელი ხალხი პატარიდან დიდამდე მხედართმთავრებთან ერთად და ეგვიპტეში წავიდა, რადგან ეშინოდათ ქალდეველების.
27 . იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, იეჰოიაქინი, იუდას მეფე, საპყრობილედან გაათავისუფლა.
28 . კეთილად ელაპარაკა და ტახტი იმ მეფეთა ტახტებზე მაღლა დაუდგა, ბაბილონში რომ ჰყავდა.
29 . გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა პურს მთელი თავისი სიცოცხლე.
30 . მუდმივი საზრდო ეძლეოდა მას მეფისგან ყოველდღე, მთელი მისი სიცოცხლე.