1 . ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და ისრაელის ძეთა ტომების მამამთავრებმა.
2 . წილის ყრით დაუმკვიდრეს, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს.
3 . რადგან ორ ტომს და მენაშეს ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.
4 . იმიტომ, რომ იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად. არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი მინდვრები მათი საქონლისთვის და ქონებისთვის.
5 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები და დაინაწილეს ქვეყანა.
6 . მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იეშუასთან და უთხრა მას ხალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: "შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, კადეშ-ბარნეაყში, შენზე და ჩემზე.
7 . ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა უფლის მსახურმა მოსემ, კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად და ის სიტყვა მივუტანე მას, რაც გულში მქონდა.
8 . ჩემმა ძმებმა, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ, გული გაუტეხეს ხალხს; მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს.
9 . და ასე დაიფიცა მოსემ იმ დღეს: ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იქნება უკუნისამდე, რადგან ბოლომდე მიჰყევი უფლის, შენი ღმერთის კვალს.
10 . აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც თქვა; ორმოცდახუთი წელი გავიდა მას მერე, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი; ოთხმოცდახუთი წლისა ვარ დღეს.
11 . ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.
12 . ახლა მომეცი ეს მთა, რომელზეც თქვა იმ დღეს უფალმა; რადგან შენ მოისმინე იმ დღეს, რომ ყენაკელნი იყვნენ იქ, დიდი და გამაგრებული ქალაქებით; ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
13 . აკურთხა იგი იეშუამ და მისცა ხებრონი ხალებ იეფუნეს ძეს სამკვიდროდ.
14 . ამიტომ არის ხებრონი კენიზელი ხალებ იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან უფლის, ისრაელის ღმერთის კვალს მიჰყვა იგი.
15 . უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, არბა სახელოვანი კაცი იყო ყენაკებს შორის. და დაისვენა ქვეყანამ ომისგან.