1 . უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
2 . იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
3 . და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
4 . როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
5 . აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
6 . მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
7 . შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8 . და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
9 . ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10 . ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
11 . ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
12 . "ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13 . ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14 . ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
15 . წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16 . წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
17 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
18 . წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
19 . წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
20 . წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
21 . წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
22 . წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
23 . წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
24 . წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
25 . წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
26 . წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
1 . უფალი ამბობს: "თუ კაცი ცოლს გაუშვებს, ისიც წავა და სხვა კაცისა გახდება, განა კვლავ დაიბრუნებს მას ქმარი? განა არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მრავალ საყვარელთან მეძავობდი და ახლა მიბრუნდები? ამბობს უფალი.
2 . მიაპყარ თვალები მოტიტვლებულ სიმაღლეებს და ნახე, სად აღარ მრუშობდნენ შენთან ერთად. გზებზე უსაფრდებოდი მათ, როგორც არაბი უდაბნოში, შებილწე ქვეყანა შენი სიძვითა და ბოროტებით.
3 . ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.
4 . წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამავ, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარ!
5 . ნუთუ ბოლომდე განმირისხდება და არასოდეს გაუვლის გულისწყრომაო? აჰა, ამას ამბობ და ბოროტებას სჩადიხარ, მთელი შეძლებით!”
6 . მითხრა უფალმა მეფე იოშიას დღეებში: "ნახე, რა გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? ყველა მაღალ მთაზე მიდიოდა და იქ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავობდა.
7 . ვამბობდი, ყოველივე ამის ჩადენის შემდეგ მომიბრუნდება-მეთქი! არ მობრუნდა. ეს მისმა მოღალატე დამ - იუდამაც იხილა.
8 . დაინახა, რომ განდგომილი ისრაელი მეძავობის გამო გავუშვი და გაყრის წერილი მივეცი, მაინც არ შეშინდა მისი მოღალატე და იუდა, წავიდა და ისიც მეძავობდა.
9 . თავისი თავქარიანი მეძავობით შებილწა ეს ქვეყანა, ქვასთან და ხესთან ბილწობდა.
10 . მაინც არ მობრუნდა ჩემკენ მთელი გულით იუდა, მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად!” - ამბობს უფალი.
11 . მითხრა უფალმა: "განდგომილი ისრაელი მოღალატე იუდაზე მართალია.
12 . წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ!
13 . ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!
14 . მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს - გვარიდან და მოგიყვანთ სიონში.
15 . ჩემი გულის კარნახით დაგიდგენთ მწყემსებს და დაგმწყემსავენ ცოდნითა და გონიერებით.
16 . როცა გამრავლდებით და განაყოფიერდებით მიწაზე, იმ დღეებში, ამბობს უფალი, მეტად აღარ იტყვიან: "კიდობანი უფლის აღთქმისაო”, გულშიც აღარ გაივლებენ, აღარ გაიხსენებენ, აღარც მოენატრებათ და აღარც გაკეთდება.
17 . იმ დროს "უფლის ტახტს” უწოდებენ იერუსალიმს, უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით.
18 . იმ დღეებში იუდას სახლი ისრაელის სახლთან ერთად ივლის და მოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს.
19 . მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.
20 . მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს ქმარს, ისე მიღალატე, ისრაელის სახლო! ამბობს უფალი.
21 . მოტიტვლებულ სიმაღლეებზე ისმის ხმა, ისრაელის ძეთა მოთქმა-ვედრება, რადგან გაიუკუღმართეს გზები და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
22 . მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.
23 . მართლაც სიყალბე გამოდგა მაღლობები და მთებზე ღრიალი, მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა.
24 . ეს სირცხვილი ჭამდა ჩვენი სიყმაწვილის ხანიდან ჩვენი მამების ჯაფას, მათ ცხვარსა და ძროხას, მათ ძეებსა და ასულებს.
25 . ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ზედ ჩვენი გაწბილება გვახურავს, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს ვცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა სიყმაწვილიდან დღემდე; არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას!”
1 . "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.
2 . რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
3 . რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
4 . ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
5 . თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
6 . ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
7 . ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
8 . ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
9 . არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
10 . ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
11 . მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
12 . როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
13 . შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.
14 . რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
15 . უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
16 . მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?
17 . ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
18 . არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
19 . ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
20 . ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
21 . ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
22 . ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23 . მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
24 . ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
25 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26 . ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
27 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
28 . როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.
29 . რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.
1 . შაბათი რომ გავიდა, ერთშაბათის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამიც სამარხის სანახავად.
2 . და აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.
3 . შესახედაობა მისი ელვასავით იყო და სამოსი მისი - თოვლივით სპეტაკი.
4 . მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
5 . ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა: "ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
6 . აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა.
7 . ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.
8 . ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშითა და დიდი სიხარულით; მირბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისთვის.
9 . და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: "გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას!
10 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას; იქ მნახავენ”.
11 . ისინი რომ წავიდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები გაიქცნენ ქალაქში და მღვდელმთავრებს აუწყეს ყველაფერი, რაც მოხდა.
12 . შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს.
13 . უთხრეს: "თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და როცა გეძინათ, მოიპარეს იგი.
14 . თუ ამ ამბავს გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებას აგარიდებთ”.
15 . მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და დღემდე ასე გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის.
16 . თერთმეტი მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17 . ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა.
18 . მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე.
19 . ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
20 . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
2 . მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
3 . ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
4 . და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
5 . ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
6 . მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.
7 . თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
8 . იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
9 . წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.
10 . ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
11 . დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
12 . ერთგულად მიჩნეული ძმის, სილოვანეს დახმარებით მოგწერეთ მცირე რამ, თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღმერთის ის მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.
13 . მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან თქვენთან ერთად რჩეულნი და მარკოზი, ჩემი ძე.
14 . მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ!
1 . ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
2 . და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3 . ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
4 . რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს;
5 . ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.
6 . და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად.
7 . თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში.
8 . თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.
9 . სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.
10 . ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
11 . გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
12 . იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
13 . მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14 . ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15 . მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16 . ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;
17 . არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.
18 . თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19 . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
20 . ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21 . არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
1 . ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.
2 . იცით, რომ სანამ წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
3 . ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: "შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით.
4 . სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა.
5 . მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა.
6 . მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.
7 . თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება.
8 . ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9 . სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
10 . ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.
11 . ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
12 . რადგან, როგორც სხეულია ერთი, თუმცა მრავალი ასო აქვს, ხოლო სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც.
13 . ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
14 . სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.
15 . ფეხმა რომ თქვას, მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
16 . ანდა ყურმა რომ თქვას, მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
17 . თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
18 . და, აჰა, ღმერთმა თითოეული ასო ისე განალაგა სხეულში, როგორც ნებავდა.
19 . ჰოდა, ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?
20 . აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი - ერთი.
21 . თვალი ვერ ეტყვის ხელს - არ მჭირდებიო; ვერც თავი ეტყვის ფეხს - არ მჭირდებიო.
22 . არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.
23 . ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად ვმოსავთ პატივით და ჩვენი უსახურობა მეტი პატივით იმოსება.
24 . კეთილსახიერ ასოებს ჩვენში, არ აქვთ ამის საჭიროება; მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.
25 . რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
26 . და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
27 . თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები.
28 . და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.
29 . ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება?
30 . ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
31 . ეშურეთ დიდ ნიჭებს და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.