იესო ნავეს ძე თავი 20

1 . ელაპარაკა უფალი იეშუას:

2 . "ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს მეშვეობით.

3 . რათა მკვლელი, რომელსაც უნებლიედ, შეცდომით შემოაკვდება კაცი, გაიქცეს და თავშესაფრად ჰქონდეს მესისხლესგან.

4 . გაიქცეს ერთ ამ ქალაქთაგანში, დადგეს ქალაქის კარიბჭესთან და გამოაცხადოს თავისი ამბავი იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად; და შეიფარებენ ქალაქში, მისცემენ ადგილს და იცხოვრებს მათ შორის.

5 . თუ დაედევნა მესისხლე, არ უნდა გადასცენ მკვლელი, რადგან უნებლიედ შემოაკვდა თავისი მოყვასი, არ სძულებია იგი არც გუშინ, არც გუშინწინ.

6 . და იცხოვროს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარსდგება განსასჯელად თემის წინაშე, ვიდრე არ მოკვდება იმ დღეებში მყოფი მღვდელმთავარი. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა”.

7 . და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში; შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი იუდას მთაზე.

8 . და დაადგინეს იორდანეს გაღმა იერიხოს აღმოსავლეთით: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან; რამოთი გილყადში, გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში, მენაშეს ტომიდან.

9 . განეკუთვნა ეს ქალაქები ყველა ისრაელიანსა და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლეს ხელით სანამ თემს წარუდგება.