1 . და ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა და უჩვენა მას უფალმა გილყადის მთელი ქვეყანა დანამდე;
2 . ნაფთალის მთელი ქვეყანა, ეფრემისა და მენაშეს ქვეყანა და იუდას მთელი ქვეყანა, ზღვის დასასრულამდე;
3 . ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.
4 . უთხრა მას უფალმა: "ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. შენი თვალით დაგანახე, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
5 . და მოკვდა მოსე, მსახური უფლისა, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.
6 . და დამარხა იგი უფალმა მოაბის ქვეყნის ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, მაგრამ დღემდე არავინ იცის მისი სამარხი.
7 . ას ოცი წლის იყო მოსე, როცა გარდაიცვალა; თვალთ არ დაჰკლებია და ღონე არ გამოსცლია.
8 . ოცდაათი დღე იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის ველებზე და დაასრულეს მისთვის გლოვა და ტირილი.
9 . და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
10 . აღარ აღმდგარა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11 . ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც გააგზავნა იგი უფალმა ეგვიპტელთა ქვეყანაში - ფარაონზე, მის მსახურებსა და მთელ მის ქვეყანაზე,
12 . ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელიც მთელი ისრაელის თვალწინ მოიმოქმედა მოსემ.