მარკოზი თავი 16

1 . შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ სურნელებანი იყიდეს, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.

2 . კვირის პირველ დღეს, დილაადრიანად, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.

3 . ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?

4 . გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ის კი ძალიან დიდი იყო.

5 . შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომი ჭაბუკი, სპეტაკი სამოსით შემოსილი; და დიდად შეშინდნენ.

6 . უთხრა მან: "ნუ გეშინიათ! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. ის აღსდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს.

7 . მაშ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ, იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის”.

8 . გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან ცახცახმა და ძრწოლამ მოიცვა ისინი. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.

9 . კვირის პირველი დღის დილას, მკვდრეთით აღმდგარი პირველად მარიამ მაგდალელს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე შვიდი ეშმაკი განდევნა.

10 . ისიც წავიდა და შეატყობინა მასთან მყოფთ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.

11 . ხოლო მათ, მოისმინეს რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, მაგრამ არ დაიჯერეს.

12 . ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა სოფლისკენ მიდიოდნენ.

13 . ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათი დაიჯერეს.

14 . მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, სუფრასთან მსხდართ და ურწმუნოება და გულქვაობა უსაყვედურა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.

15 . უთხრა მათ: "წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.

16 . ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.

17 . მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ.

18 . გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.

19 . ასე, მათთან საუბრის შემდეგ, უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.

20 . ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.