1 . იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი.
2 . გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.
3 . თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.
4 . დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იეშუა, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ხენანი და დიდი ხმით შეღაღადებდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5 . ამის შემდეგ ლევიანები - იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: "ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.
6 . შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.
7 . შენ ხარ უფალი, ღმერთი, რომელმაც გამოარჩიე აბრამი, გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან და აბრაჰამი დაარქვი სახელად.
8 . ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;
9 . იხილე ჩვენი მამების ტანჯვა ეგვიპტეში და ისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.
10 . ნიშნები და სასწაულები დაუშვი ფარაონზე, მის ყველა მონასა და მთელი მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ამპარტავნულად ექცეოდნენ მათ და დღემდე გაითქვი სახელი შენი.
11 . ზღვა გააპე მათ წინაშე და მშრალზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი სიღრმეში ჩაყარე, როგორც ქვები დიდ წყლებში.
12 . ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ დღისით და ცეცხლის სვეტით - ღამე, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
13 . სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.
14 . შენი წმიდა შაბათი აუწყე მათ, მცნებანი, წესდებანი და რჯული დაუწესე მოსეს, შენი მსახურის ხელით.
15 . მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.
16 . მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.
17 . არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
18 . თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და ამბობდნენ: ესააო შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან! და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს მათ,
19 . მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.
20 . შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.
21 . ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ - სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.
22 . მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას.
23 . ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად.
24 . შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ.
25 . დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.
26 . მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
27 . ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
28 . სულს მოითქვამდნენ თუ არა, კვლავ ბოროტად იქცეოდნენ შენ წინაშე. ამიტომ, კვლავ მტრების ხელში ყრიდი მათ და ისინი ბატონობდნენ მათზე; შემოგღაღადებდნენ და ისევ ისმენდი ზეციდან, მრავალჯერ გამოიხსნიდი მათ, შენი დიდი სიბრალულისამებრ.
29 . შეაგონებდი მათ, რომ შენს რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ურჩობდნენ და არ ისმენდნენ შენს მცნებებს; არღვევდნენ შენს კანონებს, რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი; ზურგი გაქციეს, ქედი გაიმაგრეს და არაფერს ისმენდნენ.
30 . მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
31 . და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.
32 . ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.
33 . მართალი ხარ ყველაფერში, რაც ჩვენზე მოაწიე, რადგან ერთგულად მოგვექეცი, ჩვენ კი ბოროტებით გპასუხობდით.
34 . არც ჩვენი მეფენი, მთავარნი, მღვდლები და მამები აღასრულებდნენ შენს რჯულს, არც შენს მცნებებსა და შეგონებებს უსმენდნენ, რომლებითაც შეაგონებდი მათ.
35 . თავის სამეფოშიც კი - ვრცელ და პოხიერ ქვეყანაში, რომელიც შენ მიეცი მათ - არ გემსახურებოდნენ და თავის ბოროტ საქმეებზე უარს არ ამბობდნენ.
36 . აჰა, დღეს მონები ვართ და ტყვეობაში ვართ იმ მიწაზე, რომელიც მიეცი ჩვენს მამებს მისი ნაყოფისა და დოვლათის საჭმელად.
37 . მოსავალს ვიმკით მეფეთათვის, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო დაგვიდგინე და თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ჩვენს სხეულებსა და პირუტყვზე; აჰა, დიდ შეჭირვებაში ვართ.
38 . ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.
1 . მეფე დარიოსის მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის მეოთხე დღეს, უფლის სიტყვა იყო ზაქარიას მიმართ.
2 . გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცად.
3 . რომ ეკითხათ ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისა და წინასწარმეტყველთათვის: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც მრავალი წლის მანძილზე ვიქცეოდიო?
4 . და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი:
5 . უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?
6 . როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
7 . განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?
8 . და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი:
9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.
10 . ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.
11 . მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.
12 . გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
13 . და როგორც ვუხმობდი და არ მისმინეს, ასევე არ ვუსმინე მათ, როცა მიხმობდნენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
14 . ძლიერი ქარით გავფანტე ისინი ხალხებში, რომელსაც არ იცნობდნენ და აოხრდა ქვეყანა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და გააუდაბურეს საამური ქვეყანა.
1 . იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2 . იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
3 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
4 . ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
5 . მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
6 . ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
7 . ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
8 . ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
9 . მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
10 . მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
11 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
12 . თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13 . არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
14 . და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15 . რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16 . ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 . რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
18 . ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19 . მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20 . რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21 . ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
22 . ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
23 . იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
24 . ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25 . მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
26 . მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
27 . თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28 . თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
29 . ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
30 . ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
31 . მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
32 . რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33 . ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34 . რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35 . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36 . ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . "ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ.
2 . სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.
3 . ასე მოგექცევიან, რადგან ვერც მამა იცნეს, ვერც მე.
4 . ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა დრო დადგება, გაიხსენოთ, რომ გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს, რადგან თქვენთან ვიყავი.
5 . ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ, მაგრამ თქვენგან არავინ მეკითხება, სად მიდიხარო.
6 . თუმცა გული დაგიმწუხრდათ, ეს რომ გითხარით.
7 . მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.
8 . და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.
9 . ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;
10 . სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;
11 . სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.
12 . კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
13 . მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
14 . იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.
15 . ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
16 . "ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარ”.
17 . ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: "რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარო?”
18 . ასე ლაპარაკობდნენ: რად გვითხრა, "ცოტაცო?” არ გვესმის, რას ამბობს.
19 . იესო მიხვდა, რომ შეკითხვა უნდოდათ; და უთხრა: "ერთმანეთს ამაზე ეკითხებით, რომ გითხარით: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ?
20 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
21 . დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
22 . ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.
23 . "იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.
24 . ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
25 . ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ დგება ჟამი, როცა იგავებით კი აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.
26 . იმ დღეს, ჩემი სახელით შესთხოვთ; და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
27 . ვინაიდან თვითონ მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი.
28 . მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. ახლა კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მამასთან მივდივარ”.
29 . მოწაფეებმა უთხრეს: "აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.
30 . ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი”.
31 . მიუგო მათ იესომ: "ახლა გწამთ?
32 . აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.
33 . ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".
1 . ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულების გარდა, ყველა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტა.
2 . დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.
3 . სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
4 . მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ.
5 . ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
6 . ფილიპეს ლაპარაკს ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, უსმენდა და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა.
7 . მრავალი დაკავებულისგან ყვირილით გამოდიოდნენ არაწმიდა სულები; ბევრი დავრდომილიც და კოჭლიც იკურნებოდა.
8 . და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.
9 . იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრე ჯადოქრობდა და აოცებდა სამარიელ ხალხს; თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
10 . ყველა, დიდიან-პატარიანად, ყურს უგდებდა მას და ამბობდა: "ეს ის ღვთიური ძალაა, დიადად რომ იწოდება”.
11 . ყურს კი იმიტომ უგდებდნენ, რომ დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით.
12 . ხოლო, ერწმუნენ რა ფილიპეს, რომელიც ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს ახარებდა, ინათლებოდნენ როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცებიც.
13 . სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.
14 . იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა რომ გაიგეს, სამარიამ ღმერთის სიტყვა მიიღოო, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან,
15 . რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა.
16 . რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით.
17 . დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
18 . სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ.
19 . უთხრა: "მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”.
20 . მაგრამ მიუგო მას პეტრემ: "შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, რადგან ღვთის ნიჭის ფულით შეძენა განიზრახე.
21 . არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე.
22 . მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და უფალს შეევედრე, იქნებ მოგიტევოს შენი გულის ზრახვა,
23 . ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.
24 . თქვა სიმონმა: "შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი მომეწიოს თქვენი ნათქვამიდან”.
25 . უფლის სიტყვა რომ დაამოწმეს და იქადაგეს, გამობრუნდნენ იერუსალიმს და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
26 . უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: "ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება”.
27 . ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში;
28 . უკან ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი, წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა.
29 . მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: "მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
30 . ფილიპემ მიირბინა და მოისმინა, რომ წინასწარმეტყველ ესაიას კითხულობდა და ჰკითხა: "თუ გესმის, რას კითხულობ?”
31 . მიუგო მან: "როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?” და სთხოვა ფილიპეს ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
32 . წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: "დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხ
33 . დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”.
34 . ჰკითხა საჭურისმა ფილიპეს: "გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?”
35 . გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.
36 . განაგრძეს გზა და წყალს მიადგნენ. უთხრა საჭურისმა: "აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”
37 . ფილიპემ მიუგო: "თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.
38 . უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი.
39 . როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა.
40 . ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.
1 . კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა.
2 . მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.
3 . მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”
4 . მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
5 . გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.
6 . იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.
7 . მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.
8 . უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
9 . მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
10 . მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა.
11 . დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
12 . დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში.
13 . და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”.
14 . მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.
15 . მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”.
16 . ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.
17 . ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.
18 . დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?”
19 . სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს.
20 . ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
21 . ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?”
22 . ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.
23 . მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა.
24 . კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა.
25 . პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26 . პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.
27 . მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი.
28 . უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
29 . ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
30 . მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.
31 . მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
32 . ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.
33 . მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.
34 . გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35 . არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
36 . მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
37 . თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა;
38 . როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
39 . ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
40 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,
41 . არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42 . მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
43 . მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.
44 . პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.
45 . მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,
46 . რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
47 . "ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
48 . და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
1 . ამბოხი რომ ჩაცხრა, პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გაემართა.
2 . იმ ადგილებში გავლისას, მრავალი სიტყვით ამხნევებდა მორწმუნეებს და საბერძნეთში ჩავიდა;
3 . სამ თვეს გაჩერდა იქ და სირიაში გადაცურვა დააპირა, მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება.
4 . აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი და ტიმოთე; აზიელთაგან კი - ტიქიკოსი და ტროფიმე.
5 . ისინი წინ წავიდნენ, რათა ტროაში დაგვლოდებოდნენ.
6 . ჩვენ კი უფუარობის შემდეგ გავცურეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდ დღეს გავჩერდით.
7 . კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.
8 . ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.
9 . ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10 . ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: "ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”.
11 . ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა.
12 . ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
13 . ჩვენ დავწინაურდით და ასოსისკენ გავცურეთ ხომალდით, რადგან იქიდან უნდა აგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თავად ფეხით აპირებდა წამოსვლას.
14 . ასოსში რომ ვნახეთ, წამოვიყვანეთ და მიტილენეში მივედით.
15 . იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს ხიოსის პირდაპირ დავდექით; მეორე დღეს სამოსს მივადექით, ტრიგოლიუმში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტში მივედით.
16 . პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.
17 . მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.
18 . როცა მოვიდნენ, უთხრა: "თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი;
19 . ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რაც იუდეველთა შეთქმულებით შემემთხვა;
20 . სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;
21 . ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
22 . და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
23 . მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის.
24 . მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
25 . და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი.
26 . ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან.
27 . რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.
28 . მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29 . რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30 . თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი.
31 . ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
32 . ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.
33 . არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
34 . თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს.
35 . ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.
36 . ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
37 . მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.
38 . უფრო მეტად იმ სიტყვის გამო წუხდნენ, რომ თქვა, ჩემს სახეს ვეღარ იხილავთო; და ხომალდამდე მიაცილეს.
1 . მათ რომ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოსს, ხოლო მეორე დღეს - როდოსს, იქიდან - პატრას.
2 . ვნახეთ ხომალდი, ფინიკიაში რომ მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
3 . კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისკენ გავცურეთ და ტვიროსს მივაღწიეთ; რადგან ხომალდი იქ უნდა გადმოეტვირთათ.
4 . მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5 . ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ; ყველანი ცოლ-შვილითურთ გამოგვყვნენ ქალაქგარეთ, ნაპირზე კი მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
6 . გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ.
7 . დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაიდაში მივედით, ძმები მოვიკითხეთ და ერთი დღე მათთან გავატარეთ.
8 . მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით.
9 . ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.
10 . მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა.
11 . მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: "ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.
12 . ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13 . მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
14 . რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: "იყოს ნება უფლისა!”
15 . იმ დღეების შემდეგ, ჩაბარგებულნი ავედით იერუსალიმს.
16 . თან ზოგიერთი კესარიელი მოწაფეც გამოგვყვა. მათ მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
17 . იერუსალიმში ასულები, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18 . მომდევნო დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან. მოვიდა ყველა უხუცესიც.
19 . მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის.
20 . მათ კი, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს: "ხედავ, ძმაო, რამდენი ათეულობით ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის?! ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21 . შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
22 . რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
23 . ისე მოიქეცი, როგორც გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24 . წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯი, თავი რომ გადაიპარსონ. ამით გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
25 . ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”.
26 . მაშინ წაიყვანა ის კაცები პავლემ, მომდევნო დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და განწმედის დღეების შესრულება გამოაცხადა, სანამ თითოეული მათგანისთვის ძღვენს შეწირავდა.
27 . შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28 . ყვიროდნენ: "კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”.
29 . მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო.
30 . მთელი ქალაქი შეიძრა; შეგროვდა ხალხი; შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი
31 . მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი.
32 . მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გაეშურა. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
33 . მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა, ორი ჯაჭვით შეეკრათ, თან იკითხა, ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34 . ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი - მეორეს. მან კი, რაკი ამ აურზაურში სინამდვილის გაგება ვერ შეძლო, მისი ციხე-სიმაგრეში წაყვანა ბრძანა.
35 . კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო,
36 . ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: "აღიგავოს იგი!”
37 . ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, ჰკითხა პავლემ ათასისთავს: "შეიძლება რაღაც გითხრა?” ხოლო მან უპასუხა: "ბერძნული იცი?
38 . მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?”
39 . უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”.
40 . როდესაც მან ნება დართო, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.
1 . გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
2 . იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3 . პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
4 . ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”.
5 . მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.
6 . ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.
7 . იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8 . პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
9 . ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10 . მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11 . სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12 . სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ.
13 . იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ,
14 . სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.
15 . იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
16 . როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17 . სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს.
18 . მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის;
19 . მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი.
20 . ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
21 . მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი.
22 . მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”.
23 . დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
24 . ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
25 . რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 . მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27 . რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28 . ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
29 . ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.
30 . ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს;
31 . ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.
1 . პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.
2 . მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
3 . კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
4 . უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
5 . ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
6 . ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
7 . რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
8 . ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,
9 . რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას,
10 . ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
11 . იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12 . რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13 . ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
14 . როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
15 . არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
16 . ვინაიდან დაწერილია: "იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
17 . თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
18 . რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
19 . არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
20 . რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
21 . ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
22 . და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
23 . რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.
24 . რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
25 . უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
1 . სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:
2 . მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით,
3 . ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
4 . რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.
5 . და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება,
6 . შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7 . ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8 . ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.
9 . ხოლო, ვისაც ესენი არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დაავიწყდა თავისი ძველი ცოდვებისგან განწმედა.
10 . ამიტომ, ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,
11 . და ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს კარი.
12 . ამიტომ გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცედ დგახართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.
13 . და სწორად მიმაჩნია, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
14 . რადგან ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ გამომიცხადა.
15 . ამიტომ შევეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
16 . ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.
17 . რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
18 . და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
19 . ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
20 . პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით.
21 . ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
1 . ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
2 . რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,
3 . იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?
4 . რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსი ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
5 . ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს.
6 . მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
7 . ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
8 . დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,
9 . ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
10 . მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.
11 . რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
12 . და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას -
13 . თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.
14 . ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
15 . ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.
16 . განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?
17 . თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.
18 . თავს ნურავინ მოიტყუებს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს.
19 . ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ.
20 . და კიდევ: "იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი”.
21 . ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
22 . გინდ პავლე, გინდ აპოლო, გინდ კეფა, გინდ წუთისოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდაც მომავალი - ყოველივე თქვენია.
23 . თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა.
1 . როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?
2 . ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
3 . ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს - ყოფით საქმეებს!
4 . თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
5 . თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?
6 . მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
7 . ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
8 . მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
9 . განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
10 . ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.
11 . ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
12 . ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
13 . საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი - სხეულისთვის.
14 . ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15 . ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
16 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.
17 . ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.
18 . გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
19 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
20 . ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
1 . ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
2 . ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია.
3 . ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.
4 . რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
5 . ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით.
6 . თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.
7 . ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
8 . ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
9 . სარწმუნოა ეს სიტყვა და სრულად მიღებას იმსახურებს.
10 . ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
11 . ეს ამცნე და ასწავლე.
12 . აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
13 . სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
14 . ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
15 . ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.
16 . იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
1 . ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
2 . რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია ისევე, როგორც მოსე მთელ მის სახლში.
3 . რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის ამშენებელს;
4 . ვინაიდან ყოველ სახლს ვიღაც აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.
5 . მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახურს შეეფერება, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო;
6 . ხოლო ქრისტე - როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს.
7 . ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: "დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
8 . ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
9 . სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
10 . ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
11 . ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.
12 . თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
13 . არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის "დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.
14 . ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
15 . ვიდრეღა ითქმის: "დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”.
16 . ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
17 . მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა?
18 . ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?
19 . და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.
1 . "სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.
2 . გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
3 . გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
4 . თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
5 . გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
6 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
7 . "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8 . ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9 . აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
10 . რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
11 . აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12 . გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
13 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
14 . "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
15 . ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
16 . მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17 . რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18 . გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
19 . ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
20 . აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
21 . გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
22 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
1 . და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
2 . გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
3 . ახალ საგალობელს გალობდნენ ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე; არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა.
4 . ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.
5 . სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
6 . და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.
7 . დიდი ხმით ამბობდა: "გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.
8 . სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: "დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
9 . მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
10 . ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
11 . მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.
12 . აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13 . და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: "დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.
14 . და ვიხილე, აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი; თავზე ოქროს გვირგვინი ადგას და ხელში ბასრი ნამგალი უჭირავს.
15 . გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: "გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”.
16 . ჩამოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.
17 . სხვა ანგელოზიც გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია; მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
18 . გამოვიდა სამსხვერპლოდან სხვა ანგელოზიც, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.
19 . ჩამოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
20 . დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან ცხენების აღვირებამდე, ათას ექვსას სტადიონამდე.