1 . "ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება.
2 . აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით.
3 . უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი - აპატიე.
4 . თუმცა არავინ იქნება შენს შორის ღარიბი, რადგან ფრიად გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
5 . ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა შეასრულო ყველა ის მცნება, რომელსაც გიბრძანებ დღეს.
6 . რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს.
7 . თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;
8 . არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.
9 . გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება.
10 . მიეცი და ნუ დაგინაღვლიანდება გული მიცემისას, რადგან გაკურთხებს ამისთვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ საქმეში და ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ.
11 . რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
12 . თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.
13 . როცა გაათავისუფლებ - ხელცარიელი არ გაუშვა:
14 . დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი.
15 . გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას.
16 . და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა,
17 . მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი.
18 . ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
19 . მიუძღვენი უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმონაგები მამრი, რაც დაიბადება შენს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში; პირველმონაგებ ხარს ნუ ამუშავებ და ნუ გაპარსავ შენი ფარის პირველმონაგებს.
20 . ჭამეთ იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველწლიურად შენ და შენმა სახლეულმა, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21 . თუ რამ ნაკლი აღმოაჩნდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს.
22 . თქვენ საცხოვრებელში შეჭამეთ იგი; უწმიდურმაც და განწმედილმაც ჭამოს იგი, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამთ.
23 . ოღონდ მისი სისხლი არ ჭამოთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე”.