1 .
დავითისა,როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
2 .
უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
3 .
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
4 .
მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
5 .
მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.
6 .
აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
7 .
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.
8 .
განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
9 .
მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.
10 .
ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
11 .
მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
12 .
ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
13 .
შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
14 .
ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
15 .
უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
16 .
პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
17 .
მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
18 .
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
19 .
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
20 .
ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
21 .
მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
22 .
იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.