მარკოზი თავი 7

1 . შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.

2 . დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ,

3 . რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;

4 . ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.

5 . ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: "რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”

6 . ხოლო მან უთხრა მათ: "კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.

7 . ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!

8 . ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ - სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.

9 . უთხრა: "განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?

10 . მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.

11 . თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: "კორბან” - ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,

12 . აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის.

13 . ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.

14 . კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: "მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,

15 . არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.

16 . თუ ვინმეს ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს!”

17 . ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, ჰკითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა.

18 . მან უთხრა: "ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?

19 . ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.

20 . ამბობდა: "კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს.

21 . ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,

22 . ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.

23 . ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.

24 . ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.

25 . მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და მის ფერხთით დაემხო.

26 . წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.

27 . იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

28 . მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.

29 . უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.

30 . წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ საწოლზე იწვა ბავშვი, ეშმაკი კი გასული იყო მისგან.

31 . კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრების გავლით.

32 . მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.

33 . ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას;

34 . ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: "ეფფათა”, რაც ნიშნავს: "განიხსენ”.

35 . მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.

36 . უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო მეტს აცხადებდნენ.

37 . მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: "ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.