ესთერი თავი 8

1 . იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ებრაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი მეფის წინაშე წარსდგა, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინ იყო იგი მისთვის.

2 . წაიძრო მეფემ ჰამანისთვის ჩამორთმეული ბეჭედი და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სასახლის განმგებლად დანიშნა მორდექაი.

3 . კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა.

4 . გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.

5 . თქვა: "თუ ინებებს მეფე, თუ მადლი მიპოვია მის წინაშე, თუ მისაღებია ეს საქმე მეფისთვის და მეც სათნო ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს აგაგელი ჰამან ჰამედათას ძის მიერ მეფის ყველა სამთავროში მცხოვრებ ებრაელთა გასანადგურებლად შეთხზულ წერილებს.

6 . რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?”

7 . და უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და მორდექაი ებრაელს: "აჰა, მე მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან ებრაელებზე აღმართა ხელი.

8 . თქვენ კი მეფის სახელით დაწერეთ და მეფის ბეჭედით დაბეჭდეთ ებრაელებზე ის, რაც სათნოდ მიგაჩნიათ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი განკარგულება”.

9 . მაშინ მესამე თვეს, სივანის თვის ოცდამესამე დღეს, მოუხმეს მეფის მწიგნობრებს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ ებრაელებს, სატრაპებს, განმგებლებსა და სამთავროთა მთავრებს, ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, ებრაელებსაც თავისი დამწერლობით და თავის ენაზე.

10 . მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით დაბეჭდა და სამეფო ცხენებზე, ჯორებსა და აქლემებზე ამხედრებული შიკრიკების მეშვეობით დააგზავნა წერილები.

11 . ნებას აძლევდა მეფე ებრაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავისი სიცოცხლე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ხალხებისა და სამთავროს შენაერთები, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ და გაილაშქრებდა მათი შვილებისა და ქალების წინააღმდეგ და ნადავლად წაეღოთ მათი ქონება.

12 . ერთი დღის განმავლობაში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს,

13 . წერილის ასლი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში და უნდა გამოქვეყნებულიყო ყველა ხალხისთვის, რომ მზად ყოფილიყვნენ ებრაელები ამ დღისთვის, თავის მტრებზე შურის საძიებლად.

14 . აჩქარებით და გამალებით დაიძრნენ სამეფო ბედაურებზე ამხედრებული შიკრიკები, მეფის ბრძანებით. სატახტო ქალაქ შუშანშიც გამოცხადდა მეფის განკარგულება.

15 . გამოვიდა მორდექაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და მეწამული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.

16 . და იყო ებრაელთათვის ნათელი, სიხარული, მხიარულება და პატივი.

17 . ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და მხიარულება ჰქონდათ ებრაელებს, ნადიმი და დღესასწაული. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან ბევრი გაებრაელდა, რადგან ებრაელთა შიშმა მოიცვა ისინი.