1 . და ილაპარაკეს მირიამმა და აჰარონმა მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც ცოლად მოიყვანა; რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად;
2 . თქვეს: "ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?” და გაიგონა ეს უფალმა.
3 . ყველაზე თავმდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწის ზურგზე.
4 . უთხრა უფალმა მოსეს, აჰარონსა და მირიამს მოულოდნელად: გამოდით სამივე საკრებულო კარავთან. და გავიდნენ სამივენი.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, დადგა კარვის შესასვლელთან და დაუძახა აჰარონსა და მირიამს. ორივემ წინ წაიწია.
6 . უთხრა: "ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
7 . მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.
8 . პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს - ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?”
9 . აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.
10 . აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი.
11 . უთხრა აჰარონმა მოსეს: "გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.
12 . ნუ მიემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, ნახევრადშეჭმული რომ გამოდის დედის საშოდან”.
13 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "ღმერთო, განკურნე, გევედრები!”
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "სახეში რომ მიეფურთხებინა მამამისს მისთვის, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? შვიდი დღე ჩაიკეტოს ბანაკის გარეთ და შემდეგ დაბრუნდეს”.
15 . და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით; არ დაძრულა ხალხი მირიამის დაბრუნებამდე.
1 . იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
2 . შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა მას.
3 . საქონელი ჰყავდა: შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ხრდალი ვირი და ფრიად მრავალი მსახური; აღმოსავლეთის ყველა ძეზე მეტად იყო განდიდებული ეს კაცი.
4 . მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
5 . ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
6 . და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის.
7 . ჰკითხა უფალმა სატანას: "საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
8 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
9 . მიუგო სატანამ უფალს: "განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?
10 . განა შენ არ აღმართე ზღუდე მისი სახლისა და მთელი საბადებლის გარშემო? შენგან ეკურთხა ნახელავი მისი და დიდად გამრავლდა ჯოგები მისი ქვეყანაზე.
11 . აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც გააჩნია, თუ მაშინვე პირში არ დაგიწყოს გმობა!”
12 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
13 . ერთ დღეს მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
14 . მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
15 . შებაელნი დაესხნენ თავს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
16 . ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა მეორე და თქვა: "ღვთის ცეცხლი დაეშვა ზეციდან, ცხვარი და მსახურები გადაბუგა და შთანთქა ისინი; მეღა გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
17 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
18 . ამას რომ ამბობდა, მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: "შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
19 . აჰა, ძლიერმა ქარიშხალმა დაბერა უდაბნოდან, წარხოცა სახლის ოთხივე კუთხე, ნანგრევები ზედ დაემხოთ ჭაბუკებს და მოკვდნენ; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
20 . ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწას დაემხო და თაყვანი სცა.
21 . თქვა: "შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”
22 . ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.
1 . "განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა ამ მიწაზე? მოჯამაგირის დღეებივით არ არის მისი დღენი?
2 . მონასავით მიელტვის ჩრდილს და მოჯამაგირესავით მოუთმენლად ელის თავის გასამრჯელოს,
3 . ასე მერგო ამაოების თვეები და წილად მხვდა ტანჯვის ღამეები.
4 . დაწოლისას ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და ბორგვით ვიღლები განთიადამდე.
5 . მატლებით და მტვრით შეიმოსა ჩემი ხორცი, კანი ჩემი სკდება და ლპება.
6 . ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.
7 . გახსოვდეს, ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე და თვალი ჩემი სიკეთეს აღარ იხილავს.
8 . ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და - აღარ ვიქნები!
9 . როგორც ღრუბელი ქრება და იკარგება, ასე ჩადის კაცი შავეთში და აღარ ამოდის,
10 . აღარ დაუბრუნდება თავის სახლს და აღარც მას იცნობს მისი ადგილი.
11 . ამიტომ, არც მე შევაჩერებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ ჩემი სულის წუხილით, და ვიწუწუნებ სიცოცხლეგამწარებული.
12 . განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, გუშაგები რომ დამიყენე?
13 . თუ ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი სარეცელი ან ჩემი საგებელი შემიმსუბუქებს-მეთქი მწუხარებას,
14 . სიზმრებით მაძრწუნებ და ხილვებით მაშინებ,
15 . ისე, რომ სული ჩემი მოგუდვას ამჯობინებს და სიკვდილს - ვიდრე ჩემს ძვლებში ყოფნას.
16 . მომბეზრდა - უკუნისამდე ხომ არ ვიცოცხლებ?! დამეხსენ, რადგან ამაოებაა ჩემი დღეები!
17 . რა არის კაცი, ასე რომ განადიდებ და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
18 . ყოველ დილას რომ ინახულებ და სცდი ყოველ წამს?
19 . როდის მომაშორებ მზერას და დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
20 . მე თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამიანთა გუშაგო? რატომ დამისვი სამიზნედ, ისე რომ, საკუთარ თავსაც ტვირთად ვექეცი?
21 . რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!"
1 . "აჰა, ეს ყოველივე იხილა ჩემმა თვალმა, ისმინა ჩემმა ყურმა და შეიგნო.
2 . რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, თქვენზე ნაკლები არა ვარ.
3 . მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, სურვილი მაქვს, რომ ვიდავო მასთან!
4 . თქვენ კი სიცრუის მთხზველნი და უსარგებლო მკურნალნი ხართ!
5 . ნეტავ სულ დადუმდებოდეთ, ეს იქნებოდა თქვენთვის სიბრძნე.
6 . ისმინეთ, გთხოვთ, ჩემი თავისმართლება და შეისმინეთ სამდურავი ჩემი ბაგისა.
7 . ნუთუ ღვთისთვის ილაპარაკებთ უმართლოდ და მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
8 . მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
9 . კარგი იქნება, თქვენც რომ გამოგიკვლიოთ; მასაც ისე მოატყუებთ, როგორც კაცი კაცს ატყუებს?
10 . უცილობლად გაგკიცხავთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
11 . ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშის ზარი არ დაგტყდომიათ თავზე?
12 . ნაცარივითაა თქვენი დარიგებანი და თიხასავით - საყრდენი თქვენი.
13 . დადუმდით ჩემ წინაშე, რათა ვილაპარაკო და მეწიოს, რაც იქნება.
14 . რისთვის მეკავოს ჩემი ხორცი კბილებით და სიცოცხლე ხელებით?
15 . აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე
16 . და ეს იქნება ხსნა ჩემთვის, რადგან უღმერთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
17 . გულდასმით მოისმინეთ ჩემი ნათქვამი და ყურად იღეთ ჩემი სიტყვა!
18 . აჰა, სამსჯავრო გავმართე და ვიცი, რომ გავმართლდები.
19 . შემომედავება ვინმე? მაშინ დავდუმდები და მოვკვდები!
20 . მხოლოდ ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავემალები შენს სახეს.
21 . შენი ხელი მომარიდე და შენმა შიშის ზარმა არ შემაძრწუნოს!
22 . მაშინ მომიხმე და გიპასუხებ; ან მათქმევინე და შენვე გამეცი პასუხი!
23 . რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა!
24 . სახეს რად მიმალავ, რატომ მიმიჩნევ შენს მტრად?
25 . ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი?
26 . რადგან სიმწარეს წერ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს მაზღვევინებ.
27 . ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!
28 . მე კი დამპალივით ვიხრწნები, ჩრჩილით შეჭმული სამოსელივით!
1 . "ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.
2 . ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.
3 . და ასეთ კაცს უმზერ და მაინც სამსჯავროში მიგყავარ?
4 . უწმიდურისგან წმიდას ვინ გააჩენს? არავინ!
5 . აკი განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, საზღვრები დაუდგინე და ვერ გადალახავს,
6 . დაეხსენი, რომ მოისვენოს, ვიდრე მოჯამაგირესავით დაამთავრებდეს თავის დღეებს.
7 . რადგან ხესაც აქვს იმედი: თუ მოჭრიან, კვლავ ამოხეთქავს, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.
8 . თუ ფესვი დაუბერდა მიწაში და ღერო ჩაუკვდა მტვერში,
9 . როგორც კი წყლის სუნს იგრძნობს, კვლავ აყვავდება და ახალდარგულივით გამოიყრის ყლორტებს.
10 . მაგრამ კვდება კაცი, დაწვება და სულს განუტევებს, სადღაა იგი?
11 . როგორც წყლები გაედინება ზღვიდან და მდინარე იწრიტება,
12 . ასევე ადამიანიც წვება და ვეღარ დგება, ვიდრე არ გაქრება ცანი ვერ გაიღვიძებს და ვერ გამოფხიზლდება ძილისგან.
13 . ნეტავ ქვესკნელში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე გადაივლიდა შენი რისხვა, დროს დამიდგენდი და გამიხსენებდი.
14 . თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა.
15 . მომიხმობდი და გამოგეხმიანებოდი; მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,
16 . ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;
17 . ჩანთაში დალუქავდი ჩემს დანაშაულს და ჩემს ბრალს წარხოცდი.
18 . მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,
19 . როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც ნიაღვრები წალეკავენ მიწას; შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს.
20 . სძლევ მას სამუდამოდ და მიდის, სახეს შეუცვლი და უშვებ.
21 . პატივში იქნებიან მისი შვილები - მან ეს არ იცის, დამცირდებიან ისინი - ის ვერ ხედავს.
22 . მას მხოლოდ საკუთარი სხეული სტკივა და საკუთარ თავს გლოვობს იგი!”
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ამისთანები ბევრი მსმენია, უსუსური ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი!
3 . თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რა გაიძულებთ, რომ ასე მპასუხობთ?
4 . მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი. თქვენს საწინააღმდეგო სიტყვებს შევთხზავდი და თავის ქნევას დაგიწყებდით;
5 . ჩემი პირით გაგამაგრებდით და შეგიმსუბუქებდით ტანჯვას ჩემი ბაგის მოძრაობით.
6 . თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?
7 . მაგრამ ახლა მომქანცა, მთელი ჩემი სახლეული გაუდაბურდა.
8 . შენ გამიჩინე ნაოჭები, რომლებიც მოწმობენ ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს წინააღმდეგ.
9 . მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,
10 . პირი აქვთ დაფჩენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, მზაკვრულად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ.
11 . უსამართლოს გადამცა ღმერთმა და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო.
12 . მშვიდად ვიყავი და დამამსხვრია, კისერში ჩამავლო ხელი და ნაგლეჯებად მაქცია, თავის სამიზნედ დამაყენა.
13 . გარს შემომერტყნენ მისი ისრები, მიგლეჯენ შიგნეულობას, არ მიბრალებს და მიწაზე ანთხევს ჩემს ნაღველს;
14 . დამლეწა, გვემა გვემაზე მოდის, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
15 . ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვგანგლე ჩემი რქა.
16 . ტირილისგან სახე ამელეწა და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.
17 . თუმცა ძალადობა არ არის ჩემს ხელთ და სუფთაა ჩემი ლოცვა.
18 . მიწავ! ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ადგილს ნუ ჰპოვებს ჩემი მოთქმა!
19 . აჰა, ცაშია ჩემი მოწმე და ჩემი დამცველი - მაღალთა შინა.
20 . ჩემი მეგობრები აბუჩად მიგდებენ, ღმერთს შეჰქვითინებენ ჩემი თვალები,
21 . ოჰ, ნეტავ შეეძლოს ადამიანს ღმერთთან კამათი, როგორც კაცს - თავის მოყვასთან,
22 . რადგან მოდის ჩემი წლების დასასრული და უკანმოუსვლელ გზას ვადგები!
1 . მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხით ტანჯვის მნახველი.
2 . განმდევნა და სიბნელეში მატარა, არა ნათელში.
3 . მხოლოდ მე მიღერებს ხელს ისევ და ისევ მთელი დღე.
4 . დააბერა ჩემი ხორცი და კანი, შემუსრა ჩემი ძვლები.
5 . შემომადგა და შემომარტყა სიმწარე და შეჭირვება.
6 . სიბნელეში მამყოფა საუკუნო მკვდარივით.
7 . ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გავიდე; ბორკილები დამიმძიმა.
8 . კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის ახშობს ჩემს ლოცვას.
9 . თლილი ლოდებით გადამიღობა გზები, ბილიკები გამიმრუდა.
10 . ჩასაფრებული დათვივით არის ჩემთვის, დადარაჯებული ლომივით.
11 . გზები გადამიადგილა, ნაკუწ-ნაკუწ დამგლიჯა, გამაპარტახა.
12 . მოზიდა მშვილდი და ისრის სამიზნედ დამაყენა.
13 . შიგნეულში გამიტარა კაპარჭიდან ამოღებული ისრები.
14 . მთელი ხალხის დასაცინი შევიქენი, მათ საშაიროდ მთელ დღეს.
15 . საშაიროდ მთელ დღეს. 15
16 . ხრეშით მიმტვრევს კბილებს, მტვრით დამფარა.
17 . მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა.
18 . ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი.
19 . გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება, ტანჯვა, აბზინდა და სიმწარე.
20 . დიახ, იხსენებს და დაღონებულია ჩემში სული,
21 . მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ,
22 . რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.
23 . განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
24 . ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.
25 . კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
26 . სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.
27 . სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
28 . რომელიც განმარტოვებით ზის და დუმს, რადგან უფალმა დაადგა მას იგი.
29 . მტვერშიც რომ ჩადოს ბაგეები, მაინც ექნება იმედი.
30 . ლოყაც მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.
31 . რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
32 . რადგან თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით.
33 . რადგან გულით როდი სტანჯავს და ამწუხრებს ადამიანთა შვილებს,
34 . ფეხქვეშ რომ თელავენ ქვეყნის ყველა ტუსაღს,
35 . სამართალს რომ ართმევენ კაცს უზენაესის წინაშე,
36 . საქმეს რომ უმრუდებენ კაცს სასამართლოში, განა ვერ ხედავს ამას უფალი?
37 . ვინ არის, რომ თქვას და შესრულდეს, თუ უფალმა არ ბრძანა?
38 . განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
39 . რატომ ჩივის ცოცხალი ადამიანი, როცა თავისი ცოდვების გამო ისჯება?
40 . გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.
41 . გულები და ხელები აღვაპყროთ ზეცაში მყოფი ღმერთისკენ და ვთქვათ:
42 . ჩვენ დავაშავეთ და გეურჩებოდით, შენ არ გვაპატიე.
43 . რისხვით შეიმოსე და გვდევნე, გვხოცე და არ შეგვიბრალე.
44 . ღრუბლით შეიმოსე, რომ არ მოეღწია ჩვენს ლოცვას.
45 . ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის.
46 . პირი დააღეს ჩვენზე ჩვენმა მტრებმა.
47 . შიში და განსაცდელი გვხვდა წილად, ნგრევა და განადგურება.
48 . ცრემლის ნაკადები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის განადგურების გამო.
49 . ჩემი თვალები განუწყვეტლივ იღვრება, არ ჩერდება,
50 . ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.
51 . ჩემი თვალები ტკივილს აყენებენ ჩემს სულს ჩემი ქალაქის ასულთა გამო.
52 . ჩიტივით მომინადირეს ჩემმა მტრებმა, უმიზეზოდ.
53 . ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვა მესროლეს.
54 . წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: "დავიღუპე”.
55 . შენს სახელს მოვუხმე, უფალო, ღრმა დილეგიდან.
56 . შეისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ვედრებას.
57 . შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმე; მითხარი: "ნუ გეშინია”.
58 . შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.
59 . შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, ო, უფალო, განიკითხე ჩემი საქმე.
60 . შენ დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ!
61 . შენ გაიგონე მათი ლანძღვა, ო, უფალო, ყოველი მათი მზაკვრული ზრახვა ჩემს წინააღმდეგ.
62 . ჩემზე თავდამსხმელთა ბაგენი და ფიქრნი ჩემს წინააღმდეგაა ყოველდღე.
63 . შეხედე მათ დაჯდომას და მათ ადგომას, დამცინიან თავიანთ სიმღერებში.
64 . მიუზღე მათ საზღაური, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.
65 . გული დაუბნელე მათ, უფალო; შენი წყევლა იყოს მათზე.
66 . რისხვით დაედევნე და გაანადგურე ისინი უფალო, ცისქვეშეთში.
1 . 1. ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. 2. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე. 3. სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ. 4. უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება? 5. მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს. 6. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. 7. რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი. 8. რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით. 9. მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს. 10. ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა. 11. მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ. 12. მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ. 13. უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია. 14. უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი. 15. ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი? 16. უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას, 17. აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა. 18. გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი. 19. უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს. 20. რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან. 21. გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია. 22. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია. 23. თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა? 24. თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე? 25. ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით? 26. ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით?
1 . მოისმინა თუ არა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2 . გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა მწერალი და მღვდელთაგან უხუცესნი - ყველანი ჯვალოთი შემოსილნი - წინასწარმეტყველ ესაია ამოცის ძესთან.
3 . უთხრეს მას, ასე ამბობსო ხიზკიაჰუ: უბედურების, მხილებისა და უარყოფის დღეა ეს დღე, რადგან მოადგნენ ყრმები საშოს კარს, მაგრამ შობისთვის ძალა არ არის.
4 . იქნებ ისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, შემოთვალა, რათა გაელანძღა ცოცხალი ღმერთი; იქნებ შერისხოს იმ სიტყვათა გამო, რომელიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილი ნატამალისთვის.
5 . და შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან.
6 . მიუგო მათ ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, შენ რომ მოისმინე, რითაც მგმობდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7 . აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
8 . გაბრუნდა რაბშაკე და ლიბნასთან მებრძოლი ჰპოვა აშურის მეფე, რადგან გაგებული ჰქონდა ლაქიში დატოვაო.
9 . თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზეც ესმა, უთხრეს: შენთან საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაცნენი გაუგზავნა ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით:
10 . ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: "ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომელზეც დაიმედებულხარ - არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
11 . აჰა, გსმენია, რაც აშურის მეფეებმა მოაწიეს ყველა ქვეყანას, როგორ დაამხეს ისინი. შენ როგორ გადარჩები?
12 . განა გადაარჩინეს ისინი იმ ხალხთა ღმერთებმა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ?
13 . სად არიან ხამათისა და არფადის მეფეები? ან სეფარვაიმის, ჰენასა და ავას მეფენი?”
14 . მიიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეებისგან, წაიკითხა, ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15 . ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს და ამბობდა:
16 . "ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.
17 . მოაპყარ ყური, უფალო და მოისმინე. გაახილე თვალი, უფალო და დაინახე სანხერიბის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღად რომ გამოგზავნა.
18 . მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ქვეყანა და მათი მიწები.
19 . ცეცხლში ყრიდნენ მათ ღმერთებს, რადგან ღმერთები არ იყვნენ ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, ამიტომ მოსპეს კიდეც ისინი.
20 . ახლა კი უფალო, ღმერთო ჩვენო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა შეიტყოს ქვეყნის ყველა სამეფომ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი”.
21 . გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმის პასუხად, რასაც სანხერიბზე, აშურის მეფეზე ევედრებოდი.
22 . ესაა სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: "აბუჩად აიგდო, დასცინა ქალწულს, სიონის ასულს! თავს იქნევდა იერუსალიმის ასულის უკან.
23 . ვის ძრახავდი და ვის ლანძღავდი? ვისზე აიმაღლე ხმა და ვის დაადგი თვალი? ისრაელის წმიდას!
24 . შენი მონების პირით ძრახავდი უფალს და ამბობდი, მთათა სიმაღლეზე ავედი ჩემი მრავალი ეტლით, ლიბანის კალთებზე; გავჩეხავ მის მაღალ კედრებს, მის ნარჩევ კვიპაროსებს და მივაღწევ მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე.
25 . მე ამოვთხარე და დავლიე წყლები, ჩემი ფეხის ტერფებით ამოვაშრობ ეგვიპტის ყველა მდინარეს.
26 . არ გსმენია განა, შორეულ წარსულში რომ გავაკეთე მე ეს? უძველეს დროში განვიზრახე და ახლა მოვაწიე, რათა ნანგრევების გროვად გექცეს გამაგრებული ქალაქები.
27 . ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი - გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ - მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.
28 . ვიცოდი შენი დაჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა; შენი რისხვა ჩემს წინააღმდეგ.
29 . რადგან შენი მრისხანება ამაღლდა ჩემს წინაშე და შენი ამპარტავნება მოსწვდა ჩემს ყურს, კაუჭს გაგიყრი ნესტოებში და აღვირს ამოგდებ პირში და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოსულხარ.
30 . ხიზკიაჰუ, ეს იქნება შენთვის ნიშანი: ჭამეთ ამ წელს ნაგერალი ხორბალი, მეორე წელს - თვითნაბადი, მესამე წელს დათესეთ და მომკეთ, ჩაყარეთ ვენახები და ჭამეთ ნაყოფი.
31 . გადარჩენილნი იუდას სახლიდან და თავდაღწეულნი კვლავ გაიდგამენ ფესვს დაბლა და გამოიღებენ ნაყოფს მაღლა.
32 . გამოვა იერუსალიმიდან ნატამალი და გადარჩენილნი - სიონის მთიდან”. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა მოიმოქმედებს ამას.
33 . ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ამ ქალაქში, ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ აღუმართავს მიწაყრილს.
34 . რომლითაც მოვიდა, იმავე გზით გაბრუნდება და არ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
35 . მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისთვის.
36 . გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი; ადგნენ დილით და ნახეს, რომ გაცივებული გვამები ეყარა.
37 . გაბრუნდა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე; და ცხოვრობდა ნინევეში.
38 . ერთხელ, როცა ნისროქს, თავის ღმერთს სცემდა თაყვანს მის სახლში, ადრამელეხმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა დასცეს იგი მახვილით და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.