1 . "გააკეთე სამსხვერპლო კეთილსურნელების საკმევად. აკაციის ხისგან გააკეთე იგი.
2 . იყოს მისი სიგრძე და სიგანე ერთი წყრთა; ოთხკუთხედი იყოს, სიმაღლე - ორი წყრთა; მისგანვე უნდა გამოდიოდეს რქები.
3 . წმიდა ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
4 . გაუკეთე ორი ოქროს რგოლი გვირგვინის ქვემოთ, ორივე ფერდზე, ორთავე მხარეს გაუკეთე, კეტების გასაყრელად ექნება, რათა მისი მეშვეობით ატაროთ.
5 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი.
6 . მოათავსე იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობანთან, მოწმობის კიდობნის სარქვლის პირდაპირ, იქ, სადაც მე გამოგეცხადები.
7 . და აკმიოს მასზე აჰარონმა სურნელოვანი საკმეველი, დილაობით აკმიოს, როცა გაამზადებს ლამპრებს.
8 . როცა აანთებს აჰარონი ლამპრებს მწუხრის ჟამს, მაშინ აკმიოს. მუდმივი საკმეველია ეს უფლის წინაშე, თაობიდან თაობამდე.
9 . არ მიაკაროთ უცხო საკმეველი, არც სრულადდასაწველი, არც პურეული ძღვენი; ნურც საღვრელ შესაწირს დაღვრით მასზე.
10 . აღასრულებს აჰარონი გამოსყიდვას მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლით გამოისყიდის იგი წელიწადში ერთხელ, თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდაა იგი უფლისთვის”.
11 . უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "როცა აღრიცხავ ისრაელიანებს მათი რაოდენობის დასადგენად, მაშინ მისცეს უფალს თითოეულმა თავისი თავის გამოსასყიდი, რათა არ გაჩნდეს სენი აღრიცხვის ჟამს.
13 . და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი - უფლისათვის შესაწირად.
14 . ყველამ, ვინც აღრიცხვას გაივლის, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირი უფალს.
15 . მდიდარმა არ მოუმატოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, როცა შესწირავთ უფალს თქვენი თავების გამოსასყიდად.
16 . აკრიფე გამოსასყიდი ფული ისრაელიანთაგან და გაეცი საკრებულო კარვის სამსახურისთვის, რათა იყოს იგი ისრაელიანთათვის გასახსენებლად უფლის წინაშე, თქვენი თავების გამოსასყიდად”.
17 . უთხრა უფალმა მოსეს:
18 . "გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად, დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
19 . და განიბანონ მასში აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები.
20 . წყლით განიბანონ საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ; ან, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ უფლისთვის საცეცხლო შესაწირის საკმევად.
21 . განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "აიღე საუკეთესო ნელსაცხებელნი: ხუთასი შეკელი თხევადი მური, მისი ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი და ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი.
24 . საწმიდრის ხუთასი შეკელი კასია და ჰინი ზეითუნის ზეთი.
25 . და დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა ზეთი საცხებლად, შენელებული მენელსაცხებლის ოსტატობით: წმიდა ზეთი იქნება ეს.
26 . და სცხე იგი საკრებულო კარავსა და მოწმობის კიდობანს,
27 . მაგიდას და ყოველ მის ჭურჭელს, სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,
28 . სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.
29 . გაწმიდე ისინი და გახდება წმიდათა წმიდა; და ყოველივე, რაც შეეხება, წმიდა გახდება.
30 . სცხე აჰარონსა და მის ძეებს და განწმიდე ისინი ჩემთვის სამსახურებლად.
31 . ისრაელიანებს კი ასე უთხარი: იქნება ეს ჩემთვის წმიდა საცხები ზეთი თაობიდან თაობამდე.
32 . ადამიანის სხეულს არ მიეცხოს და ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ. წმიდაა იგი, წმიდად უნდა დარჩეს თქვენთვის.
33 . ვინც მის მსგავს ნაზავს დაამზადებს და გარეშე კაცს სცხებს, მოიკვეთოს თავისი ერისგან”.
34 . უთხრა უფალმა მოსეს: "აიღე სურნელებანი - შტახსი, ონიქსი, ქელბანა და კეთილსურნელებანი წმიდა გუნდრუკთან ერთად. თითოეული თანაბარი წონის იყოს.
35 . და დაამზადე მისგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ოსტატობით, მარილით შეზავებული, ხალასი და წმიდა.
36 . წვრილად დანაყე და დადე საკრებულო კარავში მოწმობის კიდობნის წინ, სადაც გამოგეცხადებით: წმიდათა წმიდა უნდა იყოს ეს თქვენთვის.
37 . თქვენთვის ნუ გაიკეთებთ საკმეველს ასეთივე ნაზავით: წმიდად შეინახეთ იგი უფლისთვის.
38 . ვინც დაიმზადებს მის მსგავსს საყნოსად, მოიკვეთოს თავისი ერისგან”.
1 . როცა ვინმე პურეულ მსხვერპლს სწირავს უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დაადოს.
2 . და მიიტანოს აჰარონის ძეებთან, მღვდლებთან; აიღოს სავსე პეშვი გამტკიცული ფქვილი, ზეთი საკმეველთან ერთად და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი* წილი სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
3 . მონარჩენი კი პურეული ძღვენიდან, აჰარონისა და მისი ძეებისთვის იყოს; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4 . თუ თონეში გამომცხვარ პურს შესწირავ მსხვერპლად, გამტკიცული, უსაფუარო, ზეთში აზელილი ფქვილისგან იყოს პურები და ფუნთუშები, უსაფუარო და ზეთნაცხები.
5 . თუ შენი შესაწირი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული, ზეთში აზელილი, უსაფუარო ფქვილისგან უნდა იყოს.
6 . დააქუცმაცე და ზეთი მოასხი; ესაა პურეულის შესაწირი.
7 . თუ ქვაბიდანაა შენი პურეულის შესაწირი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილით უნდა მომზადდეს.
8 . მიიტანე ამათგან უფლისთვის გაკეთებული ძღვენი, წარუდგინე იგი მღვდელს და შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
9 . აიღებს მღვდელი ძღვენისგან მის მოსაგონარ წილს და დააკმევს სამსხვერპლოზე; საცეცხლო შესაწირია ეს, საამო კეთილსურნელება უფლისთვის.
10 . პურეული ძღვენიდან მონარჩენი აჰარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ეს უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
11 . პურეულის არცერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისთვის.
12 . პირველნაყოფთა მსხვერპლად შესწირეთ ისინი უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანოთ საამო კეთილსურნელებად.
13 . შეაზავე მარილით ყოველი პურეული ძღვენი, ნუმც მოგეკლოს შენი ღმერთის აღთქმის მარილი შენი ძღვენისთვის: ყოველ შენს შესაწირთან ერთად შესწირე მარილი.
14 . თუ პირველმოწეულ თავთავთაგან შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს, ცეცხლზე მოხალული მარცვალი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
15 . დაასხი ზეთი და დაადე საკმეველი: ესაა პურეულის შესაწირი.
16 . დააკმიოს მღვდელმა დაღერღილი და ზეთიანი მარცვლების მოსაგონარი წილი მთელ საკმეველთან ერთად. ესაა საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.
1 . "თუ შესცოდა ვინმემ იმით, რომ გაიგონა ფიცის ხმა ან მოწმე იყო, ან იხილა, ან იცოდა და არ განაცხადა, იტვირთებს ცოდვას.
2 . ან ვინმე, რომ შეეხოს რაიმე უწმინდურ საგანს, არაწმიდა ცხოველის მძორს ან არაწმიდა საქონლის მძორს, ან არაწმიდა ქვეწარმავლის მძორს, რომც არ იცოდეს ეს, იგი მაინც არაწმიდა და დამნაშავეა.
3 . ან რომ შეეხოს ადამიანის უსუფთაობას, რა უსუფთაობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი და ეს არ იცოდეს მან, როდესაც გაიგებს ამას - დამნაშავეა.
4 . ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით და ეს დაფარული იყო მისგან და მერე გაიგებს, დამნაშავეა იგი ერთ-ერთ მათგანში.
5 . და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ მათგანში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა.
6 . და მიუყვანოს უფალს დანაშაულის მსხვერპლი ჩადენილი ცოდვის გამო, დედალი ცხვარი ან თიკანი ცოდვის მსხვერპლად და შესწირავს მღვდელი ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.
7 . და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს უფლისთვის მსხვერპლად, თავისი ცოდვის გამოსასყიდად, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე - სრულადდასაწველად.
8 . მიიტანოს ისინი მღვდელთან; და ჯერ ცოდვისთვის შესაწირი შესწიროს მღვდელმა; კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს;
9 . მიასხუროს სამსხვერპლოს კედელს ცოდვისთვის შესაწირის სისხლი, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაწრიტოს: ეს ცოდვისთვის შესაწირია.
10 . მეორე კი წესისამებრ უნდა გაამზადოს სრულადდასაწველად და გამოისყიდის მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა და ეპატიება.
11 . და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს შესაწირად, რადგან შესცოდა, გამტკიცული პურის ფქვილის ეფის მეათედი ნაწილი; არ დაასხას მასზე ზეთი და ნუ დაადებს გუნდრუკს, რადგან ეს ცოდვისგან განსაწმედი შესაწირია.
12 . მიიტანოს იგი მღვდელთან; აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვი, როგორც მოსაგონარი ნაწილი და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირად: ეს ცოდვისთვის შესაწირია.
13 . და გამოისყიდის მღვდელი ცოდვიდან, რითაც შესცოდა და ეპატიება; რაც დარჩება მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი”.
14 . ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
15 . "თუ ვინმე დააშავებს და უნებლიეთ შესცოდავს უფლისთვის მიძღვნილის წინააღმდეგ, შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი დანაშაულის გამოსასყიდად. შენი შეფასებით, ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის შესაწირად.
16 . და რომელი სიწმიდის მიმართაც შესცოდა, გადაიხადოს და მეხუთედიც დაუმატოს და მისცეს მღვდელს; და გამოისყიდის მღვდელი მის დანაშაულს ვერძით - გამოსასყიდი შესაწირით, და მიეტევება.
17 . და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო და არ იცოდა, დამნაშავეა იგი და თავის ცოდვას ატარებს.
18 . მიიტანოს მღვდელთან უნაკლო ვერძი წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულის შესაწირად; და გამოისყიდის მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა და ეპატიება.
19 . დანაშაულის შესაწირია ეს უფლის წინაშე, რა დანაშაულიც ჩაიდინა”.
1 . და უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "თუ შესცოდავს ვინმე, იმუხთლებს უფლის წინაშე და უპატიოსნოდ მოექცევა თავის მოყვასს, უარს იტყვის შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან მოსტაცებს რასმე, ან გაძარცვავს თავის მოყვასს;
3 . ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ან ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი სჩადის და სცოდავს;
4 . თუ ასე მოიქცა და დადანაშაულდა, დაე დააბრუნოს მიტაცებული, რაც მიიტაცა, ან გაძარცვული, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა.
5 . ნებისმიერი რამ, რისთვისაც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა აანაზღაუროს და მეხუთედიც დაუმატოს იმას, ვისაც ეკუთვნის, მისი დანაშაულის აღიარების დღეს.
6 . თვითონ კი მიიტანოს უფალთან ფარის უნაკლო ვერძი, შენი შეფასებით, როგორც დანაშაულის შესაწირი მღვდელთან.
7 . გამოისყიდის მას მღვდელი უფლის წინაშე და ეპატიება მას ყოველივე, რაშიც დადანაშაულდა”.
8 . უთხრა უფალმა მოსეს:
9 . "უბრძანე აჰარონსა და მის ძეებს: ეს არის-თქო სრულადდასაწველის რჯული: სამსხვერპლოს კოცონზე უნდა იდოს მთელი ღამე, დილამდე; მუდმივად ენთოს მასზე სამსხვერპლოს ცეცხლი.
10 . შეიმოსოს მღვდელმა სელის სამოსელი და ქვედა საცვალიც სელისვე ჩაიცვას, აიღოს ფერფლი სამსხვერპლოდან, სადაც სრულადდასაწველი დაწვა ცეცხლმა და მიუდოს იგი სამსხვერპლოს.
11 . გაიხადოს სამოსელი, სხვა ჩაიცვას და გამოიტანოს ფერფლი სუფთა ადგილზე, ბანაკის გარეთ.
12 . ენთოს ცეცხლი სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; შეუკეთოს მღვდელმა შეშა ყოველ დილით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი და ზედვე დააკმიოს სამშვიდობო შესაწირის ქონი.
13 . მუდმივად გიზგიზებდეს ცეცხლი სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.
14 . ეს არის პურეული ძღვენის რჯული: აჰარონის ძეებმა შესწირონ იგი უფალს, სამსხვერპლოს წინ.
15 . აიღოს მისგან პეშვით პურეული ძღვენის გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი, რომელიც პურეულის ძღვენზეა და დააკმიოს სამსხვერპლოზე მისი მოსაგონარი წილი, საამო კეთილსურნელებად უფლისთვის.
16 . მისგან მონარჩენი კი აჰარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეიჭამოს, საფუარის გარეშე.
17 . საფუარით ნუ გამოცხვება იგი, მე მივეცი მათ ჩემი წილი სრულადდასაწველი შესაწირისგან, წმიდათა წმიდაა იგი, როგორც ცოდვისა და დანაშაულის შესაწირი.
18 . აჰარონის შთამომავალთაგან ყოველ მამაკაცს აქვს უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან ჭამის უფლება, სამარადისო წესია ეს თქვენთვის და ყოველი, ვინც მათ შეეხება, განიწმინდება”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს:
20 . "ესაა აჰარონისა და მისი ძეების შესაწირი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისა - მუდმივ ძღვნად; ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს.
21 . ტაფაზე, ზეთში უნდა მომზადდეს, შეკაზმული, ნამცხვრის წილობებად, პურეულის ძღვენივით საამო კეთილსურნელებად შესწიროს იგი უფალს.
22 . აჰარონის ძეთაგან, მის მაგიერ ცხებულმა მღვდელმა, უნდა შეასრულოს ეს. სამარადისო წესად გქონდეთ. მთლიანად უფლისთვის უნდა დაეკმიოს იგი.
23 . მღვდლის ყოველი პურეული შესაწირი მთლიანად დაეკმიოს, არ შეიჭამოს”.
24 . უთხრა უფალმა მოსეს:
25 . "უთხარი აჰარონსა და მის ძეთ: ეს არის-თქო ცოდვის მსხვერპლის რჯული: იმ ადგილზე დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე; წმიდათა წმიდაა იგი.
26 . მღვდელს, რომელმაც ცოდვისთვის შესწირა, შეუძლია შეჭამოს იგი; წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში.
27 . ყველა, ვინც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება; როცა მისი სისხლიდან სამოსელს მიესხურება, გარეცხოს იგი, სადაც მიესხურება, წმიდა ადგილზე.
28 . თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი იხარშებოდა, დაიმსხვრეს; ხოლო, თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, მაშინ საგულდაგულოდ გამოიწმიდოს იგი და წყალი გამოევლოს.
29 . მღვდლების შვილთაგან ყოველ მამაკაცს შეუძლია ჭამოს მისგან. წმიდათა წმიდაა იგი.
30 . ცოდვის ყოველი შესაწირი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში გამოსასყიდად, არ შეიჭამოს: ცეცხლზე დაიწვას.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, მოგართვან ზეთისხილის დაწურული, სუფთა ზეთი, გასანათებლად, რათა მუდმივად ენთოს ლამპარი.
3 . საკრებულო კარავში, მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ დადგას იგი აჰარონმა, უფლის წინაშე მუდმივ განათებად საღამოდან დილამდე; სამარადისო წესად იქონიეთ ეს თაობიდან თაობამდე.
4 . მუდმივად სუფთა სასანთლეზე განალაგოს ლამპრები უფლის წინაშე.
5 . აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი; ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.
6 . ორ წყებად დააწყვე ისინი უფლის წინაშე, ექვს-ექვსი, სუფთა ოქროს მაგიდაზე.
7 . სუფთა საკმეველი დადე თითოეულ წყებაში და იქნება პური მოსახსენებლად, უფლისთვის შესაწირად.
8 . ყოველ შაბათს, მუდმივად დაალაგონ ისინი უფლის წინაშე, ისრაელის ძეთაგან მარადიულ აღთქმად.
9 . შეჭამენ მას აჰარონი და მისი ძენი წმიდა ადგილზე, ვინაიდან წმიდათა წმიდაა ეს, უფლის სრულადდასაწველ შესაწირთაგან. მარადიული წესია ეს”.
10 . და გამოვიდა ძე ისრაელი ქალისა, მამით ეგვიპტელი, ისრაელის ძეთა შორის და წაეკიდნენ ერთმანეთს ბანაკში ისრაელიანი ქალის შვილი და ისრაელის ძენი.
11 . ჰგმო ისრაელიანი ქალის ძემ, დაწყევლა უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან; დედამისს შელომითი ერქვა, დიბრის ასული იყო იგი, დანის ტომიდან.
12 . და ჩასვეს ძე საპყრობილეში, სანამ უფლის ბრძანებით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
13 . უთხრა უფალმა მოსეს:
14 . ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა.
15 . ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც დაწყევლის თავის ღმერთს, ცოდვას იტვირთავს.
16 . უსათუოდ მოკვდეს უფლის სახელის ყოველი მგმობელი, ჩაქოლოს ის მთელმა კრებულმა, ხიზანი იქნება თუ მკვიდრი, უნდა მოკვდეს უფლის სახელის გმობისთვის!
17 . კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
18 . ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს: პირუტყვი - პირუტყვის წილ.
19 . თუ ვინმე მოყვასს დაასახიჩრებს, ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ მოიქცა.
20 . მოტეხილობა მოტეხილობის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ: როგორც ის დაასახიჩრებს ადამიანს, ისევე მოექეცით მას.
21 . ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს იგი, კაცის მკვლელი კი უნდა მოკვდეს.
22 . ერთნაირი სამართალი გქონდეთ, როგორც ხიზნის, ისე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
23 . ეს უთხრა მოსემ ისრაელიანებს; გაიყვანეს მაწყევარი ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს. ყველაფერი აღასრულეს ისრაელის ძეთ, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
3 . ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
4 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
7 . აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
8 . თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
9 . ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
10 . თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
11 . და უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
13 . დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
14 . მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
15 . დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
16 . მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
17 . აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
18 . დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
19 . დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
20 . ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
21 . წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
22 . შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
23 . ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
24 . დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
25 . აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
26 . აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
27 . როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
28 . ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29 . ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
30 . ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
31 . და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "გააკეთე ნაჭედი ვერცხლის ორი საყვირი, თემის შესაკრებად და ბანაკთა ასაყრელად გქონდეს ისინი.
3 . როდესაც ჩაჰბერავენ მათ, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეიკრიბება მთელი თემი,
4 . თუ ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შენთან შეიკრიბებიან მთავარნი, თავკაცნი და ისრაელის ათასისთავნი.
5 . როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავენ, დაიძრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით არიან დაბანაკებულნი.
6 . როდესაც მეორედ ჩაჰბერავენ საგანგაშოს, დაიძვრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით ბანაკობენ; საგანგაშო ჩაჰბერონ მათი დაძვრისთვის.
7 . თემის შესაკრებადაც ჩაჰბერეთ, ოღონდ არა საგანგაშო.
8 . აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.
9 . როცა თქვენსავე ქვეყანაში გახვალთ საბრძოლველად მტრის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშო; რათა იყოთ გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და დახსნილნი თქვენი მტრებისგან.
10 . თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე და ყოველი თვის დასაწყისში, ჩაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამშვიდობო შესაწირებზე; იქნება ეს თქვენთვის სამახსოვროდ თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
11 . მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან.
12 . დაიძრნენ ისრაელის ძენი სინაის უდაბნოდან; და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
13 . დაიძრნენ პირველად, მოსეს მეშვეობით გადაცემული უფლის ბრძანებით.
14 . პირველი დაიძრა იუდას ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი მეთაური იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე.
15 . ისაქარის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნათანელი, ცუყარის ძე.
16 . ზებულონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ხელონის ძე.
17 . დაშალეს სავანე და ამის მერე დაიძრნენ გერშონისა და მერარის ძენი, სავანის მზიდველნი.
18 . დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი ლაშქრის მეთაური იყო ელიცური, შედეურის ძე.
19 . სიმონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ცურიშადაის ძე.
20 . გადის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, რეღუელის ძე.
21 . შემდეგ დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდრის მზიდველნი; რათა სავანე მათ მისვლამდე ყოფილიყო აღმართული.
22 . დაიძრა ეფრემის ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე.
23 . მენაშეს ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ფედაცურის ძე.
24 . ბენიამინის ტომის ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, გედეონის ძე.
25 . შემდეგ დანის ძეთა ბანაკის დროშა დაიძრა, თავისი ლაშქრით - ეს ბანაკი ყოველთვის ზურგს ამაგრებდა, მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ყამიშადაის ძე.
26 . აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ყაქრანის ძე.
27 . ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყ ყენანის ძე.
28 . ასეთი იყო ისრაელიანთა ლაშქართა წყობა, როცა დაიძრებოდნენ ხოლმე.
29 . უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: "ჩვენ იმ ადგილისკენ მივემგზავრებით, რომელიც უფალმა აღგვითქვა მოსაცემად. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთეს შეპირდა უფალი ისრაელს”.
30 . უპასუხა: "არ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში დავბრუნდები”.
31 . უთხრა მოსემ: "ნუ მიგვატოვებ, ვინაიდან იცი შენ, როგორ უნდა დავიბანაკოთ უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
32 . თუ გამოგვყვები, რა სიკეთესაც მოგვმადლებს უფალი, იმავე სიკეთეს შენც გაგიზიარებთ”.
33 . დაიძრნენ უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე და მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე მიდიოდა უფლის აღთქმის კიდობანი, რათა დასასვენებელი ადგილი აღმოეჩინა მათთვის.
34 . ფარავდა მათ დღისით უფლის ღრუბელი, ბანაკიდან მათი დაძვრისას.
35 . როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: "აღსდექ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისგან”.
36 . როცა ჩერდებოდა კიდობანი, იტყოდა: "დაბრუნდი, უფალო, ისრაელთა მრავალ ათასეულთან”.
1 . და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეებისთვის და მერე კი შეუერთდები შენს ხალხს”.
3 . უთხრა მოსემ ხალხს: "შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის”.
4 . ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან უნდა გაგზავნოთ ომში.
5 . ყოველი ტომიდან ათას-ათასი იქნა წარგზავნილი, ისრაელიანთა ათასეულებიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული მეომარი.
6 . და წარგზავნა მოსემ საბრძოლველად, ათას-ათასი თითოეული ტომიდან და ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე მათთან ერთად, წმიდა ჭურჭლით და საყვირებით ხელში.
7 . გაილაშქრეს მიდიანელთა წინააღმდეგ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მოკლეს ყველა მამაკაცი;
8 . და სხვებთან ერთად მიდიანის მეფეებიც ამოხოცეს: ევი და რეკემი, ცური, ჰური და რებაყი - მიდიანის ხუთი მეფე და ბილყამ ბეყორის ძეც მოკლეს მახვილით.
9 . და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები თავიანთ ბავშვებთან ერთად; მთელი მათი საქონელი, მათი ფარები და მთელი ქონება დაიტაცეს.
10 . გადაწვეს ყველა მათი საცხოვრებელი ქალაქი და ყოველი მათი ბანაკი.
11 . გამოიყოლეს მთელი ნადავლი და ნაძარცვი, ადამიანიდან პირუტყვამდე.
12 . წამოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანეს გასწვრივ, იერიხოსთან.
13 . გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი ბანაკის გარეთ, მათ შესახვედრად.
14 . და განრისხდა მოსე ჯარის სარდლებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომლებიც საომარი ლაშქრობიდან მობრუნდნენ.
15 . უთხრა მათ მოსემ: "რად დატოვეთ ცოცხალი ყველა ქალი?
16 . განა, ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი? რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვრელი სენი მოედო უფლის კრებულს?
17 . ახლა მოკალით ყოველი მამრი ბავშვი და ყოველი ქალი, რომელმაც შეიცნო მამაკაცი მასთან დაწოლით.
18 . ხოლო ყოველი მდედრი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მასთან დაწოლით, ცოცხლად დაიტოვეთ.
19 . და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.
20 . ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.
21 . უთხრა ელეაზარ მღვდელმა ბრძოლაში მონაწილე მეომრებს: "აი რჯულის დადგენილება, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს:
22 . ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია,
23 . ყოველი ცეცხლგამძლე საგანი, ცეცხლში გაატარეთ და განიწმიდება, მაგრამ დამატებით, განმწმედი წყლით უნდა განიწმიდოს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყლით განწმიდეთ.
24 . გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
25 . უთხრა უფალმა მოსეს:
26 . "აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ, ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა.
27 . თანაბრად გაყავით ნადავლი ომში გამსვლელ მეომართა და დანარჩენ თემს შორის.
28 . ხარკი აკრიფეთ უფლისთვის ბრძოლაში გასულ მეომართაგან: კაცთაგან, მსხვილფეხა საქონელთაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონელთაგან - თითო ყოველი ხუთასიდან.
29 . აიღე მათი ნახევარი და ელეაზარ მღვდელს მიეცი უფლისთვის აღსავლენად.
30 . ისრაელის ძეთა ნახევრიდან კი ორმოცდაათიდან ერთი წილი აიღე: ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისგან, სახედრებისგან, წვრილფეხა საქონლისგან, ყველა პირუტყვისგან და მიეცი ლევიანებს - უფლის სავანის მსახურებს”.
31 . და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . მეომრების მიერ დატაცებულის გარდა, ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი იყო წვრილფეხა საქონელი,
33 . მსხვილფეხა საქონელი - სამოცდათორმეტი ათასი,
34 . სახედარი - სამოცდაერთი ათასი,
35 . ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც მამაკაცი არ ჰყავდათ შეცნობილი მასთან წოლით, ყოველი სული - ოცდათორმეტი ათასი.
36 . ნახევარი - ბრძოლაში გასულთა წილი, აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი.
37 . ამ წვრილფეხა საქონლიდან უფლისთვის ხარკმა - ექვსას სამოცდათხუთმეტი შეადგინა;
38 . მსხვილფეხა საქონლიდან - ოცდათექვსმეტი ათასი და ხარკი მათგან უფლისთვის - სამოცდათორმეტი;
39 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი, მათგან ხარკი უფლისთვის - სამოცდაერთი;
40 . ადამიანი - თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისთვის - ოცდათორმეტი სული.
41 . და მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
42 . ისრაელის ძეთა კუთვნილი ნახევრისგან, რომელიც მეომრებს გამოართვა მოსემ,
43 . ეს ნახევარი თემისთვის იყო: წვრილფეხა საქონელი - სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი,
44 . მსხვილფეხა საქონელი - ოცდათექვსმეტი ათასი,
45 . სახედარი - ოცდაათი ათას ხუთასი
46 . და ადამიანი - თექვსმეტი ათასი.
47 . ორმოცდამეათედი წილი აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისგან: კაციდან პირუტყვამდე და მისცა ლევიანებს, უფლის სავანის მსახურებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
48 . და მივიდნენ მოსესთან ჯარის ათასეულთა სარდლები, ათასისთავები და ასისთავები.
49 . უთხრეს მოსეს: "აღრიცხეს შენმა მსახურებმა მებრძოლნი, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი.
50 . ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.
51 . და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ეს ოქრო, ყოველი ჭურჭელი - ოსტატურად ნაკეთები.
52 . მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.
53 . ვინაიდან თავისთვის ჰქონდათ მეომრებს დატაცებული.
54 . აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ათასისთავებისა და ასისთავების ოქრო და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სახსენებლად.