1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . და ილაპარაკეს მირიამმა და აჰარონმა მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც ცოლად მოიყვანა; რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად;
2 . თქვეს: "ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?” და გაიგონა ეს უფალმა.
3 . ყველაზე თავმდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწის ზურგზე.
4 . უთხრა უფალმა მოსეს, აჰარონსა და მირიამს მოულოდნელად: გამოდით სამივე საკრებულო კარავთან. და გავიდნენ სამივენი.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, დადგა კარვის შესასვლელთან და დაუძახა აჰარონსა და მირიამს. ორივემ წინ წაიწია.
6 . უთხრა: "ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
7 . მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.
8 . პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს - ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?”
9 . აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.
10 . აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი.
11 . უთხრა აჰარონმა მოსეს: "გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.
12 . ნუ მიემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, ნახევრადშეჭმული რომ გამოდის დედის საშოდან”.
13 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "ღმერთო, განკურნე, გევედრები!”
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "სახეში რომ მიეფურთხებინა მამამისს მისთვის, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? შვიდი დღე ჩაიკეტოს ბანაკის გარეთ და შემდეგ დაბრუნდეს”.
15 . და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით; არ დაძრულა ხალხი მირიამის დაბრუნებამდე.
1 . წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 . აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 . იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 . რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
5 . სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 . იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 . სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 . ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 . ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 . ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
11 . იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
12 . ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
13 . ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14 . აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
15 . ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
16 . იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
17 . ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
18 . იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
19 . იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
20 . ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
21 . გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
22 . ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
23 . "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
24 . ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 . და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
1 . გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 . პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
3 . უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.
4 . ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
5 . იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 . რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი,
7 . იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!”
8 . აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი.
9 . მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.
10 . ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 . ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.
12 . ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
13 . მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14 . ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 . გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
16 . სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17 . ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 . ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 . მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 . რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”
21 . ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 . პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;
23 . რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 . ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
25 . არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
27 . რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.
28 . რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
29 . და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
30 . ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
31 . რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.
32 . მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33 . ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 . ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
1 . მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
2 . რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.
3 . და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,
4 . მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,
5 . ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
6 . რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
7 . ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი.
8 . ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
9 . მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.
10 . რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
11 . და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
12 . ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,
13 . რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,
14 . თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა.
15 . მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.
16 . ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
17 . ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
18 . ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
19 . ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
20 . რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
21 . რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
1 . რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ: კაცისთვის კარგია არ გაეკაროს დედაკაცს.
2 . მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი.
3 . ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
4 . ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ცოლი.
5 . ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.
6 . ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით.
7 . ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს - ასე და ზოგს - ისე.
8 . ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ.
9 . მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.
10 . ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
11 . ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.
12 . სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;
13 . დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს.
14 . რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
15 . მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
16 . რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს?
17 . თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული - როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
18 . თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს; თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
19 . არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.
20 . თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
21 . თუ მონობაში მყოფს მოგიწოდეს, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო.
22 . ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.
23 . ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
24 . ძმებო, რა მდგომარეობაშიც იქნა მოწოდებული თითოეული, ისე დარჩეს ღმერთთან.
25 . ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
26 . ვფიქრობ, რომ ახლანდელი გაჭირვებისას ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის.
27 . თუ შეუღლებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ; ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
28 . თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით.
29 . ხოლო ამას გეტყვით ძმანო: დრო შემოკლდა, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, როგორც უცოლონი.
30 . მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
31 . ამ ქვეყნიერებით მოსარგებლენი, თითქოს სრულად არ სარგებლობენ მისით; რადგან წარმავალია ქვეყნიერების ამჟამინდელი სახე.
32 . მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს;
33 . ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს.
34 . ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
35 . ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმიტომ, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმიტომ რომ ღირსეულად მოიქცეთ და განუწყვეტლივ, დაუბრკოლებლად ემსახუროთ უფალს.
36 . თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი.
37 . ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა.
38 . ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა.
39 . ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია - გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.
40 . მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.
1 . და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.
2 . ვინაიდან ამბობს: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
3 . არაფერში არანაირად არ გაბრკოლებთ, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
4 . არამედ წარმოგიდგენთ თავებს, როგორც ღვთის მსახურნი ყველაფერში: დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
5 . ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
6 . სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,
7 . ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,
8 . დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი;
9 . ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; ვითომც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ; გვსჯიან, მაგრამ არ ვკვდებით;
10 . თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
11 . ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი - ღია.
12 . თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენს შიგნით არის სივიწროვე.
13 . ამის სანაცვლოდ კი გეუბნებით, როგორც შვილებს: თქვენც იყავით გახსნილნი.
14 . ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
15 . რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
16 . რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
17 . ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! - ამბობს უფალი - უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.
18 . ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი - ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი”.