ესთერი თავი 6

1 . იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს და ბრძანა, მატიანეთა სამახსოვრო წიგნი მოეტანათ და წაეკითხათ მისთვის.

2 . და აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მორდექაიმ ბიგთანი და თერეში, მეფის ის ორი საჭურისი, კარის მცველნი, რომელთაც ხელის აღმართვა განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე.

3 . იკითხა მეფემ: "რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამ ღვაწლისთვის?” მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: "არაფერი მიუგიათ მისთვის”.

4 . თქვა მეფემ: "ვინ არის ეზოში?” ჰამანი შემოსულიყო მეფის სასახლის გარე ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე.

5 . და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: "აჰა, ჰამანი დგას ეზოში”. თქვა მეფემ: "შემოვიდეს”.

6 . შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: როგორ უნდა მოვექცეთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?” თქვა გულში ჰამანმა: "ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?”

7 . და მიუგო ჰამანმა მეფეს: "კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს,

8 . უნდა მიართვან სამეფო შესამოსელი, რომელიც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როდესაც სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.

9 . მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულმა მთავრებმა და მათ შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”

10 . უბრძანა ჰამანს მეფემ: "იჩქარე, აიღე შესამოსელი და ცხენი, და როგორც თქვი ისე მოექეცი ებრაელ მორდექაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს”.

11 . აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენზე შესვა, წარუძღვა ქალაქის მოედნამდე და თან აცხადებდა მის წინაშე: "ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”

12 . დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი მგლოვიარე და თავდაბურული გაეშურა შინისკენ.

13 . და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლსა და ყველა მეგობარს, ყოველივე, რაც შეემთხვა. უთხრეს მრჩევლებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: "თუ ებრაელთა მოდგმის არის მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, ვერაფერს გახდები, უსათუოდ დაეცემი მის წინაშე”.

14 . ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ, რომ მეფის საჭურისები მოვიდნენ და სასწრაფოდ ესთერის მომზადებულ ნადიმზე წაიყვანეს ჰამანი.