1 . და მივიდნენ ასულნი ცელაფეხადისა, ხეფერის ძისა, გილყადის ძისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა, მენაშეს, იოსების ძის საგვარეულოდან; აი, მისი ასულების სახელები: მახლა, ნოა, ხოგლა, მილქა და თირცა.
2 . და წარდგნენ მოსესა და ელეაზარ მღვდლის წინაშე, მთავრებისა და მთელი თემის წინაშე კარვის შესასვლელთან ამ სიტყვებით:
3 . "მამაჩვენი უდაბნოში გარდაიცვალა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ ამბოხებულ კორახის კრებულში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა; და ძენი არ ჰყოლია მას.
4 . რად უნდა ამოირიცხოს მამაჩვენის სახელი თავისი გვარიდან იმის გამო, რომ ძე არ ყოლია? მოგვეცი სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმათა შორის”.
5 . და წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე.
6 . უთხრა უფალმა მოსეს:
7 . "მართალს ამბობენ ასულნი ცელაფეხადისა; მიეცი მათ სამკვიდრებელი მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე.
8 . ისრაელის ძეთ კი განუცხადე: თუ მოკვდა კაცი და არ დარჩენია ძე, მაშინ მის ასულზე გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი.
9 . და თუ არც ასული დარჩა, მაშინ მის ძმებს გადაეცით მისი სამკვიდრებელი.
10 . და თუ არც ძმები ჰყავს, მაშინ მამამისის ძმებს გადაეცით მისი სამკვიდრებელი.
11 . და თუ არც მამამისს ჰყოლია ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან და დაიმკვიდროს იგი. ეს იყოს ისრაელიანთათვის სამართლის დადგენილებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს”.
12 . უთხრა უფალმა მოსეს: "ადი ყაბარიმის ამ მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მივეცი ისრაელის ძეთ.
13 . როცა იხილავ, შენც შეუერთდები შენს ხალხს, როგორც შეუერთდა აჰარონი, შენი ძმა;
14 . რადგან წინაღუდექი ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, თემში განხეთქილებისას, რათა წმიდად გამოგეჩინე წყალზე მათ თვალწინ. ესაა მერიბას წყალი კადეშთან, ცინის უდაბნოში”.
15 . უთხრა მოსემ უფალს:
16 . "დაე დაადგინოს უფალმა, ყველა ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ თემზე,
17 . რომელიც გავა და შემოვა მათ წინაშე; რომელიც გაიყვანს და შემოიყვანს მათ, რათა არ იყოს უფლის თემი, უმწყემსო ცხვარივით”.
18 . უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე იეშუა ნავეს ძე, კაცი, რომელზეც არის სული და დაასხი ხელი;
19 . და დააყენე იგი ელეაზარ მღვდლისა და მთელი თემის წინაშე და დაადგინე მათ თვალწინ.
20 . და უწილადე მას შენი ძალაუფლება, რათა უსმინოს მას ისრაელიანთა მთელმა თემმა.
21 . დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე და გამოუძიებს მას ურიმის სამართალს უფლის წინაშე: მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა თვითონ და ისრაელის ყოველი ძე და მთელი თემი მასთან ერთად”.
22 . და აღასრულა მოსემ უფლის ბრძანებისამებრ: მოიყვანა იეშუა და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლისა და მთელი თემის წინაშე,
23 . დაასხა მას ხელი და დაადგინა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით.
1 . "მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები.
2 . გაუმზადე წმიდა სამოსელი აჰარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის.
3 . ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
4 . აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აჰარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
5 . აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი.
6 . ოქროსგან გააკეთონ ეფოდი, ცისფერი და ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით.
7 . ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს.
8 . ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა.
9 . აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთე ზედ ისრაელის ძეთა სახელები.
10 . ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
11 . ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში.
12 . მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე - ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს აჰარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე.
13 . ბუდეები ოქროსი გააკეთე;
14 . ასევე სუფთა ოქროს ორი ძეწკვი; გრეხილი ნაკეთობა, წნული ნამუშევარი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
15 . გააკეთე განკითხვის სამკერდული, ოსტატური ნაკეთობით, ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან დაამზადე.
16 . ოთხკუთხედი იყოს, ორკეცი, მტკაველი - სიგრძე და მტკაველი - სიგანე.
17 . და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები, ქვების ოთხი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი.
18 . მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
19 . მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
20 . მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპის ქვა; ოქროს ბუდეში უნდა ჩასვა ისინი.
21 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
22 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
23 . ოქროს ორი რგოლიც გააკეთე სამკერდულზე და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე.
24 . ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
25 . ორთავე წნულის ორივე კიდე მიაბი მის ორ ბუდეზე და წინიდან მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე.
26 . გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა.
27 . გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორთავე სამხრეზე ქვემოთა წინა მხრიდან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელთან შეერთების ადგილზე.
28 . მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონარით, რათა იყოს იგი ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს.
29 . ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.
30 . ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აჰარონის გულზე, უფლის წინაშე მისი შესვლისას; მუდამ გულზე ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სამართალი უფლის წინაშე.
31 . დაამზადე მოსასხამი ეფოდისთვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისგან.
32 . შუაში თავის გასაყრელი ჰქონდეს ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგივით; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდეს კიდეზე შემოვლებული, რომ არ შემოირღვეს.
33 . მის კალთებზე, გარშემო ბროწეულები ამოქარგე ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
34 . ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე ირგვლივ.
35 . იყოს იგი აჰარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა წმიდაში უფლის წინაშე შესვლისას და გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.
36 . გააკეთე სუფთა ოქროს გვირგვინი და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფრით: წმიდა უფლისათვის.
37 . მიამაგრე იგი ცისფერი ზონარით და იყოს იგი თავსაბურველზე. თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი.
38 . ეკეთოს აჰარონს შუბლზე და იტვირთოს აჰარონმა შესაწირავთა ბრალი, რომელთაც შესწირავენ ისრაელის ძენი ყოველი შეწირვისას და მუდამ შუბლზე ეკეთოს, რათა სასურველი იყვნენ უფლის წინაშე.
39 . მოქსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე.
40 . გაუმზადე აჰარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი და ქუდებიც გაუკეთე მათ დიდებად და მშვენებად.
41 . შემოსე ამ სამოსით შენი ძმა აჰარონი და მისი ძენი, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42 . დაუმზადე მათ სელის ქვედა სამოსელი, სხეულის სიშიშვლის დასაფარად; წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს.
43 . იქონიონ ისინი აჰარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ხურის ძეს, ძისა ურისა, იუდას ტომიდან.
3 . და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
4 . რათა ოსტატურად შეეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა,
5 . მოსაოჭველი ქვების გათლა და ხის კვეთა, ყოველგვარი ხელოვნებით.
6 . აჰა, მივეცი მას ოჰოლიაბი, ახისამაქის ძე, დანის ტომიდან და ყოველი ოსტატის გულში ჩავდებ სიბრძნეს, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე:
7 . საკრებულო კარავი, მოწმობის კიდობანი და სარქველი, რომელიც მასზეა და კარვის ყოველი ჭურჭელი.
8 . მაგიდა თავისი ჭურჭლით, წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით და საკმევლის სამსხვერპლო;
9 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო მთელი თავისი ხელსაწყოებით, საბანელი მისი კვარცხლბეკითურთ;
10 . მსახურების შესამოსელი, აჰარონის წმიდა სამოსელი და მისი ძეების სამოსელი მღვდლობის გასაწევად.
11 . ზეთი და კეთილსურნელოვანი საკმეველი საწმიდრისთვის; როგორც გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ”.
12 . უთხრა უფალმა მოსეს:
13 . "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
14 . დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბღალავი უსათუოდ მოკვდება; რადგან ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს ამ დღეს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხისგან.
15 . ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
16 . დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.
17 . საუკუნო ნიშანია იგი ჩემსა და ისრაელის შვილთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა”.
18 . და მისცა მოსეს უფალმა, როცა დაასრულა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . შეუდგნენ საქმეს ბეცალელი და ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2 . მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა ოსტატს, რომელთაც მიანიჭა უფალმა გულის სიბრძნე, თითოეულს, ვისაც გული ერჩოდა საქმის დასაწყებად და საკეთებლად.
3 . და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
4 . მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თითოეული თავისი საქმის მცოდნე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
5 . ასე უთხრეს მოსეს: "იმაზე მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე იმ სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა”.
6 . მაშინ ბრძანა მოსემ და გაავრცელეს ხმა ბანაკში: "არც კაცმა და არც ქალმა აღარაფერი გაამზადოს საწმიდრისათვის შესაწირად”. და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
7 . საკმარისი იყო მარაგი ყოველი გასაკეთებელი საქმისთვის და ზედმეტადაც კი დარჩა.
8 . გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.
9 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო ყოველი გადასაფარებელი.
10 . ხუთი გადასაფარებელი ერთმანეთს გადააკერა და მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11 . გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
12 . ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ეს მარყუჟები ერთმანეთს ესადაგებოდნენ.
13 . გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი, შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან კაუჭებით და გამოვიდა ერთიანი სავანე.
14 . გააკეთა გადასაფარებლები თხისურისგან სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადა.
15 . თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
16 . შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
17 . გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
18 . გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის შესაერთებლად, რათა ერთიანი ყოფილიყო.
19 . საფარი გააკეთა კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი მაჩვის ტყავებისგან.
20 . სვეტებად აკაციის ძელები გაუკეთა სავანეს.
21 . თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.
22 . ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა აღთქმის კარვის ყოველ ძელს.
23 . გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24 . ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ ორივე სახელურისთვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ - ორივე სახელურისთვის.
25 . გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.
26 . და ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
27 . გააკეთა ექვსი ძელი აღთქმის კარვის უკანა მხარეს, დასავლეთისკენ.
28 . ორი ძელი გააკეთა აღთქმის კარვის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29 . შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან ერთი რგოლით; ასე გააკეთა ორივესთვის ორივე კუთხეში.
30 . რვა ძელი იყო თავ-თავისი ვერცხლის კვარცხლბეკებით, თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
31 . გააკეთა ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის,
32 . ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, დასავლეთით.
33 . გააკეთა შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად ერთი ბოლოდან მეორემდე.
34 . ძელები და მათი რგოლები ოქროთი მოჭედა, ოქროსაგან გააკეთა სათავსები ძელაკებისთვის; ისინიც ოქროთი მოჭედა.
35 . გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან; ზედ ოსტატურად ამოქარგა ქერუბები.
36 . გაუკეთა მას აკაციის ოთხი სვეტი, ოქროს კაუჭებით და ოქროთი მოჭედა; და ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის კვარცხლბეკი.
37 . დაამზადა მოხატული ფარდა კარვის შესასვლელისთვის ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, მქარგველის ნამუშევარი.
38 . და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ. ოქროთი მოჭედა მათი თავები და კაუჭები; გააკეთა ხუთი სპილენძის კვარცხლბეკი.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, საკრებულო კარავი.
3 . დადგი იქ მოწმობის კიდობანი და ჩამოაფარე კრეტსაბმელი.
4 . შეიტანე მაგიდა და ზედ მისი საგნები განალაგე, შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
5 . დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ჩამოკიდე კრეტსაბმელი სავანის შესასვლელთან.
6 . დადგი ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო საკრებულო კარვის, სავანის შესასვლელის წინ.
7 . დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხი.
8 . მოაწყვე ირგვლივ ეზო და ჩამოკიდე ფარდა ეზოს შესასვლელთან.
9 . აიღე საცხებელი ზეთი, სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია და წმიდა ჰყავ იგი და ყოველი მისი ჭურჭელი; და წმიდა იქნება.
10 . სცხე ყოვლადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო; და წმიდათა წმიდა იქნება იგი.
11 . სცხე საბანებელს და მის კვარცხლბეკს და წმიდა ჰყავ იგი.
12 . მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან და განბანე წყლით.
13 . შემოსე აჰარონი წმიდა სამოსელით, სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
14 . მოიყვანე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით.
15 . სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რათა მღვდლობა გამიწიონ და იყოს მათი ცხებულება საუკუნო მღვდლობისთვის თაობიდან თაობამდე!”
16 . და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა.
17 . და აღმართულ იქნა აღთქმის კარავი მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს.
18 . აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი კვარცხლბეკები, განალაგა ძელები, დაამაგრა ძელაკები და აღმართა სვეტები.
19 . გადააფარა საფარველი სავანეს და სახურავი გაუკეთა ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
20 . აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობანს რგოლებში და დაადგა სარქველი კიდობანს.
21 . შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22 . დადგა მაგიდა საკრებულო კარავში, კარვის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ.
23 . დააწყო მასზე საწინაშეო პური უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
24 . დადგა სასანთლე საკრებულო კარავში მაგიდის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
25 . აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
26 . დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში, ფარდის წინ
27 . და აკმია მასზე კეთილსურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
28 . ჩამოკიდა ფარდა სავანის შესასვლელში.
29 . დადგა სამსხვერპლო სრულადდასაწველთათვის საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და პურის შესაწირი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30 . დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხა განსაბანად.
31 . და განიბანეს მასში მოსემ, აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები.
32 . საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
33 . მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს შესასვლელში. დაასრულა მოსემ საქმე და ღრუბელმა აავსო საკრებულო კარავი.
34 . დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
35 . და ვერ შეძლო მოსემ საკრებულო კარავში შესვლა, ვინაიდან ღრუბელმა დაივანა მასზე და უფლის დიდებამ აღავსო სავანე.
36 . როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი სამგზავროდ.
37 . და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
2 . ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,
3 . რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.
4 . რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
5 . მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.
6 . რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
7 . მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
8 . იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
9 . მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
10 . თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
11 . გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
12 . რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
13 . სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
14 . ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
15 . რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
16 . რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
17 . რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
18 . რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
19 . იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
20 . რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
21 . რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
22 . ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.
1 . იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 . ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 . რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 . მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 . თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 . ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 . ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 . გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 . თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 . მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 . ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 . ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 . ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 . არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 . როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 . ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 . ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 . მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 . ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 . რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 . ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 . იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 . რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 . შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 . მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 . თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 . ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.