1 . გამოხდა ხანი, მიაკითხა სამსონმა თავის ცოლს ხორბლის მკის დროს და საჩუქრად თიკანი მიართვა. თქვა: "შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ დართო შესვლის ნება.
2 . უთხრა სიმამრმა: "ვიფიქრე, რომ მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აი, მისი უმცროსი და მასზე მშვენიერია; გთხოვ, ის იყოს შენთვის ცოლად მის მაგიერ”.
3 . მიუგო სამსონმა: "ამიერიდან უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, ბოროტიც რომ გავუკეთო მათ”.
4 . წავიდა სამსონი, სამასი მელია დაიჭირა, აიღო ჩირაღდნები, კუდებით ერთმანეთზე გადააბა მელიები და ორ კუდს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა.
5 . ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს, მიუშვა მელიები ფილისტიმელთა სამკალზე და გადაუწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
6 . იკითხეს ფილისტიმელებმა: "ეს ვინ გაგვიკეთა?” უთხრეს: "სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მაყარს მიათხოვეს”. ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.
7 . უთხრა მათ სამსონმა: "რაკი ასე იქცევით, უსათუოდ შურს ვიძიებ თქვენზე და შემდეგ დაგეხსნებით”.
8 . უმოწყალოდ ურტყა წვივებზე და თეძოებზე, მერე ჩავიდა და ყეტამის კლდის ნაპრალს შეეფარა.
9 . ავიდნენ ფილისტიმელნი, დაბანაკდნენ იუდაში და განივრცნენ ლეხამდე.
10 . ჰკითხეს იუდას მკვიდრებმა: "რად ამოხვედით ჩვენთან?” უპასუხეს: "სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა ისევე მოვექცეთ მას, როგორც ის მოგვექცა”.
11 . სამი ათასი კაცი ჩავიდა იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: "განა არ იცი, რომ ფილისტიმელნი მთავრობენ ჩვენზე? ასე რად მოგვექეცი?” უპასუხა: "როგორც მომექცნენ, ისე მოვექეცი”.
12 . უთხრეს: "შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა გადაგცეთ ფილისტიმელთ”. მიუგო სამსონმა: "შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ”.
13 . უთხრეს: "არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და მათ ხელთ გადაგცემთ, მოკვლით კი არ მოგკლავთ”. ორი ახალი თოკით შეკრეს და წაიყვანეს კლდიდან.
14 . მივიდნენ ლეხამდე და შეძახილებით დახვდნენ ფილისტიმელნი; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, ცეცხლმოკიდებული სელივით გახდნენ თოკები და ხელებზე შემოადნა საბელები.
15 . იპოვა სახედრის ნედლი ყბა, გაიწოდა ხელი, აიღო და ათასი კაცი მოსრა მისით.
16 . თქვა სამსონმა: "სახედრის ყბით დავხოცე და დავახვავე, სახედრის ყბით მოვკალი ათასი კაცი”.
17 . თქვა და მოისროლა ვირის ყბა ხელიდან; იმ ადგილს კი რამათ ლეხი უწოდა.
18 . ძლიერ მოსწყურდა და შეჰღაღადა უფალს: "შენი მსახურის ხელით ამხელა ხსნა მოავლინე და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე და ამ წინადაუცვეთელთ ჩავუვარდე ხელში?”
19 . გააპო ღმერთმა ლეხის ნაპრალი და ჩქეფით გადმოვიდა წყალი. დალია, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მღაღადებელის წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20 . ოცი წელიწადი მსაჯულობდა ისრაელში სამსონი ფილისტიმელთა დღეებში.
1 . და ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც იქ იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავისი გზით.
2 . დაბრუნდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და, აჰა, გადამწვარია იგი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.
3 . ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა, მოთქვამდნენ და ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ.
4 . ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
5 . დიდად დამწუხრდა დავითი, რადგან მის ჩაქოლვას განიზრახავდა ხალხი, ვინაიდან გამწარებულნი იყვნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით განიმტკიცა თავი დავითმა.
6 . უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.
7 . დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.
8 . წავიდა დავითი, თან ექვსასი კაცი გაიყოლა და მიადგნენ ბესორის ხევს. ვინც ჩამორჩა, იქ დარჩა.
9 . დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.
10 . მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც მისცეს და დალია.
11 . მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.
12 . უთხრა დავითმა: "ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: "ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.
13 . შევესიეთ ქერეთის სამხრეთს, იუდასა და ხალების სამხრეთს, ციკლაგი კი გადავწვით”.
14 . უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.
15 . გაუძღვა და, აჰა, გაფანტულან არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ხარობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
16 . მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
17 . ყველაფერი უკან დაიბრუნა დავითმა, რაც ყამალეკს ჰქონდა წაღებული; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
18 . არავის არაფერი დააკლდა, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
19 . წამოასხა დავითმა მთელი მათი საქონელი; მოერეკებოდნენ დავითის კაცები ამ საქონელს და ამბობდნენ: "დავითის ნადავლიაო ეს”.
20 . მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომლებიც დაქანცულობის გამო ვერ გაჰყვნენ დავითს და ბესორის ხევთან იყვნენ დარჩენილნი. და გამოვიდნენ დავითთან და მასთან მყოფ მეომრებთან მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მიესალმა მათ.
21 . ზოგიერთი ბოროტი და უღირსი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული, ასე ამბობდა: "ბრძოლაში არ წამოგვყვნენ, ამიტომ ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, უკან რომ დავიბრუნეთო. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაიყვანონ და წავიდნენო”.
22 . თქვა დავითმა: "არა, ძმებო, ნუ იზამთ ამას, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
23 . ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ; ყველას თანაბრად უნდა ხვდეს წილი”.
24 . ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის ისრაელისთვის, მისგან დადგენილი წესი და რჯული დღემდე.
25 . მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
26 . მათთვის, ვინც ბეთელში, სამხრეთ რამოთში და იათირში არიან;
27 . ყაროყერში, სიფმოთში, ეშთე-მოაყში მყოფთათვის,
28 . რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,
29 . ხორმაში, ქორ-ყაშანში, ყათაქში მყოფთათვის;
30 . ხებრონში მყოფთათვის. და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ”.
31 . შეებნენ ფილისტიმელნი ისრაელიანებს და გარბოდნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელთაგან და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ განგმირულნი.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:
2 . "ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
3 . როცა თავს ზემოთ მისი ლამპარი მინათებდა და მისი სინათლით დავდიოდი ბნელში;
4 . ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს, როცა ღვთის მეგობრობა იცავდა ჩემს კარავს.
5 . როცა ჯერ კიდევ ყოვლადძლიერი იყო ჩემთან და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ;
6 . როცა რძეში ვიბანდი ფეხებს და კლდიდან მოედინებოდა ჩემთვის ზეთის ნაკადები!
7 . ქალაქის კარიბჭესთან გავიდოდი და მოედანზე ვიმზადებდი სავარძელს;
8 . დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
9 . მთავარნი თავს იკავებდნენ საუბრისგან და პირზე ხელს იფარებდნენ;
10 . დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11 . ყური მისმენდა და მაკურთხებდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
12 . რადგან მიხსნია ღატაკი - შველას რომ ითხოვდა და ობოლი - შემწე რომ არ ჰყავდა;
13 . მომაკვდავი კაცი მაკურთხებდა და ქვრივის გულს ვახარებდი;
14 . სიმართლით ვიმოსებოდი, მართლმსაჯულება მქონდა მოსასხამად და სამართალი იყო ჩემი თავსაბურველი.
15 . ბრმისთვის თვალები ვიყავი და კოჭლისთვის - ფეხები;
16 . გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;
17 . ბოროტი კაცისთვის ყბები დამილეწავს და კბილებიდან გამომიგლეჯია მიტაცებული;
18 . ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.
19 . ჩემი ფესვები წყლამდეა გაშლილი და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20 . დიდება ჩემი არ ჭკნება და მტკიცეა მშვილდი ჩემს ხელში;
21 . კაცები მისმენდნენ და მელოდებოდნენ, დუმდნენ ჩემს რჩევაზე;
22 . ჩემი სიტყვის შემდეგ ხმას აღარ იღებდნენ, ღრუბელივით ისრუტავდნენ ჩემს ნათქვამს;
23 . წვიმასავით მელოდნენ და როგორც ნაგვიანევ წვიმას, პირს მიშვერდნენ.
24 . გავუცინებდი და არ ეჯერათ, ჩემი სახის ნათელს არ აკნინებდნენ;
25 . გზებს ვურჩევდი მათ და ვთავკაცობდი, ვმკვიდრობდი, როგორც მეფე მხედრობაში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!
1 . იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2 . ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3 . უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
4 . რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5 . უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
6 . უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
7 . შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8 . ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
9 . რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
10 . უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11 . აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
12 . ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
13 . ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14 . თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15 . მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16 . მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17 . უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
18 . აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
19 . რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
20 . ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21 . რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22 . იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
1 . იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
2 . სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
3 . არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
4 . ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
5 . ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
6 . მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
7 . კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
8 . გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
9 . უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
10 . თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
11 . მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
12 . სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
13 . ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
14 . ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
15 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
16 . მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
17 . დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
18 . სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
19 . ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
20 . მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
21 . მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
22 . უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
23 . ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24 . უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
25 . გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
26 . რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
28 . მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
29 . უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
30 . საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
31 . მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32 . მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
1 . ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
2 . თავის პირის ნაყოფთაგან იგემებს კაცი სიკეთეს, მოღალატეთა წადილი კი ძალადობაა.
3 . ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.
4 . ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
5 . მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
6 . უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.
7 . ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს.
8 . ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.
9 . მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.
10 . ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.
11 . არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.
12 . გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.
13 . სიტყვის აბუჩად ამგდები თავს იზიანებს, მცნების მოშიშს კი საზღაური ელის.
14 . ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
15 . კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.
16 . ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სიბრიყვეს ავლენს.
17 . უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.
18 . დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
19 . ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.
20 . ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.
21 . ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
22 . კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.
23 . ღარიბი კაცის დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს, მაგრამ უსამართლობის გამო აღიგვება.
24 . წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
25 . მართალი ძღომამდე ჭამს, ბოროტეულთა მუცელს კი მუდამ შია.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . ასეთია ისრაელის ძეთა მოგზაურობა, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან თავისი ლაშქრებით მოსესა და აჰარონის წინამძღოლობით გამოვიდნენ.
2 . ჩაიწერა მოსემ მათი გამოსვლისა და დაბანაკების ადგილები, უფლის ბრძანებისამებრ; ასეთია მათი სვლა დაბანაკების ადგილების მიხედვით:
3 . დაიძრნენ რაყმესესიდან პირველ თვეში, პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს, შემართული ხელით გამოვიდნენ ისრაელიანები, მთელი ეგვიპტის წინაშე.
4 . ეგვიპტელნი კი უფლის მიერ მათში განგმირულ ყოველ პირმშოს მარხავდნენ. და აღასრულა უფალმა სამართალი მათ ღმერთებზე.
5 . დაიძრნენ ისრაელიანები რაყმესესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
6 . დაიძრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს ემიჯნება.
7 . დაიძრნენ ეთამიდან და ფი-ჰახიროთში, ბაყალ-ცეფონის პირდაპირ, მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
8 . დაიძრნენ ფიჰახიროთიდან და უდაბნოსავით გადაიარეს შუა ზღვა; სამი დღე იარეს ეთამის უდაბნოში და დაბანაკდნენ მარაში.
9 . დაიძრნენ მარადან და მივიდნენ ელიმში, სადაც თორმეტი წყარო და ფინიკის სამოცდაათი ხეა და იქ დაბანაკდნენ.
10 . დაიძრნენ ელიმიდან და დაბანაკდნენ წითელ ზღვასთან.
11 . დაიძრნენ წითელი ზღვიდან და დაბანაკდნენ სინის უდაბნოში.
12 . დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დაბანაკდნენ დოფკაში.
13 . დაიძრნენ დოფკადან და დაბანაკდნენ ალუშში.
14 . დაიძრნენ ალუშიდან და დაბანაკდნენ რეფიდიმში, სადაც სასმელი წყალი არ იყო ხალხისთვის.
15 . დაიძრნენ რეფიდიმიდან და დაბანაკდნენ სინაის უდაბნოში.
16 . დაიძრნენ სინაის უდაბნოდან და დაბანაკდნენ კიბროთ-ჰათაავაში.
17 . დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავადან და დაბანაკდნენ ხაცეროთში.
18 . დაიძრნენ ხაცეროთიდან და დაბანაკდნენ რითმაში.
19 . დაიძრნენ რითმადან და დაბანაკდნენ რიმონ-ფერეცში.
20 . დაიძრნენ რიმონ-ფერეციდან და დაბანაკდნენ ლიბნაში.
21 . დაიძრნენ ლიბნადან და დაბანაკდნენ რისაში.
22 . დაიძრნენ რისადან და დაბანაკდნენ კეჰელათაში.
23 . დაიძრნენ კეჰელათადან და დაბანაკდნენ შეფერში.
24 . დაიძრნენ შეფერიდან და დაბანაკდნენ ხარადაში.
25 . დაიძრნენ ხარადადან და დაბანაკდნენ მაკჰელოთში.
26 . დაიძრნენ მაკჰელოთიდან და დაბანაკდნენ თახათში.
27 . დაიძრნენ თახათიდან და დაბანაკდნენ თარახში.
28 . დაიძრნენ თარახიდან და დაბანაკდნენ მითკაში.
29 . დაიძრნენ მითკადან და დაბანაკდნენ ხაშმონაში.
30 . დაიძრნენ ხაშმონადან და დაბანაკდნენ მოსეროთში.
31 . დაიძრნენ მოსეროთიდან და დაბანაკდნენ ბენე-იაყაკანში.
32 . დაიძრნენ ბენე-იაყაკანიდან და დაბანაკდნენ ჰორ-ჰაგიდგადში.
33 . დაიძრნენ ჰორ-ჰაგიდგადიდან და დაბანაკდნენ იოტბათაში.
34 . დაიძრნენ იოტბათადან და დაბანაკდნენ ყაბრონაში.
35 . დაიძრნენ ყაბრონადან და დაბანაკდნენ ყეციონ-გებერში.
36 . დაიძრნენ ყეციონ-გებერიდან და დაბანაკდნენ კადეშის უდაბნოში.
37 . დაიძრნენ კადეშიდან და დაბანაკდნენ ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
38 . ავიდა აჰარონ მღვდელი ჰორის მთაზე უფლის ბრძანებით და მოკვდა იქ ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს.
39 . ასოცდასამი წლის იყო აჰარონი, როცა გარდაიცვალა ჰორის მთაზე.
40 . და ისმინა ყარადის მეფემ, ქანაანელმა, რომელიც ნეგებში ცხოვრობდა, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეთა მოსვლის შესახებ.
41 . დაიძრნენ ჰორის მთიდან და დაბანაკდნენ ცალმონაში.
42 . დაიძრნენ ცალმონადან და დაბანაკდნენ ფუნონში.
43 . დაიძრნენ ფუნონიდან და დაბანაკდნენ ობოთში.
44 . დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, მოაბის საზღვარზე.
45 . დაიძრნენ ყიიმიდან და დაბანაკდნენ დიბონ-გადში.
46 . დაიძრნენ დიბონ-გადიდან და დაბანაკდნენ ალმონ-დიბლათაიმში.
47 . დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან და დაბანაკდნენ ყაბარიმის მთებში ნებოს წინ.
48 . დაიძრნენ ყაბარიმის მთებიდან და იორდანესთან, მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იერიხოს პირდაპირ.
49 . და დაბანაკდნენ იორდანესთან, ბეთ-იეშიმოთიდან აბელშიტიმამდე მოაბის ველზე.
50 . უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველზე იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
51 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როდესაც გადახვალთ იორდანეზე ქანაანის ქვეყნისკენ,
52 . განდევნეთ იმ ქვეყნის ყველა მკვიდრი და მოსპეთ მათი კერპების ყველა გამოსახულება და მოსპეთ ყველა ჩამოსხმული კერპი და ააოხრეთ ყოველი მათი მაღლობი.
53 . დაეუფლეთ ქვეყანას და იცხოვრეთ მასში, ვინაიდან თქვენ მოგეცით ის ქვეყანა სამკვიდრებლად.
54 . დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილის ყრით, საგვარეულოთა მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრებელი მიეცით და მცირერიცხოვანთ ნაკლები; ვისაც სად შეახვედრებს წილის ყრა, იქ იყოს მისი სამკვიდრო; თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ.
55 . მაგრამ თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებლებს თქვენგან, მაშინ ვისაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებში და ნემსებად გვერდებში და შეგავიწროვებენ იმ ქვეყანაში, რომელშიც იცხოვრებთ.
56 . და რისი გაკეთებაც მათთვის განვიზრახე, თქვენ გაგიკეთებთ”.