1 . სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით წარმოთქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად აღძრა უფალმა
2 . "ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია.
3 . ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
4 . დანარჩენებმა კი, ყველამ იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ, შეეწივნონ მას ვერცხლითა და ოქროთი, ქონებითა და პირუტყვით, სხვა შესაწირებთან ერთად, ღმერთის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!”
5 . აღდგნენ იუდასა და ბენიამინის სახლთა მთავარნი, მღვდელნი და ლევიანნი, ყველა, ვისი სულიც აღძრა ღმერთმა, რათა იერუსალიმში ამოსულიყვნენ უფლის სახლის ასაშენებლად.
6 . ყველა მათი მეზობელი ეხმარებოდა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი, ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.
7 . ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა გამოეტანათ უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთების სახლში დააწყო.
8 . გამოიტანა ჭურჭელი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე ხაზინადარის ხელით და შეშბაცარს, იუდას მთავარს მიუთვალა.
9 . აი მათი რიცხვი: ოქროს ოცდაათი ლანგარი, ვერცხლის ათასი ლანგარი, ოცდაცხრა დანა,
10 . ოქროს ოცდაათი თასი, ვერცხლის ოთხას ათი ორპირი თასი და სხვა ჭურჭელი - ათასი.
11 . ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.
1 . როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი.
2 . ადგნენ იეშუა იოცადაკის ძე და მისი ღვთისმსახური ძმები, ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუშენეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს მასზე სრულადდასაწველთა აღსავლენად, როგორც ეს მოსეს, ღვთის კაცის რჯულში იყო დაწერილი.
3 . იმისდა მიუხედავად, რომ გარშემო ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, თავისივე საძირკველზე დადგეს სამსხვერპლო და აღავლენდნენ მასზე სრულადდასაწველს; დილის და საღამოს სრულადდასაწველს.
4 . კარვობის დღესასწაულიც აღასრულეს, როგორც წერია და სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველთ განსაზღვრული რაოდენობით, წესის მიხედვით, ყოველდღიური საჭიროებისამებრ.
5 . ამის შემდეგ მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველს ახალმთვარობისას და უფლის ყოველ წმიდა დღესასწაულზე; ყველასთვის, ვინც კეთილი ნებით სწირავდა შესაწირს უფალს.
6 . მეშვიდე თვის პირველი დღიდან დაიწყეს უფლისთვის სრულადდასაწველთა აღვლენა, თუმცა უფლის ტაძრისთვის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი.
7 . ფული მისცეს ქვის მთლელებსა და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებსა და ცორელებს, რათა ლიბანიდან კედარის ხეები მოეზიდათ ზღვით იაფოში, სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის მიცემული ნებართვისამებრ.
8 . ღვთის სახლში, იერუსალიმში მათი მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს დაიწყეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ და იეშუა იოცადაკის ძემ თავიანთ დანარჩენ ძმებთან, ტყვეობიდან იერუსალიმში მობრუნებულ მღვდლებთან და ლევიანებთან ერთად, მშენებლობა; ზედამხედველებად ოცი წლისა და უფროსი ლევიანები დააყენეს უფლის სახლის საქმეზე.
9 . დადგნენ იეშუა, მისი ძენი და ძმანი, კადმიელი და მისი ძენი, ჰოდავიას ძენი, აგრეთვე ხენადადის ძენი, მათი ძეები და ძმები, ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ღვთის ტაძარში მუშების ზედამხედველებად.
10 . საძირკველი რომ ჩაუყარეს უფლის ტაძარს მშენებლებმა, მღვდლები დააყენეს საყვირებით, თავიანთი სამოსით შემოსილნი და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა დავითის, ისრაელის მეფის, წესისამებრ ედიდებინათ უფალი.
11 . აქებდნენ და ემადლიერებოდნენ უფალს. ამბობდნენ: „რადგან კეთილია იგი და უკუნისამდეა მისი წყალობა ისრაელზე!” ყიჟინას სცემდა მთელი ხალხი და მაღალი ხმით აქებდა უფალს, ღმერთის სახლის დაფუძნების გამო.
12 . მრავალი მოხუცი მღვდელი, ლევიანი და მამისსახლთა თავკაცი, ვისაც პირვანდელი ტაძარი ჰქონდა ნანახი, ხმამაღლა ტიროდა, როცა საძირკველი ჩაუყარეს ტაძარს მათ თვალწინ. ბევრი სიხარულით ყიჟინებდა.
13 . ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.
1 . გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ გადასახლებულები ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
2 . მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დღეებიდან მოყოლებული, რომელმაც აქ მოგვიყვანა”.
3 . უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იეშუამ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „რა საქმე გაქვთ ჩვენთან და ჩვენი ღმერთის სახლის შენებასთან?! რადგან ჩვენ თვითონ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსეთის მეფეს”.
4 . ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.
5 . მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.
6 . ახაშვეროშის მეფობის დროს, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე.
7 . და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე.
8 . რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწიგნობარმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას შემდეგი წერილი მისწერეს:
9 . დაწერეს რეხუმ მმართველმა, შიმშაი მწიგნობარმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა - მსაჯულებმა, აფარსათიქელელებმა, მმართველებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა ანუ ყელამელებმა
10 . და დანარჩენმა ხალხმა, რომლებიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში, მდინარის გაღმა მცხოვრებლებმა და სხვებმა.
11 . ეს არის ასლი იმ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას, ართახშასთა მეფეს: "შენი მსახურნი, მდინარის გაღმა მცხოვრები კაცები და სხვები.
12 . ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.
13 . ახლა ეუწყოს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება.
14 . და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს.
15 . მოიძიონ შენი მამების მატიანე და შეიტყობ წიგნებში არსებული ჩანაწერების მეშვეობით, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ოდითგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, ამიტომ დაანგრიეს ეს ქალაქი.
16 . ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ აშენდა ეს ქალაქი და გასრულდა კედლები, მაშინ მდინარის გამოღმა წილი აღარ დაგრჩება!”
17 . პასუხი გამოუგზავნა მეფემ რეხუმ მმართველს და შიმშაი მწიგნობარს და მათ სხვა თანამოაზრეებს, რომლებიც სამარიაში და მდინარის გაღმა მხარეში ცხოვრობდნენ: „მშვიდობა!
18 . ახლა წერილი, რომელიც გამოგზავნეთ, ითარგმნა და წაიკითხეს ჩემს წინაშე,
19 . ბრძანება გავეცი, მოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და სულ ამბოხი და არეულობა ხდებოდა იქ;
20 . ძლიერი მეფეები მბრძანებლობდნენ იერუსალიმში და განაგებდნენ მდინარის მთელ გაღმა მხარეს და გადასახადებს, ხარკსა და ბეგარას კრეფდნენ იქ.
21 . ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გაიცემა ბრძანება.
22 . ფრთხილად იყავით, რომ დაუდევრად არ მოიქცეთ ამ საქმეში: რატომ უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფის საზიანოდ?”
23 . როდესაც რეხუმის, შიმშაი მწიგნობარის და მათი თანამზრახველების წინაშე წაიკითხეს მეფე ართახშასთას წერილი, დაუყოვნებლივ წავიდნენ იერუსალიმში იუდეველებთან და ძლიერი მკლავით შეაწყვეტინეს მუშაობა.
24 . მაშინ შეჩერდა ღვთის სახლის მშენებლობა იერუსალიმში და შეჩერდა დარიოსის, სპარსეთის მეფის მეფობის მეორე წლამდე.
1 . წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით, ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია, ყიდოს ძე, იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდეველებზე.
2 . მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ.
3 . მაშინ იყო, რომ მივიდნენ მათთან თათენაი, მდინარის გაღმელი მთავარი და შეთარ-ბოზნაი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?”
4 . მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აშენებდა.
5 . მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
6 . აი, მეფე დარიოსისთვის თათენაის, მდინარის გაღმელი მთავრისა და შეთარ-ბოზნაის მიერ, მდინარის გაღმა მყოფ, თავის თანამოაზრე აფარსახელებთან ერთად, გაგზავნილი წერილის პირი:
7 . გაუგზავნეს მას წერილი, რომელშიც ეწერა: „მეფე დარიოსს, სრული მშვიდობა!
8 . დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.
9 . მაშინ ასე ვკითხეთ მათ უხუცესებს: ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?
10 . სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა მათი თავკაცების სახელები.
11 . ასე მოგვიგეს: ჩვენ ცისა და მიწის ღმერთის მსახურები ვართ და თავიდან ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა და ისრაელის დიდმა მეფემ აღაშენა და დაასრულა იგი.
12 . მერე განარისხეს ჩვენმა მამებმა ზეციერი ღმერთი, მან ისინი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორ ქალდეველის ხელს გადასცა, რომელმაც დაანგრია ეს სახლი და ბაბილონში გადაასახლა ხალხი.
13 . მაგრამ კიროსის მეფობის პირველ წელს, ბაბილონში გასცა კიროსმა ღვთის სახლის აშენების განკარგულება.
14 . ღვთის სახლის ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან წაიღო და ბაბილონის ტაძარში მიიტანა, უკან გამოიტანა მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან და გადასცა შეშბაცარს, რომელიც გამგებლად ჰყავდა დანიშნული.
15 . უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი და წადი, მიიტანე იერუსალიმის ტაძარში, რათა აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე!
16 . მაშინ მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; იმ დროიდან აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.
17 . ახლა კი, თუ ინებებს მეფე, დაე მოჩხრიკონ სამეფო მატიანე იქ, ბაბილონში, მართლა გაიცა თუ არა ბრძანება მეფე კიროსისგან უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში და შეგვატყობინოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე”.
1 . მაშინ გასცა ბრძანება მეფე დარიოსმა და მოძებნეს ბაბილონის წიგნთსაცავებში, სადაც საგანძური ინახებოდა.
2 . და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის სასახლეში, ერთი გრაგნილი, რომელზეც ასე ეწერა: სამახსოვრო წიგნი.
3 . მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე - სამოცი წყრთა;
4 . სამი წყება ლოდებისგან იყოს და ერთი წყება ახალი ძელებისგან; საფასურს მეფის სასახლე გადაიხდის.
5 . აგრეთვე ღვთის სასახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში და ღმერთის სახლში მოთავსდეს.
6 . და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო მმართველებო, თავი დაანებეთ მათ!
7 . ხელს ნუ შეუშლით ღვთის სახლის მშენებლობას! ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდეველთა უხუცესებმა ღვთის სახლი თავის ადგილზე.
8 . განკარგულება გავეცი იმის თაობაზე, რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ხელახლა ასაგებად: მეფის საგანძურიდან და მდინარის გაღმა აკრეფილი გადასახადებიდან დაუყოვნებლივ მიეცით ამ კაცებს სახარჯოდ, რომ არ შეფერხდეს საქმე.
9 . რაც კი სჭირდებათ: მოზვრები, ვერძები და კრავები ცათა ღმერთისთვის სრულადდასაწველის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც მოითხოვენ იერუსალიმის მღვდლები, ყოველდღიურად მიეცით მათ შეუფერხებლად;
10 . რათა შესწირონ სასურველი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების დღეგრძელობისთვის.
11 . ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.
12 . დაე ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად ან ღვთის სახლის დასანგრევად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა გავეცი განკარგულება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს!”
13 . მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვა დაუყოვნებლივ აღასრულეს.
14 . აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას - სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ.
15 . დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
16 . სიხარულით იდღესასწაულეს ღვთის სახლის მიძღვნა ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედ ნამყოფმა ხალხმა.
17 . და შესწირეს ღვთის სახლის მიძღვნისას: ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით.
18 . დააყენეს მღვდლები მათი დანიშნულების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით, ღმერთის მსახურებისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
19 . და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
20 . რადგან ერთიანად განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები, ყველანი წმიდები იყვნენ; და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მღვდელი ძმებისთვის და თავიანთთვის.
21 . ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
22 . შვიდ დღეს ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და მოაბრუნა მათკენ აშურის მეფის გული, რათა განემტკიცებინა მათთვის ხელი ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის მშენებლობისას.
1 . ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც შვა მან ხებრონში: პირმშო ყამნონი, იზრეყელელი ახინოყამისგან; მეორე - დანიელი, ქარმელელი აბიგაილისგან;
2 . მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი; მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი;
3 . მეხუთე - შეფატია აბიტალისგან; მეექვსე - ითრაყამი ყეგლასგან, თავისი ცოლისგან.
4 . ეს ექვსნი შეეძინენ ხებრონში. იმეფა იქ შვიდ წელსა და ექვს თვეს, ოცდაცამეტი წელი კი იერუსალიმში იმეფა.
5 . ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი და სოლომონი - ოთხნი, ბათ-შუაყისგან, ყამიელის ასულისგან.
6 . იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
7 . ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი,
8 . ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი - ცხრანი.
9 . ყველა ესენი დავითის ძენი არიან, ხარჭების ძეთა გარდა და თამარი, მათი და.
10 . სოლომონის ძე რეხაბყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა და მისი ძე იოშაფატი,
11 . მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში და მისი ძე ამაციაჰუ,
12 . მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
13 . მისი ძე ახაზი, მისი ძე ჰიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
14 . მისი ძე ამონი და მისი ძე იოშია.
15 . იოშიას ძენი: პირმშო - იოხანანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
16 . იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკიაჰუ.
17 . იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი,
18 . მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამი, ჰოშემაყი და ნედაბია;
19 . ფედაიას ძენი: ზერუბაბელი და შიმყი; ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია და მათი და შელომითი;
20 . ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია და იუშაბ-ხესედი - ხუთნი.
21 . ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი;
22 . შექანიას ძე შემაყია; შემაყიას ძენი: ხატუში, იგეალი, ბარიახი, ნეყარია და შაფატი - ექვსნი.
23 . ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი, - სამნი.
24 . ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ და ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია და ყანანი - შვიდნი.
1 . ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;
2 . რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყლაიასთან, მორდექაისთან, ბელშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. ეს იყო ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი:
3 . ფარყოშის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი,
4 . შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,
5 . არახის ძენი - შვიდას სამოცდათხუთმეტი,
6 . ფათახ-მოაბის ძენი, იეშუასა და იოაბის ძენი - ორი ათას რვაას თორმეტი,
7 . ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
8 . ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდახუთი,
9 . ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,
10 . ბანის ძენი - ექვსას ორმოცდაორი,
11 . ბებაის ძენი - ექვსას ოცდასამი,
12 . ყაზგადის ძენი - ათას ორას ოცდაორი,
13 . ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაექვსი,
14 . ბიგვაიას ძენი - ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
15 . ყადინის ძენი - ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
16 . ატერის ძენი ეზეკიას სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი,
17 . ბეცაიას ძენი - სამას ოცდასამი,
18 . იორას ძენი - ასთორმეტი,
19 . ხაშუმის ძენი - ორას ოცდასამი,
20 . გიბარის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,
21 . ბეთლემის ძენი - ას ოცდასამი,
22 . ნეტოფას კაცები - ორმოცდათექვსმეტი,
23 . ყანათოთის კაცები - ას ოცდარვა,
24 . ყაზმავეთის ძენი - ორმოცდაორი,
25 . კირიათ-ყარიმის, ქეფირას და ბეროთის ძენი - შვიდას ორმოცდასამი,
26 . რამას და გაბაყის ძენი - ექვსას ოცდაერთი,
27 . მიქმასის კაცები - ას ოცდაორი,
28 . ბეთელისა და ჰაღაის კაცები - ორას ოცდასამი,
29 . ნებოს ძენი - ორმოცდათორმეტი,
30 . მაგბიშის ძენი - ას ორმოცდათექვსმეტი,
31 . ყელამის სხვა ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
32 . ხარიმის ძენი - სამას ოცი,
33 . ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდახუთი,
34 . იერიხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,
35 . სენაას ძენი - სამი ათას ექვსას ოცდაათი,
36 . მღვდლები: იედაყიას ძენი იეშუას სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,
37 . იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,
38 . ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,
39 . ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,
40 . ლევიანები: იეშუასა და კადმიელის ძენი ჰოდავეის ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი;
41 . მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდარვა;
42 . კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაისა - სულ ას ოცდაცხრამეტი;
43 . ნეთინელთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის,
44 . კეროსის, სიაყას, ფადონის,
45 . ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის,
46 . ხაგაბის, შამლაის, ხანანის,
47 . გიდელის, გახარის, რეაიას,
48 . რეცინის, ნეკოდას, გაზამის,
49 . ყუზას, ფასეახის, ბესაის,
50 . ასნას, მეყუნიმის, ნეფუსიმის,
51 . ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის,
52 . ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას,
53 . ბარკოსის, სისერას, თამახის,
54 . ნეციახის და ხატიფას ძენი;
55 . სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას,
56 . იაყლას, დარკონის, გიდელის,
57 . შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამის ძენი;
58 . სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შვილები - სამას ოთხმოცდათორმეტი.
59 . ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან და იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს თავიანთი მამისსახლებისა და წარმომავლობის გარკვევა, ისრაელისა თუ იყვნენ:
60 . დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი - სულ ექვსას ორმოცდათორმეტი.
61 . მღვდლების შვილები, ხაბაიას, კოცის, ბარზილაის ძენი, რომელთაც გილყადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთეს ცოლად და მათივე სახელი ეწოდათ.
62 . ესენი ეძებდნენ თავიანთი საგვარტომოს ნუსხას და ვერ იპოვეს, და ამის გამო მღვდლობის უფლება არ მისცეს.
63 . და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
64 . მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს
65 . გარდა მათი მსახურებისა და მხევლებისა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; და მათთან - ორასი მგალობელი კაცი და მგალობელი ქალი.
66 . მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
67 . მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, სახედრები - ექვსი ათას შვიდას ოცი.
68 . როდესაც მოვიდნენ საგვარეუ-ლოს თავკაცები უფლის სახლში, რომელიც იერუსალიმშია, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე,
69 . შეძლებისამებრ სამუშაო საქმიანობისთვის საგანძურს შემატეს: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
70 . და დასახლდნენ: მღვდლები, ლევიანები, მგალობლები, კარისმცველნი, ტაძრის მსახურნი და ხალხის ნაწილი იერუსალიმის ახლოს თავ-თავიანთ ქალაქებში და მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში.
1 . ქალაქის გალავანი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარიბჭისმცველები, მგალობლები და ლევიანები გავამწესე.
2 . ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.
3 . ვუბრძანე, მზის დაცხუნებამდე არ გაეღოთ იერუსალიმის კარიბჭენი და მანამდე დაეკეტათ და ჩაერაზათ კარნი, სანამ საგუშაგოზე იდგებოდნენ! მცველებად იერუსალიმის მკვიდრნი დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თავისი სახლის წინ.
4 . დიდი და ვრცელი იყო ქალაქი, თუმცა ხალხი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
5 . გულში ჩამიდო ჩემმა ღმერთმა და შევკრიბე დიდებულები, მთავრები და ხალხი საგვარტომო ნუსხის შესადგენად. ვიპოვე იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნი; მასში ჩაწერილი იყვნენ:
6 . ოლქში დამკვიდრებულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ტყვეობიდან წამოვიდნენ და იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდნენ - თითოეული თავის ქალაქში.
7 . ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანთან ერთად ამოვიდნენ, ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი იყო:
8 . ფარყოსის ძენი - ორიათას ას სამოცდათორმეტი;
9 . შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი;
10 . არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი;
11 . ფახათ-მოაბის, იეშუასა და იოაბის ძენი - ორიათას რვაას თვრამეტი;
12 . ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
13 . ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი;
14 . ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი;
15 . ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა;
16 . ბებაის ძენი - ექვსას ოცდარვა;
17 . ყაზაგიდის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი;
18 . ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი;
19 . ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი;
20 . ყადინის ძენი - ექვსას ორმოცდათხუთმეტი;
21 . ატერის ძენი ხიზკიაჰუს სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი;
22 . ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა;
23 . ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი;
24 . ხარიფის ძენი - ას თორმეტი;
25 . გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი;
26 . ბეთლემის და ნეტოფას მკვიდრნი - ას ოთხმოცდარვა;
27 . ყანათოთის მკვიდრნი - ას ოცდარვა;
28 . ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი - ორმოცდაორი;
29 . კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი - შვიდას ორმოცდასამი;
30 . რამას და გებაყის მკვიდრნი - ექვსას ოცდაერთი;
31 . მიქმასის მკვიდრნი - ას ოცდაორი;
32 . ბეთელისა და ჰაღაის მკვიდრნი - ას ოცდასამი;
33 . ნებო-ახერის მკვიდრნი - ორმოცდათორმეტი;
34 . ყელამ-ახერის მკვიდრნი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
35 . ხარიმის ძენი - სამას ოცი;
36 . იერხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი;
37 . ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი;
38 . სენაყას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი.
39 . მღვდლები: იედაყიას ძენი, იეშუას სახლეულიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი;
40 . იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი;
41 . ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი;
42 . ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.
43 . ლევიანნი: იეშუას ძენი, კადმიელის სახლეულიდან, ჰოდევას ძენი - სამოცდათოთხმეტი.
44 . მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვა;
45 . კარიბჭის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი.
46 . ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,
47 . კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,
48 . ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი,
49 . ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,
50 . რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,
51 . გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი,
52 . ბესაიას ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი,
53 . ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,
54 . ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,
55 . ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი,
56 . ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
57 . სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას,
58 . იაყალას, დარკონის, გიდელის,
59 . შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამონის შთამომავალნი.
60 . სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი - სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
61 . ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან ამოსულნი, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამის სახლსა და შთამომავლობის შესახებ - ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი:
62 . დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.
63 . მღვდელთაგან ძენი ხობაიასი, ჰაკოცისა და ბარზილაისა, რომელმაც ცოლი გილყადელი ბარზილაის ასულთაგან მოიყვანა და მათი სახელით იწოდებოდა.
64 . ესენი ეძებდნენ თავის საგვარტომო ნუსხის ჩანაწერებს, ვერ იპოვეს და გადაყენებულ იქნენ მღვდლობიდან.
65 . უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდისგან, ვიდრე აღდგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
66 . ერთად მთელი კრებული, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი კაცი იყო.
67 . გარდა თავიანთი მონებისა და მხევლებისა, რომლებიც შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ და ორას ორმოცდახუთი მგალობელი კაცისა და ქალისა.
68 . ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი და ორას ორმოცდახუთი ჯორი,
69 . ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსიათას შვიდას ოცი სახედარი.
70 . ზოგიერთმა, მამისსახლთა თავკაცთაგან, შემოწირულობა გაიღო საქმისთვის: განმგებელმა საგანძურისთვის ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი გაიღო.
71 . მამისსახლთა თავკაცთაგანაც, ოციათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი გაიღეს საგანძურისთვის.
72 . დანარჩენმა ხალხმა კი, ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი გაიღო.
73 . მკვიდრობდნენ მღვდლები, ლევიანნი, კარიბჭისმცველნი, მგალობელნი, დანარჩენი ხალხი, ტაძრის მსახურნი ანუ ნეთინელნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. მეშვიდე თვემაც მოაწია და თავის ქალაქებში იყვნენ ისრაელის ძენი.
1 . ესენი არიან ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იეშუასთან ერთად რომ ამოვიდნენ იერუსალიმს: შერაია, იერემია, ეზრა,
2 . ამარია, მალუქი, ხატუში,
3 . შექანია, რეხუმი, მერემოთი,
4 . ყიდო, გინთოი, აბია,
5 . მიამინი, მაყადია, ბილგა,
6 . შემაყია, იოარიბი, იედაყია,
7 . სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია - ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იეშუას დღეებში.
8 . ლევიანები: იეშუა, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანი თავის ძმებთან ერთად სამადლობელ საგალობლებს ხელმძღვანელობდა.
9 . ბაკბუკია და ყუნი თავის ძმებთან ერთად მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.
10 . იეშუამ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი და ელიაშიბმა შვა იოიადაყი,
11 . იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა - იადუაყი.
12 . იოაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიასთან - მერაია, იერემიასთან - ხანანია,
13 . ეზრასთან - მეშულამი, ამარიასთან - იეჰოხანანი,
14 . მელიქუსთან - იონათანი, შებანიასთან - იოსები,
15 . ხარიმთან - ყადნა, მერაიოთთან - ხელკაი,
16 . ყიდოსთან - ზაქარია, გინეთონთან - მეშულამი,
17 . აბიასთან - ზიქრი, მინიამინის ძე და მოადიასთან - ფილტაი,
18 . ბილგასთან - შამუაყი, შემაყიასთან - იეჰონათანი,
19 . და იოარიბთან - მათენაი, იეადაყიასთან - ყუზი,
20 . სალაისთან - კალაი, ყამოკთან - ყებერი,
21 . ხილკიასთან - ხაშაბია, იედაყიასთან - ნეთანელი.
22 . ლევიანები: ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში მამისსახლთა თავკაცებად იქნენ ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობისას.
23 . ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
24 . ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იეშუა კადმიელის ძე და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე იდგნენ, რათა რიგრიგობით ექოთ და მადლიერება აღევლინათ დავითის, ღვთისკაცის ბრძანებისამებრ.
25 . მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი და ყაკუბი კარისმცველები იყვნენ და კარიბჭეთა საკუჭნაოებს დარაჯობდნენ.
26 . ესენი იყვნენ იოაკიმ იეშუას ძის, იოცადაკის ძის, ნეემია განმგებლის, ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში.
27 . იერუსალიმის კედლის კურთხევისას, დაძებნეს ლევიანები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იერუსალიმში მოსაყვანად, რათა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით ეზეიმათ კედლის კურთხევა.
28 . და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან.
29 . ბეთ-გილგადიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველებიდან, რადგან სოფლები ჰქონდათ გაშენებული მგალობლებს იერუსალიმის სანახებში.
30 . განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმიდეს ხალხი, კარიბჭეები და კედელი.
31 . კედელზე ავიყვანე იუდას მთავრები და დავაყენე ორი დიდი გუნდი, რომლებიც მადლობას სწირავდნენ და მარჯვენა მხარეს მიუყვებოდნენ სანაგვის კარიბჭისკენ.
32 . მათ უკან მიჰყვებოდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
33 . ყაზარია, ეზრა და მეშულამი,
34 . იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია,
35 . და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია ძე იონათანისა, შემაყიასი, მათანიასი, მიქაიასი, ზაქურისა, ასაფისა.
36 . და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
37 . წყაროსთვალის კარიბჭიდან პირდაპირ მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალი კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით.
38 . მეორე მგალობელთა გუნდმა, მარცხენა მხრიდან დაიწყო მსვლელობა; მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე: ღუმელთა გოდოლიდან განიერ კედლამდე.
39 . ეფრემის კარიბჭეზე, ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, ხანანელის გოდოლისა და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და დადგნენ საპყრობილეს კარიბჭესთან.
40 . ღმერთის სახლთან დადგა ორივე მგალობელი გუნდი, მეც იქ ვიდექი და მთავრების ნახევარი ჩემთან ერთად.
41 . იქ იყვნენ მღვდლები - ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია საყვირებით.
42 . აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი. მგალობლები ხმამაღლა გალობდნენ იზრახიას წინამძღოლობით.
43 . დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვები. შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.
44 . იმავე დღეს განაწესეს კაცები საუნჯის ოთახებზე, შესაწირისთვის, პირველნაყოფთათვის და მეათედისთვის, რათა იქ შეეგროვებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რჯულით დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისთვის, რადგან ხარობდა იუდა, როდესაც ხედავდა მომსახურე მღვდლებსა და ლევიანებს,
45 . რომლებიც თავისი ღმერთის თაყვანისცემასა და განწმედის მსახურებას ასრულებდნენ. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, ბრძანების მიხედვით.
46 . უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ დავითისა და ასაფის დღეებში დადგინდნენ მგალობელთა წინამძღოლნი და ღმერთის მიმართ ქებისა და მადლიერების საგალობელნი.
47 . მთელი ისრაელი აძლევდა ყოველდღიურ წილს მგალობლებსა და კარისმცველებს ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში; ისინი ლევიანებს აძლევდნენ წილს, ლევიანები კი წილს აჰარონის ძეებს აძლევდნენ.
1 . დარიოსის მეფობის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მეშვეობით იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძისა და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.
3 . და იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიერ:
4 . იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
5 . ახლა კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს.
6 . ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ რწყულდებით, იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. თუ ვინმე რამეს შოულობს, გახვრეტილი ქისისთვის შოულობს.
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს!
8 . ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები - ამბობს უფალი.
9 . დიდი მოსავლის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ, აჰა, მცირედს ღებულობთ და რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი საკუთარი სახლებისკენ გარბიხართ.
10 . ამიტომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ - მოსავალი.
11 . გვალვას მოვუხმე მიწაზე, მთებზე, მარცვლეულზე, მაჭარზე, ზეთზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანებზე, საქონელსა და თქვენი ხელის მთელ ნაჯაფარზე.
12 . ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, უფალმა, მათმა ღმერთმა რომ გამოგზავნა; და შეშინდა ხალხი უფლის წინაშე.
13 . თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, - ამბობს უფალი.
14 . და აღძრა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, იესო იეჰოცადაკის ძის, მღვდელმთავრის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
15 . მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეორე წელს.
1 . მეშვიდე თვის ოცდამეერთე დღეს ასეთი სიტყვა იყო უფლისაგან, წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით:
2 . ახლა ასე ელაპარაკე ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, მღვდელმთავარ იესოს, იეჰოცადაკის ძეს და დანარჩენ ხალხს:
3 . თქვენს შორის ვინ შემორჩა, ვისაც ეს სახლი აქვს ნანახი მისი პირვანდელი დიდებისას? ახლა როგორ გიჩანთ თვალში? განა არარაობა არაა თქვენს თვალში მასთან შედარებით?
4 . ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ - ამბობს უფალი - და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო - ამბობს უფალი - იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
5 . სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას - სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!
6 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: სულ მალე კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს.
7 . შევძრავ ყველა ერს და მოვლენ ხალხთა მთელი სიმდიდრით და ავავსებ ამ სახლს დიდებით - ამბობს ცაბაოთ უფალი.
8 . ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი - ამბობს ცაბაოთ უფალი.
9 . პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე - ამბობს ცაბაოთ უფალი.
10 . მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:
11 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, შეეკითხე ახლა მღვდლებს რჯულის შესახებ:
12 . კაცმა რომ წმიდა ხორცი წაიღოს თავისი სამოსლის კალთით და შეეხოს თავისი კალთით პურს ან შეჭამანდს, ღვინოს ან ზეთს და ან სხვა ნებისმიერ საჭმელს, განიწმიდება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: არა.
13 . ჰკითხა ანგიამ: ბილწი ვინმე რომ შეეხოს ყოველივე ამას, შეიბილწება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: შეიბილწება.
14 . მაშინ მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ხალხი და ასეთია ეს ერი ჩემს წინაშე - ამბობს უფალი - ასეთია ყოველი მათი ნახელავი, რასაც შესწირავენ, ბილწია.
15 . ამ დღიდან მოყოლებული გულით დაუკვირდით იმას, რაც ადრე ხდებოდა; სანამ ქვა ქვაზე დაიდება უფლის ტაძარში;
16 . იყო დრო, მოდიოდნენ ოცძნიან ზვინთან და ათი იყო, მოდიოდნენ ორმოცდაათ საწყაულიან ქვევრთან ღვინის ამოსახაპად და ოცი ხვდებოდათ.
17 . ხორშაკითა და სეტყვით ვგვემდი თქვენს ყოველ ნაშრომს, მაგრამ არ მოიქეცით ჩემკენ - ამბობს უფალი.
18 . იმ დღიდან მოყოლებული, მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, როცა საძირკველი ჩაეყარა უფლის ტაძარს; გულით დაუკვირდით:
19 . კიდევაა ბეღელში თესლი? დღემდე არ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულსა და ზეთისხილს. ამ დღიდან კი ვაკურთხებ!
20 . თვის ოცდამეოთხე დღეს მეორედაც იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ ნათქვამი:
21 . უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევძრავ ცასა და დედამიწას!
22 . დავამხობ სამეფოთა ტახტებს და მოვსპობ წარმართთა სამეფოების სიმაგრეს! ავაყირავებ ეტლებს და მათზე მსხდომთ და დაემხობიან ცხენები და მხედრები თითოეული თავისი ძმის მახვილით.
23 . იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძევ, მსახურო ჩემო - ამბობს უფალი - და დაგადგენ შენ, როგორც ბეჭედს, ვინაიდან შენ ამოგარჩიე - ამბობს უფალი ძალთამპყრობელი!
1 . ანგელოზი, მე რომ მელაპარაკა, მობრუნდა და გამომაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.
2 . მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აჰა, მთლად ოქროს სასანთლეს ვხედავ, თავზე ფიალით - ზეთისთვის, ასევე შვიდი ლამპრითა და შვიდი საწრეტით ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა;
3 . ორი ზეთისხილის ხეა მასთან, ერთი ფიალის მარჯვნივ და ერთიც მარცხნივ.
4 . მივუგე და ვუთხარი ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს: რა არის ესენი, ბატონო?
5 . მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: განა არ იცი რა არის ესენი? ვუპასუხე: არა, ჩემო ბატონო.
6 . მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
7 . რა ხარ, დიადო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები და გამოიღებს იგი ქვაკუთხედს ტაძრისთვის შეძახილით: მადლი, მადლისა წილ!
8 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
9 . ზერუბაბელის ხელმა დააფუძნა ეს სახლი და მისი ხელივე დაასრულებს! და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა, წარმომგზავნა თქვენთან.
10 . რადგან ვინ მოიძულა მცირე წამოწყების დღე? გაიხარებენ ისინი, რადგან იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში - ეს უფლის შვიდი თვალია, ისინი გადასწვდებიან მთელ ქვეყნიერებას.
11 . მივუგე და ვკითხე: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
12 . მეორედაც მივმართე და ვკითხე: რა არის ეს ორი რტო ზეთისხილისა, საიდანაც ოქროს ორი საწრეტით იღვრება ოქრო?
13 . მიპასუხა: განა არ იცი, რა არის ეს? ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო!
14 . მითხრა: ეს არის ორი ცხებული, რომელიც მთელი ქვეყნიერების ბატონის წინაშე დგას.
1 . წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 . აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 . იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 . რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
5 . სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 . იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 . სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 . ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 . ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 . ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
11 . იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
12 . ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
13 . ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14 . აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
15 . ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
16 . იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
17 . ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
18 . იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
19 . იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
20 . ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
21 . გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
22 . ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
23 . "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
24 . ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 . და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
1 . ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
2 . ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3 . დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
4 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5 . ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
6 . და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”. .
7 . ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
9 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
10 . და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
11 . ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
12 . მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
13 . ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
14 . ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
15 . ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო.
16 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
17 . მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
18 . ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20 . ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
21 . როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
22 . და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
23 . თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24 . მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
25 . მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26 . მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
27 . იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28 . მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29 . იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
30 . სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
31 . მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32 . იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33 . ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34 . იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
35 . სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
36 . კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
37 . მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
38 . ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.
1 . 1. დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით. 2. მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ. 3. ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ: 4. ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას? 5. მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა, 6. და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ. 7. პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში. 8. მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით; 9. ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება. 10. მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს? 11. ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას. 12. ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 13. ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა. 14. როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს. 15. სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. 16. მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება. 17. ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს. 18. ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას. 19. მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა. 20. აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია: 21. თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ. 22. მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი: 23. კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე. 24. სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან. 25. უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს. 26. ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე. 27. ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე. 28. კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის. 29. ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ. 30. რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის. 31. ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს. 32. ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში. 33. მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით.