იესო ნავეს ძე თავი 7

1 . მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.

2 . წარგზავნა იეშუამ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც ბეთავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით იყო და უთხრა: "ადით და დაზვერეთ ქვეყანა”. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.

3 . დაბრუნდნენ იეშუასთან და უთხრეს: "ნუ წავა მთელი ხალხი; ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და მოსრას ჰაღაი; ნუ გარჯი მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი”.

4 . ავიდა სამი ათასამდე კაცი ხალხიდან, მაგრამ უკუაქციეს ჰაღაის კაცებმა;

5 . დახოცეს მათგან ოცდათექვსმეტამდე ჰაღაის კაცებმა, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და გაწყვიტეს მთის დამრეცზე; დაუდნა ხალხს გული, წყალივით გაუხდა.

6 . შემოიხია იეშუამ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე და მტვერი დაიყარა თავზე ისრაელის უხუცესებთან ერთად.

7 . მოსთქვამდა იეშუა: "ვაი, უფალო ღმერთო! რად გადმოალახვინე ამ ხალხს იორდანე, რათა ამორელთა ხელში ჩაგეგდო და დაგეღუპა? ნეტა იორდანეს გაღმა დამკვიდრება გვერჩია!

8 . გემუდარები, უფალო, რაღა ვთქვა, მას შემდეგ, რაც ზურგი აქცია ისრაელმა თავის მტრებს?

9 . გაიგებენ ქანაანელნი და ამ მიწის ყველა მკვიდრნი, გარს შემოგვადგებიან და წარხოცენ ჩვენს სახელს დედამიწის პირიდან. შენს დიად სახელს რაღას უზამ?”

10 . უთხრა უფალმა იეშუას: "ადექი, რას დამხობილხარ პირქვე?!

11 . შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმაც, რომელიც ვამცნე; დარისხებულიდან აიღეს, კიდეც მოიპარეს, გადამალეს და თავის ჭურჭელთან დადეს.

12 . ამიტომ ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა მტრებთან გამკლავება და ზურგი აქციეს მათ, რადგან თვითონ შეიქნენ დარისხებულნი; აღარ ვიქნები თქვენთან თუ არ ამოშანთავთ დარისხებულს თქვენი წიაღიდან.

13 . ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.

14 . დილას ტომებად დადექით და ტომი, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს საგვარეულოების მიხედვით; საგვარეულო, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს სახლეულების მიხედვით; სახლეული, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს კაცების მიხედვით.

15 . ცეცხლით დაიწვას დარისხებულის დატაცებაში მხილებული, ის და ყოველივე, რაც მისია, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და ურჩობა გამოიჩინა ისრაელში”.

16 . ადგა იეშუა დილით და დააყენა ისრაელი ტომებად; დაკავდა იუდა.

17 . გამოვიდა იუდას ტომი და დაკავდა ზერახის საგვარეულო. გამოვიდა სახლეულებით ზერახის საგვარეულო და დაკავდა ზაბდი.

18 . სათითაოდ გამოიყვანა მამაკაცები მისი სახლეულიდან და დაკავდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ზერახის შთამომავალი, იუდას ტომიდან.

19 . უთხრა იეშუამ ყაქანს: "შვილო, დიდება მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, აღიარე მის წინაშე და მითხარი, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ”.

20 . მიუგო ყაქანმა იეშუას: "ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი:

21 . დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.

22 . წარგზავნა იეშუამ შიკრიკნი და გაიქცნენ კარვისკენ; და აჰა, ყაქანის კარავშია დამალული, ვერცხლი კი - მის ქვეშაა.

23 . წამოიღეს კარვიდან, მიუტანეს იეშუას, ყველა ისრაელიანს და დაყარეს უფლის წინაშე.

24 . წაიყვანა იეშუამ ყაქანი, ზერახის ძე, თავისი ვერცხლით, მოსასხამითა და ოქროს ზოდით, ასევე მისი ძეები და ასულები, ხარი, სახედარი, ცხვარი, კარავი და ყოველივე, რაც გააჩნდა; მთელი ისრაელი ახლდა თან; და გაიყვანეს ყაქორის ველზე.

25 . უთხრა იეშუამ: "რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხს უბედურებას უფალი”. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და ცეცხლით დაწვეს, მას შემდეგ, რაც ჩაქოლეს.

26 . ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდე დგას; და დაცხრა უფლის მძვინვარე რისხვა. დღემდე ამიტომ ეწოდება იმ ადგილს ყაქორის ველი.