1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.
2 . უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.
3 . მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
4 . მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
5 . "წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6 . იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.
7 . აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8 . ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.
9 . ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
10 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,
11 . როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!
12 . და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
13 . ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.
14 . მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15 . მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.
16 . მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”
17 . ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.
18 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
19 . ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!
20 . კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
21 . შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.
22 . ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.
23 . რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
24 . შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.
25 . ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,
26 . რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
27 . რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.
28 . ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.
29 . ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.
1 . ჩაბერეთ საყვირს სიონზე და შემოსძახეთ ჩემს წმიდა მთაზე, შეძრწუნდით ყოველო მცხოვრებნო მიწისა, რადგან მოდის დღე უფლისა, მოახლოებულია.
2 . დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ბურუსისა! ცისკარივით ეფინება მთებს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც დასაბამიდან არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება თაობიდან თაობამდე.
3 . მის წინ ცეცხლი შთანთქავს და მის უკან ალი ბუგავს; ედემის ბაღივითაა მიწა მათ წინ, მათ უკან კი გაპარტახებულია უდაბნოსავით; არსადაა გასაქცევი.
4 . ცხენებივით გამოიყურებიან და რაშებივით დაჰქრიან;
5 . ეტლებივით გრუხუნებენ მთათა მწვერვალებზე, ჩალას წაკიდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საბრძოლველად დარაზმული ძლიერი ხალხი.
6 . ხალხები ძრწიან მათ წინაშე, ყველა ფერს კარგავს.
7 . ფალავნებივით დარბიან; მებრძოლებივით ძვრებიან გალავნებზე; თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდება.
8 . ერთმანეთს არ ეჯახებიან, თითოეული თავის ბილიკს მიჰყვება; შუბებზე ეგებიან, მაგრამ მწყობრი არ ერღვევათ.
9 . ქალაქში იჭრებიან, გალავნებზე ცოცდებიან, ქურდებივით ძვრებიან სარკმლებში;
10 . მიწა ირყევა მათ წინაშე, ზეცა გრგვინავს, მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ;
11 . უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
12 . "თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - "დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;
13 . გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
14 . ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი.
15 . საყვირს ჩაბერეთ სიონზე, მარხვა დათქვით, გამოაცხადეთ შეკრება.
16 . ხალხი შეკრიბეთ, კრებული განწმიდეთ, უხუცესნი მოიწვიეთ, ყრმანი და ძუძუმწოვარნი შეკრიბეთ, გამოვიდეს ნეფე თავისი საწოლი ოთახიდან და პატარძალი თავისი სამყოფელიდან.
17 . დერეფანსა და სამსხვერპლოს შორის იტირონ მღვდლებმა, უფლის მსახურებმა და თქვან: შეიბრალე, უფალო, ხალხი შენი და ნუ მისცემ შენს სამკვიდრებელს შესარცხვენად და სალანძღად ერებს. რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები, სად არისო მათი ღმერთი?
18 . მოშურნეა უფალი თავისი ქვეყნისთვის და შეიბრალებს თავის ხალხს.
19 . უპასუხებს უფალი და ეტყვის თავის ხალხს: აჰა, მე გამოგიგზავნით პურს, მაჭარსა და ზეთს, გაძღებით და აღარ მიგცემთ სალანძღად ხალხებს.
20 . ჩრდილოეთელსაც მოგაშორებთ, გავყრი უწყლო და გაუდაბურებულ მიწაზე. მის მეწინავეთ - აღმოსავლეთის ზღვაში, უკან მორჩენილთ კი - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.
21 . ნუ გეშინია, მიწავ, გაიხარე და იმხიარულე, რადგან დიადი საქმენი მოიმოქმედა უფალმა.
22 . ნუ გეშინიათ, მინდვრის მხეცებო, რადგან ამწვანდება უდაბნოს საძოვრები, ხე ნაყოფს გამოიღებს, ლეღვიც და ვაზიც გამოიღებენ თავიანთ დოვლათს.
23 . გაიხარეთ, სიონის ძენო, იმხიარულეთ უფლით, თქვენი ღმერთით, რადგან მოგცემთ ადრეულ წვიმას თქვენი სიმართლის მიხედვით და უწინდებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და საგვიანო წვიმებს.
24 . გაივსება ბეღელი მარცვლეულით, უხვად იქნება საწნახლებიდან გადმოდინებული მაჭარი და ზეთი.
25 . გადაგიხდით იმ წლებისას, როცა ჭამდა მღრღნელი და კალია, მატლი და მწერი - ჩემი დიდი ლაშქარი, თქვენ რომ შემოგისიეთ.
26 . ბლომად შეჭამთ, გაძღებით და განადიდებთ უფლის, ღვთის სახელს, რომელიც საკვირველად მოგექცათ და აღარასოდეს შერცხვება ჩემი ხალხი.
27 . მიხვდებით, რომ ისრაელის წიაღში ვარ და მე, უფალი ვარ თქვენი ღმერთი! სხვა არავინაა! და არ შერცხვება ჩემი ხალხი საუკუნოდ.
28 . ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.
29 . მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.
30 . მოგცემთ ნიშნებს ცაში და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს.
31 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად უფლის დიადი და საშინელი დღის დადგომის წინ.
32 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
1 . და აი, პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაულიც მოახლოვდა.
2 . მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3 . და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
4 . წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო.
5 . გაუხარდათ და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას.
6 . მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.
7 . დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.
8 . იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”.
9 . ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოვამზადოთ?”
10 . უთხრა: "აჰა, ქალაქში რომ შეხვალთ, კაცი შემოგხვდებათ, რომელსაც წყალი მიაქვს დოქით და იმ სახლამდე მიჰყევით, რომელშიც შევა;
11 . უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
12 . და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს; იქ მოამზადეთ”.
13 . წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი.
14 . ჟამმა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულებიც დასხდნენ მასთან ერთად.
15 . უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
16 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.
17 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: "აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის.
18 . რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.
19 . აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: "ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
20 . ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.
21 . აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.
22 . ძე კაცისა განწესებისამებრ მიდის, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც მას გასცემს”.
23 . და იწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
24 . ასევე დავობდნენ, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
25 . მან კი უთხრა: "წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
26 . თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური.
27 . რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
28 . თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
29 . და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამაჩემმა,
30 . რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად”.
31 . და თქვა უფალმა: "სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
32 . მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.
33 . მან კი უპასუხა: "უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც”.
34 . ხოლო მან უთხრა: "შენ გეუბნები, პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ”.
35 . უთხრა მათ: "ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?” უპასუხეს მათ: "არაფერი”.
36 . მაშინ უთხრა: "ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა; ხოლო ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს.
37 . თქვენ გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’, რადგან ის, რაც ჩემზეა დაწერილი, დასასრულს უახლოვდება”.
38 . მათ უთხრეს: "უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია”. მიუგო მან: "საკმარისია”.
39 . გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.
40 . ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: "ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
41 . თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
42 . ამბობდა: "მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.
43 . ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
44 . ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.
45 . ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.
46 . უთხრა: "რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს.
48 . უთხრა იესომ: "იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?”
49 . მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: "უფალო, დავცხოთ მახვილი?”
50 . ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.
51 . მაშინ იესომ უთხრა: "თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
52 . უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებსა და უხუცესებს: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
53 . ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და არ აღგიმართავთ ხელი ჩემზე; მაგრამ თქვენია ეს ჟამი და სიბნელის ხელმწიფება”.
54 . და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეიყვანეს მღვდელმთავრის სახლში. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
55 . შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
56 . ერთმა მხევალმა ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააცქერდა და თქვა: "ესეც მასთან ერთად იყო”.
57 . მაგრამ მან უარყო და თქვა: "დედაკაცო, არ ვიცნობ მას”.
58 . ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: "შენც ერთი მათგანი ხარ”. მაგრამ პეტრემ მიუგო: "არა ვარ, ადამიანო”.
59 . დაახლოებით ერთი საათი რომ გავიდა, სხვამაც დაიწყო დაჟინებით მტკიცება, ამბობდა: "ნამდვილად ესეც მას ახლდა, რადგან გალილეველია”.
60 . პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: "ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა.
61 . მაშინ შემობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა: დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
62 . გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63 . ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას.
64 . თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?
65 . და კიდევ მრავალნაირად გმობდნენ.
66 . როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები; და მიიყვანეს იესო თავიანთ სინედრიონში.
67 . უთხრეს: "თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: "რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
68 . და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ.
69 . მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”.
70 . მაშინ თქვა ყველამ: "მაშ, შენა ხარ ღმერთის ძე?” მიუგო: "თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”.
71 . მათ კი თქვეს: "მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? თვითონვე მოვისმინეთ მისი პირიდან”.
1 . იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
2 . მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;
3 . და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4 . შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5 . ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6 . იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
7 . და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
8 . უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.
9 . პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო.
10 . გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
11 . გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.
12 . გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 . პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.
14 . როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.
15 . უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.
16 . პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.
17 . მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18 . გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო?
19 . ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა.
20 . ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა.
21 . დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა.
22 . ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”.
23 . მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
24 . უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25 . ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!