ქებათა-ქება თავი 8

1 . ო, ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუს მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არავინ დამძრახავდა.

2 . წაგიყვანდი, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, იქ სადაც ის მასწავლიდა, მე კი სურნელოვან ღვინოს, ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.

3 . მისი მარცხენა თავქვეშ მექნებოდა, მარჯვენა - მომეხვეოდა!

4 . გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისა, ნუ გააღვიძებთ, ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს.

5 . ვინ არის ის, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მიჯნურის მხარს რომ ეყრდნობა? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე, იქ გშვა დედაშენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

6 . დამდე, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი - შენს მკლავზე, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული და ქვესკნელივით სასტიკია ეჭვიანობა! მისი ალი ცეცხლის ალია, როგორც ალი უფლისა.

7 . ვერ ჩააქრობს სიყვარულს წყალი მრავალი, მდინარეები ვერ წარხოცავენ. თავისი სახლის მთელი ქონებაც რომ გაიღოს კაცმა სიყვარულისთვის, მაინც ზიზღით უგულებელყოფენ!

8 . პატარა და გვყავს რომელსაც მკერდი არ დამჩნევია; რა გავაკეთოთ ჩვენი დისთვის იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?

9 . გალავანი რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით, კარი რომ იყოს, კედრის ფიცრებით შევმოსავდით.

10 . გალავანივით ვარ და კოშკებივით გამიხდა მკერდი; ახლა კი კეთილგანწყობა ვპოვე მის თვალში.

11 . ვენახი ჰქონდა ბაყალ-ჰამონში სოლომონს; მომვლელებს მიაბარა იგი; თითოეულს ათასი ვერცხლი უნდა მოეტანა ნაყოფის სანაცვლოდ.

12 . ჩემი ვენახი ჩემს წინაშეა. ეს ათასი შენ, სოლომონ, ორასი კი - ნაყოფთა მომვლელთ.

13 . ბაღების მკვიდრო! მეგობრები ისმენენ შენს ხმას, მეც მასმენინე!

14 . იჩქარე, ჩემო მიჯნურო! ემსგავსე ქურციკს ან ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ!