1 . აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: "ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.
2 . ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
3 . ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება - საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
4 . მაგრამ ნუ შეჭამთ ხორციელს მის სიცოცხლესთან ერთად, რომელიც მისი სისხლია.
5 . უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.
6 . ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
7 . თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით დედამიწაზე და მომრავლდით მასზე”.
8 . და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
9 . "აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან,
10 . ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა.
11 . აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.
12 . თქვა ღმერთმა: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:
13 . ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
14 . როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა,
15 . გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე, და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
16 . გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
17 . და უთხრა ღმერთმა ნოეს: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე”.
18 . ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი.
19 . ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.
20 . დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და გააშენა ვენახი.
21 . დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22 . დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის სიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ.
23 . აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირუკუ, და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული არ დაუნახავთ თავიანთი მამის სიშიშვლე.
24 . გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25 . თქვა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!”.
26 . და თქვა: "კურთხეულია უფალი, სემის ღმერთი; მის მსახურად იყოს ქანაანი.
27 . განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს. მის მსახურად იყოს ქანაანი.
28 . იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29 . და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.
1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . უფლის მსახურის, მოსეს გარდაცვალების შემდეგ უთხრა უფალმა იეშუა ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
2 . "მოსე, ჩემი მსახური, გარდაიცვალა; ახლა ადექი და მთელ ხალხთან ერთად გადალახე იორდანე იმ ქვეყნისკენ, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეებს.
3 . და ყოველ ადგილს, რომელზეც ტერფს დაადგამთ, თქვენ გაძლევთ, როგორც ვუთხარი მოსეს:
4 . უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე, ხეთელთა მთელ ქვეყანას, დიდ ზღვამდე, მზის დასალიერამდე იქნება თქვენი საზღვარი.
5 . წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.
6 . იყავი მტკიცე და გაბედული, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ მიწას, რომელიც შევფიცე მათ მამებს მათთვის მისაცემად.
7 . ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა; ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ.
8 . და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.
9 . განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!”
10 . და ასე უბრძანა იეშუამ ხალხის ზემდგომთ:
11 . "გაიარეთ ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, საგზალი გაიმზადონ, რადგან იორდანე უნდა გადალახოთ სამი დღის შემდეგ, რომ წახვიდეთ და დაიპყროთ მიწა, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი”.
12 . რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს ასე უთხრა იეშუამ:
13 . "გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გამცნოთ მოსემ, უფლის მსახურმა: დაგასვენათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა.
14 . დარჩნენ თქვენი ცოლები, პატარები და საქონელი ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა, თქვენ კი, ყველა მამაცი მებრძოლი, იარაღასხმულნი ივლით თქვენი ძმების წინაშე და დაეხმარებით მათ,
15 . ვიდრე თქვენსავით დაასვენებდეს უფალი თქვენს ძმებს და ვიდრე ისინიც დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი, თქვენი ღმერთი. მაშინ დაუბრუნდებით და დაიმკვიდრებთ საკუთარ მიწას, რომელიც იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლისკენ მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა.
16 . და უპასუხეს იეშუას: "ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ და ყველგან, საითაც მიგვავლენ, წავალთ.
17 . როგორც მოსეს ვუსმენდით, შენც ისე მოგისმენთ; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი იყოს შენთან ისე, როგორც მოსესთან იყო.
18 . და ყოველი, ვინც ეურჩება შენს ბრძანებას და არ დაემორჩილება შენს სიტყვას, რასაც უბრძანებ, მოკვდება! ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი”.
1 . ემსახურებოდა ყრმა სამუელი უფალს ყელისთან; უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ დღეებში, ხილვები არ იყო ხშირი.
2 . ერთხელ თავის ადგილზე იწვა ყელი, დაბინდული ჰქონდა თვალები და ვეღარ ხედავდა.
3 . ღვთის ლამპარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო და იწვა სამუელი უფლის ტაძარში, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.
4 . დაუძახა უფალმა სამუელს. უპასუხა: "აქა ვარ!”
5 . მიირბინა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, დაბრუნდი და დაწექი”. წავიდა და დაწვა.
6 . კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, შვილო, დაბრუნდი და დაწექი”.
7 . არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია.
8 . მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.
9 . უთხრა ყელიმ სამუელს: "წადი, დაწექი და თუ დაგიძახებს, უთხარი: ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.
10 . მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: "სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: "ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.
11 . უთხრა უფალმა სამუელს: "აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს.
12 . იმ დღეს ავუსრულებ ყელის ყველაფერს, რაც მისი სახლეულის წინააღმდეგ წარმოვთქვი, თავიდან ბოლომდე.
13 . ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა.
14 . ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”.
15 . და იწვა სამუელი განთიადამდე; მერე კი გააღო უფლის ტაძრის კარი. ეშინოდა ყელისთვის თავისი ხილვის განდობა.
16 . მოუხმო ყელიმ სამუელს და უთხრა: "სამუელ, შვილო!” უპასუხა: "აქა ვარ!”
17 . ჰკითხა ყელიმ: "რაზე გელაპარაკა? გთხოვ, ნუ დამიმალავ, თორემ იგივეს დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუნდაც ერთი სიტყვაც რომ დამიმალო, იმ სიტყვათაგან, რასაც გელაპარაკა!”
18 . მაშინ უამბო მას სამუელმა ყოველი სიტყვა და არ დაუფარავს მისგან არაფერი. უთხრა ყელიმ: "უფალია იგი, იყოს მისი ნებისამებრ”.
19 . იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან; არ გაცუდებულა არც ერთი მისი სიტყვა;
20 . და გაიგო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი იქნა დადგენილი უფლის წინასწარმეტყველად.
21 . კვლავ ცხადდებოდა უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა თავისი სიტყვით.
1 . ფილისტიმელთა მთავრები ასეულებსა და ათასეულებს მიუძღოდნენ, ხოლო დავითი აქიშს მიჰყვებოდა თავის კაცებთან ერთად.
2 . თქვეს ფილისტიმელმა მთავრებმა: "აქ რას აკეთებენ ეს ებრაელები?” უპასუხა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: "განა არ იცნობთ დავითს, ისრაელის მეფის, საულის მსახურს? წელიწადზე მეტია ჩემთანაა და მისი მოსვლიდან დღემდე, ცუდი ვერაფერი ვპოვე მასში”.
3 . ძლიერ განრისხდნენ ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს: "გაუშვი ეგ კაცი და დაბრუნდეს ადგილზე, რომელიც მიუჩინე; ნუ წამოგვყვება ომში, რათა მტრად არ გვექცეს. რითი დაიმსახურებს თავისი ბატონის წყალობას, თუ არა ჩვენი მებრძოლების თავებით?
4 . განა ეს ის დავითი არაა, როკვისას რომ უმღეროდნენ: განგმირა საულმა ათასი, დავითმა კი - ათი ათასიო?!”
5 . მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: "ცოცხალია უფალი, უმწიკვლო ხარ; ჩემთვის მოსაწონია შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან არ შემინიშნავს შენში ბოროტება ჩემთან შენი მოსვლიდან დღემდე, მაგრამ მთავრებს არ მოუდიხარ თვალში.
6 . ახლა მშვიდობით გაბრუნდი და ფილისტიმელი მთავრების თვალში ცუდი არაფერი გააკეთო”.
7 . ჰკითხა დავითმა აქიშს: "განა ჩავიდინე ან შენიშნე შენს მსახურში რამე, დღიდან ჩემი მოსვლისა დღემდე, რომ არ წამოვიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრების წინააღმდეგ?”
8 . მიუგო მას აქიშმა: "ვიცი, რომ ღვთის ანგელოზივით კეთილი ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელ მთავრებს არ უნდათ, რომ წამოგვყვე ომში.
9 . ამიტომ დილაადრიანად ადექით შენ და შენი მებრძოლნი, რომლებიც თან გახლავს და ინათებს თუ არა, უკან გაბრუნდით”.
10 . ადრიანად ადგა დავითი თავის კაცებთან ერთად ფილისტიმელთა ქვეყანაში დასაბრუნებლად. ფილისტიმელნი კი იზრეყელში წავიდნენ.
11 . სანამ მესამე დღეს დავითი და მისი ხალხი ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან შეესივნენ ციკლაგს, შემუსრეს ციკლაგი და გადაწვეს.
1 . ესმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.
2 . ფრიად დიდი ქარავნით მივიდა იერუსალიმში: სურნელებებით, უამრავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაეტვირთათ აქლემები; ეახლა სოლომონს და ყველაფერი უთხრა, რაც გულში ჰქონდა.
3 . ყველა კითხვაზე პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი იყო დაფარული მეფისგან, რომ ვერ გაეცა პასუხი.
4 . და იხილა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე და სასახლე, რომელიც მან ააშენა;
5 . ასევე მისი სუფრის სანოვაგე, მსახურთა სადგომი, სუფრის მომსახურეთა ქცევა და მათი ჩაცმულობა, ასევე ღვინის მწდენი, მისი სრულადდასაწველნი, რომელსაც აღავლენდა უფლის ტაძარში და გაოგნდა დედოფალი;
6 . უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.
7 . არ ვუჯერებდი სიტყვებს, ვიდრე მოვიდოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი; აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია: იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.
8 . ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად დგანან შენ წინაშე და ისმენენ შენს სიბრძნეს.
9 . კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შენთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.
10 . და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს.
11 . ხირამის გემებმაც შემოიტანეს ოფირის ოქრო, დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი ქვა.
12 . სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.
13 . ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.
14 . ოქროს წონა, რომელიც წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო,
15 . იმ ოქროს გარდა, რაც მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან შემოსდიოდა.
16 . და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;
17 . ასევე ნაჭედი ოქროს სამასი ფარი: სამი მინა ოქრო დასჭირდა თითო ფარს და ლიბანის მაღნარის სახლში დააწყო ისინი მეფემ.
18 . გააკეთა მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი შემოჭედა.
19 . ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე, მომრგვალებული თხემი ჰქონდა უკან და სანიდაყვეები ერთვოდა დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან; ორი ლომი ედგა სანიდაყვეებთან.
20 . თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ასეთი რამ.
21 . მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის მაღნარის სასახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.
22 . მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ.
23 . დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.
24 . დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონის ხილვა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩადო მის გულში.
25 . თითოეულ მათგანს საჩუქრები მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე.
26 . შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებში განალაგა ისინი და თავისთან ახლოს, იერუსალიმში.
27 . ქვის ფასი დაედო ვერცხლს იერუსალიმში სოლომონის დღეებში, კედარს კი - ლეღვის ხისა, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობზე.
28 . ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები საფასურად ყიდულობდნენ მათ კევეში.
29 . ვერცხლის ექვსასი შეკელი ჯდებოდა ეგვიპტეში ეტლის შეძენა და გატანა, ას ორმოცდაათი კი - ცხენისა; ასევე ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებს.
1 . რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
2 . ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
3 . დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
4 . მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
5 . მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
6 . მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
7 . გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
8 . მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
9 . შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
10 . ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
11 . ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
12 . ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
1 . დავითისფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
2 . ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.
3 . არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
4 . გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.
5 . თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
6 . თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
7 . ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
8 . დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
1 . "აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული - სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.
2 . არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
3 . დაზიანებულ ლერწს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ერთგულებით აღასრულებს სამართალს.
4 . არ შედრკება და არ გატყდება, ვიდრე სამართალს არ დაამკვიდრებს ქვეყნად. მისი რჯულის მოლოდინში არიან ზღვისპირელნი.
5 . ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და გადამჭიმველი, განმრცობი დედამიწისა მისი ნაყოფებითურთ, ვინც სუნთქვას აძლევს მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს - მასზე მავალთ:
6 . "მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ - ერებისთვის.
7 . ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად”.
8 . "მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას - გამოკვეთილ კერპებს.
9 . აჰა, აღსრულდა პირვანდელი, ახლა კი ახალს განგიცხადებთ: მე გაუწყებთ, ვიდრე აღმოცენდება”.
10 . უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ხოტბა შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, ვინც ზღვაში ნაოსნობთ და ყველამ, რაც მასშია - კუნძულებო და მათზე მცხოვრებნო.
11 . ხმა აიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, ხმამაღლა იგალობონ სელაყის მცხოვრებლებმა და იყიჟინონ მთათა მწვერვალებიდან,
12 . დიდება მიაგონ უფალს და მისი ქება აუწყონ ზღვისპირეთში.
13 . მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.
14 . დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
15 . გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს, მთელ მათ სიმწვანეს გადავახმობ, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ, ტბებს ამოვაშრობ.
16 . ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
17 . უკან დაიხევენ და დიდად შერცხვებათ კერპებზე დაიმედებულებს, ჩამოსხმულ გამოსახულებებს რომ ეუბნებიან, ჩვენი ღმერთები ხართო.
18 . ისმინეთ ყრუებო და შეხედეთ ბრმებო, რომ დაინახოთ.
19 . ვინ არის ჩემი ხალხივით, ჩემი მსახურივით ბრმა და ყრუ - ჩემი მაცნესავით, მე რომ წარვგზავნე? ვინ არის ბრმა მსგავსად ჩემი სრულქმნილისა და ბრმა მსგავსად უფლის მსახურისა?
20 . ბევრი გინახავთ, მაგრამ არ იცავთ, ყურები ღია გაქვთ, მაგრამ არცერთს არ გესმით.
21 . თავისი სიმართლის გამო ინება უფალმა რჯულის განდიდება და მისთვის პატივის მიგება.
22 . მაგრამ გაძარცული და დარბეული ხალხია ისრაელი, მღვიმეებში გამომწყვდეულან და საპყრობილეებში გამოკეტილან; ნადავლად იქცნენ და მშველელი არა ჰყავთ, იტაცებენ და არავინ ამბობს - დააბრუნეთო!
23 . ყურს ვინ მიაპყრობს, რომ გაიგოს და ისმინოს მომავალზე?
24 . იაკობი ვინ ჩაუგდო ხელში ყაჩაღებს და ისრაელი - მძარცველებს? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? არ ვისურვეთ მისი გზებით სიარული და მისი რჯული არ შევისმინეთ.
25 . გადმოღვარა თავისი გულისწყრომის ცეცხლი და ომის სისასტიკე. ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ, მაგრამ ვერ მიხვდა, სწვავდა მას და გულს მაინც ვერ უდებდა.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ.
2 . ისმინეთ ეს, უხუცესებო! გაიგონეთ, ქვეყნის ყველა მკვიდრნო. თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დღეებში ან თქვენი მამების დღეებში?
3 . ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა - თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა - შემდეგ თაობას.
4 . რაც მუხლუხოს გადაურჩა, კალიამ შეჭამა; რაც კალიას გადაურჩა, კუტკალიამ შეჭამა; რაც კუტკალიას გადაურჩა, ბოცომკალმა შეჭამა.
5 . გაიღვიძეთ, ლოთებო, და იტირეთ ღვინის მსმელნო! ივალალეთ ტკბილ ღვინოზე, ბაგიდან რომ მოგწყვიტეს.
6 . რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.
7 . მან ააოხრა ჩემი ვენახი, გააჩანაგა ლეღვის ხეები; ქერქი გააძრო და გადაყარა, ტოტები გაუთეთრდა.
8 . იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.
9 . მოწყდა პურეულის შესაწირი და საღვრელი უფლის სახლიდან, გოდებენ მღვდელნი, უფლის მსახურნი.
10 . მინდვრები გაჩანაგდა, გლოვობს მიწა, ვინაიდან ხორბალი გაოხრდა, მაჭარი გაშრა, გახმა ზეთისხილი.
11 . შერცხვნენ მიწათმოქმედნი, მოთქვამენ ხორბალზე და ქერზე, რადგან განადგურდა სამკალი.
12 . გახმა ვენახი და დაჭკნა ლეღვი. გაქრა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე გახმა; სიხარული დაუჭკნა ადამის ძეებს.
13 . ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი.
14 . მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.
15 . ვაი იმ დღეს! რადგან მოახლოვდა უფლის დღე და ნგრევასავით მოვა ყოვლადძლიერისგან.
16 . განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საზრდო, მხიარულება და ლხინი ჩვენი ღმერთის სახლიდან?
17 . გაფუჭდა მარცვალი მიწის ბელტების ქვეშ, დაცარიელდა საცავები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა მარცვლეული.
18 . როგორ გმინავს პირუტყვი, ნახირი უპატრონოდ დაეხეტება, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარაც შეწუხდა.
19 . შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები და ალმა გადაწვა მინდვრის ყველა ხე.
20 . ველის მხეცებიც შენ შემოგღაღადებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები.
1 . დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
2 . ფრიად განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3 . მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს - ამბობს უფალი.
5 . სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
6 . მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
7 . მეთერთმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
8 . ღამით ვიხილე, აჰა, კაცი იყო წითელ ცხენზე ამხედრებული. ის მურტის ხეებს შორის იდგა, ხეობაში. მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ.
9 . ვკითხე: რა არიან-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მიპასუხა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: გაჩვენებ, რა არიან ესენი.
10 . მურტის ხეთა შორის მდგარმა კაცმა მითხრა: უფალმა ქვეყნის შემოსავლელად მოავლინა ესენი.
11 . და მიუგეს მურტის ხეთა შორის მდგარ უფლის ანგელოზს: შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდია და წყნარი მთელი ქვეყანა.
12 . შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
13 . მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
14 . და მითხრა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
15 . დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
17 . კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
18 . აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი რქა იყო.
19 . ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა, ისრაელი და იერუსალიმი რომ გაფანტა.
20 . შემდეგ ოთხი მჭედელი დამანახა უფალმა.
21 . ვკითხე: ამათ რა უნდა გააკეთონ-მეთქი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა რომ გაფანტა ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის აწევა; ხოლო ეს მჭედლები იმ ხალხთა დასაშინებლად და რქების დასახრელად მოვიდნენ, რქა რომ აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტად.
1 . დამანახა უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი იესო მღვდელმთავარი და სატანა, მის მარჯვნივ რომ იდგა, რათა ბრალი დაედო მისთვის.
2 . უთხრა უფალმა სატანას: უფალი გიკრძალავს, სატანავ, დიახ, უფალი გიკრძალავს, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3 . გაბინძურებული სამოსელი ეცვა იესოს და ანგელოზის წინაშე იდგა.
4 . მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ გაბინძურებული სამოსელი! კიდევ უთხრა: აჰა, განგაშორე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსე.
5 . თქვა: სუფთა თავსაბურველი დაახურეთ თავზე. დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და სამოსელით შემოსეს. უფლის ანგელოზი კი იდგა.
6 . გააფრთხილა უფლის ანგელოზმა იესო და უთხრა:
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და მე მემსახურები, ჩემს სახლს გაუძღვები და ჩემს ეზოებს ადევნებ თვალყურს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომთა მსგავსად.
8 . ისმინე, მღვდელმთავარო იეშუა, შენ და ყველა შენმა მეგობარმა, შენს წინ რომ სხედან, ისინი ხომ ნიშნის მოწმენი არიან, რადგან, აჰა, მოვავლენ ჩემს მსახურს - მორჩს.
9 . რადგან, აჰა, ქვა, რომელიც იეშუას წინ დავდე; შვიდი თვალია ამ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთ მასზე წარწერას - ამბობს ცაბაოთ უფალი - და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10 . იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - ყველა თქვენგანი მიიწვევს თავის მოყვასს ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.
1 . რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!
2 . და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.
3 . გათელავთ ბოროტთ, ვინაიდან ნაცრად იქცევიან ისინი თქვენს ფერხთა ქვეშ იმ დღეს, მე რომ ვამზადებ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . გახსოვდეთ მოსეს, ჩემი მსახურის რჯული, წესდებანი და სამართალნი ხორებზე რომ გამოვუცხადე, მთელი ისრაელისთვის.
5 . აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე.
6 . და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
1 . "რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
2 . მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
3 . მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
4 . უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
5 . კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
6 . გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
7 . უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
8 . რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
9 . მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10 . პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11 . როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
12 . ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
13 . მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
14 . აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15 . ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
16 . ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
17 . იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
18 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
19 . წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
20 . მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
21 . მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
22 . მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
23 . უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
24 . ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
25 . იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
26 . თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
27 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
28 . ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
29 . იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
30 . და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
31 . უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
32 . იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
33 . უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
34 . შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
2 . მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
3 . და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
4 . ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5 . და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
6 . როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7 . ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8 . როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9 . პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
10 . ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
11 . როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
12 . ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
13 . სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
14 . ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
15 . ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
16 . არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
17 . იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18 . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19 . ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
21 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
22 . ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
23 . იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
24 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
25 . ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
26 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
27 . რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
28 . შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
29 . კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
30 . მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
31 . მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
32 . ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33 . ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
34 . რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
36 . მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
37 . ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
38 . ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39 . რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
40 . და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
41 . ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
42 . და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
43 . ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44 . ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 . მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
46 . ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
47 . აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . ამბოხი რომ ჩაცხრა, პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გაემართა.
2 . იმ ადგილებში გავლისას, მრავალი სიტყვით ამხნევებდა მორწმუნეებს და საბერძნეთში ჩავიდა;
3 . სამ თვეს გაჩერდა იქ და სირიაში გადაცურვა დააპირა, მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება.
4 . აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი და ტიმოთე; აზიელთაგან კი - ტიქიკოსი და ტროფიმე.
5 . ისინი წინ წავიდნენ, რათა ტროაში დაგვლოდებოდნენ.
6 . ჩვენ კი უფუარობის შემდეგ გავცურეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდ დღეს გავჩერდით.
7 . კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.
8 . ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.
9 . ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10 . ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: "ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”.
11 . ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა.
12 . ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
13 . ჩვენ დავწინაურდით და ასოსისკენ გავცურეთ ხომალდით, რადგან იქიდან უნდა აგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თავად ფეხით აპირებდა წამოსვლას.
14 . ასოსში რომ ვნახეთ, წამოვიყვანეთ და მიტილენეში მივედით.
15 . იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს ხიოსის პირდაპირ დავდექით; მეორე დღეს სამოსს მივადექით, ტრიგოლიუმში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტში მივედით.
16 . პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.
17 . მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.
18 . როცა მოვიდნენ, უთხრა: "თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი;
19 . ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რაც იუდეველთა შეთქმულებით შემემთხვა;
20 . სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;
21 . ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
22 . და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
23 . მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის.
24 . მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
25 . და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი.
26 . ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან.
27 . რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.
28 . მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29 . რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30 . თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი.
31 . ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
32 . ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.
33 . არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
34 . თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს.
35 . ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.
36 . ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
37 . მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.
38 . უფრო მეტად იმ სიტყვის გამო წუხდნენ, რომ თქვა, ჩემს სახეს ვეღარ იხილავთო; და ხომალდამდე მიაცილეს.
1 . ან, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2 . რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3 . ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.
4 . ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.
5 . ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
6 . ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7 . მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!”
8 . ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9 . ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;
10 . და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11 . რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.
12 . ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13 . ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.
14 . რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.
15 . ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი.
17 . მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18 . ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა!
19 . ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.
21 . ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.
22 . რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ.
23 . მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24 . უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25 . ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულსა.
1 . ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
2 . და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3 . ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
4 . რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს;
5 . ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის.
6 . და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად.
7 . თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში.
8 . თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.
9 . სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.
10 . ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
11 . გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
12 . იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
13 . მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14 . ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15 . მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16 . ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;
17 . არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.
18 . თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19 . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
20 . ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21 . არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
1 . ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
2 . ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
3 . რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;
4 . ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
5 . ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც.
6 . სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.
7 . ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი.
8 . არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.
9 . რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
10 . სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
11 . მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
12 . ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
13 . მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,
14 . არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.
1 . ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2 . ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.
3 . ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
4 . რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
5 . მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
6 . რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
7 . ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.
8 . ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
9 . ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
10 . და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
11 . და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”.
12 . ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
13 . ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
14 . და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
15 . მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16 . რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17 . ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18 . რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19 . ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20 . თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
21 . არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
22 . ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23 . ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24 . ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25 . ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26 . ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27 . ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
28 . ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29 . ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
30 . შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
31 . რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის.
32 . რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.
33 . მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
1 . ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2 . ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3 . მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
4 . ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
5 . მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
6 . მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
7 . ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8 . სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
9 . ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
10 . და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11 . რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
12 . მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
13 . რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
14 . თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
15 . მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16 . და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
17 . რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
18 . და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
19 . ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
20 . იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
21 . ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
22 . ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
23 . ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24 . ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25 . სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
26 . გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
27 . შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28 . გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29 . ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
30 . თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31 . ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
32 . დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
33 . სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.
1 . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 . აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 . და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 . თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 . ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 . ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 . კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 . ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 . მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 . და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 . მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 . ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 . ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 . ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 . მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 . აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 . ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 . და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 . ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 . კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 . სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 . ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 . სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 . ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 . თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 . ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
1 . ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის.
2 . და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
3 . ტანჯვაშიც ეზიარე, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.
4 . არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.
5 . ხოლო, კიდეც რომ იასპარეზოს ვინმემ, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ წესების გარეშე იასპარეზებს.
6 . მიწის მუშაკი პირველი უნდა ეზიაროს ნაყოფებს.
7 . დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
8 . გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.
9 . ვისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ იბორკება.
10 . ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად.
11 . სარწმუნოა სიტყვა - თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
12 . თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც! თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ!
13 . თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.
14 . ეს გახსოვდეს, ღვთის წინაშე დამოწმებისას ნუ იკინკლავებთ, რადგან სრულიად უსარგებლოა და ანადგურებს მსმენელთ.
15 . ესწრაფე წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
16 . მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.
17 . მათი სიტყვა მთქვლეფავი სრსვილივითაა; ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი,
18 . რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.
19 . ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: "იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.
20 . დიდ სახლში მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი არ არის, ასევეა ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ სახმარი, ზოგიც - არასაპატიოდ.
21 . ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.
22 . ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
23 . სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.
24 . მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
25 . სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
26 . რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.
1 . და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.
2 . მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.
3 . მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.
4 . იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.
5 . ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
6 . და მითხრა: "სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
7 . "აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”.
8 . და მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, ყოველივე ეს რომ მაჩვენა, რათა თაყვანი მეცა.
9 . მითხრა: "ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.
10 . და მითხრა: "ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო.
11 . დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს.
12 . "აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
13 . მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული”.
14 . ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
15 . მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
16 . "მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”.
17 . სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
18 . და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19 . თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
20 . ამის დამმოწმებელი ამბობს: "ჰე, მალე მოვალ!” ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
21 . ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!