1 . გაიგონა ეს მეფე ხიზკიაჰუმ და ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2 . გაგზავნა ელიაკიმი, სახლის ზედამხედველი, შებნა მწიგნობარი და ძაძებით შემოსილი უხუცესი მღვდლები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
3 . უთხრეს: "ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს მოადგნენ ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4 . ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა რაბშაკეს ყოველი სიტყვა, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ დააბარა, რათა დაეძრახა ცოცხალი ღმერთი და დაეგმო სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა! აღავლინე ლოცვა ცოცხლად დარჩენილთათვის”.
5 . მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
6 . მიუგო ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7 . აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!”
8 . დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ებრძვის აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა.
9 . თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. უთხრეს: "აჰა, შენთან საბრძოლველად გამოვიდა”. ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით,
10 . ასე უთხარითო ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს "არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომელსაც ენდობი, ნუ იტყვი: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
11 . ხომ გსმენია, რა დამართეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი. შენ რა, გადარჩები?!
12 . განა იხსნეს ღმერთებმა თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი და ხარანი, რეფეცი და ედენის ძენი, თელასარში რომ არიან?
13 . სად არიან ხამათის, არფადის, სეფარ-ვაიმის მეფეები, ჰენაყისა და ყივას მეფე?”
14 . გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი.
15 . ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა!
16 . ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
17 . მართალია, უფალო, ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები.
18 . ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი.
19 . ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ!”
20 . შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
21 . აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: მოგიძულა, დაგცინის ქალწული, ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22 . ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე თვალი მედიდურად? ისრაელის წმიდაზე!
23 . შენი მოციქულების მეშვეობით გალანძღე უფალი და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედიო მთის მაღლობებზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, მისი სამყოფლის საზღვრებს მივაღწიე და შევედი მის ნაყოფიერ ტყეში.
24 . ამოვთხარე და შევსვი უცხო წყლები, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრეო ეგვიპტის მდინარეები!
25 . ნუთუ არ გსმენია, რომ ეს უძველესი დროიდან დავგეგმე, რომ წინა დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26 . მათმა მცხოვრებლებმა ძალა დაკარგეს, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ბალახივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
27 . ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
28 . იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
29 . ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ველურად გაზრდილი ჭამეთ, მეორე წელიწადს მონარჩენიდან გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ვაზი ჩაყარეთ და მისი ნაყოფი ჭამეთ.
30 . კვლავ გაიდგამს ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და გამოიღებს ნაყოფს.
31 . რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და სიონის მთიდან ნატამალი. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
32 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.
33 . გაბრუნდება იმავე გზით უკან, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში! ამბობს უფალი.
34 . მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.
35 . იმ ღამეს გამოვიდა უფლის ანგელოზი და მოსრა აშურის ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36 . გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე და ნინევეში მივიდა.
37 . ერთხელ, როცა თავის ღმერთს ნისროქს სცემდა თაყვანს, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა.