1 . ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.
2 . ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება.
3 . მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4 . უთხრა: "რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: "თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”.
5 . უთხრა იონადაბმა: "ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”.
6 . ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: "გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”.
7 . გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: "წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”.
8 . მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო.
9 . აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: "გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.
10 . მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: "უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს.
11 . და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: "მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”.
12 . მიუგო: "არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს.
13 . სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”.
14 . მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15 . და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.
16 . მიუგო თამარმა: "არა, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა ახლა ჩემი გაგდება”. მაგრამ არ ინდომა ყამნონმა მისი მოსმენა.
17 . დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: "გაიყვანე ეს ქალი აქედან და კარი ჩარაზე”.
18 . ჭრელი მოსასხამი ემოსა ქალს, რადგან ასეთი სამოსით იმოსებოდნენ მეფის ქალწული ასულები. გაიყვანა მსახურმა ქალი და კარი ჩარაზა.
19 . ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.
20 . უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: "შენი ძმა ყამნონი იყო შენთან? დამშვიდდი, დაო. შენი ძმა არის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს”. და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, განმარტოებით.
21 . გაიგო ეს ამბავი მეფე დავითმა და განრისხდა დიდად.
22 . აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.
23 . გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.
24 . მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: "აჰა, ცხვრის მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად”.
25 . უთხრა მეფემ აბესალომს: "არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, ტვირთად არ დაგაწვებით”. დაჟინებით სთხოვდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26 . თქვა აბესალომმა: "თუ ასეა, გთხოვ, ჩემი ძმა ყამნონი მაინც წამოვიდეს”. უთხრა მეფემ: "რისთვის წამოვიდეს?”
27 . არ მოეშვა აბესალომი და დავითმაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები.
28 . უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.
29 . ისე მოექცნენ აბესალომის მსახურები ყამნონს, როგორც ჰქონდა ნაბრძანები აბესალომს. და წამოცვივდნენ მეფის ძეები, შესხდნენ ჯორებზე და გაიქცნენ.
30 . ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: "ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
31 . ადგა მეფე, შემოიხია სამოსელი და მიწაზე გაწვა. მისი სამოსელშემოხეული მსახურებიც იქვე დადგნენ.
32 . უთხრა მეფეს იონადაბმა, შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა: "ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა ძალით დაწვა ყამნონი თამართან.
33 . ნუ მიიტანს გულთან მეფე, ჩემი ბატონი ამ ხმას, თითქოს მეფის ყველა ძე მოკვდაო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი”.
34 . გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი ეშვება გზაზე, მთის ფერდობზე.
35 . და უთხრა იონადაბმა მეფეს: "აჰა, მოდიან მეფის ძეები; როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა”.
36 . დაასრულა ლაპარაკი და, აჰა, მოვიდნენ მეფის ძენიც, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც.
37 . გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. ყოველდღე გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38 . და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
1 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
2 . თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, ხალხი გაეფანტება და მოვკლავ მარტო დარჩენილს.
3 . შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, შენ ხომ ერთი კაცის სულს ეძებ, მთელი ხალხი კი მშვიდობით იქნება”.
4 . მოეწონათ ეს აზრი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5 . თქვა აბესალომმა: "ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”.
6 . მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: "ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”.
7 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”.
8 . ისევ თქვა ხუშაიმ: "ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
9 . ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი,
10 . მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში.
11 . ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად.
12 . დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13 . თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”.
14 . თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: "ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს.
15 . უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: "ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
16 . ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.
17 . ყენ-როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან არ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
18 . დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
19 . ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭას, ზედ ხორბალი გაფინა და კვალი წაშალა.
20 . მოვიდნენ აბესალომის მსახურები ამ ქალთან და უთხრეს: "სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” მიუგო ქალმა: "წყალს გაღმა გავიდნენ”. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
21 . მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ყველაფერი უამბეს მეფე დავითს; თქვეს: "საჩქაროდ გადადით წყლის გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა”.
22 . ადგა დავითი, ასევე მთელი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23 . დაინახა ახითოფელმა, რომ არ მიიღეს მისი რჩევა, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიხრჩო. მოკვდა და დამარხეს მამისეულ სამარხში.
24 . მივიდა დავითი მახანაიმში, ხოლო აბესალომმა იორდანე გადალახა ისრაელის კაცებთან ერთად.
25 . იოაბის ნაცვლად ლაშქრის სარდლად ყამასა დაადგინა აბესალომმა. ყამასას მამა, ითრა იზრეყელელი, ის კაცი იყო, აბიგაილთან, ნახაშის ასულთან რომ შევიდა. აბიგაილი იოაბის დედის, ცერუიას და იყო.
26 . გილყადის ქვეყანაში დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა.
27 . დავითი რომ მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან და ბარზილაი გილყადელმა როგელიმიდან,
28 . მოიტანეს ქვეშაგებელი, ლანგრები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ცერცვი, ოსპი და მოხალული მარცვლეული,
29 . თაფლი, ერბო, ცხვარი და საქონლის ყველი; და მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ამბობდნენ: "მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი იქნებიანო უდაბნოგამოვლილები”.
1 . ამ ამბების მერე იყო: იზრეყელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეყელში, სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.
2 . ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: "მომეცი შენი ვენახი, ბაღ-ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ უკეთეს ვენახს მოგცემ, ან თუ გინდა, საფასურს ფულად გადაგიხდი”.
3 . უთხრა ნაბოთმა: "უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!”
4 . მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: "არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.
5 . შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”
6 . უთხრა: "ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს, ვუთხარი: მომეცი შენი ვენახი ფულის ფასად, ანდა, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი, მან კი უარი მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს!
7 . უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.
8 . წერილები დაწერა იეზებელმა ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9 . ასე ჩაწერა წერილებში: "გამოაცხადეთ მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვით.
10 . წინ ორი უღირსი კაცი დაუსვით, რომ ცილი დასწამონ და უთხრან: ‘შენ იყავი, რომ სწყევლიდი ღმერთსა და მეფესო; მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს”.
11 . ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები, უხუცესები და წარჩინებულები, იმ ქალაქის მკვიდრნი, როგორც შეუთვალა იეზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12 . გამოაცხადეს მარხვა და დასვეს ნაბოთი ხალხის თავში.
13 . მოვიდა ორი უღირსი კაცი და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ უღირსებმა ნაბოთს ხალხის წინაშე, ამბობდნენ: "დასწყევლა ნაბოთმა ღმერთი და მეფეო”. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვებით ჩაქოლეს და მოკვდა.
14 . გაგზავნეს იეზებელთან და შეუთვალეს: "ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა”.
15 . როცა გაიგო იეზებელმა რომ ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა, უთხრა ახაბს: "ადექი და დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომელმაც უარი გითხრა დათმობაზე, რადგან აღარ არის ცოცხალი, მკვდარია”.
16 . როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
17 . უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თიშბელს, უთხრა:
18 . "ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის; აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19 . ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
20 . უთხრა ახაბმა ელიას: "მიპოვე ჩემო მტერო?!” უთხრა ელიამ: "გიპოვე, რადგან უფლის თვალში ბოროტის საკეთებლად გაყიდე თავი.
21 . აჰა, ბოროტებას დაგათევ თავზე, მოვკვეთ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, როგორც მონას, ისე თავისუფალს, ისრაელში!
22 . ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც იერობყამ ნებატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს მოვექეცი, იმის გამო, რომ განმარისხე, რომ ცოდვაში შეიყვანე ისრაელი”.
23 . იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: "ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
24 . ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”.
25 . ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა.
26 . დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”.
27 . როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28 . გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა:
29 . "ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.
1 . იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
2 . სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
3 . ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
4 . ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
5 . გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
6 . რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
7 . უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
8 . ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
9 . რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
10 . შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.
11 . თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
12 . შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
13 . მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
14 . წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
15 . შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
16 . რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
17 . ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
18 . თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
19 . ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
20 . სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
21 . ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას:
22 . როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
23 . მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
24 . ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.
25 . უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
26 . და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
27 . როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
28 . მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
29 . რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს,
30 . არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
31 . იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
32 . რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
33 . ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.
1 . შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.
2 . კეთილი კაცი უფლისგან მადლს მოიხვეჭს, ავისმზრახველ კაცს კი მსჯავრს დასდებს.
3 . კაცი ბოროტებით ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა.
4 . გამრჯე ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ძვლების ხრწნასავითაა.
5 . მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, ბოროტეულთა ზრახვები კი ვერაგობისკენ.
6 . ბოროტეულთა სიტყვები სისხლის დასაღვრელად აქეზებენ, მართალთა ბაგეები კი იხსნიან მათ.
7 . დაემხობიან ბოროტეულნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი იდგება.
8 . კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
9 . სჯობს უბრალო კაცი იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე დიდებულად მოგქონდეს თავი და პური გაკლდეს.
10 . მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.
11 . თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
12 . უკეთურს ბოროტეულთა ნადავლი სწადია, მართლის ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.
13 . ბოროტი თავისი ცოდვილი ბაგეებით ებმება მახეში, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
14 . თავისი პირის ნაყოფის გამო სიკეთით გაძღება კაცი. თავისი ხელის საზღაური უკან უბრუნდება ადამიანს.
15 . სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
16 . უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.
17 . ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი - სიცრუეს.
18 . ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა.
19 . ჭეშმარიტებით სავსე ბაგენი სამარადისოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია.
20 . ავისმზრახველთა გულში სიცრუეა, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ.
21 . არავითარი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ბოროტეულნი კი უბედურებით არიან სავსენი.
22 . ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ერთგულნი კი ახარებენ მას.
23 . გონიერი კაცი ცოდნას ფარავს, უგუნურთა გული კი სისულელეს აცხადებს.
24 . ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
25 . დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
26 . მართალი კაცი თავისი მოყვასის დამკვალიანებელია, ბოროტეულთ კი მათივე გზა დაღუპავს.
27 . ზარმაცი კაცი ნანადირევსაც კი არ შეიწვავს, კაცის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა.
28 . სიმართლის გზაზე სიცოცხლეა; სიკვდილი არ არის მის ბილიკებზე.
1 . ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 . სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 . სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 . სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 . სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 . დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 . ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 . წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 . ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 . მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 . ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 . სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 . გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 . გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 . ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 . გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 . გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 . ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 . ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 . თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 . განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 . ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 . ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 . ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 . უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 . ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 . რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 . მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 . ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 . უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 . გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 . სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 . გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
1 . ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
2 . ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
3 . ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
4 . მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
5 . ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
6 . მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
7 . ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.
8 . უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.
9 . უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
10 . მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
11 . უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
12 . დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
13 . მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.
14 . კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
15 . ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.
16 . მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
17 . სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.
18 . ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
19 . ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
20 . ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
21 . ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.
22 . რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
23 . კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
24 . ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
25 . ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
26 . საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
27 . მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28 . დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.
29 . შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30 . ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
31 . სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
32 . დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
33 . უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
1 . თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
2 . ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
3 . მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
4 . კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5 . არ არის კარგი დამნაშავესადმი მიმხრობა, არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
6 . ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
7 . ბრიყვს თავისი პირი ღუპავს, მისი ბაგეები მისივე სულის მახეა.
8 . ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.
9 . თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
10 . უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
11 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
12 . დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
13 . მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14 . კაცის სულს სნეულების ატანა შეუძლია, მაგრამ ვინ აიტანს შემუსვრილ სულს?
15 . გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.
16 . ძღვენი გზას უფართოებს კაცს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17 . თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას.
18 . წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.
19 . განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.
20 . კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.
21 . სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.
22 . ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
23 . ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24 . არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.
1 . როგორც მკვდარი ბუზი ამყრალებს სურნელოვან ზეთს, ისე გადასწონის მცირე სიბრიყვე სიბრძნესა და ღირსებას.
2 . ბრძენის გული მარჯვნივ იხრება, ბრიყვისა კი - მარცხნივ.
3 . საითაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვად რჩება და ყველა ხედავს, რომ ბრიყვია.
4 . თუ მთავრის სული ამხედრდა შენს წინააღმდეგ, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან დიდი დანაშაულისგანაც კურნავს თვინიერება.
5 . არის სიავე, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში - შეცდომა, რომელიც მთავრებს მოსდით:
6 . ბრიყვები სიმაღლეებში დაუსვამთ, მდიდრები კი მდაბლად სხედან.
7 . მონები ცხენებზე ამხედრებულან, მთავარნი კი მონებივით დაიარებიან ქვეყანაზე.
8 . ორმოს ამომთხრელი - შიგ თავად ჩავარდება, ღობის გამრღვევს კი გველი უკბენს.
9 . ქვის მთლელი ქვით ზიანდება, ხის მჭრელს კი ხისგან აქვს საფრთხე.
10 . ბლაგვი ცული თუ არ გაილესა, მეტი ძალა დაჭირდება. წინდახედულობა წარმატებას მოგიტანს.
11 . თუ მონუსხვამდე უკბენს გველი, მომნუსხველი რაღას არგებს?!
12 . ბრძენი კაცის პირიდან გამოსული სიტყვები მადლიანია, ბრიყვს კი მისივე ბაგეები შთანთქავს,
13 . დასაწყისში - სიბრიყვეა მისი ბაგის სიტყვები, მისი საუბრის ბოლო კი - ავი სიგიჟე.
14 . მრავალსიტყვიანობს ბრიყვი, თუმცა კაცმა არ იცის რა მოხდება და ვინ ეტყვის მას რა იქნება მის შემდეგ?
15 . სულელს მისივე გარჯა ქანცავს, რადგან არ იცის მან ქალაქისაკენ მიმავალი გზა.
16 . ვაი შენ, ქვეყანავ, მეფედ ყრმა რომ გყავს და შენი მთავარნი დილიდანვე რომ სხდებიან მოსალხენად.
17 . კურთხეული ხარ, ქვეყანავ, თუ კეთილშობილთა ძეა შენი მეფე და თავის დროზე ჭამენ პურს შენი მთავრები, ძალღონის მოსაკრებად და არა სათრობად.
18 . სიზარმაცის გამო ჭერი ინგრევა და ხელების დაკრეფით სახლში წვეთავს.
19 . სამხიარულოდ მართავენ ნადიმს, ღვინო ცხოვრებას ახალისებს, ვერცხლი კი ყველაფრის პასუხია.
20 . შენს ფიქრებშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს; ნურც საწოლ ოთახში - მდიდარს, რადგან ცის ფრინველი წაუღებს ნათქვამს და ფრთოსანი მოუთხრობს ამბავს.
1 . იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2 . დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
3 . იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
5 . ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?
6 . ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
7 . თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
8 . რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
9 . წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.
10 . და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
11 . მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
12 . ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.
13 . და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14 . ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15 . იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,
16 . და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
19 . არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20 . ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
21 . და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
22 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
23 . მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”
24 . ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
25 . იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
26 . თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 . თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.
28 . მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
29 . ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
30 . ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
31 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32 . ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33 . ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
34 . იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35 . კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
36 . თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37 . რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
38 . მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.
39 . მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40 . რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
41 . ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
42 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
43 . როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
44 . მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45 . მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
46 . როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.
47 . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.
48 . მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
49 . გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50 . რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2 . დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ,
3 . რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;
4 . ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.
5 . ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: "რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”
6 . ხოლო მან უთხრა მათ: "კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7 . ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!
8 . ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ - სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.
9 . უთხრა: "განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
10 . მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.
11 . თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: "კორბან” - ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,
12 . აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის.
13 . ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.
14 . კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: "მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,
15 . არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
16 . თუ ვინმეს ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს!”
17 . ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, ჰკითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა.
18 . მან უთხრა: "ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
19 . ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.
20 . ამბობდა: "კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს.
21 . ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,
22 . ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.
23 . ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.
24 . ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25 . მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და მის ფერხთით დაემხო.
26 . წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.
27 . იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
28 . მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.
29 . უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.
30 . წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ საწოლზე იწვა ბავშვი, ეშმაკი კი გასული იყო მისგან.
31 . კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრების გავლით.
32 . მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.
33 . ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას;
34 . ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: "ეფფათა”, რაც ნიშნავს: "განიხსენ”.
35 . მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.
36 . უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო მეტს აცხადებდნენ.
37 . მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: "ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.
1 . 1 ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ.
2 . ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აჯანყდესო.
3 . როცა იესო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში იყო და სუფრასთან იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ძვირადღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა ალებასტრონით; გატეხა ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.
4 . ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ასე რად გაიფლანგა ნელსაცხებელიო?
5 . ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის სამას დინარზე მეტად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება? და კიცხავდნენ ქალს.
6 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "თავი გაანებეთ, რატომ კიცხავთ? მან სიკეთე მიყო.
7 . რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გეყოლებათ და როცა მოისურვებთ, შეგეძლებათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
8 . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხად.
9 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ ქვეყანაზე, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად”.
10 . და წავიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.
11 . ეს რომ მოისმინეს, გაიხარეს და ვერცხლის მიცემას შეპირდნენ. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
12 . უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, ჰკითხეს მოწაფეებმა: "სად გინდა, რომ წავიდეთ და პასექი მოგიმზადოთ საჭმელად?”
13 . გაგზავნა ორი მოწაფეთაგანი, თან უთხრა: "ქალაქში წადით და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მიაქვს; უკან გაჰყევით.
14 . სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით: მოძღვარმა თქვა: სად არის სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს?
15 . და ის გიჩვენებთ ზემო ოთახს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ”.
16 . გამოვიდნენ მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში, მისი ნათქვამისამებრ იპოვეს, და მოამზადეს პასექი.
17 . მოსაღამოვებულზე თორმეტთან ერთად მოვიდა.
18 . როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, თქვა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე”.
19 . ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
20 . ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
21 . თუმცა ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მის შესახებ, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა: იმ კაცისთვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო”.
22 . როცა ჭამდნენ, იესომ პური აიღო, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: "მიიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!”
23 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. იქიდან შესვა ყველამ.
24 . უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
25 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს, ღმერთის სამეფოში”.
26 . იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27 . უთხრა მათ იესომ: "ამ ღამით ყველანი ცდუნდებით ჩემში, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
28 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში”.
29 . უთხრა პეტრემ: "თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მე მაინც არა”.
30 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ”.
31 . ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: "თუნდაც მოვკვდე შენთან ერთად, მაინც არ უარგყოფ”. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც.
32 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია; უთხრა თავის მოწაფეებს: "აქ დასხედით, ვიდრე ვილოცებდე”.
33 . თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე და იწყო წუხილი და ურვა.
34 . უთხრა: "სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული. აქ იყავით და იფხიზლეთ”.
35 . ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.
36 . თქვა: "აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ”.
37 . მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: "სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა?
38 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.
39 . კვლავ წავიდა და იმავე სიტყვებით ლოცულობდა.
40 . მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
41 . მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: "ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა! მოვიდა ჟამი. აჰა, ცოდვილთა ხელს გადაეცემა ძე კაცისა.
42 . ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
43 . სიტყვა არ დაესრულებინა რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან მახვილებითა და კეტებით შეიარაღებული ხალხი მოიყოლა.
44 . გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც ვეამბორები, ის არის. შეიპყარით და ბადრაგით წაიყვანეთ”.
45 . უმალვე მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი!” და ეამბორა მას.
46 . მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს.
47 . ერთმა იქ მდგომთაგანმა მახვილი იძრო, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური მოათალა.
48 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
49 . ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი”.
50 . მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.
51 . ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და მცველებმა შეიპყრეს იგი.
52 . მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა.
53 . მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.
54 . პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე; დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა.
55 . ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.
56 . მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
57 . ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ:
58 . გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო.
59 . მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.
60 . ადგა მღვდელმთავარი, იესოსთან მივიდა და ჰკითხა: "არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?”
61 . ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. ისევ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”
62 . იესომ თქვა: "მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
63 . მაშინ სამოსელი შემოიხია მღვდელმთავარმა და თქვა: "რაღად გვინდა მოწმეები?
64 . თქვენ გაიგონეთ გმობა! რას იტყვით?” მაშინ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას.
65 . ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.
66 . როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი.
67 . როცა დაინახა პეტრე, რომელიც თბებოდა, დააკვირდა და უთხრა: "შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი”.
68 . მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც გამეგება რას ამბობო. ეზოს გარეთ გავიდა პეტრე და მამალმაც იყივლა.
69 . მხევალმა რომ დაინახა იგი, კვლავ უთხრა იქ მდგომთ: ესეც ერთი მათგანიაო.
70 . მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად ერთი მათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი იქნები, კილოზე გეტყობაო.
71 . პეტრემ კი იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო.
72 . მყისვე მეორედ იყივლა მამალმა; და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, იესომ რომ უთხრა: "სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს სამჯერ უარმყოფო; და იწყო ტირილი”.
1 . ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
2 . იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
3 . ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,
4 . არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.
5 . ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
6 . როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7 . ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8 . და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
9 . ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10 . რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
11 . ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
12 . რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
13 . ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
14 . მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
15 . წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16 . კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
17 . რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
18 . რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19 . რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -
20 . ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;
21 . ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,
22 . რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
1 . ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
2 . ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
3 . ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში;
4 . და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.
5 . მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
6 . რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე.
7 . ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით.
8 . ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
9 . ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად,
10 . და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
11 . სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
12 . ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
13 . შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
14 . და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.
15 . და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი; და იყავით მადლიერნი.
16 . უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
17 . რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.
18 . ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
19 . ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
20 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.
21 . მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
22 . მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
23 . ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.
24 . იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
25 . ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისთვის; მასში არაა პირმოთნეობა.
1 . 1. ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება. 2. ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია. 3. მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება. 4. მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს. 5. გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს. 6. ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს. 7. ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება. 8. ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ. 9. რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს. 10. მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს. 11. სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი. 12. რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში. 13. ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს. 14. ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს. 15. ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ. 16. ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს? 17. ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი. 20. ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა. 22. ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ. 23. არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია. 24. ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს. 25. რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას. 26. არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით. 27. სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს. 28. თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს. 29. კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას. 30. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.