1 . სად წავიდა შენი მიჯნური, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით გაუხვია შენმა მიჯნურმა, რომ ერთად მოვძებნოთ?
2 . თავის ბაღში ჩავიდა ჩემი მიჯნური, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყემსად და შროშანთა საკრეფად.
3 . მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემი მიჯნური მე მეკუთვნის; შროშანთა შორის მწყემსავს იგი!
4 . თირცასავით ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ, იერუსალიმივით მშვენიერი და ბაირაღებშემართული ჯარივით დიდებული!
5 . მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მაფორიაქებენ! შენი თმები გილყადის მთიდან დაშვებული თხის არვეა!
6 . შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
7 . შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
8 . სამოცი დედოფალია იქ, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული,
9 . მაგრამ ის ერთადერთია, ჩემი მტრედი, უნაკლო ჩემი. მხოლოდშობილია იგი დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისთვის. იხილეს ქალწულებმა და კურთხეულად შერაცხეს, დედოფლებმა და ხარჭებმა შეაქეს იგი.
10 . ვინ არის ის, ცისკარივით რომ ამობრწყინდება, მთვარესავით მშვენიერი, მზესავით ნათელი და ბაირაღებშემართული ჯარივით დიდებული?
11 . კაკლიანში ჩავედი მწვანე ჭალების სანახავად; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12 . ვიდრე მივხვდებოდი, ჩემმა სულმა, ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლზე დამსვა!