1 . გაემგზავრნენ ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმისა და სინაის შორისაა; ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა.
2 . ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.
3 . უთხრეს ისრაელის შვილებმა: "ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.
5 . და მეექვსე დღეს, როცა მოტანილს მოამზადებენ, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ”.
6 . უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: "საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7 . დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?”
8 . და თქვა მოსემ: "მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
9 . უთხრა მოსემ აჰარონს: "უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”.
10 . და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
13 . მოფრინდა საღამოხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის გარშემო.
14 . როდესაც ცვარი აორთქლდა, ნახეს უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი ყრია, ჭირხლის მსგავსი.
15 . დაინახეს ისრაელის შვილებმა და ჰკითხეს ერთმანეთს: "რა არის ეს?” რადგან არ იცოდნენ, რა იყო. უთხრა მათ მოსემ: "ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად.
16 . ასე ბრძანა უფალმა: "აკრიფოს თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამს - ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ”.
17 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა.
18 . არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19 . უთხრა მათ მოსემ: "ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”.
20 . მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.
21 . და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
22 . მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს, ორ-ორი ღომერი თითოეულზე და მივიდა თემის ყველა მთავარი და აუწყეს მოსეს.
23 . უთხრა მათ: "აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”.
24 . მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ, არც ამყრალდა და არც მატლი გასჩენია.
25 . უთხრა მოსემ: "ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
26 . ექვს დღეს აგროვეთ, მეშვიდე დღეს კი - შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს”.
27 . და აი, მეშვიდე დღეს ზოგიერთი გავიდა ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.
28 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?
29 . იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს”.
30 . და ისვენებდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31 . უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელი - მანნა: ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.
32 . თქვა მოსემ: "ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანნით, თაობიდან თაობამდე შესანახად, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
33 . უთხრა მოსემ აჰარონს: "აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანნა და დადგი უფლის წინაშე შესანახად თაობიდან თაობამდე”.
34 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აჰარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.
35 . ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძენი მანნას, სანამ დასახლებულ მიწამდე მივიდოდნენ; მანნას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
36 . ღომერი კი ეფის მეათედია.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ხურის ძეს, ძისა ურისა, იუდას ტომიდან.
3 . და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
4 . რათა ოსტატურად შეეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა,
5 . მოსაოჭველი ქვების გათლა და ხის კვეთა, ყოველგვარი ხელოვნებით.
6 . აჰა, მივეცი მას ოჰოლიაბი, ახისამაქის ძე, დანის ტომიდან და ყოველი ოსტატის გულში ჩავდებ სიბრძნეს, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე:
7 . საკრებულო კარავი, მოწმობის კიდობანი და სარქველი, რომელიც მასზეა და კარვის ყოველი ჭურჭელი.
8 . მაგიდა თავისი ჭურჭლით, წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით და საკმევლის სამსხვერპლო;
9 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო მთელი თავისი ხელსაწყოებით, საბანელი მისი კვარცხლბეკითურთ;
10 . მსახურების შესამოსელი, აჰარონის წმიდა სამოსელი და მისი ძეების სამოსელი მღვდლობის გასაწევად.
11 . ზეთი და კეთილსურნელოვანი საკმეველი საწმიდრისთვის; როგორც გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ”.
12 . უთხრა უფალმა მოსეს:
13 . "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
14 . დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბღალავი უსათუოდ მოკვდება; რადგან ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს ამ დღეს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხისგან.
15 . ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
16 . დაიცვან ისრაელის შვილებმა შაბათი და თაობიდან თაობამდე უქმობდნენ შაბათს, სამარადისოა ეს აღთქმა.
17 . საუკუნო ნიშანია იგი ჩემსა და ისრაელის შვილთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა”.
18 . და მისცა მოსეს უფალმა, როცა დაასრულა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "გამოუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როდესაც შეხვალთ დასამკვიდრებლად ქვეყნისა, მე რომ გაძლევთ
3 . და მიიტანთ შესაწირს უფლისთვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს ნახირიდან ან ფარიდან, აღთქმის აღსასრულებლად ან სამშვიდობოდ, რათა აკმიოთ საამო კეთილსურნელება უფლისთვის,
4 . შესწიროს შემწირავმა თავისი ძღვენი უფალს: ეფის მეათედი ნაწილი პურის გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული.
5 . და ყოველი კრავი, სრულადდასაწველი თუ მსხვერპლად მისატანი, მეოთხედი ჰინი საღვრელი ღვინით მოამზადოს.
6 . ხოლო ვერძისთვის - მესამედ ჰინ ზეთში შერეული ორი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი მოამზადოს.
7 . საღვრელად კი ჰინის მესამედი ნაწილი ღვინო შესწიროს საამო კეთილსურნელებად უფალს.
8 . როცა სრულადდასაწველ ან მსხვერპლად მისატან ზვარაკს მოამზადებს, უფლისთვის აღთქმის აღსასრულებლად თუ სამშვიდობო შესაწირად,
9 . მაშინ, ზვარაკთან ერთად, ნახევარ ჰინ ზეთში შერეული სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი შესწიროს.
10 . თან მიიტანე ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო შესაწირად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
11 . ასე გაკეთდეს თითოეული ზვარაკის, ვერძის, კრავის ან თხისთვის.
12 . რამდენსაც შესწირავს, იმის მიხედვით მოამზადოს თითოეული, მისი რაოდენობის მიხედვით.
13 . ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს, ვინც მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად.
14 . ყოველი ხიზანი თქვენ შორის და შემოკედლებული, ვინც არ უნდა იყოს, თაობიდან თაობამდე, თუ მოიტანს შესაწირს უფლისთვის საამო კეთილსურნელებად, მაშინ როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს.
15 . ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.
16 . ერთი რჯული და ერთი სამართალი იქნება თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთან ცხოვრობს”.
17 . უთხრა უფალმა მოსეს:
18 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, მე რომ მიგიყვანთ,
19 . და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, აღუვლინეთ შესაწირი უფალს.
20 . პირველმოწეული ფქვილის კვერიც აღუვლინეთ. თითქოს კალოს ლეწვისას შეგეწიროთ, ისე აღუვლინეთ.
21 . პირველმოზელილი ცომიც შესწირეთ უფალს აღსავლენად, თაობიდან თაობამდე.
22 . როცა უნებურად შეცდებით და არ აღასრულებთ ყოველ მცნებას, რომელიც დაუდო უფალმა მოსეს,
23 . ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს მეშვეობით იმ დღიდან, როცა გამცნოთ უფალმა და ამიერიდან თქვენს თაობებში;
24 . თუ თემის წინდაუხედაობით მოხდა ეს შეცდომა, დაე მთელმა თემმა შესწიროს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის, მისი პურეული ძღვენი, საღვრელი, წესისამებრ, და ერთი მამალი თხა ცოდვისგან განმწმედ შესაწირად.
25 . გამოისყიდის მღვდელი ისრაელიანთა მთელ თემს და მიეტევება მათ, რადგან უნებურად მოხდა ეს, მიიტანენ ისინი სრულადდასაწველს უფლის წინაშე, თავისი წინდაუხედაობისთვის.
26 . მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უცოდინრობით შეცდა ხალხი.
27 . თუ ერთი სული შესცოდავს წინდაუხედაობით, დაე შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისგან განსაწმედად.
28 . და გამოისყიდის მღვდელი შეცთომილს, ვინაიდან განზრახ არ შეუცოდავს უფლისთვის და მიეტევება.
29 . ერთი რჯული იყოს განუზრახველად დაშვებული შეცდომისთვის, ისრაელიანი მკვიდრი იქნება თუ მათ შორის მცხოვრები ხიზანი.
30 . ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,
31 . ვინაიდან სიტყვა უფლისა შეურაცხჰყო და მისი მცნება დაარღვია. ბოლომდე შეიმუსროს იგი; მასზეა მისი ცოდვა”.
32 . და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
33 . მიიყვანეს იგი მპოვნელებმა მოსესთან, აჰარონთან და მთელ თემთან.
34 . დაატუსაღეს, ვინაიდან ჯერ არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.
35 . უთხრა უფალმა მოსეს: "უცილობლად მოკვდეს ეს კაცი; ქვებით ჩაქოლოს მთელმა თემმა ბანაკის გარეთ”.
36 . გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა ქვებით; მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37 . უთხრა უფალმა მოსეს:
38 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი, რომ ფოჩები გაიკეთონ სამოსლის კიდეებზე, თაობიდან თაობამდე და ცისფერი ძაფი ჩაატანონ ფოჩებში.
39 . როცა შეხედავთ, ეს ფოჩი გაგახსენებთ, უფლის ყოველ მცნებას აღსასრულებლად; რათა არ აჰყვეთ გულისთქმასა და თვალს, რომლებიც მრუშობისკენ გიზიდავენ;
40 . რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას და წმიდები იყოთ თქვენი ღმერთისთვის.
41 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
1 . და იყო მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან უფალთან საკითხავად. დასხდნენ ჩემს წინ.
2 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
3 . "ძეო კაცისავ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემთან საკითხავად ამოხვედით? თუ ცოცხალი ვარ, არ გაკითხვინებთ! - ამბობს უფალი ღმერთი.
4 . განსჯი მათ? განსჯი მათ, ძეო კაცისავ? მაშინ განუცხადე მათ მათი მამების სისაძაგლენი!
5 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა მე ამოვირჩიე ისრაელი და დავუფიცე იაკობის ტაძრის შთამომავლობას, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ჩემი ხელით გამოვიყვანე; ვეუბნებოდი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი.
6 . იმ დღეს შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან ქვეყანაში, მათთვის რომ დავიგულე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, ყველაზე მშვენიერ ქვეყანაში.
7 . ვუთხარი: მოიშორეთ თითოეულმა თვალთაგან თქვენი სისაძაგლენი და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . მაგრამ ამიჯანყდნენ, არ მოინდომეს ჩემი მოსმენა; არც ერთმა არ მოიშორა თავისი სისაძაგლე თვალთაგან, არ მიატოვეს ეგვიპტის კერპები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას და აღვასრულებ მათზე ჩემს რისხვას შუაგულ ეგვიპტის მიწაზე.
9 . მაგრამ ასე არ მოვიქეცი ჩემი სახელის გამო, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იმყოფებოდნენ და ვის თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის ქვეყნიდან.
10 . გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში.
11 . დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით.
12 . ჩემი შაბათებიც მივეცი, რომ ნიშნად ყოფილიყო ჩემსა და მათ შორის და მიმხვდარიყვნენ რომ, მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
13 . მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.
14 . მაგრამ ჩემი სახელის გამო განზრახ მოვიქეცი ისე, რომ იმ ხალხთა თვალში არ შელახულიყო, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
15 . ხელაღმართულმა დავუფიცე მათ უდაბნოში, რომ აღარ შევიყვანდი ქვეყანაში, რომელიც მივეცი, სადაც რძე და თაფლი მოედინება და რომელიც ყველა ქვეყანაზე მშვენიერია.
16 . რადგან უკუაგდეს ჩემი სამართალი, ჩემი წესებისამებრ არ დადიოდნენ და შებღალეს ჩემი შაბათები, ვინაიდან კერპებს ელტვოდა მათი გული.
17 . მაგრამ შეიბრალა ისინი დაღუპვისგან ჩემმა თვალმა და აღარ მომისპია უდაბნოში.
18 . მათ შვილებს ვუთხარი: ნუ ივლით თქვენი მამების წესებისამებრ, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით არ შეიბილწოთ-მეთქი.
19 . მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ, ჩემი სამართალი დაიცავით და აღასრულეთ.
20 . წმიდა ჰყავით ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის, რათა მიხვდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.
21 . მაინც ამიჯანყდნენ შვილები, არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს ჩემი სამართალი, არ აღასრულეს, რომ ეცოცხლათ მისი მეშვეობით; შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას, რათა ჩემი რისხვა აღვასრულო მათზე უდაბნოში.
22 . ისევ დავუშვი ხელი. ჩემი სახელის გამო დავუშვი, რომ არ შებღალულიყო იმ ხალხთა თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
23 . ხელი აღვმართე მათზე უდაბნოში, რათა ხალხებში გამეფანტა ისინი და ქვეყნებში გამებნია.
24 . ვინაიდან არ აღასრულებდნენ ჩემს სამართალს, ჩემი წესები მოიძულეს, ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპებს ელტვოდა მათი თვალი.
25 . ამიტომაც დავუშვი უკეთური წესები და სამართალი, რომელიც ვერ აცოცხლებდა მათ.
26 . იბილწებოდნენ ისინი თავისივე მსხვერპლებით, როცა ცეცხლში ატარებდნენ საშოს ყველა პირველნაყოფს, რომ გამეპარტახებინა ისინი და გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი.
27 . ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ძეო კაცისავ! უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმითაც შეურაცხმყოფდნენ თქვენი მამები, რომ მუხთლად მღალატობდნენ.
28 . მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე, რომ მათ მივცემდი; მათ კი, სადაც მაღლობი და შეფოთლილი ხე ნახეს, იქ სწირავდნენ მსხვერპლებს, განმარისხებდნენ შენაწირებით, აღავლენდნენ კეთილსურნელებას და ღვრიდნენ საღვრელებს.
29 . ვუთხარი: რა არის ის მაღალი ადგილი, თქვენ რომ დადიხართ-მეთქი? ამიტომაც დღემდე "ბამა” ეწოდება სახელად.
30 . ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა თქვენი მამების გზაზე არ იბილწებით და მათი სისაძაგლეების კვალდაკვალ არ მრუშობთ,
31 . თქვენი მსხვერპლები რომ მიგაქვთ და თქვენს ძეებს ცეცხლში ატარებთ? დღემდე იბილწებით თქვენი კერპით და განა თავს გამოგაკითხვინებთ, ისრაელის სახლო?! ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი ღმერთი, არ გამოგაკითხვინებთ თავს!
32 . არ იქნება, რასაც ფიქრობთ, რომ ამბობთ, სხვა ხალხებივით ვიქნებით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებითო ხესა და ქვას!”
33 . "ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი ღმერთი, თუ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გულისწყრომის გადმოღვრით არ ვიბატონო თქვენზე.
34 . გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგაქუჩებთ ქვეყნებიდან, სადაც გაიფანტეთ ძლიერი ხელით, მოღერებული მკლავითა და გადმოღვრილი გულისწყრომით;
35 . მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ დაგდებთ მსჯავრს,
36 . როგორც თქვენს მამებს დავადე მსჯავრი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, თქვენც ისე დაგადებთ მსჯავრს! - ამბობს უფალი ღმერთი.
37 . გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და აღთქმის ბორკილებს დაგადებთ.
38 . გამოვაცალკევებ თქვენგან მეამბოხეებსა და დამნაშავეებს ჩემ წინაშე, გამოვიყვან მათი ხიზნობის ქვეყნიდან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ შემოვლენ. მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
39 . შენ კი, სახლო ისრაელისა, ამბობს უფალი ღმერთი, თითოეული თქვენს კერპებთან წადით და მათ ემსახურეთ; რადგან ჩემსას არ ისმენთ, აღარც ჩემი წმიდა სახელი შებღალოთ თქვენი ძღვენითა და კერპებით.
40 . რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, იქ მომემსახურება ისრაელის მთელი სახლი - ყველანი ამ ქვეყნად. იქ ვისურვებ მათ, იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლიდან, მთელი თქვენი წმიდა ძღვენით.
41 . საამო კეთილსურნელებად მიგიღებთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ და წმიდად გამოვჩნდები თქვენში ხალხების თვალწინ.
42 . მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ თქვენს მამებს მივცემდი!
43 . გაგახსენდებათ იქ თქვენი გზები და ყველა თქვენი ნამოქმედარი, რითაც შეიბილწეთ და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეთ.
44 . და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემი სახელის გამო მოგექცევით და არა თქვენი ბოროტი გზებისა და გარყვნილი საქმეების მიხედვით, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი ღმერთი!”
45 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
46 . "ძეო კაცისავ! სახე მიმართე თემანის გზისკენ, ელაპარაკე სამხრეთს და უწინასწარმეტყველე ნეგების დაბლობის ტყეს.
47 . უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე სიტყვა უფლისა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, ცეცხლს წაგიკიდებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აგიზგიზებული ალი, მოიხრუკება მასში ყველაფერი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
48 . იხილავს ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა გავაღვივე ის და არ ჩაქრება!”
49 . მივუგე: "ოჰ ღმერთო, უფალო, ისინი ამბობენ, იგავებს ხომ არ თხზავსო იგი?”