1 . "როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და მათ სახლებში,
2 . გამოყავი სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი დასამკვიდრებლად.
3 . მოიწყვე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყანა, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი; იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.
4 . ესაა წესი მკვლელისა, რომელმაც უნდა შეაფაროს იქ თავი, რათა იცოცხლოს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე, რომ არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ;
5 . წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.
6 . რომ ცხელ გულზე არ დაედევნოს მკვლელს მესისხლე, არ დაეწიოს, რადგან დიდია გზა, და არ მოკლას; ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ.
7 . ამიტომ გიბრძანებ: გამოყავი სამი ქალაქი.
8 . როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს,
9 . თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას და შეასრულებ, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და ყოველთვის მის გზაზე დადიოდე, მაშინ ამ სამს კიდევ მიუმატე სამი ქალაქი.
10 . ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი სამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი.
11 . მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოყვასი, მტრობს მას, აღდგება მის წინააღმდეგ, დაჰკრავს სასიკვდილოდ, მოკლავს მას და გაიქცევა ერთ ამ ქალაქთაგანში,
12 . მიავლინონ მისი ქალაქის უხუცესებმა და მოაყვანინონ იქიდან, გადასცენ იგი მესისხლის ხელს და მოკვდეს იგი.
13 . სიბრალულით ნუ შეხედავ მას, ჩამობანე უდანაშაულო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
14 . არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდრებელში, რომელიც დაიმკვიდრე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
15 . ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.
16 . თუ გამოვა ცრუ მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
17 . წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დღეებში იქნებიან;
18 . კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა და თუ ცრუა ეს მოწმე და ცილი დასწამა თავის ძმას,
19 . ისე მოექეცი მას, როგორც თავად სურდა რომ მოქცეოდა თავის ძმას; ასე აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან.
20 . მოისმენენ დანარჩენები, შეშინდებიან და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში.
21 . ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.