1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
2 . უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და შემატყობინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი”.
3 . უთხრა იოაბმა: „დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ხალხი, განა ყველა მათგანი ჩემი ბატონი მეფის მონები არ არიან? მაშ რაღად ითხოვს ამას ჩემი ბატონი? ცოდვისკენ რად უნდა უბიძგო ისრაელს?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბზე. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და დაბრუნდა იერუსალიმში.
5 . მიუტანა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რიცხვი და მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღმოჩნდა ისრაელში, იუდაში კი ოთხას სამოცდაათი ათასი მახვილის ამღები კაცი იყო.
6 . ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება.
7 . ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
8 . უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
9 . დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის წინასწარმეტყველს და უთხრა:
10 . „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
11 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12 . სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
13 . უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.
14 . მოუვლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელს და სამოცდაათი ათასი კაცი დაეცა ისრაელში.
15 . და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
16 . აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.
17 . უთხრა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე შენი ხალხის აღრიცხვა? მე შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე, ამ ცხვრებს ხომ არაფერი დაუშავებიათ? უფალო, ღმერთო ჩემო! გევედრები, ჩემზე და მამაჩემის სახლეულზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად”.
18 . და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.
19 . წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20 . შემობრუნდა ორნანი, დაინახა ანგელოზი და დაიმალა თავის ოთხ ვაჟთან ერთად. ხორბალს ლეწავდა მაშინ ორნანი.
21 . მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
22 . უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი ამ კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ; სრულ ფასს გადაგიხდი, რათა შეწყდეს ხალხის განადგურება”.
23 . უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”
24 . უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.
25 . ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.
26 . იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.
27 . უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც ქარქაშში ჩააგო თავისი მახვილი.
28 . დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.
29 . ხოლო უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა და სრულადდასაწველის სამსხვერპლო, იმჟამად გაბაონის მაღლობზე იყო.
30 . არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.
1 . მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
2 . იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
3 . მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”.
4 . იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.
5 . მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6 . უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”.
7 . იესომ უპასუხა: "ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.
8 . ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება.
9 . უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”.
10 . იესომ კი უპასუხა: "განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
11 . მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.
12 . ესმა რა იესოს, რომ შეიპყრეს იოანე, გალილეას გაემართა.
13 . მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნაფთალის საზღვრებში.
14 . რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
15 . "ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა,
16 . ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.
17 . იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
18 . გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი - პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.
19 . უთხრა მათ: "გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
20 . მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21 . იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ.
22 . მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.
23 . დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.
24 . და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.
25 . დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1 . ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2 . ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3 . მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
4 . ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
5 . მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
6 . მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
7 . ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8 . სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
9 . ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
10 . და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11 . რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
12 . მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
13 . რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
14 . თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
15 . მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16 . და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
17 . რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
18 . და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
19 . ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
20 . იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
21 . ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
22 . ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
23 . ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24 . ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25 . სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
26 . გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
27 . შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28 . გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29 . ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
30 . თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31 . ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
32 . დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
33 . სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.
1 . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 . აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 . და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 . თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 . ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 . ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 . კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 . ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 . მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 . და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 . მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 . ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 . ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 . ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 . მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 . აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 . ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 . და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 . ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 . კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 . სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 . ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 . სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 . ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 . თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 . ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
1 . და გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე; ფერხთით მთვარე ჰქონდა, ხოლო თავზე გვირგვინი ედგა თორმეტი ვარსკვლავით.
2 . ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
3 . სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა ედგა.
4 . ციდან კუდით წამოითრია ვარსკვლავების მესამედი და დედამიწაზე მოისროლა; დადგა გველეშაპი დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
5 . და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
6 . დედაკაცი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც მისთვის ღვთის მიერ იყო ადგილი მომზადებული, რათა გამოეკვებათ იქ ათას ორას სამოცი დღე.
7 . შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად,
8 . მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში;
9 . და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
10 . და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: "დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
11 . და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
12 . ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.
13 . როცა დაინახა გველეშაპმა, რომ მიწაზე იქნა გადმოგდებული, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა;
14 . და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული.
15 . ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
16 . მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან.
17 . განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.
1 . და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა.
2 . შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
3 . ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.
4 . და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.
5 . სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა.
6 . ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს; ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.
7 . ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან;
8 . და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
9 . და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.
10 . ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
11 . ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი.
12 . ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.
13 . მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.
14 . სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
15 . ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.