1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
2 . უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
3 . ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
4 . თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
5 . თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
6 . ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7 . შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
8 . ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
9 . ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10 . ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
11 . მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12 . ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13 . დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
14 . წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
15 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16 . მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
17 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
18 . საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
19 . მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
20 . აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
21 . იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22 . თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23 . რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
24 . თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25 . უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
26 . არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27 . წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
28 . კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
29 . არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
30 . თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31 . გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32 . ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
1 . იხილა ბილყამმა, რომ ისრაელის კურთხევა სურდა უფალს და არ შეუდგა წინანდებურად მისნობას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
2 . აღაპყრო ბილყამმა თვალები და იხილა ტომებად დაბანაკებული ისრაელი და გადმოვიდა მასზე ღვთის სული.
3 . თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, თვალღია კაცისა,
4 . ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
5 . რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ!
6 . როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
7 . იდინებს წყალი მისი კოკებიდან და თესლი მისი უხვწყლიანი იქნება; ამაღლდება მისი მეფე აგაგზე და აღზევდება მისი სამეფო.
8 . ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, თქვლეფს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით განგმირავს.
9 . ჩაიმუხლა, მიწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს მას? კურთხეულია მაკურთხებელი შენი და წყეულია მაწყევარი შენი”.
10 . და აღინთო ბალაკის რისხვა ბილყამის მიმართ, ხელი ხელს შემოკრა და უთხრა ბალაკმა ბილყამს: ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი სამჯერ აკურთხე.
11 . ახლა, გაიქეცი შენს ადგილას; ვიფიქრე პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა”.
12 . უთხრა ბილყამმა ბალაკს: "განა არ ვუთხარი შენს მოციქულებს,
13 . თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.
14 . აჰა, მივდივარ ახლა ჩემს ხალხთან; მოდი, გაგანდობ, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში”.
15 . და თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
16 . ნათქვამი ღმერთის სიტყვათა გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ნება, რომელიც ხედავს ყოვლადძლიერის ნებას, დამხობილია, მაგრამ ღია აქვს თვალები:
17 . ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან, ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან, შემუსრავს მოაბის საზღვრებს და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.
18 . საკუთრება გახდება ედომი და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; ხოლო ისრაელი ძლიერად იმოქმედებს.
19 . იბატონებს შთამომავალი იაკობისა და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ”.
20 . გადახედა ყამალეკს და წარმოთქვა იგავი: "პირველი ერი იყო ყამალეკი, მაგრამ მისი ბოლო - გაქრობაა.
21 . გადახედა კენიელთ და წარმოთქვა იგავი: "ძლიერია შენი სამყოფელი და კლდეზე დაგიდვია ბუდე.
22 . თუმცა გაპარტახდება კაენი, როდემდე ეყოლები ტყვედ აშურს?”
23 . წარმოთქვა იგავი: "ვაი, ვინ გადარჩება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
24 . გემები გამოვლენ ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან”.
25 . ადგა ბილყამი და წავიდა, დაბრუნდა თავის ადგილას და წავიდა ბალაკიც თავისი გზით.
1 . როცა, იორდანეს გამოღმა, დასავლეთისკენ მცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, როგორ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
2 . უთხრა უფალმა იმ დროს იეშუას: "გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინადაცვითე ისრაელის ძენი”.
3 . გაიკეთა იეშუამ ბასრი დანები და წინადაცვითა ისრაელის ძენი, ჩუჩის ბორცვთან.
4 . აი, რის გამო წინადაცვითა იეშუამ: ყოველი მამრი, ბრძოლისუნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე, რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
5 . წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.
6 . რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
7 . ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.
8 . დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში.
9 . უთხრა უფალმა იეშუას: "დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი”. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი.
10 . დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
11 . პასექის მეორე დღეს კი ჭამეს ამ მიწის ნაყოფთაგან ხმიადი და იმავე დღეს - მოხალული მარცვლეული;
12 . და შეწყდა მანნა მას შემდეგ, მეორე დღეს, რაც შეჭამეს მიწის ნაყოფი; აღარ ყოფილა ისრაელიანთათვის მანნა და ჭამდნენ იმ წელს ქანაანის მოსავალს.
13 . აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: "ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”
14 . უპასუხა: "არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”
15 . უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: "გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.
1 . მე შარონის ვარდი ვარ და ველის შროშანი.
2 . როგორც შროშანი ეკლებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ასულთა შორის.
3 . როგორც ვაშლის ხე ტყის ხეთა შორის, ისეა ჩემი მიჯნური ჭაბუკთა შორის. ვისურვე მისი ჩრდილი და დავჯექი, მისი ნაყოფი ეტკბო ჩემს სასას.
4 . ღვინის სახლში შემიყვანა და სიყვარულის ალამი დამადგა თავზე.
5 . ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!
6 . თავქვეშ მედოს მისი მარცხენა, მარჯვენა კი მეხვეოდეს.
7 . გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ველის ქურციკებსა და ფურირმებს გაფიცებთ, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს!
8 . ხმაა ჩემი მიჯნურის! აჰა, მოდის იგი, მთებზე მოხტის და ბორცვებზე მოილტვის.
9 . ქურციკს ჰგავს ჩემი მიჯნური, ახალგაზრდა ირემს; აჰა, ჩვენი ზღუდის უკან დგას იგი, ცხაურებს შორის, სარკმელში იჭვრიტება.
10 . მომიგო ჩემმა მიჯნურმა და მითხრა: ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი!
11 . რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, გადაიარეს წვიმებმა და წავიდნენ.
12 . ყვავილები გამოჩნდნენ მიწაზე, გალობის ჟამმა მოაღწია და გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მხარეში.
13 . ლეღვმა ნაყოფი გამოისხა და აყვავებული ვაზები სურნელებას აფრქვევენ. ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი.
14 . კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.
15 . დაიჭირეთ მელიები, პატარა მელიები, ვენახებს რომ აჩანაგებენ, რადგან ყვავიან ჩვენი ვენახები.
16 . ჩემი მიჯნური ჩემია და მე მისი ვარ, შროშანთა შორის მწყემსავს იგი.
17 . ვიდრეღა დღის სიგრილეა, სანამ გადახრილან ჩრდილები და გამქრალან, მობრუნდი ჩემო მიჯნურო მსგავსად ნაპრალოვან მთებზე მოარული ქურციკისა ან ირმის ნუკრისა!
1 . მოვედი ჩემს ბაღში, დაო, სატრფოვ ჩემო, მოვკრიფე მური სურნელებასთან ერთად, ვჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან ერთად, დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად; ჭამეთ მოყვასნო, სვით და დათვერით, მიჯნურნო!
2 . მძინავს, მაგრამ გული მღვიძარია; ხმაა! ჩემი მიჯნური აკაკუნებს: გამიღე, ჩემო სატრფოვ, ჩემო უმანკო მტრედო, რადგან ნამით ამევსო თავი, ღამის ცვრის წვეთებით - კულულები!
3 . გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა შევიმოსო? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4 . ხელი შემოყო ჩემმა მიჯნურმა კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული!
5 . ავდექი, რათა კარი გამეღო ჩემი მიჯნურისთვის. ხელებიდან მური მდიოდა და თითებიდან კლიტის სახელურს ეღვენთებოდა იგი.
6 . გავუღე ჩემს მიჯნურს, მაგრამ გაბრუნებულა და წასულა იგი. გულამოვარდნილი ვეძახდი, ვეძებდი მას, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი, მაგრამ არ მპასუხობდა!
7 . მცველები, ქალაქის დარაჯები შემომხვდნენ, მცემეს და დამჭრეს; გალავნის მცველებმა მოსასხამი შემომაძარცვეს.
8 . გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, თუ იპოვით ჩემს მიჯნურს, რას ეტყვით? უთხარით, რომ სიყვარულით ვარ სნეული.
9 . რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, მშვენიერო ასულთა შორის? რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, ასე რომ გვაფიცებ?
10 . სპეტაკია ჩემი მიჯნური, მწითური, მრავალთაგან გამორჩეული.
11 . მისი თავი - ბაჯაღლოა, კულულები - დახვეული, ყორანივით შავი.
12 . მისი თვალები წყლის ნაკადებთან მსხდომი მტრედებია, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში.
13 . მისი ღაწვები სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვეველნი; მისი ბაგეები შროშანებია - მურს აწვეთებენ.
14 . მისი ხელები იაგუნდით მორთული თლილი ოქროა, მისი გულმკერდი საფირონით დაფარული სპილოს ძვლის ფარია.
15 . მისი წვივები ბაჯაღლოს კვარცხლბეკზე აზიდული მარმარილოს სვეტებია, მისი გარეგნობა დიდებულია, როგორც ლიბანი და კედარნი მისი.
16 . მისი ბაგეები სიტკბოებაა, ძლიერ საწადელი! აი, ესაა ჩემი მიჯნური, ჩემი საყვარელი, ასულნო იერუსალიმისა!
1 . ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა.
2 . დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
3 . შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4 . როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
5 . რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.
6 . რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
7 . განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
8 . სიტყვა გაუგზავნა უფალმა იაკობს და ისრაელზე მოვიდა იგი.
9 . გაიგებს ხალხი, მთელი ეფრემი და მცხოვრებნი სამარიისა, სიამაყითა და დიდგულობით მთქმელნი:
10 . "აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; ნეკერჩხალი გაიჩეხა, კედარით შევცვლითო”.
11 . ამიტომ გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის შემჭირვებლებს და წააქეზებს მის მტრებს:
12 . არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან და სიხარბით შთანთქავენ ისრაელს, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
13 . ხალხიც არ მიუბრუნდა თავის მომსვრელს და ცაბაოთ უფალი არ მოიძია.
14 . ერთ დღეს წააცლის უფალი ისრაელს თავსა და კუდს, რტოსა და ღეროს.
15 . უხუცესი და დიდებული - თავია, წინასწარმეტყველი კი სიცრუეს რომ ასწავლის - კუდი.
16 . აცდენენ ამ ხალხს მათი წინამძღოლნი და, ვინც მათ მიყვება შთაინთქმებიან.
17 . ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
18 . ვინაიდან ცეცხლივით გიზგიზებს ბოროტება, შთანთქავს ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და ჯაგნარს, ტყის უღრანს წაეკიდება და ამოიმართება კვამლის სვეტები.
19 . გადაიბუგა ქვეყანა ცაბაოთ უფლის წყრომისგან და ცეცხლის კერძად იქცა ხალხი, ისე, რომ კაცი თავის ძმას აღარ ინდობს.
20 . მოჰკვეთს მარჯვნივ და მშიერი დარჩება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება; თითოეული თავის მკლავის ხორცს შეჭამს;
21 . მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს და ორივე ერთად იუდას წინააღმდეგ. მაინც არ შებრუნებულა მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
1 . გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
2 . და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3 . უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
4 . სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
5 . სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
6 . იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 . ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
8 . ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
9 . არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
10 . და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
12 . ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
13 . გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
14 . დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
15 . უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
16 . გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
1 . ვაი მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის.
2 . აჰა, უფლის ძლიერი, მაგარი, თავსხმა სეტყვასავით და წყლის მჩქეფარე ნიაღვრებივით დამღუპველი გრიგალი, მიწაზე რომ ანარცხებს ხელით.
3 . ფეხით გაითელება მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი.
4 . მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.
5 . იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.
6 . სამართლის სული - სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა - კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.
7 . ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.
8 . ვინაიდან ყოველი სუფრა ბინძური ნარწყევით გაივსო, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9 . ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
10 . რადგან მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ.
11 . დიახ, ლუღლუღა ბაგეებით და უცხო ენით დაელა0არაკებ ამ ხალხს.
12 . ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
13 . ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
14 . ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, დამცინავო კაცებო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში.
15 . რადგან ამბობდით: "აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.
17 . სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.
18 . გაუქმდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და ვერ გაძლებს თქვენი კავშირი ქვესკნელთან. და როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19 . რამდენჯერაც არ უნდა ჩამოიაროს, შეგიპყრობთ; ყოველ დილით ჩამოივლის. დღისით და ღამით; მისი ამბის გაგონებაზეც კი ძრწოლა შეგიპყრობთ.
20 . მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და საბანი - ვიწრო, მასში გასახვევად,
21 . რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
22 . ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.
23 . ყური დაუგდეთ და უსმინეთ ჩემს ხმას, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
24 . განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას?
25 . განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
26 . ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
27 . რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით - კვლიავს.
28 . ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს.
29 . ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი - მისი სიბრძნე.
1 . "აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული - სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.
2 . არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
3 . დაზიანებულ ლერწს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ერთგულებით აღასრულებს სამართალს.
4 . არ შედრკება და არ გატყდება, ვიდრე სამართალს არ დაამკვიდრებს ქვეყნად. მისი რჯულის მოლოდინში არიან ზღვისპირელნი.
5 . ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და გადამჭიმველი, განმრცობი დედამიწისა მისი ნაყოფებითურთ, ვინც სუნთქვას აძლევს მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს - მასზე მავალთ:
6 . "მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ - ერებისთვის.
7 . ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად”.
8 . "მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას - გამოკვეთილ კერპებს.
9 . აჰა, აღსრულდა პირვანდელი, ახლა კი ახალს განგიცხადებთ: მე გაუწყებთ, ვიდრე აღმოცენდება”.
10 . უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ხოტბა შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, ვინც ზღვაში ნაოსნობთ და ყველამ, რაც მასშია - კუნძულებო და მათზე მცხოვრებნო.
11 . ხმა აიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, ხმამაღლა იგალობონ სელაყის მცხოვრებლებმა და იყიჟინონ მთათა მწვერვალებიდან,
12 . დიდება მიაგონ უფალს და მისი ქება აუწყონ ზღვისპირეთში.
13 . მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.
14 . დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
15 . გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს, მთელ მათ სიმწვანეს გადავახმობ, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ, ტბებს ამოვაშრობ.
16 . ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
17 . უკან დაიხევენ და დიდად შერცხვებათ კერპებზე დაიმედებულებს, ჩამოსხმულ გამოსახულებებს რომ ეუბნებიან, ჩვენი ღმერთები ხართო.
18 . ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.
19 . ვინ არის ჩემი ხალხივით, ჩემი მსახურივით ბრმა და ყრუ - ჩემი მაცნესავით, მე რომ წარვგზავნე? ვინ არის ბრმა მსგავსად ჩემი სრულქმნილისა და ბრმა მსგავსად უფლის მსახურისა?
20 . ბევრი გინახავთ, მაგრამ არ იცავთ, ყურები ღია გაქვთ, მაგრამ არცერთს არ გესმით.
21 . თავისი სიმართლის გამო ინება უფალმა რჯულის განდიდება და მისთვის პატივის მიგება.
22 . მაგრამ გაძარცული და დარბეული ხალხია ისრაელი, მღვიმეებში გამომწყვდეულან და საპყრობილეებში გამოკეტილან; ნადავლად იქცნენ და მშველელი არა ჰყავთ, იტაცებენ და არავინ ამბობს - დააბრუნეთო!
23 . ყურს ვინ მიაპყრობს, რომ გაიგოს და ისმინოს მომავალზე?
24 . იაკობი ვინ ჩაუგდო ხელში ყაჩაღებს და ისრაელი - მძარცველებს? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? არ ვისურვეთ მისი გზებით სიარული და მისი რჯული არ შევისმინეთ.
25 . გადმოღვარა თავისი გულისწყრომის ცეცხლი და ომის სისასტიკე. ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ, მაგრამ ვერ მიხვდა, სწვავდა მას და გულს მაინც ვერ უდებდა.
1 . "მომისმინეთ, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც გამოიკვეთეთ და ორმოს ღრმულს, საიდანაც ამოითხარეთ.
2 . შეხედეთ აბრაჰამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს; ვინაიდან მარტო იყო, როცა მოვუხმე, ვაკურთხე და გავამრავლე.
3 . რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს - უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
4 . ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.
5 . ახლოსაა ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, ჩემი მკლავი გაასამართლებს ხალხებს, მე მენდობიან ზღვისპირელნი და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.
6 . ზეცას მიაპყრეთ თვალები და დაბლა მიწას დახედეთ; კვამლივით გაიფანტება ზეცა, ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა; დაიღუპებიან მასზე მცხოვრებნიც, ჩემმიერი ხსნა კი საუკუნოდ იქნება და სიმართლე ჩემი არ გადაივლის.
7 . მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი რჯული; ნუ გაშინებთ შერცხვენა ადამიანთაგან და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.
8 . ვინაიდან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება და ჩემმიერი ხსნა - თაობიდან თაობაში.
9 . გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?
10 . განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიადი უფსკრულის წყლები, გზად აქციე ზღვის სიღრმენი, რათა გაღმა გასულიყვნენ გამოხსნილნი?
11 . დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა.
12 . თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
13 . დაგვიწყებია უფალი, შენი გამჩენი, რომელმაც ცა გადაჭიმა და დედამიწა დააფუძნა. გამუდმებით გეშინია მჩაგვრელის რისხვისა, როდესაც განადგურებას გეგმავს. თუმცა სადაა მჩაგვრელის რისხვა?
14 . მალე გათავისუფლდება ტყვე, არ მოკვდება ორმოში, პური არ მოაკლდება.
15 . მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვას რომ აღელვებს და ააღრიალებს მის ტალღებს - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
16 . ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა ცანი დამეფუძნებინა, დედამიწა დამეარსებინა და მეთქვა სიონისთვის: "ჩემი ხალხი ხარ შენ!”
17 . გამოფხიზლდი, გამოფხიზლდი, აღსდექ იერუსალიმო, შენ, რომელმაც უფლის ხელიდან შესვი მისი მრისხანების თასი; ბოლო წვეთამდე დალიე საწამლავგარეული ფიალა.
18 . არავინ იყო რომ გაძღოლოდა მას მის მიერ ნაშობ ძეთაგან და არავინ იყო იერუსალიმის ხელის დამჭერი, მის მიერ გაზრდილ ძეთაგან.
19 . ეს ორი უბედურება გეწია - ვინ შეგიბრალებს? ძარცვა და გაცამტვერება, შიმშილი და მახვილი. ვინ განუგეშებს?
20 . შენი ძეები დაუძლურდნენ, ყველანი ქუჩის თავში განრთხმულან, მახეში გაბმული ხარირემივით; სავსენი არიან უფლის მრისხანებით, შენი ღმერთის საყვედურით.
21 . ამიტომ შეისმინე, გთხოვ, ჩაგრულო; მთვრალო, მაგრამ არა ღვინით!
22 . ასე თქვა შენმა ბატონმა, უფალმა და შენმა ღმერთმა, რომელიც გამოესარჩლება თავის ხალხს; აჰა, მე გამოგართვი საწამლავგარეული თასი ხელიდან, ნარჩენი ჩემი მრისხანების თასისა - მეტად აღარ შესვამ მას.
23 . შენს მტანჯველებს ჩავუდებ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: "დაემხე, რომ გადაგიაროთ!” და შენც მიწად და ქუჩად აქციე შენი ზურგი გამვლელთათვის”.
1 . ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
2 . ყლორტივით ამოიზარდა მის წინაშე და ფესვივით - ურწყული მიწიდან, არც გარეგნობა ჰქონია და არც სიდიადე რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
3 . მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;
4 . მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული.
5 . ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
6 . ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.
7 . შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
8 . შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა.
9 . ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.
10 . უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
11 . იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
12 . ამიტომაც უდიდესთა შორის დავუმკვიდრებ მას წილს და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავი და დამნაშავედ შეირაცხა. მრავალთა ცოდვა იტვირთა და ურჩთათვის შუამდგომლობდა.
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
1 . "აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
2 . რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება.
3 . ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.
4 . თვალები აღაპყარი, მიმოიხედე და იხილე: ყველანი ერთად შეკრებილან და შენკენ მოდიან; შორიდან მოემართებიან შენი ძეები და შენი ასულები ხელში აყვანილი მოჰყავთ.
5 . მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, გაოცდები და გაიხარებს შენი გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვასავით სიმდიდრე და ერების დოვლათს შენთან მოიტანენ.
6 . აქლემთა სიმრავლე დაგფარავს, მიდიანისა და ყეფას კოზაკები. შებადან მოვლენ ყველანი, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის ქების კეთილ ამბავს აუწყებენ.
7 . კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენი იქნება, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემს დიდებულ სახლს განვადიდებ.
8 . ვინ არიან, ღრუბელივით რომ დაფრინავენ და მტრედებივით - თავიანთი სამტრედისკენ?
9 . დიახ, კუნძულები დამელოდებიან და თარშიშის ხომალდები პირველნი მოვლენ, რათა შორიდან მოიყვანონ შენი ძეები თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სახელის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
10 . უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი მოგემსახურებიან; მართალია, ჩემს მრისხანებაში გგვემე, მაგრამ ჩემი მადლით შეგიბრალე.
11 . მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ დაიკეტება არც დილით და არც ღამით, რათა ერების სიმდიდრე მოგიტანონ მათმა მეფეებმა.
12 . რადგან ერი და სამეფო, რომელიც არ მოგემსახურება, დაიღუპება და აოხრდებიან ერები.
13 . ლიბანის დიდება მოვა შენთან: ალვა, ნეკერჩხალი და კვიპაროსი - ერთად, რათა საწმიდრის ადგილი დამიმშვენონ; და ჩემს ფერხთა ადგილს მე განვადიდებ.
14 . შენი მჩაგვრელების ძენი ქედმოხრილნი მოვლენ შენ წინაშე, შენი მოძულენი შენს ფეხთა თითებთან დაემხობიან; და გიწოდებენ უფლის ქალაქს, სიონს, ისრაელის წმიდისა.
15 . იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო შენში გამვლელი, საუკუნო სიამაყედ გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.
16 . ერთა რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი გადამრჩენელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
17 . სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად - ვერცხლს, ხის ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას; მშვიდობას დაგიდგენ მმართველად და სიმართლეს ზედამხედველად.
18 . აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა - შენს საზღვრებში. ხსნას უწოდებ შენს გალავნებს და ქებას - შენს კარიბჭეებს.
19 . მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
20 . აღარ ჩავა შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაიბინდება, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი გლოვის დღეები დასრულდება.
21 . მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.
22 . მცირე ათასად გადაიქცევა და უმცირესი - ძლიერ ერად: მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!”
1 . ვინ არის ეს, ედომიდან მომავალი, მეწამული სამოსლით - ბოცრადან? ასე დიდებული თავის სამოსელში, გამომავალი თავისი დიადი ძალით? "ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, შემძლე ვარ ხსნისა.
2 . რატომაა წითელი შენი ტანსაცმელი და სამოსელი როგორც საწნახელში დამწურავისა?
3 . მარტომ დავწურე მტევნები და არავინ იყო ჩემთან. ჩემს რისხვაში ვწურავდი მათ და ვსრესდი ჩემს გულისწყრომაში. მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი დავსვარე.
4 . რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემი გამოსყიდვის წელი დადგა.
5 . ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.
6 . დავთრგუნე ხალხები ჩემი რისხვით, დავათვრე ჩემი გულისწყრომით და მიწაზე დავანთხიე მათი სისხლი.
7 . გავიხსენებ უფლის სიკეთეს და უფლის დიდებულ საქმეებს, ყველაფერს, რაც უფალმა გვიწყალობა - დიდი სიკეთე უწყალობა ისრაელის სახლს, თავისი თანაგრძნობითა და სიქველის სიუხვით.
8 . თქვა მან: "ნამდვილად ჩემი ხალხია ისინი, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ”. და მხსნელი იყო იგი მათთვის.
9 . არ მიუტოვებია ისინი არცერთ უბედურებაში და მის წინაშე მდგარი ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი; ხელში აყვანილთ ატარებდა ყოველთვის - ძველთაგანვე.
10 . მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.
11 . მაშინ გაიხსენეს მოსე, ძველი დღეები: სად არის იგი, ზღვიდან რომ გამოიყვანა ხალხი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად? სად არის ის, ვინც თავისი წმიდა სული ჩადო მათ წიაღში?
12 . ვინც თავისი სახელოვანი მკლავით წარმართა მოსეს მარჯვენა, გააპო წყლები მათ წინაშე, რათა საუკუნოდ განეთქვა სახელი?
13 . ვინც უძღოდა მათ სიღრმეებში, როგორც ცხენს ველზე, ისე რომ არ წაბორძიკებულან ისინი?
14 . როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.
15 . გადმოიხედე ზეციდან, იხილე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი მოშურნეობა და ძლევამოსილება? დაგვიკავე შენი გულუხვობა და თანაგრძნობა.
16 . რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, თუმცა არ გვიცნობს აბრაჰამი და ისრაელი არ გვაღიარებს; ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.
17 . რად გადაგვახვევინე შენი გზებიდან, უფალო, და გაგვიქვავე გულები, რომ არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მსახურების, შენი სამკვიდროს ტომთა გულისთვის.
18 . ცოტახნით დამკვიდრდა შენი ხალხი, წმიდავ, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი.
19 . ისე გავხდით, თითქოს არასოდეს გიბატონია ჩვენზე და არ ვწოდებულვართ შენი სახელით!
1 . "ვაი მწყემსებს, ჩემი სამწყსოს ცხვარს რომ ანადგურებენ და ფანტავენ!” - ამბობს უფალი.
2 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ჩემი ხალხის მწყემსებზე: "თქვენ გაფანტეთ ჩემი ფარა, განდევნეთ, არ იფხიზლეთ მასზე; აჰა, დაგსჯით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ამბობს უფალი.
3 . თვითონ შევკრებ ჩემი ფარის ნარჩენს ყველა ქვეყნიდან, სადაც განვდევნე და თავ-თავიანთ საძოვარზე დავაბრუნებ; განაყოფიერდებიან და გამრავლდებიან.
4 . გამოვიყვან მწყემსებს, რომლებიც მომწყემსავენ მათ, აღარც შეშინდებიან, აღარც დაფრთხებიან და აღარც არაფერი დააკლდებათ, ამბობს უფალი.
5 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.
6 . მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი - ჩვენი სიმართლე!
7 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო!
8 . არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, რომლებშიც მე განვდევნე ისინი, გამოიყვანა და მოიყვანაო; იცხოვრებენ ისინი თავ-თავიანთ მიწაზე”.
9 . წინასწარმეტყველების გამო მიკვდება გული და მითრთის ძვლები, მთვრალს დავემსგავსე, ღვინით დაძლეულ კაცს, უფლისა და მისი წმიდა სიტყვებისთვის.
10 . რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან გმინავს ქვეყანა წყევლის გამო, გადაიბუგა უდაბნოს საძოვრები; ბოროტებას ესწრაფვიან, უსამართლობას ამკვიდრებენ.
11 . "რადგან შეიბღალა წინასწარმეტყველიცა და ღვთისმსახურიც, ჩემს სახლშიც კი ვიპოვე მათი ბოროტება!” - ამბობს უფალი.
12 . "ამიტომ ისე იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული სიბნელეში, უბიძგებენ და დაეცემიან, ვინაიდან უბედურებას მოვაწევ მათზე მათი მონახულების წელს!” - ამბობს უფალი.
13 . სამარიის წინასწარმეტყველებშიც დავინახე უგუნურება. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნეს ჩემი ხალხი, ისრაელი.
14 . იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.
15 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: "აი, ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს, ვინაიდან იერუსალიმის წინასწარმეტყველებისგან გამოდის სიბილწე მთელ ქვეყანაზე”.
16 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.
17 . ჩემს მაძაგებელთ ეუბნებიან, უფალი ამბობს, მშვიდობა გექნებათო! ყველა ურჩი გულით მავალს ეუბნებიან, უბედურება არ მოგეწევათო!
18 . მაგრამ ვინ იდგა უფლის სათათბიროში, ვინ მოისმინა და იხილა მისი სიტყვა? ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას და ვინ გაიგონა?
19 . აჰა, რისხვით გამოვიდა უფლის ქარიშხალი, სასტიკი ქარბორბალა; ბოროტმოქმედთა თავზე დატრიალდება იგი.
20 . არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ აღასრულებს, სანამ არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვას, უკანასკნელ დღეებში ნათლად მიხვდებით ამას.
21 . მე არ გამომიგზავნია ის წინასწარმეტყველნი, მაგრამ მორბოდნენ, მე არ მილაპარაკია მათთან, მაგრამ წინასწარმეტყველებდნენ.
22 . ჩემს სათათბიროში, რომ მდგარიყვნენ, მაშინ ჩემს სიტყვებს აუწყებდნენ და მოაქცევდნენ ჩემს ხალხს, თავიანთი ბოროტი გზიდან და ბოროტმოქმედებიდან.
23 . განა მხოლოდ ახლოდან ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, ნუთუ შორიდან ღმერთი არა ვარ?
24 . სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.
25 . გავიგონე, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ წინასწარმეტყველებდნენ სიცრუეს და ამბობდნენ: სიზმარი ვნახე, სიზმარიო!
26 . როდემდე ექნებათ ასეთი გული სიცრუის წინასწარმეტყველთ? როდემდე იწინასწარმეტყველებენ საკუთარი გულის საცდურიდან?
27 . ცდილობენ თავიანთი სიზმრებით, ერთმანეთს რომ უყვებიან, დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო.
28 . წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.
29 . განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი, და უროსავით არ ანგრევს კლდეს?
30 . ამიტომ, აჰა, მე გამოვდივარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.
31 . აჰა, მე ვარ იმ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, თავისას რომ ლაპარაკობენ, მაგრამ გაიძახიან, ის ამბობსო!
32 . აჰა, მე ვარ სიზმრების ცრუგანმმარტებელთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, სიცრუეს რომ უყვებიან ჩემს ხალხს და თავიანთი სისულელით აცდუნებენ; მე არ გამომიგზავნია ისინი, არაფერი დამივალებია მათთვის, არც არავითარი სარგებელი მოაქვთ ამ ხალხისთვის, ამბობს უფალი.
33 . ახლა, როცა გკითხავს ეს ხალხი ან წინასწარმეტყველი, ან ღვთისმსახური: როგორი სიტყვით დაგტვირთა უფალმაო? ეტყვი: თქვენ ხართ ტვირთი, და მე მიგატოვებთ თქვენ, - ამბობს უფალი.
34 . წინასწარმეტყველი, ღვთისმსახური ან სხვა ვინმე, იტყვის: უფლის სიტყვით ვარ დატვირთულიო, მე დავსჯი მას და მის სახლს.
35 . ასე ეტყვის თითოეული თავის ახლობელს და თითოეული თავის ძმას: რა უპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
36 . აღარ ახსენოთ უფლის სიტყვის ტვირთი, ვინაიდან თითოეულს საკუთარი სიტყვა ექცევა ტვირთად, რადგან თქვენ ამახინჯებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი მეუფის სიტყვებს.
37 . ასე ეტყვი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
38 . თუ კიდევ იტყვით - ტვირთი უფლისა, ასე ამბობს უფალი, რადგან მაინც ამბობთ - ტვირთი უფლისა, მე კი დაგავალეთ, რომ არ გეთქვათ ტვირთი უფლისა,
39 . აჰა, საუკუნოდ მოგიშორებთ ჩემი სახიდან, მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს.
40 . მოვაწევ თქვენზე ლანძღვასა და სამუდამო დამცირებას, რომელსაც აღარ დაივიწყებენ”.
1 . მეორედაც გამოეცხადა უფლის სიტყვა იერემიას, როცა ჯერ კიდევ საყარაულო ეზოში იყო დაპატიმრებული.
2 . ასე ამბობს უფალი, სამყაროს შემოქმედი, უფალი, რომელმაც გამოძერწა და დააფუძნა იგი. უფალია მისი სახელი!
3 . "მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.
4 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებსა და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც ალყისა და მახვილის გამო დაემხო:
5 . და მათზე, რომლებიც ქალდეველებთან საბრძოლველად მოდიან, რათა არემარე იმ ადამიანთა გვამებით აივსოს, მე რომ დავხოცე ჩემი რისხვითა და გულისწყრომით, და სახე დავუმალე ამ ქალაქს მათი ბოროტების გამო;
6 . აჰა, მევე მოვუტან მათ განკურნებასა და შვებას, განვკურნავ და მშვიდობისა და უსაფრთხოების სიუხვეს გამოვუჩენ.
7 . ტყვეობიდან დავაბრუნებ იუდასა და ისრაელს, და პირვანდელივით ავაშენებ მათ.
8 . განვწმედ ყველა უმართლობისგან, რითაც შემცოდეს; მივუტევებ ყველა დანაშაულს, რითაც შემცოდეს და ამიჯანყდნენ;
9 . და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.
10 . ასე ამბობს უფალი: ამ ადგილზე, რომელზეც ამბობთ: აოხრდა, გაუკაცრიელდა, გაუდაბურდა იუდას ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, ადამიანებისა და საქონლის გარეშე დარჩაო,
11 . კვლავ გაისმება ხმა ლხინისა და სიხარულისა, ხმა ნეფისა და პატარძლისა, ხმა მოლაპარაკისა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლიერებით შედით უფლის სახლში, ვინაიდან დავაბრუნებ ტყვეებს ამ მიწისას, როგორც თავდაპირველად იყო, - ამბობს უფალი.
12 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ამ ადგილზე, ახლა რომ აოხრებული, გაუკაცრიელებული და უსაქონლოა, მის ყველა ქალაქში, კვლავ გაჩნდება მწყემსთა სადგომები, რომლებიც ფარებს მოასვენებენ.
13 . მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარშემო და იუდას ქალაქებში კიდევ გაატარებენ ფარას, მისი დამთვლელის ხელით, ამბობს უფალი.
14 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და მე ავახდენ იმ კეთილ სიტყვას, რაც ისრაელისა და იუდას სახლზე ვთქვი.
15 . იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.
16 . იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!
17 . ვინაიდან ასე ამბობს უფალი: არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი,
18 . არც ლევიან მღვდლებს მოეკვეთებათ ჩემ წინაშე კაცი, სრულადდასაწველისა და ძღვენის აღმავლენელი და მსხვერპლის შემომწირველი ყოველდღიურად”.
19 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
20 . ასე ამბობს უფალი: "თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რომ თავის დროზე აღარ თენდებოდეს და აღარ ღამდებოდეს,
21 . მაშინ ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ აღარ ჰყავდეს ძე თავის ტახტზე გასამეფებლად, და ლევიანებთან - ჩემს მომსახურე მღვდლებთან.
22 . ცის მხედრობასავით აღურიცხავი და ზღვის ქვიშასავით დაუთვლელი იქნება ჩემი მსახურის, დავითის შთამომავალთა და ლევიანთა, ჩემს მსახურთა სიმრავლე”.
23 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასთან:
24 . "ვერ დაინახე რას ამბობდა ეს ხალხი: ორი შტო, რომელიც ამოარჩია უფალმა, თვითონვე უკუაგდოო? მოიძულეს ჩემი ერი და ხალხადაც აღარ თვლიან საკუთარ თვალში.
25 . ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,
26 . მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მსახურების თესლსაც უკუვაგდებ და არ აღვადგენ მთავრებს მისი შთამომავლობიდან აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის თესლისთვის. რადგან მოვაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!”
1 . დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის.
2 . უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3 . გაბინძურებული სამოსელი ეცვა იესოს და ანგელოზის წინაშე იდგა.
4 . მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ გაბინძურებული სამოსელი! კიდევ უთხრა: აჰა, განგაშორე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსე.
5 . თქვა: სუფთა თავსაბურველი დაახურეთ თავზე. დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და სამოსელით შემოსეს. უფლის ანგელოზი კი იდგა.
6 . გააფრთხილა უფლის ანგელოზმა იესო და უთხრა:
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და მე მემსახურები, ჩემს სახლს გაუძღვები და ჩემს ეზოებს ადევნებ თვალყურს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომთა მსგავსად.
8 . ისმინე, მღვდელმთავარო იეშუა, შენ და ყველა შენმა მეგობარმა, შენს წინ რომ სხედან, ისინი ხომ ნიშნის მოწმენი არიან, რადგან, აჰა, მოვავლენ ჩემს მსახურს - მორჩს.
9 . რადგან, აჰა, ქვა, რომელიც იეშუას წინ დავდე; შვიდი თვალია ამ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთ მასზე წარწერას - ამბობს ცაბაოთ უფალი - და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10 . იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - ყველა თქვენგანი მიიწვევს თავის მოყვასს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.
1 . რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!
2 . და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.
3 . გათელავთ ბოროტთ, ვინაიდან ნაცრად იქცევიან ისინი თქვენს ფერხთა ქვეშ იმ დღეს, მე რომ ვამზადებ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . გახსოვდეთ მოსეს, ჩემი მსახურის რჯული, წესდებანი და სამართალნი ხორებზე რომ გამოვუცხადე, მთელი ისრაელისთვის.
5 . აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე.
6 . და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!
1 . წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 . აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 . იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 . რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
5 . სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 . იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 . სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 . ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 . ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 . ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
11 . იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
12 . ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
13 . ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14 . აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
15 . ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
16 . იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
17 . ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
18 . იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
19 . იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
20 . ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
21 . გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
22 . ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
23 . "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
24 . ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 . და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: "კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.
2 . დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან.
3 . მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4 . მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს.
5 . სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6 . ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
7 . მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8 . შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს.
9 . რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.
10 . ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
11 . უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში”.
12 . ხოლო მათ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ. მიატოვეს და წავიდნენ.
13 . ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.
14 . მივიდნენ და უთხრეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”
15 . იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
16 . მიუტანეს; ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?” "კეისრისა”, უთხრეს მას.
17 . იესომ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა - ღმერთს”. და გაუკვირდათ მისი.
18 . ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:
19 . "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და ცოლი დარჩება, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლად და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
20 . შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
21 . მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ;
22 . შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველაზე ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
23 . აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
24 . იესომ უთხრა მათ: "იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?
25 . მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26 . ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მაყვლოვანთან ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?
27 . ღმერთი მკვდრების კი არ არის, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი დიდად ცდებით”.
28 . მივიდა მასთან ერთი მწიგნობარი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და დარწმუნებულმა, რომ კარგი პასუხი გასცა მათ, ჰკითხა: "რომელია უპირველესი მცნება?”
29 . იესომ მიუგო: "უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.
30 . შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
31 . მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
32 . უთხრა მას იმ მწიგნობარმა: "კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
33 . და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
34 . იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: "შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
35 . იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: "როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36 . რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.
37 . თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.
38 . ამბობდა თავის მოძღვრებაში: "ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;
39 . სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - საპატიო ადგილები.
40 . რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.
41 . დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42 . მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43 . დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო.
44 . ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სიღარიბიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი”.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
2 . ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
3 . და ყველა მიდიოდა ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
4 . იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი.
5 . რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ორსულად იყო.
6 . მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის დღეები.
7 . და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში.
8 . მწყემსები იყვნენ მინდვრად, იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ
9 . და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
10 . უთხრა მათ ანგელოზმა: "ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:
11 . ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში.
12 . ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს”.
13 . და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ:
14 . "დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!”
15 . ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: "წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა”.
16 . სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
17 . ნახვისთანავე აუწყეს იმ სიტყვაზე, რომელიც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე.
18 . ვინც ისმენდა, ყველას უკვირდა მწყემსების ნაამბობი,
19 . მარიამმა კი ყოველი სიტყვა ჩაიმარხა და ფიქრობდა მათზე თავის გულში.
20 . გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს, ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ.
21 . რვა დღე რომ შესრულდა, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაარქვეს სახელად იესო, ანგელოზის მიერ მუცელში ჩასახვამდე დარქმეული სახელი.
22 . ხოლო მათი განწმედის დღეები რომ გასრულდა, მოსეს რჯულის მიხედვით, იერუსალიმში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად.
23 . როგორც სწერია უფლის რჯულში: "ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს;
24 . და შესწირონ მსხვერპლი, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი!” - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი.
25 . და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.
26 . სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.
27 . სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
28 . მანაც აიყვანა ყრმა ხელში, ადიდა ღმერთი და თქვა:
29 . "ახლა, გაუშვი მონა შენი ბატონო, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით.
30 . რადგან იხილეს ჩემმა თვალებმა ხსნა შენმიერი,
31 . რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.
32 . სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.
33 . იოსები და მისი დედა კი გაოცებულნი იყვნენ მასზე ნათქვამით.
34 . აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: "აჰა, დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადავო ნიშნად.
35 . და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი”.
36 . იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდ წელიწადს ნაცხოვრები.
37 . ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.
38 . ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
39 . ყოველივე რჯულის თანახმად აღასრულეს და დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
40 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე.
41 . მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში.
42 . თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.
43 . დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ.
44 . ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინღა დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.
45 . რომ ვერ იპოვეს, გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
46 . სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
47 . მსმენელთაგან ყველას აოცებდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
48 . რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: "ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.
49 . უთხრა მათ: "რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისაა, იმაში უნდა ვიყო?”
50 . მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი.
51 . გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
52 . ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.
1 . ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
2 . ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3 . დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
4 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5 . ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
6 . და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”. .
7 . ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
9 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
10 . და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
11 . ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
12 . მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
13 . ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
14 . ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
15 . ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო.
16 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
17 . მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
18 . ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20 . ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
21 . როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
22 . და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
23 . თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24 . მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
25 . მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26 . მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
27 . იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28 . მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29 . იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
30 . სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
31 . მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32 . იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33 . ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34 . იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
35 . სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
36 . კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
37 . მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
38 . ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.
1 . დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
2 . ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
3 . უთხრა მას ეშმაკმა: "თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”.
4 . მიუგო მას იესომ: "დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით”.
5 . აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.
6 . უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7 . თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”
8 . მიუგო იესომ პასუხად: "დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
9 . წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი,
10 . რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,
11 . და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა”.
12 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”.
13 . როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.
14 . სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.
15 . ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.
16 . მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.
17 . და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა:
18 . "უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19 . უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
20 . დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა.
21 . და დაუწყო მათ ლაპარაკი: "დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.
22 . ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: "ეს იოსების ვაჟი არ არის?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.
24 . უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.
25 . ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
26 . და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის ცარფათში.
27 . კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმედილა, გარდა ნაყამან სირიელისა”.
28 . ეს რომ სინაგოგაში მყოფებმა მოისმინეს, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.
29 . წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან; იმ მთის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30 . მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31 . ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით.
32 . გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.
33 . იყო სინაგოგაში არაწმიდა, ეშმაკის სულით შეპყრობილი კაცი და ხმამაღლა აყვირდა იგი:
34 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ”.
35 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!” ეშმაკმა სინაგოგის შუა დასცა იგი და გამოვიდა მისგან; კაცისთვის კი არაფერი უვნია.
36 . ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: "ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უბრძანებს არაწმიდა სულებს და ისინიც გამოდიან?”
37 . და გავრცელდა ხმა მის შესახებ მთელ იმ არე-მარეში.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
39 . დაადგა თავზე და შერისხა სიცხე; მანაც მიატოვა იგი. და მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.
40 . მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
41 . ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
42 . როცა გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა; მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43 . მან თქვა: "სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი”.
44 . და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
1 . როცა დაასრულა თავისი სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა.
2 . ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის.
3 . იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე.
4 . მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს: "ღირსია, რომ ეს გაუკეთო;
5 . რადგან უყვარს ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა”.
6 . და გაჰყვა იესო. უკვე სახლის შორიახლოს იყვნენ, რომ ასისთავმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით: "უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7 . საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
8 . რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც მყვანან. ერთს რომ ვეტყვი: წადი! მიდის. სხვას ვეტყვი: მოდი! და მოდის; ჩემს მონას: ეს გააკეთე! და აკეთებს”.
9 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: "გეუბნებით თქვენ, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი დიდი რწმენა”.
10 . სახლში რომ დაბრუნდნენ წარგზავნილნი, გამოჯანსაღებული დაუხვდათ ის მონა.
11 . მეორე დღეს იესო ნაინად წოდებულ ქალაქში წავიდა; თან მისი მოწაფენი და უამრავი ხალხი მიჰყვებოდნენ.
12 . ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა აჰა, მოასვენებენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი ახლდა თან.
13 . ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.
14 . მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”
15 . მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.
16 . ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.
17 . და გავრცელდა ეს სიტყვა მთელ იუდეასა და მის შემოგარენში.
18 . აუწყეს ეს ამბები იოანეს მისმა მოწაფეებმა.
19 . მოიხმო იოანემ თავისი ორი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხად: "შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
20 . ჰკითხეს მისულმა კაცებმა: "იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
21 . იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.
22 . უთხრა მათ იესომ პასუხად: "წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ - ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
23 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
24 . როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: "რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
25 . მაინც რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი ეცვა? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებაში ცხოვრობენ, სამეფო სასახლეებში იმყოფებიან.
26 . მაშ, რის სანახავად მიდიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27 . ვინაიდან ეს არის ის, ვის შესახებაც წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.
28 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არავინაა იოანეზე დიდი; მაგრამ ღმერთის სამეფოში უმცირესიც მასზე დიდია”.
29 . და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.
30 . ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.
31 . და თქვა იესომ: "ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32 . ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: სალამურს ვუკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ სტიროდით.
33 . ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი. არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
35 . და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ”.
36 . ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა, მასთან ეჭამა პური; შევიდა იმ ფარისევლის სახლში და სუფრას მიუჯდა.
37 . და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით.
38 . უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39 . ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.
40 . მიუგო მას იესომ და უთხრა: "რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ”. უპასუხა: "თქვი, მოძღვარო”.
41 . იესომ თქვა: "ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
42 . მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?”
43 . სიმონმა უპასუხა: "მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: "სწორად განსაჯე”.
44 . მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: "ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45 . შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, ჩემი ფეხების კოცნა არ შეუწყვეტია.
46 . შენ ზეთი არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამან კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
47 . ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
48 . შემდეგ უთხრა ქალს: "მიგეტევა შენი ცოდვები”.
49 . იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: "ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”
50 . მან კი უთხრა დედაკაცს: "შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი”.
1 . ერთ დღეს, ხალხს რომ ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუხდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად,
2 . და ჰკითხეს: "გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა ეს ხელმწიფება
3 . მიუგო და უთხრა მათ: "მეც გკითხავთ ერთ რამეს და მიპასუხეთ:
4 . იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?”
5 . ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით, ზეციდანო, გვეტყვის: მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
6 . ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან სჯერათ, რომ წინასწარმეტყველი იყო იოანე”.
7 . უპასუხეს: "არ ვიცით საიდან”.
8 . იესომ უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას”.
9 . და იწყო ხალხთან ამ იგავის მოყოლა: "ერთმა კაცმა ვენახი გააშენა და მევენახეებს გადასცა. თვითონ კი დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა.
10 . დრო რომ დადგა, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა ვენახის მოსავალი მიეცათ მისთვის. მევენახეებმა კი სცემეს იგი და ხელცარიელი გაუშვეს.
11 . კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა, მაგრამ ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გააგდეს.
12 . მერე მესამეც გაუგზავნა. ამჯერად, ისიც დაჭრეს და გარეთ გააგდეს.
13 . მაშინ თქვა ვენახის პატრონმა: როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მაინც მოერიდოთო.
14 . მაგრამ მევენახეებმა ის რომ დაინახეს, მოითათბირეს ერთმანეთში და თქვეს: ეს მემკვიდრეა. მოვკლათ იგი და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
15 . გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16 . მოვა, დახოცავს ამ მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს”. მისმა მსმენელებმა თქვეს: "ნუმც მოხდება ასე”.
17 . მან შეხედა მათ და თქვა: "რას ნიშნავს დაწერილი: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
18 . ყველა, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.
19 . მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი მაშინვე შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
20 . უთვალთვალებდნენ და მსტოვრები მიუგზავნეს, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და გამგებლის მმართველობასა და ძალაუფლებაში გადაეცათ იგი.
21 . ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
22 . ნებადართულია თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?”
23 . იგი მიხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
24 . "მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?” მათაც მიუგეს: "კეისრისა”.
25 . მაშინ უთხრა მათ: "ჰოდა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა”.
26 . და ვერ შეძლეს მისი სიტყვაზე დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
27 . მივიდა მასთან რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:
28 . "მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა და შვილი - არა, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
29 . შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა.
30 . შეირთო მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.
31 . მესამემაც შეირთო იგი, და ასე - მეშვიდემდე. შვიდივე ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ დარჩენიათ.
32 . ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
33 . აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება ის ქალი? რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად”.
34 . უთხრა იესომ: "წუთისოფლის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან.
35 . ხოლო ისინი, ვინც ღირსად ჩაითვალა, რომ საუკუნო ცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა მოიპოვონ, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან.
36 . რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
37 . ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც თქვა მაყვლოვანთან, როდესაც უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი უწოდა.
38 . ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა მათგანი ცოცხალია”.
39 . ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: "კარგად თქვი, მოძღვარო”.
40 . და ვეღარ გაბედეს, კიდევ რაიმე ეკითხათ მისთვის. ხოლო მან ჰკითხა მათ:
41 . "როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42 . თვითონ დავითი ამბობს წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
44 . აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?”
45 . და მთელი ხალხის გასაგონად უთხრა თავის მოწაფეებს:
46 . "ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მისალმებანი, სინაგოგებში წინა რიგებში და ნადიმებზე საპატიო ადგილებზე ჯდომა;
47 . რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ”.
1 . დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2 . ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3 . ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 . მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
5 . სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
6 . იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე.
7 . იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
8 . ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.
9 . იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.
10 . იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.
11 . თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12 . მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
13 . ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
14 . და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
15 . იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: "ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
16 . მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17 . ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
18 . ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
19 . ეს იყო მოწმობა იოანესი, როცა იერუსალიმელმა იუდევლებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: "ვინ ხარ შენ?”
20 . მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე”.
21 . ჰკითხეს: "მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: "არა ვარ”. "წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: "არა”.
22 . მაშინ უთხრეს მას: "ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?”
23 . მან თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა”.
24 . წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.
25 . მათ ჰკითხეს: "მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”
26 . მიუგო იოანემ პასუხად: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ!
27 . ის ჩემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ”.
28 . ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.
29 . მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
30 . ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
31 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
32 . ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.
33 . მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.
34 . მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.
35 . მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36 . დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”.
37 . გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს.
38 . იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”
39 . უთხრა მათ: "წამოდით და ნახეთ”. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
40 . ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
41 . მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: "ჩვენ ვიპოვეთ მესია”. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე.
42 . მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: "შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა”, - რაც ითარგმნება როგორც კლდე.
43 . მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: "გამომყევი”.
44 . ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.
45 . ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.
46 . მიუგო ნათანაელმა: "განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?” უთხრა ფილიპემ: "წამო და ნახე”.
47 . იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.
48 . ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.
49 . მიუგო მას ნათანაელმა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”
50 . უთხრა იესომ: "იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ!”
51 . უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”
1 . იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2 . იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
3 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
4 . ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
5 . მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
6 . ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
7 . ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
8 . ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
9 . მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
10 . მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
11 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
12 . თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13 . არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
14 . და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15 . რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16 . ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 . რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
18 . ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19 . მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20 . რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21 . ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
22 . ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
23 . იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
24 . ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25 . მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
26 . მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
27 . თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28 . თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
29 . ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
30 . ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
31 . მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
32 . რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33 . ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34 . რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35 . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36 . ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, "ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი.
2 . ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია.
3 . მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4 . თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას.
5 . უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”.
6 . ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7 . კვლავ უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის.
8 . ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა.
9 . მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10 . ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.
11 . მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის.
12 . დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელიც იტაცებს მათ და ფანტავს.
13 . დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე.
14 . მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
15 . როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.
16 . მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
17 . იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
18 . ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.
19 . ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
20 . ბევრი მათგანი ამბობდა: "ეშმაკეულია და შეშლილი, რად უსმენთ მას?”
21 . სხვები ამბობდნენ: "ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?”
22 . იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა.
23 . და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის დერეფანში.
24 . შემოეხვივნენ იუდევლები და უთხრეს: "როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით”.
25 . მიუგო მათ იესომ: "გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
26 . მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვართაგანი არა ხართ, როგორც გითხარით.
27 . ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.
28 . მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.
29 . მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.
30 . მე და მამა ერთი ვართ”.
31 . მაშინ იუდევლებმა კვლავ წამოკრიფეს ქვები მის ჩასაქოლად.
32 . უთხრა მათ იესომ: "ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?”
33 . უთხრეს იუდევლებმა: "კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.
34 . მიუგო მათ იესომ: "განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო?
35 . თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა,
36 . მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?
37 . თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
38 . და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ”.
39 . მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
40 . კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე ნათლავდა, და იქ დარჩა.
41 . ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”.
42 . და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
1 . იყო ავად ვინმე ბეთანიელი ლაზარე, მარიამისა და მისი დის, მართას სოფლიდან.
2 . ეს სწორედ ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისივე თმით შეუხოცა. მისი ძმა ლაზარე გახდა ავად.
3 . დებმა კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს: "უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავადაა”.
4 . ეს ამბავი რომ გაიგო, თქვა იესომ: "ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა მისი მეშვეობით განდიდდეს ღმერთის ძე”.
5 . იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე.
6 . მისი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ორი დღე იქვე დარჩა, სადაც იმყოფებოდა.
7 . მერე კი უთხრა მოწაფეებს: "ისევ იუდეაში წავიდეთ”.
8 . მოწაფეებმა უთხრეს: "რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები?”
9 . მიუგო იესომ: "თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.
10 . ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში”.
11 . ამის შემდეგ უთხრა მათ: "ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ”.
12 . მოწაფეებმა უთხრეს: "უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება”.
13 . იესო სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, ბუნებრივ ძილზე ლაპარაკობდა.
14 . მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა: "ლაზარე მოკვდა”.
15 . მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ, წავიდეთ მასთან”.
16 . მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა დანარჩენ მოწაფეებს: "ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ”.
17 . როცა მივიდა იესო, ნახა, რომ უკვე ოთხი დღეა, რაც სამარხში ასვენია.
18 . ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, თხუთმეტი სტადიონის მანძილზე.
19 . ბევრი იუდეველთაგანი მივიდა მართასთან და მარიამთან, რომ ძმის გამო ენუგეშებინათ ისინი.
20 . მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, წინ შეეგება. მარიამი კი შინ დარჩა.
21 . უთხრა მართამ იესოს: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.
22 . თუმცა, ახლაც ვიცი, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი”.
23 . იესომ უთხრა: "აღდგება შენი ძმა”.
24 . მართამ უთხრა: "ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.
25 . იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!
26 . ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?”
27 . უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”.
28 . ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს ჩუმად დაუძახა და უთხრა: "მოძღვარია აქ და შენ გიხმობს”.
29 . როგორც კი გაიგო ეს, მაშინვე წამოდგა და მასთან მივიდა.
30 . იესო ჯერ არ შესულიყო სოფელში, იქვე იდგა, სადაც მართა შეეგება.
31 . მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.
32 . მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”.
33 . იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.
34 . ჰკითხა: "სად დაასვენეთ იგი?” მიუგეს: "მოდი და ნახე, უფალო”.
35 . აცრემლდა იესო.
36 . თქვეს იუდევლებმა: "ნახე, როგორ ჰყვარებია!”
37 . ზოგი მათგანი ამბობდა: "ნუთუ ბრმისთვის თვალი
38 . იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.
39 . თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”.
40 . უთხრა მას იესომ: "განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”
41 . და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
42 . მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.
43 . ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!”
44 . გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.
45 . მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.
46 . ზოგიერთები წავიდნენ ფარისევლებთან და უთხრეს, რაც იესომ გააკეთა.
47 . მაშინ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი და თქვეს: "რა ვქნათ, რადგან ბევრ სასწაულს ახდენს ეს კაცი?
48 . თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც”.
49 . ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: "არაფერი გაგეგებათ,
50 . ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.
51 . ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ ერისთვის მოკვდებოდა იესო.
52 . და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები.
53 . იმ დღეს გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
54 . ამიტომ იესო ცხადად აღარ დადიოდა იუდეველთა შორის; იქაურობას უდაბნოს ახლოს მდებარე მხარეში, ეფრემად წოდებულ ქალაქში გაეცალა და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
55 . ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა იერუსალიმში პასექის წინ განსაწმენდად.
56 . ეძებდნენ იესოს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ ტაძარში მდგომნი: "როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?”
57 . მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულება გასცეს: ვინც შეიტყობდა, სად იყო, უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ იგი.
1 . პასექამდე ექვსი დღით ადრე, ბეთანიაში მივიდა იესო, სადაც იყო ლაზარე, მკვდრეთით რომ აღადგინა.
2 . ვახშამი მოუმზადეს. მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3 . მარიამმა ერთი ლიტრი სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი აიღო, ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა; ნელსაცხებლის სურნელით აივსო სახლი.
4 . იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
5 . "რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?”
6 . ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.
7 . იესომ უთხრა: "დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
8 . რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან გეყოლებათ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით”.
9 . იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან.
10 . მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს,
11 . რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.
12 . მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო.
13 . აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”
14 . იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15 . "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.
16 . მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
17 . და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი.
18 . ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19 . ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.
20 . დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.
21 . მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.
22 . ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს.
23 . იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25 . ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
26 . ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
27 . ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28 . მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.
29 . იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
30 . მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31 . ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი.
32 . და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”.
33 . ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
34 . უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”
35 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36 . სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.
37 . ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი,
38 . რათა ასრულებულიყო წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვა, რომელმაც თქვა: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი ნათქვამი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?”
39 . ისიც თქვა ესაიამ, რა მიზეზით არ შეეძლოთ ერწმუნათ:
40 . "თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
41 . ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
42 . ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.
43 . რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44 . იესომ შესძახა და თქვა: "ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
45 . და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46 . მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.
47 . თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი.
48 . ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
49 . რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50 . და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.
1 . "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 . მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.
3 . როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 . და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.
5 . უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
6 . უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
7 . მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
8 . უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.
9 . უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
10 . ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 . მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 . რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 . თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
15 . თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
16 . მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
17 . ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18 . ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 . კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.
20 . იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.
21 . ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
22 . იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”
23 . მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
24 . ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25 . ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.
26 . ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 . მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 . ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29 . ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 . ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
31 . მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
2 . იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის "მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა.
3 . ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე რომ დაინახა, მოწყალება სთხოვა მათ.
4 . პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: "შემოგვხედე”.
5 . დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან.
6 . უთხრა პეტრემ: "ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ - იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!”
7 . მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები.
8 . წამოხტა, დადგა და სიარული იწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა.
9 . მთელი ხალხი უყურებდა მოარულსა და ღვთის მაქებარს.
10 . იცნეს ტაძრის "მშვენიერ” კარიბჭესთან მოწყალების სათხოვად მჯდომი. ამიტომ გაკვირვებითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11 . და რაკი პეტრესა და იოანეს იყო ჩაჭიდებული, მთელი ხალხი გაკვირვებული მისცვივდა მათ, "სოლომონისად” წოდებულ დერეფანში.
12 . ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: "კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?
13 . აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა მან მისი გათავისუფლება დააპირა.
14 . უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
15 . სიცოცხლის წინამძღვარი კი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16 . მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.
17 . ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
18 . ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
19 . მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.
20 . რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, თქვენთვის წინასწარ დადგენილი,
21 . რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით.
22 . ვინაიდან მოსემ თქვა: ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენივე ძმებიდან; გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
23 . ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოისპობა ხალხისგან.
24 . ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა ამ დღეებზე.
25 . თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაჰამს: შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი!
26 . აღადგინა რა ღმერთმა თავისი მსახური, იესო ქრისტე, ჯერ თქვენ მოგივლინათ თქვენდა საკურთხებლად, როცა მობრუნდებით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან”.
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა;
2 . როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
3 . რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
4 . რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია.
5 . თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
6 . ვინაიდან ნათქვამია წერილში: "აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
7 . ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად,
8 . დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
9 . თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
10 . ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.
11 . საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
12 . კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
13 . დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
14 . თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
15 . რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
16 . იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
17 . ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
18 . მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.
19 . რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20 . რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
21 . ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22 . რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
23 . რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
24 . რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხართ მისი ჭრილობებით,
25 . რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
1 . თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
2 . მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
3 . ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
4 . და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
5 . ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
6 . მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.
7 . თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
8 . იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
9 . წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.
10 . ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
11 . დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
12 . ერთგულად მიჩნეული ძმის, სილოვანეს დახმარებით მოგწერეთ მცირე რამ, თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღმერთის ის მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.
13 . მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან თქვენთან ერთად რჩეულნი და მარკოზი, ჩემი ძე.
14 . მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ!
1 . მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
3 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
4 . რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
5 . არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
6 . მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
7 . ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8 . რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
9 . ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
10 . უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
11 . მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
12 . ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
13 . და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14 . მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
15 . სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
16 . მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17 . ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
18 . ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19 . თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20 . ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21 . უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22 . იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 . წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 . თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 . სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 . რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 . რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 . ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 . უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 . მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 . მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 . ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 . რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 . მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 . ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 . ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 . ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 . ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 . ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 . იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 . ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 . რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 . თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 . და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 . რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 . ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 . ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 . და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 . აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 . ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 . უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 . იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
1 . ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2 . რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
3 . ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამ
4 . რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.
5 . მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
6 . მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
7 . და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: "ისაკში იწოდება შენი თესლი”.
8 . ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
9 . რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”.
10 . და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან;
11 . ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12 . საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
13 . როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
14 . თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15 . რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
16 . ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17 . ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
18 . ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19 . შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
20 . ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21 . ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22 . მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23 . რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
24 . ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25 . როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხალხს ვუწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს - საყვარელს.
26 . და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთის ძეებად.
27 . ესაია კი ღაღადებს ისრაელზე: "ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ძეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება”.
28 . რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე.
29 . და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: "ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დავემსგავსებოდით გომორელებს”.
30 . მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;
31 . ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.
32 . რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
33 . როგორც წერია: "აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
1 . მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
2 . არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3 . "უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”.
4 . მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? "დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”.
5 . ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.
6 . ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.
7 . მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ.
8 . როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.
9 . და დავითიც ამბობს: "დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად,
10 . თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”.
11 . მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.
12 . და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება.
13 . ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14 . ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15 . რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?
16 . თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც.
17 . ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,
18 . ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19 . შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო!
20 . კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21 . რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.
22 . ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.
23 . და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24 . ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25 . რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.
26 . და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: "მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.
27 . ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.
28 . დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით - საყვარელნი მამების გულისათვის.
29 . რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.
30 . ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო.
31 . ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32 . ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33 . ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34 . რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?
35 . ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?
36 . რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!
1 . არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა.
2 . ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.
3 . ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს
4 . და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.
5 . მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები.
6 . და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.
7 . არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.
8 . ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
9 . ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10 . არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.
11 . ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.
12 . ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
13 . არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
14 . ამიტომ, ჩემო საყვარლებო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
15 . გელაპარაკებით როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
16 . კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?
17 . ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
18 . შეხედეთ ისრაელს ხორციელად: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?
19 . მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ კერპი რაიმეა, ან იმას, რომ კერპისთვის შენაწირი რაიმეს ნიშნავს?
20 . არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.
21 . არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
22 . ნუთუ ვბედავთ უფლის გამოწვევას? განა მასზე ძლიერები ვართ?
23 . ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
24 . არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
25 . ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
26 . რადგან უფლისაა დედამიწა და სისავსე მისი.
27 . ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან მისვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
28 . მაგრამ თუ გეტყვით ვინმე: ეს კერპთშენაწირიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის ან სინდისის გამო.
29 . ვგულისხმობ არა შენს სინდისს, არამედ სხვისას. რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?
30 . თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად უნდა ვიგმობოდე, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31 . ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
32 . და ნუ გახდებით ცდუნება ნურც იუდეველთათვის, ნურც წარმართებისთვის და ნურც ღვთის ეკლესიისთვის.
33 . ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
1 . გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 . რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 . რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 . დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 . გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 . მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 . შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 . ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 . ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 . მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 . და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 . ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 . თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 . ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 . რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 . მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 . და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 . მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 . რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 . რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 . თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 . მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 . ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 . ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 . იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 . და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 . თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 . და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 . ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 . თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 . ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 . ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 . მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 . უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 . და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 . ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 . ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 . არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 . სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 . ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 . ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 . ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 . ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 . მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 . პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 . და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 . და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 . ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 . აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 . ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 . ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 . ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 . სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 . სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 . ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:
2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 . კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
4 . როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
5 . წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
6 . თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,
7 . რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
8 . რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
9 . გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
10 . რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
11 . მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
12 . რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
13 . მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,
14 . რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
15 . ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
16 . არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
17 . რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18 . და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
19 . და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
20 . რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;
21 . ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც.
22 . და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
23 . რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
1 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით,
2 . რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
3 . რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
4 . ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,
5 . ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი,
6 . აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
7 . რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
8 . ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
9 . არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
10 . ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.
11 . ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -
12 . იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
13 . ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.
14 . ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.
15 . თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
16 . და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.
17 . მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.
18 . ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.
19 . მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
20 . შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
21 . რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,
22 . რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
1 . პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე,
2 . კოლოსეში მყოფ წმიდანებს და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 . ყოველთვის ვემადლიერებით ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, როდესაც თქვენთვის ვლოცულობთ,
4 . მას მერე, რაც გვესმა თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
5 . თქვენთვის ზეცაში გამზადებული იმედის გამო, წინასწარ რომ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6 . რომელიც მოვიდა თქვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება, ისევე, როგორც თქვენში, მოყოლებული იმ დღიდან, რაც ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
7 . როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,
8 . მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული, რომელიც სულის ნაყოფია.
9 . ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
10 . რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
11 . მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.
12 . ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
13 . რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში,
14 . რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება.
15 . ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
16 . ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
17 . ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
18 . ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
19 . ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე,
20 . რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.
21 . თქვენც, ოდესღაც რომ გაუცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო,
22 . ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;
23 . ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს, რომელიც ისმინეთ და ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
24 . ახლა კი ვხარობ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისთვის, რომელიც არის ეკლესია,
25 . რომლის მსახურიც გავხდი მე, ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა,
26 . ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,
27 . რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,
28 . რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
29 . ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
1 . მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არც უხილავს ჩემი სახე.
2 . რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
3 . რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.
4 . ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დამაჯერებელი მჭევრმეტყველებით არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6 . ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში
7 . ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
8 . იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
9 . ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
10 . და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11 . რომელშიც წინადაცვეთილნიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი ბუნების მოშორებით - ქრისტესმიერ წინადაცვეთაში.
12 . მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
13 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
14 . გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15 . განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
16 . ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.
17 . ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
18 . ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
19 . არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც არის მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შეერთებული და უზრუნველყოფილი, და იზრდება ღვთიური ზრდით.
20 . თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:
21 . - ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, -
22 . და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
23 . ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით - არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
1 . ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
2 . მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;
3 . ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე,
4 . რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.
5 . ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო,
6 . რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,
7 . რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი - ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, - წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
8 . ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
9 . ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,
10 . არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.
11 . დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში, ყოველგვარი მორჩილებით.
12 . დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.
13 . რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
14 . ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუვდა და ჩაიდინა დანაშაული.
15 . თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.
1 . გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
2 . რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
3 . ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.
4 . ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.
5 . შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6 . ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
7 . კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8 . ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.
9 . ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10 . ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
11 . მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.
12 . ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13 . მოსასხამი, ტროაში რომ დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა მოხვალ; აგრეთვე წიგნები და უფრო მეტად - პერგამენტები.
14 . მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
15 . შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.
16 . როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17 . მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
19 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
20 . მომიკითხე პრისკილა და აკვილა და ონისიფორეს სახლეული.
21 . ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი, კლავდია და ყველა ძმა.
22 . უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
1 . ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
2 . ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.
3 . ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
4 . ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
5 . ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ”. ან კიდევ: "მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?”
6 . ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: "დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.
7 . ანგელოზებზე კი ამბობს: "ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს - ცეცხლის ალად”.
8 . ხოლო ძეზე: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
9 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
10 . და: "შენ დააფუძნე, უფალო, თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია.
11 . ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები; და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
12 . მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება”.
13 . ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”
14 . განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?
1 . ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2 . რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,
3 . ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;
4 . რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
5 . ვინაიდან ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია ღმერთს მომავალი მსოფლიო, რომელზეც ვლაპარაკობთ.
6 . სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ანდა ძე კაცისა, რომ მოინახულებ ხოლმე მას?
7 . ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.
8 . და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
9 . მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
10 . ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
11 . რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;
12 . ამბობს რა: "ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.
13 . და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”.
14 . რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;
15 . და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
16 . ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
17 . ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
18 . რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.
1 . ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.
2 . რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.
3 . სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: "ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან.
4 . ვინაიდან სადღაც ასე აქვს ნათქვამი მეშვიდე დღეზე: "და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისგან”.
5 . და კიდევ, იქვე: "ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში”.
6 . ჰოდა, რაკი ზოგისთვის დღემდე რჩება შესასვლელი, ისინი კი, უწინ რომ ეხარათ, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ,
7 . კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: "დღეს, - ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი - თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.
8 . რადგან იეშუა ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ სხვა დღეზე აღარაფერს იტყოდა.
9 . ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის.
10 . ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მანაც ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.
11 . მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.
12 . ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
13 . და არ არის ქმნილება მისგან დაფარული; ყოველივე გაშიშვლებული და გახსნილია მისი თვალებისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი.
14 . გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, - იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.
15 . ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
16 . ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
1 . ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დადგენილი ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის,
2 . მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილნი, ვინაიდან თვითონაც სისუსტითაა მოცული.
3 . ამიტომ, ვალდებულია ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ხალხისთვისაც შესწიროს და თავისთვისაც.
4 . და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ის, ვინც ღმერთის მიერაა მოწოდებული, როგორც აჰარონი.
5 . არც ქრისტეს განუდიდებია თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: "ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”.
6 . როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
7 . მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
8 . და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება.
9 . და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის.
10 . და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
11 . ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით.
12 . ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ.
13 . რადგან ყოველი, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად.
14 . მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.
1 . გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
2 . რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა, იესო ქრისტეს მოწმობა და ყოველივე, რაც იხილა.
3 . ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.
4 . იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;
5 . და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;
6 . და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
7 . აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!
8 . "მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
9 . მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
10 . სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
11 . მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.
12 . მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.
13 . ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14 . მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15 . მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
16 . მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.
17 . ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: "ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
18 . და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
19 . დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20 . რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.
1 . "სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.
2 . გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
3 . გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
4 . თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
5 . გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
6 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
7 . "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8 . ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9 . აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
10 . რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
11 . აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12 . გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
13 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
14 . "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
15 . ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
16 . მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17 . რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18 . გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
19 . ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
20 . აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
21 . გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
22 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
1 . და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2 . ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: "ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?”
3 . და არავის შეეძლო არც ცაში, არც დედამიწაზე და არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
4 . ბევრი ვიტირე იმის გამო, რომ არ მოიძებნა ამ წიგნის გადაშლისა და მასში ჩახედვის ღირსი.
5 . და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: "ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.
6 . შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილნი მთელ დედამიწაზე.
7 . მივიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან.
8 . წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია.
9 . ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: "შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.
10 . და გვქმენი ჩვენ სამეფოდ და მღვდლებად ჩვენი ღმერთისთვის, და ვიმეფებთ დედამიწაზე”.
11 . ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ; და მათი რიცხვი იყო ათიათასთა ათიათასები და ათასთა ათასები;
12 . დიდი ხმით ამბობდნენ: "ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.
13 . და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: "ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”.
14 . და თქვა ოთხმა არსებამ: "ამინ!” და დაემხო ოცდაოთხი უხუცესი და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
1 . ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
2 . რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
3 . კიდევ თქვეს: "ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე”.
4 . დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და ამბობდნენ: "ამინ! ალილუია!”
5 . გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
6 . და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7 . გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8 . და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.
9 . და მითხრა: "დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი”. მითხრა: "ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვებია ესენი”.
10 . და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
11 . ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12 . მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
13 . სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია ‘ღმერთის სიტყვა’.
14 . ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი.
15 . მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16 . სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: "მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
17 . ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. მან დიდი ხმით შესძახა და უთხრა ყოველ ფრინველს, შუა ცაში რომ დაფრინავდა: "მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ სერობაზე,
18 . რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, პატარებისა და დიდების ხორცი”.
19 . და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20 . და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
21 . დანარჩენები კი ცხენზე მჯდომის პირიდან გამოსული მახვილით ამოიხოცნენ, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
1 . და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
2 . და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.
3 . და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4 . მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
5 . და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.
6 . და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
7 . გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.
8 . ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
9 . და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
10 . წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;
11 . ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს ჰგავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12 . დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.
13 . სამი კარიბჭე - აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე - ჩრდილოეთიდან, სამი - სამხრეთიდან და სამიც - დასავლეთიდან.
14 . ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი აქვს და მათზეა კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15 . ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.
16 . ქალაქი ოთხკუთხედია. მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე; და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე; მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია.
17 . გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18 . გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი - წმიდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი.
19 . ქალაქის გალავნის საძირკვლები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული; პირველი საძირკველი იასპია, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი;
20 . მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.
21 . თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22 . ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23 . ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
24 . ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
25 . არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.
26 . და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს.
27 . ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.
1 . და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.
2 . მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.
3 . მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.
4 . იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.
5 . ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
6 . და მითხრა: "სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
7 . "აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”.
8 . და მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, ყოველივე ეს რომ მაჩვენა, რათა თაყვანი მეცა.
9 . მითხრა: "ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.
10 . და მითხრა: "ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო.
11 . დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს.
12 . "აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
13 . მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული”.
14 . ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
15 . მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
16 . "მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”.
17 . სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
18 . და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19 . თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
20 . ამის დამმოწმებელი ამბობს: "ჰე, მალე მოვალ!” ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
21 . ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!
1 . და გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში.
2 . ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან.
3 . სამყოფელი სამარხებში ჰქონდა მას და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შებოჭვა.
4 . აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5 . მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.
6 . შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7 . ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”
8 . რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”
9 . ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.
10 . და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმ არემარედან.
11 . იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო.
12 . ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: "შეგვრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში”.
13 . დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი, დაახლოებით ორიათასამდე ღორი, კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო.
14 . მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი; და გამოვიდა ხალხი, რომ ენახა, რა მოხდა.
15 . მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
16 . უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17 . და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
18 . როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
19 . მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.
20 . წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, როგორ მოექცა მას იესო და ყველას უკვირდა.
21 . როცა კვლავ გამოღმა გამოცურა ნავით იესომ, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი.
22 . მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.
23 . ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
24 . წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 . და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,
26 . მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
27 . მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.
28 . რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
29 . იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.
30 . მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”
31 . მოწაფეებმა უთხრეს: "ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?”
32 . მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა.
33 . ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
34 . მან კი უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
35 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: "შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”
36 . მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”
37 . და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
38 . მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
39 . შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.
40 . დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
41 . აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
42 . მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.
43 . მან კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
1 . ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
2 . ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
3 . იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4 . დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
5 . "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 . ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
8 . ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
9 . მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
10 . მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 . ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
12 . გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 . კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 . ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
15 . კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
16 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
17 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 . ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
19 . მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
20 . შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 . ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
22 . და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
23 . ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
24 . მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
25 . მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
26 . გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
27 . ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 . როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
29 . რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
30 . ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
31 . და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 . იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
33 . გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
34 . ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
35 . გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
36 . უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 . შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 . ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 . "შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
40 . იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
41 . და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
42 . რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
43 . და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
44 . უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 . და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
46 . ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
47 . დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 . უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
49 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
50 . იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
51 . სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
52 . ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
53 . ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54 . მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
55 . დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 . გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
1 . მისმინეთ, კუნძულებო, ყური მომაპყრეთ, შორეულო ერებო. უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო, დედაჩემის წიაღშივე ახსენა ჩემი სახელი.
2 . ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი, თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა; წამახულ ისრად მაქცია და თავის კაპარჭში შემინახა.
3 . მითხრა, ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!
4 . ვუპასუხე: "არაფრისთვის ვირჯებოდი, ამაოდ და ტყუილად გამოვლიე ძალა, თუმცა უფალშია ჩემი სამართალი და საზღაური ჩემი - ჩემს ღმერთთან!”
5 . ახლა კი ასე ამბობს უფალი: დედის მუცელშივე მის მსახურად გამომსახა, რათა მოვაბრუნო მისკენ იაკობი და მასთან შეიკრიბოს ისრაელი. პატივდებული ვარ უფლის თვალში და ჩემი ღმერთია ჩემი ძალა.
6 . მითხრა: "არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.
7 . ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი და მისი წმიდა, ადამიანთა მიერ აბუჩად აგდებულთ, ერთა მიერ შეძულებულთ, აღზევებულთა მსახურთ: "იხილავენ მეფენი და წამოიმართებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისთვის, რომელიც ერთგულია, ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც ამოგირჩია”.
8 . ასე ამბობს უფალი: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
9 . რათა ტყვეებს უთხრა: გამოდით! და სიბნელეში მსხდომთ: გამოჩნდით! გზების გასწვრივ გამოიკვებებიან და ყველა მოშიშვლებულ სიმაღლეზე მათი საძოვარი იქნება.
10 . არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.
11 . ჩემს ყველა მთას გზად დავადგენ და მომაღლდებიან ჩემი ბილიკები.
12 . აჰა, ესენი შორიდან მოვლენ, ესენი - ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან”.
13 . იყიჟინეთ ცანო, და იმხიარულე ქვეყნიერებავ; ზარზეიმით შემოსძახეთ მთებო, ვინაიდან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალებს თავის ღატაკთ.
14 . ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!
15 . განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ!
16 . აჰა, ხელის გულებზე ამოგტვიფრე, შენი ზღუდეები მუდამ ჩემს წინაშეა.
17 . შენკენ მოისწრაფიან შენი ძენი და გავლენ შენგან შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი.
18 . აღაპყარ ირგვლივ თვალები და შეხედე: ყველანი შეიკრიბნენ, შენთან მოვიდნენ. ცოცხალი ვარ! ამბობს უფალი, ყველა მათგანით მოირთვები, სამკაულივით მოიხდენ მათ, როგორც პატარძალი.
19 . ვინაიდან ახლა უკვე ვიწრო იქნება საცხოვრებლად შენი დაქცეული, აოხრებული ადგილები, შენი აკლებული ქვეყანა და ნანგრევები; შენი ჩამყლაპავნი კი მოშორდებიან.
20 . იტყვიან კიდეც შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილები: "ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ მეც დავსახლდე!”
21 . შენ კი გულში იტყვი: "ვინ მიშვა ესენი? მე ხომ დავკარგე შვილები, უთვისტომო ვიყავი, დევნილი და უკუგდებული; ესენი ვინ გაზარდა? აკი მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?”
22 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, აღვმართავ ხელს ერებისკენ, ტომების წინაშე მოვამაღლებ ჩემს ბაირაღს და მოიყვანენ შენს ძეებს უბით და შენს ასულთ - მხრებით!
23 . მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და დედოფალნი - შენთვის ძუძუს მაწოვებელნი; პირქვე თაყვანს გცემენ მიწამდე და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ; გაიგებ, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მომლოდინენი!
24 . თუ წაერთმევა ნადავლი ძლევამოსილს ან გამარჯვებულს თუ წაერთმევა ტყვეები?
25 . მაგრამ ასე ამბობს უფალი: "ძლევამოსილსაც წაართმევენ ტყვეებს და სასტიკსაც გამოაცლიან ნადავლს; შენს მოდავესთან კი მე ვიდავებ და გადავარჩენ შენს ძეებს.
26 . თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი - ძლიერი იაკობისა”.