1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, სადაც ცხოვრობდით, და ქანაანის ქვეყნის ჩვეულებებისამებრ, სადაც მიმყავხართ; ნუ იცხოვრებთ მათი წესებით.
4 . აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები, მათით იცხოვრეთ; მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუ მათ დაიცავს; მე ვარ უფალი.
6 . არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
7 . მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს.
8 . მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9 . შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.
10 . შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა.
11 . მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა.
12 . მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი.
13 . დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი.
14 . მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი.
15 . არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
16 . არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
17 . ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა.
18 . ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.
19 . წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.
20 . შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.
21 . არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
22 . არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
23 . არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.
24 . ნუ შეიბილწებით ყოველივე ამით, ვინაიდან ამას აკეთებენ ის ხალხები, რომელთაც ვდევნი თქვენგან.
25 . ამიტომ შეიბილწა ქვეყანა, დავხედე მათ უმართლობას და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
26 . დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;
27 . რადგან ყველა ამგვარი საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა;
28 . რათა არ ამოგანთხიოთ თქვენ ქვეყანამ, როცა შებილწავთ მას, როგორც ის ხალხი, რომელიც თქვენზე წინ იყო.
29 . რადგან ყოველი, ვინც ამ სისაძაგლეთაგან ჩაიდენს რაიმეს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
30 . დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.
2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.
4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.
5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.
7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.
8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.
9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.
10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.
11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?
13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.
14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,
15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.
16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.
17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.
18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,
20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.
21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.
22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”
23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.
24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.
25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.
26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.
27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”
29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.
30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.
31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.
33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.
34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.
35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.
1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2 . "ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვჩქარობ,
3 . ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონიერების სული მათქმევინებს პასუხს:
4 . განა არ იცი, რომ ძველთაგან, მიწაზე ადამიანის დაფუძნებიდან ასეა:
5 . ხანმოკლეა ლხენა ბოროტეულთა, და წამიერი - უღვთოთა სიხარული?
6 . თუნდაც ცას მისწვდეს მისი დიდება და თავით ღრუბლებს შეეხოს,
7 . თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ; და იკითხავენ მისი მნახველნი: სადაა იგი?
8 . სიზმარივით გაფრინდება, ვერავინ იპოვის და ღამის ხილვასავით განქარდება;
9 . თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ოდესმე.
10 . მისი შვილები ღატაკებს სთხოვენ მოწყალებას და თავისი ხელით დაუბრუნებენ მის დოვლათს;
11 . მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით და მასთან ერთად მიიქცევიან მტვრად.
12 . თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ მალავს მას.
13 . თუმცა ენანება გადმოსაგდებად და პირში იჩერებს;
14 . მაინც ასპიტთა გესლად ექცევა საჭმელი მუცელში, მის შიგნეულში;
15 . ჩაყლაპა ნადავლი და ისევ ამოარწყევს: ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
16 . ასპიტთა გესლს წოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას;
17 . ვერ იხილავს ნაკადულებსა და მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს;
18 . დააბრუნებს მონაგებს და ვერ ჩაყლაპავს; ნავაჭრის შესაბამისად ექნება სიმდიდრე, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას,
19 . რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.
20 . ვინაიდან ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში.
21 . არაფერი მორჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გაძლებს მისი კეთილდღეობა.
22 . ვიწროდ იქნება სრულ სიუხვეში, და ყველა ჩაგრულის ხელი მისწვდება.
23 . მუცლის ამოვსებისას, ცეცხლს გამოუგზავნის ღმერთი თავის რისხვაში და ჭამისას აწვიმებს მასზე.
24 . რკინის იარაღს გაექცევა და სპილენძის მშვილდი განგმირავს;
25 . ამოიძრობს ისარს ზურგიდან, მაგრამ ელვა გამოვა მისი ნაღველიდან და თავზარი დაეცემა!
26 . მისთვის ინახება საგანძურად მთელი სიბნელე; დაუნთებელი ცეცხლი შთანთქავს და სიავე მოიცავს გადარჩენილს მის კარავში!
27 . ამხელს ზეცა მის დანაშაულს და მის წინააღმდეგ აღდგება მიწა.
28 . მისი სახლის დოვლათი გადაივლის და სახლის სიკეთე წაილეკება უფლის რისხვის დღეს.
29 . ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!”
1 . გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი,როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ,რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
2 . მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
3 . რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
4 . უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
5 . ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
6 . დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
7 . აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
8 . ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
9 . მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
10 . ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
11 . ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
12 . მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
13 . მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
14 . დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
15 . დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
16 . ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
17 . სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.
1 . უგუნურს ისე არ შეჰფერის პატივი, როგორც ზაფხულს თოვლი და მოსავლის აღებას წვიმა.
2 . ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი.
3 . მათრახი - ცხენისთვის, აღვირი - ვირისთვის, ჯოხი კი - უგუნურთა ზურგისთვის.
4 . ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ ნუ უპასუხებ, რათა არ დაემსგავსო მას.
5 . ბრიყვს მისი სიბრიყვისამებრ უპასუხე, თორემ თავი ბრძენი ეგონება.
6 . საკუთარ ფეხებს იჭრის და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
7 . რაღა კოჭლის უსარგებლო ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი.
8 . ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც შურდულზე ქვის მიბმა.
9 . როგორც მთვრალი კაცის ხელში მოხვედრილი ეკალი, ისეა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
10 . რაღა მშვილდოსანი ყველას რომ ესვრის და რაღა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი.
11 . როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელეს.
12 . გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.
13 . ზარმაცი ამბობს: ლომიაო გზაზე, ლომიაო შუა მოედანზე.
14 . კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი - თავის ლოგინზე.
15 . ზარმაცი ხელს ჯამში ყოფს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
16 . ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
17 . გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა, მას რომ არ ეხება.
18 . რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი
19 . და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.
20 . შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ჭორიკანას გარეშე დავა ჩაცხრება.
21 . როგორც ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის, ისეა შარიანი კაცი ჩხუბის გაჩაღებისთვის.
22 . ნუგბარივით გემრიელია ჭორიკანას სიტყვები, შიგნეულობამდე აღწევს.
23 . გაცეცხლებული ბაგეები და ბოროტი გული ისეა, როგორც წიდიანი ვერცხლით დაფარული თიხა.
24 . მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
25 . ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში;
26 . სიძულვილს სიცრუით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამოჩნდება.
27 . ორმოს გამთხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ, ქვა მისვე დამგორებელს გაჭყლეტს.
28 . მატყუარა ენას სძულს თავის მიერ შემუსვრილნი; მლიქვნელი პირი დამანგრეველია.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.
1 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი მოაბზე: "ვაი ნებოს, რადგან განადგურდა, კირიათაიმი შერცხვენილი და დაპყრობილია, ციხე-სიმაგრე შერცხვენილი და დანგრეულია.
2 . განქარდა მოაბის დიდება, ხეშბონში განიზრახეს ბოროტება მის წინააღმდეგ: მოდით და მოვსპოთ, რომ აღარ იარსებოს მისმა თესლმა! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან.
3 . ყვირილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: გაუდაბურება და დიდი ნგრევაა!
4 . განადგურდა მოაბი, აკივლდნენ მისი პატარები.
5 . რადგან ლუხითის აღმართზე ტირილ-ტირილით ადიან, ხორონაიმის გზაზე კივილის ხმა ესმით:
6 . გაიქეცით, თავი გადაირჩინეთ! ღვიასავით რომ დარჩეთ უდაბნოში!
7 . იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.
8 . გამანადგურებელი მიადგება ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება; ხეობები გაჩანაგდება და ვაკე განადგურდება, როგორც უფალმა ბრძანა.
9 . ფრთები მიეცით მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქები გაუკაცრიელდება, აღარავინ იქნება მათში.
10 . წყეულიმც იყოს, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს! წყეულიმც იყოს, ვინც თავის მახვილს სისხლისგან აკავებს!
11 . სიყრმიდანვე მშვიდად იყო მოაბი, უშფოთველად იჯდა თავის ლექზე, არ გადაღებულა ჭურჭლიდან ჭურჭელში; არც დევნილობაში წასულა; ამიტომ შერჩა თავისი გემო და სურნელი არ შეუცვლია.
12 . ამიტომ, აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს გავუგზავნი! გადაიღებენ, ჭურჭლებს დაუცარიელებენ და ქოთნებს დაუმსხვრევენ.
13 . შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის გამო.
14 . როგორღა ამბობთ: მამაცი მეომრები ვართ, ომში ძლევამოსილნიო?
15 . გაიძარცვა მოაბი, მტერი შევიდა მის ქალაქებში და მისი რჩეული ჭაბუკნი სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
16 . მალე დადგება მოაბის დაღუპვის ჟამი, მოიჩქარის მისი უბედურება.
17 . იგლოვეთ მისთვის, ყველამ, მის გარშემო მცხოვრებნო, და ყველამ, ვინც მისი სახელი იცით; თქვით: როგორ გატყდა ძლიერი არგანი, დიდებული კვერთხი!
18 . ჩამოდი დიდებიდან და გვალვიანში დაჯექი, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის დამანგრეველი ამოვა შენთან და დაანგრევს შენს ციხე-სიმაგრეებს.
19 . გზასთან დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრო; ჰკითხე გაქცეულსა და თავდაღწეულს: რა მოხდა?
20 . შერცხვენილია მოაბი, რადგან გაჩანაგდა, იღრიალე და იღაღადე, აუწყეთ არნონში, რომ განადგურდა მოაბი.
21 . სასჯელი ეწია დაბლობ ქვეყანას: ხოლონს, იაჰცას და მეფაათს,
22 . დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს,
23 . კირიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მაყონს,
24 . კერიოთს, ბოცრას და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქს.
25 . რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი.
26 . დაათვრეთ იგი, რადგან უფალს გაუამპარტავნდა; ჩაწვება მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხროდ შეიქნება.
27 . განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდობაზე იყო წასწრებული, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
28 . ქალაქები დატოვეთ და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო, ნაპრალის პირას დაბუდებული მტრედებივით იყავით!
29 . გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, უზომო სიამაყე და დიდგულობა.
30 . ვიცი მისი თავხედობა, ამბობს უფალი, მაგრამ უსარგებლოა იგი, მისმა ფუჭმა კვეხნამ ვერაფერს მიაღწია.
31 . ამიტომ ვიგოდებ მოაბზე და მთელ მოაბზე ვიქვითინებ, კირ-ხერესის კაცებზე ვიკვნესებ.
32 . იაყეზერზე მეტად ვიტირებ შენზე, სიბმას ვაზო, შენი ლერწები ზღვას მისწვდნენ, იაყეზერის ზღვას მიაღწიეს. შენს ზაფხულის ხილსა და შენს რთველს გამანადგურებელი შეესია.
33 . სიხარული და მხიარულება წაერთვა ნაყოფიერ ველს, მოაბის ქვეყანას. ღვინოს გავაქრობ საწნახელიდან, აღარ დაწურავენ შეძახილებით; აღარ გაისმება სიხარულის შეძახილები.
34 . ხეშბონიდან კივილს ელყალემდე გაიგონებენ და იაჰაცამდე შეუერთებენ ხმას, ცოყარიდან ხორონაიმამდე და ეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაიშრიტება ნიმრიმის წყლებიც.
35 . ბოლოს მოვუღებ მოაბს, ამბობს უფალი, მაღლობზე რომ მიაქვს მსხვერპლი და თავის ღმერთებს საკმეველს უკმევს.
36 . ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის ხალხზე; რადგან დაეღუპათ უხვი მოსავალი.
37 . ყველას გაპარსული აქვს თავი, წვერი მოკლედ აქვთ შეკრეჭილი, დახოკილი აქვთ ხელები და წელზე ძაძა აქვთ შემორტყმული.
38 . მოაბის ყველა ბანზე და ქუჩებში გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავამსხვრიე მოაბი, როგორც უსარგებლო ჭურჭელი! ამბობს უფალი.
39 . როგორ დაიმსხვრა! როგორ მოთქვამენ! როგორ აჩვენა მოაბმა ზურგი - შერცხვენილია იგი! იქნება მოაბი სამასხროდ და შესაზარად ყველა მის ირგვლივ მყოფთათვის.
40 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით დააფრინდება მოაბს და ფრთებს გაშლის მასზე.
41 . დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი - აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.
42 . და აღმოიფხვრება მოაბის თესლი, რადგან უფალს გაუმედიდურდა იგი.
43 . შიში, ორმო და მახე გელით, მოაბის მცხოვრებნო! ამბობს უფალი.
44 . შიშისგან გაქცეული ორმოში ჩავარდება, ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი დასჯის წელიწადს! ამბობს უფალი.
45 . ხეშბონის ჩრდილში გაჩერდნენ დაუძლურებული ლტოლვილები, რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან და ალი - სიხონის წიაღიდან; შუბლი შეუჭამა მოაბს და თხემი - შფოთის ძეებს.
46 . ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქემოშის ხალხი, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი.
47 . მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში! ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი”.
1 . და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან.
2 . ამბობდა: "გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
3 . როცა უფსკრულში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში, მორევმა მომიქცია, ყველა შენმა ზვირთმა და ტალღამ გადამიარა!
4 . ვთქვი: განდევნილი ვარ შენს თვალთაგან, ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმიდა ტაძარს?!
5 . წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა.
6 . მთათა საძირკვლებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ დაიხშო, მაგრამ საფლავს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე უფალო, ღმერთო ჩემო,
7 . როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.
8 . ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.
9 . მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; რაც აღმითქვამს, შევასრულებ რადგან ხსნა უფლისგანაა!”
10 . მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.
1 . მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
3 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
4 . რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
5 . არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
6 . მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
7 . ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8 . რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
9 . ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
10 . უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
11 . მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
12 . ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
13 . და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14 . მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
15 . სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
16 . მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17 . ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
18 . ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19 . თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20 . ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21 . უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22 . იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.