1 . უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.
2 . ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.
3 . ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი, რათა გადარჩეს მათი თესლი დედამიწაზე.
4 . რადგან შვიდი დღის შემდეგ, ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოც მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია”.
5 . და ისე გააკეთა ნოემ ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.
6 . ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნის წყალი მოვიდა დედამიწაზე.
7 . და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.
8 . ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,
9 . დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 . და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.
11 . ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
12 . ორმოცი დღე და ორმოცი ღამე აწვიმდა დედამიწას.
13 . იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, მისი ძენი: სემი, ქამი და იაფეთი და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი ძეების ცოლები.
14 . ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
15 . შევიდნენ ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც სიცოცხლის სუნთქვა იყო.
16 . მოვიდა ყოველი ხორციელი დაწყვილებული და შევიდა, როგორც ღმერთმა ბრძანა; და დაგმანა უფალმა კარი.
17 . ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
18 . გაძლიერდა წყალი, ძალიან ადიდდა დედამიწაზე და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19 . მეტისმეტად გაძლიერდა წყალი დედამიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა, რაც კი იყო ცისქვეშეთში.
20 . აიწია წყალი და დაფარა მთები თხუთმეტი წყრთით.
21 . და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22 . და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სულის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე რაც ხმელეთზე იყო - მოისპო.
23 . აღიგავა ყოველივე არსებული მიწის პირისგან. ადამიანიდან დაწყებული ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი.
24 . ას ორმოცდაათი დღე მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . ეს არის ესავის, იგივე ედომის, მოდგმა:
2 . ესავმა ქანაანის ასულთაგან შეირთო ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხიველი ციბეყონის შვილიშვილი;
3 . და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
4 . უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ბასმათმა - რეღუელი.
5 . ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომლებიც ქანაანის ქვეყანაში შეეძინენ.
6 . წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ძენი და ასულნი, მთელი თავისი სახლეული, სამწყსო და პირუტყვი, მთელი თავისი ქონება წაიღო, რომელიც ქანაანში შეიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, რათა მოცილებოდა იაკობს, თავის ძმას.
7 . რადგან დიდი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ჯოგების სიმრავლის გამო ვერ დაიტია ისინი მათი ხიზნობის ქვეყანამ.
8 . და დამკვიდრდა ესავი სეყირის მთაზე; იგივე ედომია ესავი.
9 . ესაა ედომელთა მამის, ესავის მოდგმა სეყირის მთაზე.
10 . ესავის ძეთა სახელებია: ელიფაზი, ყადას, ესავის ცოლის ძე; რეღუელი, ბასმათის, ესავის ცოლის ძე;
11 . ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.
12 . თიმნაყი ესავის ძის, ელიფაზის ხარჭა იყო; მან უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი იყვნენ ყადას, ესავის ცოლის ძენი.
13 . რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ბასმათის, ესავის ცოლის ძენი.
14 . ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბეყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი: მან უშვა ესავს იეყუში, იაყლამი და კორახი.
15 . ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ელიფაზის, ესავის პირმშოს ძენი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
16 . თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
17 . აი, რეღუელის, ესავის ძის ძენი: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ რეღუელის უხუცესნი ედომის ქვეყანაში; ესავის ცოლის, ბასმათის ძენი.
18 . აი, ოჰოლიბამას, ესავის ცოლის ძენი: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ესავის ცოლის ძენი.
19 . ესენი იყვნენ ესავის ძენი და ედომის უხუცესნი.
20 . აი, ხორიელი სეყირის ძენი, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა.
21 . დიშონი, ეცერი და დიშანი: ესენი იყვნენ სეყირის ძენი, ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში.
22 . ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი, თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
23 . აი, შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
24 . აი, ციბეყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც თბილი წყარო იპოვა უდაბნოში, როდესაც მამამისის, ციბეყონის სახედრებს მწყემსავდა.
25 . ესენი იყვნენ ყანას შვილები: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
26 . აი, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
27 . ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი.
28 . აი, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
29 . ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეყონი, თავკაცი ყანა.
30 . თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები სეყირის ქვეყანაში.
31 . აი, მეფენი, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის ძეებზე გამეფდებოდა მეფე.
32 . ედომში გამეფდა ბელაყი, ბეყორის ძე; მის ქალაქს დენჰაბა ერქვა.
33 . გარდაიცვალა ბელაყი და მის ნაცვლად იობაბი გამეფდა, ზერახის ძე, ბოცრადან.
34 . გარდაიცვალა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანელთა ქვეყნიდან.
35 . გარდაიცვალა ხუშამი, და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა, ბედადის ძე, მოაბის ველზე მიდიანის მძლეველი; მის ქალაქს ყავითი ერქვა.
36 . გარდაიცვალა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა გამეფდა, მასრეკადან.
37 . გარდაიცვალა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
38 . გარდაიცვალა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
39 . გარდაიცვალა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა და მის ნაცვლად ჰადარი გამეფდა; მის ქალაქს ფაყუ ერქვა, ცოლს - მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
40 . ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათი გვარტომობის, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი;
41 . თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
42 . თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
43 . თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის უხუცესნი თავიანთი სამკვიდრებლებით მათ სამფლობელო ქვეყანაში. ეს იყო ესავი - ედომელთა მამამთავარი.
1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
2 . "უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
3 . ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
4 . იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
5 . ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
6 . კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
7 . ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8 . მათი ხორცი არ შეჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
9 . აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყოველი, რასაც კი ფარფლი და ქერეჭი აქვს წყალში, ზღვებსა და მდინარეებში, შეგიძლიათ შეჭამოთ.
10 . ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერეჭი არა აქვს ზღვებსა და მდინარეებში, წყლის ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც წყალშია, საძაგელია თქვენთვის.
11 . საძაგელნი იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
12 . ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
13 . ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ შეჭამოთ, საძაგელნი არიან: არწივი, სვავი და ფსოვი;
14 . ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
15 . ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
16 . სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
17 . კიოტა, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
18 . ჭოტი, ვარხვი და კოდალა,
19 . ყარყატი, ყანჩა და მათი ჯიშისანი; ოფოფი და ღამურა.
20 . ყოველი მწერი, მფრინავი თუ ოთხზე მოარული, საძაგელია თქვენთვის.
21 . ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22 . ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
23 . ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის,
24 . მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
25 . და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
26 . ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.
27 . ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე;
28 . ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
29 . აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;
30 . ანაკა, ნიანგი, ბაყაყი, ლოკოკინა და ქამელეონი.
31 . ესენია თქვენთვის უწმიდურნი ქვეწარმავლებში; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32 . და ყველაფერი, რასაც რომელიმე მათგანის მძორი დაეცემა, გაუწმიდურდება: ხის რაიმე ჭურჭელი, ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა და ნებისმიერი საგანი, რომელიც საქმეში გამოიყენება, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და იქნება უწმიდური საღამომდე, მერე კი განიწმიდება.
33 . ყოველგვარი თიხის ჭურჭელი, რომელშიც რომელიმე იმათგანი ჩავარდება და ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
34 . ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმევა და მასში ასეთი ჭურჭლიდან შეაღწია წყალმა, გაუწმიდურდება და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ, ყოველ ასეთ ჭურჭელში, გაუწმიდურდება.
35 . ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება; თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: გაუწმიდურებულნი არიან ისინი და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
36 . მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა, ხოლო ვინც მათ მძორს შეეხება - გაუწმიდურდება.
37 . და თუ რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც უნდა დაითესოს, დაეცა რაიმე მათი მძორისგან, სუფთაა იგი.
38 . თუ თესლს წყალი დაესხა და მათი მძორისგან რაიმე დაეცა, უწმიდური იქნება თქვენთვის.
39 . თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ და მის მძორს ვინმე შეეხება - უწმიდური იქნება საღამომდე;
40 . მისი მძორის მჭამელმა, სამოსელი უნდა გაირეცხოს და იქნება უწმიდური საღამომდე; უნდა გაირეცხოს სამოსელი მისი მძორის წამღებმა და იქნება უწმიდური საღამომდე.
41 . ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, საძაგელია, არ უნდა შეიჭამოს.
42 . ყოველი მუცელზე მხოხავი, ყოველი ოთხზე მოარული და ყოველი მრავალფეხა ქვეწარმავალი, რომელიც მიწაზე ქვემძრომობს, არ ჭამოთ, რადგან საძაგელნი არიან.
43 . თავს ნუ წაიბილწავთ ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
44 . რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე და ნუ გაიუწმიდურებთ
45 . რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46 . ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომლებიც წყალში იძვრიან და ყოველი არსებისა, რომლებიც მიწაზე ქვემძრომობენ,
47 . რათა იყოს განსხვავება უწმიდურსა და წმიდას შორის და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.
1 . მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 . "გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 . და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 . აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 . სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 . იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 . ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 . ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 . ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 . ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 . იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 . დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 . აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 . ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 . გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 . ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 . წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 . ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 . და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 . და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 . ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 . წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 . მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 . და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 . დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 . წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 . უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 . მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 . ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 . გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 . მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 . ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 . ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.
1 . გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.
2 . აღთქმა დაუდო ისრაელმა უფალს და თქვა: "თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, მაშინ ავაოხრებ მათ ქალაქებს”.
3 . და შეისმინა უფალმა ისრაელის ხმა, მისცა ქანაანელნი, ააოხრეს ისინი თავის ქალაქებიანად და უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა ანუ აოხრება.
4 . ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5 . და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: "რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.
6 . მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი.
7 . მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: "შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
8 . უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.
9 . გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.
10 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში.
11 . აიყარნენ ობოთიდან და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირდაპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
12 . დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ ზარედის ხევში.
13 . გაემგზავრნენ იქიდან და არნონის მიღმა დაბანაკდნენ უდაბნოში, რომელიც ამორელთა საზღვრიდან გამოდის; ვინაიდან არნონი მოაბს ესაზღვრება, მოაბსა და ამორელებს შორის.
14 . ამიტომაა ნათქვამი უფლის ომების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ნაკადებში,
15 . ქანობი ნაკადებისა, რომელიც შებეთ-არასაკენ ეშვება და მოაბის საზღვარს ემიჯნება.
16 . იქიდან ჭისკენ წავიდნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: "შეკრიბე ხალხი, რათა მივცე მათ წყალი”.
17 . მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.
18 . ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.
19 . მათანადან - ნახალიელისკენ და ნახალიელიდან - ბამოთისკენ.
20 . ბამოთიდან - მოაბის ველის ხეობისკენ, ფისგას მწვერვალთან, უდაბნოს პირდაპირ.
21 . და წარგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონთან, ამორელთა მეფესთან, ამ სიტყვებით:
22 . "გავივლით შენს ქვეყანაზე; არც მდელოზე შევალთ და არც ვენახში, არ დავლევთ შენი ჭის წყალს და სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს”.
23 . მაგრამ არ მისცა სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება ისრაელს; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში; მივიდა იაჰცაში და შეებრძოლა ისრაელს.
24 . წარხოცა იგი ისრაელმა მახვილის პირით და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, ვინაიდან გამაგრებული იყო ყამონელთა ტომების საზღვარი.
25 . აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა იგი ამორელთა ქალაქებში, ხეშბონსა და მის ყველა სოფელში.
26 . რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.
27 . ამიტომ ამბობდნენ: "შემოდით ხეშბონში, აშენდება იგი და განმტკიცდება ქალაქი სიხონისა!
28 . ვინაიდან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
29 . ვაი შენ, მოაბ! განადგურდა ხალხი ქემოშისა! მისცა თავისი ძენი ლტოლვილებად და ასულნი ტყვეებად ამორელთა მეფეს, სიხონს.
30 . ჩვენ განვგმირეთ ისინი; დაიღუპა ხეშბონი დიბონამდე და ავაოხრეთ ნოფახამდე, რომელიც მედების მახლობლადაა”.
31 . და დასახლდა ისრაელი ამორელთა ქვეყანაში.
32 . წარგზავნა მოსემ ჯაშუშები იაყზერის დასაზვერად; დაიპყრეს მისი გარეუბნები და განდევნეს იქაური ამორელნი.
33 . შემობრუნდნენ და წამოვიდნენ ბაშანის გზით. და გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით, ედ-რეყიში საბრძოლველად.
34 . უთხრა უფალმა მოსეს: "ნუ გეშინია მისი, რადგან შენს ხელს გადავეცი იგი, მთელი მისი ხალხი და ქვეყანა; მასაც ისე მოექეცი, როგორც სიხონს, ამორელთა მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
35 . განგმირეს იგი, მისი ძენი და მთელი ხალხი, არ დატოვეს არც ერთი გადარჩენილი და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.
1 . "მოვბრუნდით და დავიძარით უდაბნოში წითელი ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა; და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე.
2 . მითხრა უფალმა:
3 . "გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ.
4 . და ასე უბრძანე ხალხს: თქვენი ძმების, ესავიანთა მიწას გაივლით, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ; შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ ფრთხილად იყავით.
5 . ნუ შეებრძოლებით მათ, ვინაიდან მათი ქვეყნიდან ნატერფალსაც არ მოგცემთ, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ.
6 . ვერცხლით იყიდეთ მათგან სასმელიც და საჭმელიც; და ჭამეთ და სვით.
7 . რადგან გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა საქმეში, ვინაიდან იცოდა ყოველი თქვენი გზა ამ დიდ უდაბნოში; აი, ორმოცი წელიწადია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ დაგკლებიათ არაფერი”.
8 . და მოვბრუნდით ეილათის ველიდან, ყეციონ-გებერიდან, ჩვენი ძმებისგან, ესავის ძეთაგან, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ, გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით.
9 . მითხრა უფალმა: "ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ წამოიწყებ მასთან, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს მისი ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.
10 . უწინ ემიელნი მკვიდრობდნენ იქ, დიდი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ყენაკელებივით ტანმაღალი.
11 . ყენაკელებივით რეფაიმელნად ითვლებოდნენ ისინიც, მაგრამ მოაბელნი ემიელებს უწოდებდნენ.
12 . ხორიელნი მკვიდრობდნენ უწინ სეყირში და ესავიანებმა განდევნეს, მოსრეს მიწის პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ, როგორც ისრაელმა დაიმკვიდრა თავისი მიწა, რომელიც მისცა უფალმა.
13 . ახლა ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი!” და გადავლახეთ ზარედის ხევი.
14 . იმ დღიდან, რაც კადეშ-ბარნეაყიდან ზარედის ხევამდე მივაღწიეთ, ოცდათვრამეტი წელი გავიდა, დაიხოცა ყველა მებრძოლი მამაკაცი ბანაკში, როგორც შეჰფიცა მათ უფალმა.
15 . მეტიც, უფლის ხელი იყო მათზე, რათა ამოეჟლიტა ისინი ბანაკში, ვიდრე ამოწყდებოდნენ.
16 . და როცა ყოველი მებრძოლი კაცი, უკანასკნელამდე, მოისპო ხალხიდან,
17 . მაშინ მითხრა უფალმა:
18 . "გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს ყართან
19 . და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეებრძოლები და ნუ შეავიწროებ მათ, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს ყამონის ძეთა ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი.
20 . რეფაიმელთა ქვეყნად ითვლება ისიც; უწინ რეფაიმელნი მკვიდრობდნენ მასში. მაგრამ ზამზუმელებს უწოდებენ მათ ყამონელნი.
21 . დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო, ყენაკელებივით, მაგრამ მოსპო უფალმა ყამონელთა პირისგან და მათ მაგიერ დასახლდნენ ისინი;
22 . როგორც სეყირში დამკვიდრებულ ესავის ძეებს გაუკეთა, მოსპო ხორიელნი მათი პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ ისინი დღევანდელ დღემდე.
23 . ყავიმელებიც - სოფლებში, ღაზამდე, ქაფთორიდან გამოსულმა ქაფთორელებმა მოსრეს და დასახლდნენ მათ მაგიერ.
24 . ადექით, აღიჭურვეთ და გადალახეთ არნონის ხევი; აჰა, ხელში ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის ამორელი მეფე და მისი ქვეყანა: დაიწყეთ დამკვიდრება და შეებრძოლეთ მას.
25 . დღეიდან დავიწყებ; და ძრწოლასა და შიშს მოვგვრი თქვენ გამო ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში; ვინც მოისმენს თქვენს ამბავს - შეძრწუნდება და ათრთოლდება თქვენს წინაშე”.
26 . წარვგზავნე მოციქულნი სიხონთან, ხეშბონის მეფესთან კედემოთის უდაბნოდან, სამშვიდობო სიტყვებით:
27 . "გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ;
28 . საკვებიც ვერცხლით მომყიდე საჭმელად და წყალსაც ვერცხლით ვიყიდი დასალევად; მხოლოდ ფეხით გავივლი,
29 . როგორც სეყირის მკვიდრმა ესავის ძეებმა და ყარში მაცხოვრებელმა მოაბელებმა გამიკეთეს, ვიდრე გადავლახავ იორდანეს იმ ქვეყნისკენ, რომელიც მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
30 . მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი იქ გავლა, რადგან გააქვავა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მისი სული და გააჯიუტა მისი გული, რათა თქვენს ხელთ ჩაეგდო იგი, როგორც დღეს გამოჩნდა.
31 . და მითხრა უფალმა: "აჰა, დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის გადმოცემა; შენც დაიწყე მისი ქვეყნის დაკავება დასამკვიდრებლად”.
32 . და გამოვიდა სიხონი იაჰაცში, მთელ თავის ხალხთან ერთად, ჩვენთან შესახვედრად და საბრძოლველად.
33 . ხელში ჩაგვიგდო იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. შევმუსრეთ ის, მისი ძენი და მთელი მისი ხალხი.
34 . მაშინ დავიპყარით და ავაოხრეთ ყველა ქალაქი, მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალშობილებთან ერთად, ცოცხალი არავინ დაგვიტოვებია მათგან.
35 . მხოლოდ საქონელი და ნადავლი დავიტაცეთ იმ ქალაქებიდან, ხელში რომ ჩავიგდეთ.
36 . ყაროყერიდან, არნონის მდინარის სანაპიროდან და ხეობის ქალაქიდან გილყადამდე, არ დარჩენილა ჩვენთვის მიუწვდომელი ქალაქი; ყოველივე გადმოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
37 . მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიახლოებიხარ: იაბოკის ხევის პირს, მთის ქალაქებს და ყოველივეს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
1 . "იფხიზლე, რომ აღასრულო ყოველი მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა იცოცხლო და გამრავლდე, მიხვიდე და დაიმკვიდრო მიწა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
2 . გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი, რათა მოერჯულებინე და გამოეცადე, რომ შეეტყო, რა გაქვს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.
3 . გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და მანნას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენმა მამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
4 . სამოსი არ გაცვდებოდა ტანზე და ფეხი არ გისივდებოდა ამ ორმოცი წლის განმავლობაში.
5 . იცოდე შენს გულში, როგორც თავის ძეს წვრთნის კაცი, ისე გწვრთნის უფალი, შენი ღმერთი.
6 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა იარო მისი გზებით და გეშინოდეს მისი.
7 . ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;
8 . ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9 . ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამ პურს და არაფერი მოგაკლდება; მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ.
10 . შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა.
11 . გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი; არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნებ,
12 . როცა შეჭამ და გაძღები, აიშენებ მშვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში,
13 . როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება;
14 . ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
15 . რომელმაც გამოგატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, ცეცხლოვან გველებსა და მორიელებში, გვალვებსა და უწყლობაში და სალი კლდიდან გადმოგიჩქეფა წყალი.
16 . გკვებავდა უდაბნოში მანნით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რომ თავმდაბლობა ესწავლებინა შენთვის და გამოეცადე, რათა ბოლოს სასიკეთოდ მოგწეოდა;
17 . რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი მკლავის ძლიერებამ მომიტანაო ეს ქონება!
18 . უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,
19 . და თუ ოდესმე დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და უცხო ღმერთებს დაუწყებ სამსახურსა და თაყვანისცემას, მაშინ ვამოწმებ დღეს შენს წინაშე, რომ უცილობლად დაიღუპები!
20 . იმ ხალხებივით დაიღუპები, რომელთაც შენს წინაშე ღუპავს უფალი, თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
1 . შეიკრიბა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში და დადგეს იქ საკრებულო კარავი. დამორჩილებული იყო მათ წინაშე ქვეყანა.
2 . და შვიდი ტომი დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც სამკვიდრო ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.
3 . უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "რაღას აყოვნებთ, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასამკვიდრებლად, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა?
4 . გამოარჩიეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და მე გავგზავნი მათ. ადგებიან და მოივლიან ქვეყანას, აღწერონ მათი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
5 . და დაანაწილებენ მას შვიდ ნაწილად; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით და იოსების სახლი თავის საზღვარში დარჩეს ჩრდილოეთით.
6 . აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აღწერილი აქ მომიტანეთ; მე გიყრით წილს აქ, უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე.
7 . ლევიანებს არ აქვთ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო; გადმა, რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მიიღეს თავისი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა”.
8 . ადგნენ და წავიდნენ კაცები. და უბრძანა იეშუამ წარგზავნილებს, რომ აღეწერათ ქვეყანა: "წადით, მოიარეთ ქვეყანა, აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. აქ, შილოში, გიყრით წილს უფლის წინაშე”.
9 . წავიდნენ კაცები, მოიარეს ქვეყანა, შვიდ ნაწილად აღწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით და დაბრუნდნენ იეშუასთან, შილოს ბანაკში.
10 . წილი ყარა მათთვის იეშუამ შილოში, უფლის წინაშე და იქ დაუნაწილა იეშუამ ისრაელის ძეებს მიწა ნაკვეთებად.
11 . ეყარა წილი ბენიამინის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით და წილისყრის მიხედვით იუდასა და იოსების ძეთა შორის გაიარა მათმა საზღვარმა.
12 . იორდანეს ჩრდილოეთიდან იწყება მათი საზღვარი, ადის იერიხოს ჩრდილოეთით, მიიწევს დასავლეთით მთისკენ და ბეთ-ავენის უდაბნოში მთავრდება.
13 . გადის სამხრეთით ლუზისკენ იგივე ბეთელისკენ და ყატაროთ-ადარისკენ ეშვება, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთითაა.
14 . დასავლეთისკენ უხვევს საზღვარი, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინაა და კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან მთავრდება. ეს იყო დასავლეთის მხარე.
15 . სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმთან საზღვარი ზღვისკენ გადიოდა და ნეფთოახის წყაროებამდე აღწევდა,
16 . ჩამოდის საზღვარი მთის კიდისკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის გასწვრივაა, რეფაიმის ველის ჩრდილოეთით, ჰინომის ველისკენ ეშვება და იებუსელთა სამხრეთით, ყენ-როგელში ჩადის.
17 . უხვევს ჩრდილოეთიდან და ყენ-შემეშისკენ გამოდის, ადუმიმის მაღლობის პირისპირ გელილოთისკენ მიემართება და რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან ეშვება.
18 . ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
19 . შემდეგ საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთისკენ გაივლის და მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან ბოლოვდება, იორდანეს სამხრეთ ნაპირზე. ეს არის სამხრეთის საზღვარი.
20 . იორდანე აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. აი, ბენიამინის ძეთა სამკვიდრო, მისი საზღვრებით, მათი საგვარეულოების მიხედვით.
21 . ბენიამინის ძეთა ტომის ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხო, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კეციცი;
22 . ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი;
23 . ყავიმი, ფარა, ყოფრა;
24 . ქეფარ-ყამონაი, ყოფნი, გებაყი - თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ.
25 . გაბაონი, რამა, ბეეროთი;
26 . მიცფე, ქეფირა, მოცა;
27 . რეკემი, ირფეყელი, თარეალა;
28 . ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებიანად. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
1 . ადგა დილაადრიანად იერუბაყალი, იგივე გედეონი, ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი და ხაროდის წყაროსთან დაიბანაკეს; მიდიანელთა ბანაკი მისგან ჩრდილოეთით, მორეს მაღლობთან, ველზე იყო.
2 . უთხრა უფალმა გედეონს: "ბევრი ხალხი გყავს, რომ ჩავუგდო ხელში მიდიანელები, გაყოყოჩდება ისრაელი და იტყვის: ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3 . ამიტომ, ასე გამოაცხადე ხალხის გასაგონად: "ვისაც ეშინია და ცახცახებს, დაე გაბრუნდეს და დატოვოს გილყადის მთა!” და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, ათი ათასი კი დარჩა.
4 . უთხრა უფალმა გედეონს: "ესეც ბევრია; წყალთან ჩაიყვანე, იქ გამოვცდი მათ; რომელზეც გეტყვი: წამოვიდეს-მეთქი, წამოგყვეს, მაგრამ რომელზეც გეტყვი: არ წამოვიდეს-მეთქი, არ წამოგყვეს”.
5 . ჩაიყვანა ხალხი წყალთან. უთხრა უფალმა გედეონს: "ცალკე დააყენე ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს; ისინიც გამოაცალკევე, ვინც მუხლებზე დადგება დასალევად”.
6 . ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი აღმოჩნდა, დანარჩენებმა კი ჩაიმუხლეს წყლის დასალევად.
7 . უთხრა უფალმა გედეონს: "ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ მიდიანელებს; დანარჩენები შინ გაბრუნდნენ”.
8 . აიღო ხალხმა საგზალი და რქის საყვირები; დანარჩენი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა გედეონმა, სამასი კაცი კი დაიტოვა; ხოლო მიდიანელნი ქვემოთ, ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
9 . უთხრა იმავე ღამეს უფალმა: "ადექი, ჩადი ბანაკში, რადგან შენს ხელთა მყავს ჩაგდებული მიდიანი.
10 . თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ ჩადით შენ და ფურა, შენი მსახური.
11 . მოისმენ, რას ამბობენ და მკლავები განგიმტკიცდება ბანაკში ჩასასვლელად”. და ჩავიდნენ ის და ფურა, მისი მსახური, ბანაკში, შეიარაღებულთა განაპირა რიგებისკენ.
12 . მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე კალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. მათ აქლემებს სიმრავლისგან თვლა არ ჰქონდა, როგორც ქვიშას, ზღვის სანაპიროზე.
13 . მივიდა გედეონი და, აჰა, სიზმარს უყვება კაცი თავის მოყვასს; ამბობს: "მესიზმრა: მოგორავს ქერის პური, მიგორდა მიდიანელთა კარვამდე, დაეჯახა და დასცა, ამოაპირქვავა და მიწასთან გაასწორა იგი”.
14 . მიუგო მოყვასმა და უთხრა: "ეს სხვა არაფერია, თუ არა გედეონის, იოაშის ძის, ისრაელიანი კაცის მახვილი; აჰა, ხელში ჩაუგდო ღმერთმა მიდიანელნი და მთელი მათი ბანაკი”.
15 . როცა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა გედეონმა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელის ბანაკში და თქვა: "ადექით! ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანელთა ბანაკი”.
16 . სამ რაზმად დაჰყო სამასი კაცი, ხელში ყველას რქის საყვირები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში კი - ჩირაღდნები.
17 . უთხრა მათ: "მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივდივარ ბანაკის კიდისკენ და ისე მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი!
18 . ჩავბერავ საყვირში და ვინც ჩემთანაა, ყველამ ჩაბეროს მთელი ბანაკის ირგვლივ, თან იყვირეთ: უფლისა და გედეონისთვის!”
19 . ას კაცთან ერთად მივიდა ბანაკის კიდესთან გედეონი, შუა გუშაგობა იწყებოდა და გუშაგები ახლად გამოცვლილნი იყვნენ; ჩაბერეს საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები, რომლებიც ხელში ეჭირათ.
20 . ჩაბერა სამივე რაზმმა საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეკავათ, მარჯვენაში - საყვირები, ახმიანებდნენ და თან ყვიროდნენ: "მახვილი უფლისთვის და გედეონისთვის!”
21 . თითოეული თავის ადგილზე იდგა ბანაკის ირგვლივ; გაიქცა მთელი ლაშქარი - ღრიალებდნენ და მირბოდნენ.
22 . როცა რქის სამასი საყვირი დააყვირეს, მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი უფალმა და გარბოდა ლაშქარი ბეთშიტამდე ცერარასკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად.
23 . მოუხმეს ისრაელიანებს ნაფთალის, აშერისა და მთელი მენაშეს ტომთაგან და დაედევნენ მიდიანელებს.
24 . მოციქულნი წარგზავნა გედეონმა ეფრემელთა მთაზე და შეუთვალა: გამოდით მიდიანელთა წინააღმდეგ და დაიკავეთ მათ წინ მდებარე წყაროები ბეთ-ბარამდე და იორდანე”. და გამოვიდა ეფრემელთა ყველა კაცი და ბეთ-ბარამდე დაიკავეს წყაროები და იორდანე.
25 . და შეიპყრეს მიდიანელთა ორი მთავარი: ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდეზე, ზეები კი - ზეების საწნახელთან და სდიეს მიდიანელებს; ხოლო ყორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანეს გაღმა.
1 . გამოხდა ხანი, მიაკითხა სამსონმა თავის ცოლს ხორბლის მკის დროს და საჩუქრად თიკანი მიართვა. თქვა: "შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ დართო შესვლის ნება.
2 . უთხრა სიმამრმა: "ვიფიქრე, რომ მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აი, მისი უმცროსი და მასზე მშვენიერია; გთხოვ, ის იყოს შენთვის ცოლად მის მაგიერ”.
3 . მიუგო სამსონმა: "ამიერიდან უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, ბოროტიც რომ გავუკეთო მათ”.
4 . წავიდა სამსონი, სამასი მელია დაიჭირა, აიღო ჩირაღდნები, კუდებით ერთმანეთზე გადააბა მელიები და ორ კუდს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა.
5 . ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს, მიუშვა მელიები ფილისტიმელთა სამკალზე და გადაუწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
6 . იკითხეს ფილისტიმელებმა: "ეს ვინ გაგვიკეთა?” უთხრეს: "სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მაყარს მიათხოვეს”. ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.
7 . უთხრა მათ სამსონმა: "რაკი ასე იქცევით, უსათუოდ შურს ვიძიებ თქვენზე და შემდეგ დაგეხსნებით”.
8 . უმოწყალოდ ურტყა წვივებზე და თეძოებზე, მერე ჩავიდა და ყეტამის კლდის ნაპრალს შეეფარა.
9 . ავიდნენ ფილისტიმელნი, დაბანაკდნენ იუდაში და განივრცნენ ლეხამდე.
10 . ჰკითხეს იუდას მკვიდრებმა: "რად ამოხვედით ჩვენთან?” უპასუხეს: "სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა ისევე მოვექცეთ მას, როგორც ის მოგვექცა”.
11 . სამი ათასი კაცი ჩავიდა იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: "განა არ იცი, რომ ფილისტიმელნი მთავრობენ ჩვენზე? ასე რად მოგვექეცი?” უპასუხა: "როგორც მომექცნენ, ისე მოვექეცი”.
12 . უთხრეს: "შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა გადაგცეთ ფილისტიმელთ”. მიუგო სამსონმა: "შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ”.
13 . უთხრეს: "არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და მათ ხელთ გადაგცემთ, მოკვლით კი არ მოგკლავთ”. ორი ახალი თოკით შეკრეს და წაიყვანეს კლდიდან.
14 . მივიდნენ ლეხამდე და შეძახილებით დახვდნენ ფილისტიმელნი; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, ცეცხლმოკიდებული სელივით გახდნენ თოკები და ხელებზე შემოადნა საბელები.
15 . იპოვა სახედრის ნედლი ყბა, გაიწოდა ხელი, აიღო და ათასი კაცი მოსრა მისით.
16 . თქვა სამსონმა: "სახედრის ყბით დავხოცე და დავახვავე, სახედრის ყბით მოვკალი ათასი კაცი”.
17 . თქვა და მოისროლა ვირის ყბა ხელიდან; იმ ადგილს კი რამათ ლეხი უწოდა.
18 . ძლიერ მოსწყურდა და შეჰღაღადა უფალს: "შენი მსახურის ხელით ამხელა ხსნა მოავლინე და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე და ამ წინადაუცვეთელთ ჩავუვარდე ხელში?”
19 . გააპო ღმერთმა ლეხის ნაპრალი და ჩქეფით გადმოვიდა წყალი. დალია, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მღაღადებელის წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20 . ოცი წელიწადი მსაჯულობდა ისრაელში სამსონი ფილისტიმელთა დღეებში.
1 . უთხრა დავითმა აქიშს: "კარგი, ახლა გაიგებ, რისი გაკეთება შეუძლია შენს მსახურს”. მიუგო აქიშმა დავითს: "ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ”.
2 . მოკვდა სამუელი და მთელმა ისრაელმა დაიტირა იგი; და დაკრძალეს რამათში, თავის ქალაქში. მოსრა საულმა ქვეყანაში სულთა გამომძახებელნი და ჯადოქარნი.
3 . შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ; საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაბანაკდა.
4 . ფილისტიმელთა ლაშქარი რომ დაინახა, შეეშინდა საულს; ძლიერ შეუკრთა გული.
5 . დაეკითხა უფალს საული, მაგრამ არ უპასუხა უფალმა, არც სიზმრით, არც ურიმით, არც წინასწარმეტყველთა პირით.
6 . უთხრა საულმა თავის მსახურებს: "მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.
7 . შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: "დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”.
8 . უთხრა ქალმა: "აჰა, კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში სულთა გამომძახებლები და ჯადოქრები. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?”
9 . უფალი დაიფიცა საულმა: "ცოცხალია უფალი! არ დაისჯები ამ საქმისთვის”.
10 . ჰკითხა ქალმა: "ვინ ამოგიხმო?” უთხრა: "სამუელი ამომიხმე”.
11 . დაინახა ქალმა სამუელი და ხმამაღლა იყვირა. უთხრა ქალმა საულს: "რად მომატყუე? რადგან საული ხარ შენ!”
12 . უთხრა მეფემ: "ნუ გეშინია. რას ხედავ?” თქვა ქალმა: "სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს”.
13 . ჰკითხა: "როგორ გამოიყურება?” მიუგო: "მოხუცი კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამშია გახვეული”. მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, დაიხარა და მიწას განერთხა.
14 . უთხრა სამუელმა საულს: "რად შემაწუხე და ამომიყვანე?” უთხრა საულმა: "ძალიან გამიჭირდა. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი განმშორდა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით, არც სიზმრებში. ამის გამო ამოგიხმე, რომ მითხრა, როგორ მოვიქცე”.
15 . უთხრა სამუელმა: "რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?
16 . ისე გააკეთა უფალმა, როგორც ბრძანა ჩემი ბაგით; ხელიდან გამოგგლიჯა სამეფო და მისცა დავითს, შენს თვისტომს.
17 . იმის გამო, რომ არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულა დღეს უფალმა შენზე თავისი სიტყვა.
18 . და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”.
19 . მაშინ მთელი სხეულით მიწაზე დაეცა საული, დიდად შეაშინა სამუელის სიტყვებმა; ძალაც გამოელია, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
20 . მივიდა ის ქალი საულთან, დაინახა, რომ ძლიერ კანკალებდა იგი და უთხრა: "აჰა, დაგემორჩილა შენი მხევალი და ხიფათში ჩაიგდო თავი. ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანე.
21 . ახლა გთხოვ, შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნატეხს დაგიდებ წინ და შეჭამე, რომ ძალა დაგიბრუნდეს შენს გზაზე წასასვლელად”.
22 . იუარა საულმა და თქვა: "არ შევჭამ”. არ მოეშვნენ მისი მსახურები და ის ქალიც. მაშინ დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
23 . ნასუქალი ხბო ჰყავდა იმ ქალს სახლში; სასწრაფოდ დაკლა, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
24 . მოიტანა და საულსა და მის მსახურებს დაუდგა წინ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
25 . შეკრიბეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ისრაელიანები კი იზრეყელის წყაროსთან დაბანაკდნენ.
1 . და ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც იქ იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავისი გზით.
2 . დაბრუნდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და, აჰა, გადამწვარია იგი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი.
3 . ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა, მოთქვამდნენ და ტიროდნენ, ვიდრე ძალა შესწევდათ.
4 . ტყვედ წაიყვანეს დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
5 . დიდად დამწუხრდა დავითი, რადგან მის ჩაქოლვას განიზრახავდა ხალხი, ვინაიდან გამწარებულნი იყვნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით განიმტკიცა თავი დავითმა.
6 . უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.
7 . დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.
8 . წავიდა დავითი, თან ექვსასი კაცი გაიყოლა და მიადგნენ ბესორის ხევს. ვინც ჩამორჩა, იქ დარჩა.
9 . დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.
10 . მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც მისცეს და დალია.
11 . მისცეს ლეღვი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან უჭმელ-უსმელი იყო სამი დღე და ღამე.
12 . უთხრა დავითმა: "ვისი ხარ და სადაური ხარ?” მიუგო: "ეგვიპტელი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან ავად გავხდი სამი დღის წინ.
13 . შევესიეთ ქერეთის სამხრეთს, იუდასა და ხალების სამხრეთს, ციკლაგი კი გადავწვით”.
14 . უთხრა დავითმა: "თუ გამიძღვები იმ ურდომდე?” მიუგო: "ღმერთი დაიფიცე, რომ არც მომკლავ და არც ჩემს ბატონს გადამცემ და გაგიძღვები იმ ურდომდე”.
15 . გაუძღვა და, აჰა, გაფანტულან არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ხარობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
16 . მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
17 . ყველაფერი უკან დაიბრუნა დავითმა, რაც ყამალეკს ჰქონდა წაღებული; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
18 . არავის არაფერი დააკლდა, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
19 . წამოასხა დავითმა მთელი მათი საქონელი; მოერეკებოდნენ დავითის კაცები ამ საქონელს და ამბობდნენ: "დავითის ნადავლიაო ეს”.
20 . მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომლებიც დაქანცულობის გამო ვერ გაჰყვნენ დავითს და ბესორის ხევთან იყვნენ დარჩენილნი. და გამოვიდნენ დავითთან და მასთან მყოფ მეომრებთან მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მიესალმა მათ.
21 . ზოგიერთი ბოროტი და უღირსი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული, ასე ამბობდა: "ბრძოლაში არ წამოგვყვნენ, ამიტომ ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, უკან რომ დავიბრუნეთო. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაიყვანონ და წავიდნენო”.
22 . თქვა დავითმა: "არა, ძმებო, ნუ იზამთ ამას, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
23 . ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს საჭურველთან დარჩენილთ; ყველას თანაბრად უნდა ხვდეს წილი”.
24 . ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის ისრაელისთვის, მისგან დადგენილი წესი და რჯული დღემდე.
25 . მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
26 . მათთვის, ვინც ბეთელში, სამხრეთ რამოთში და იათირში არიან;
27 . ყაროყერში, სიფმოთში, ეშთე-მოაყში მყოფთათვის,
28 . რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,
29 . ხორმაში, ქორ-ყაშანში, ყათაქში მყოფთათვის;
30 . ხებრონში მყოფთათვის. და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ”.
31 . შეებნენ ფილისტიმელნი ისრაელიანებს და გარბოდნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელთაგან და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ განგმირულნი.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
2 . თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, ხალხი გაეფანტება და მოვკლავ მარტო დარჩენილს.
3 . შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, შენ ხომ ერთი კაცის სულს ეძებ, მთელი ხალხი კი მშვიდობით იქნება”.
4 . მოეწონათ ეს აზრი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5 . თქვა აბესალომმა: "ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”.
6 . მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: "ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”.
7 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”.
8 . ისევ თქვა ხუშაიმ: "ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
9 . ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი,
10 . მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში.
11 . ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად.
12 . დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13 . თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”.
14 . თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: "ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს.
15 . უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: "ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
16 . ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.
17 . ყენ-როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან არ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
18 . დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
19 . ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭას, ზედ ხორბალი გაფინა და კვალი წაშალა.
20 . მოვიდნენ აბესალომის მსახურები ამ ქალთან და უთხრეს: "სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” მიუგო ქალმა: "წყალს გაღმა გავიდნენ”. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
21 . მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ყველაფერი უამბეს მეფე დავითს; თქვეს: "საჩქაროდ გადადით წყლის გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა”.
22 . ადგა დავითი, ასევე მთელი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23 . დაინახა ახითოფელმა, რომ არ მიიღეს მისი რჩევა, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიხრჩო. მოკვდა და დამარხეს მამისეულ სამარხში.
24 . მივიდა დავითი მახანაიმში, ხოლო აბესალომმა იორდანე გადალახა ისრაელის კაცებთან ერთად.
25 . იოაბის ნაცვლად ლაშქრის სარდლად ყამასა დაადგინა აბესალომმა. ყამასას მამა, ითრა იზრეყელელი, ის კაცი იყო, აბიგაილთან, ნახაშის ასულთან რომ შევიდა. აბიგაილი იოაბის დედის, ცერუიას და იყო.
26 . გილყადის ქვეყანაში დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა.
27 . დავითი რომ მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან და ბარზილაი გილყადელმა როგელიმიდან,
28 . მოიტანეს ქვეშაგებელი, ლანგრები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ცერცვი, ოსპი და მოხალული მარცვლეული,
29 . თაფლი, ერბო, ცხვარი და საქონლის ყველი; და მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ამბობდნენ: "მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი იქნებიანო უდაბნოგამოვლილები”.
1 . ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები - სიტყვები დავითისა, იესეს ძისა, დიდად ამაღლებული კაცისა, იაკობის ღმერთის ცხებულისა და ისრაელის ტკბილხმოვანი მგალობლისა:
2 . უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
3 . თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
4 . იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.
5 . ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?
6 . უწმიდურნი ეკლებივით გადაიყრებიან, ხელს არავინ მოჰკიდებს მათ.
7 . კაცი, რომელიც შეეხება მათ, რკინითა და შუბის ტარით შეიარაღდეს. ადგილზევე ცეცხლით დაიწვებიან ისინი.
8 . ესენია დავითის ძლიერი მეომრების სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, სამეულის მეთაური, რომელმაც რვაას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ბრძოლაში დახოცა.
9 . მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ ძლიერ მებრძოლთაგან, რომლებიც დავითთან ერთად იდგნენ, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს.
10 . ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.
11 . მის შემდეგ იყო შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები. ყანის ნაკვეთი იყო იქ, სადაც ცერცვი ეთესა და ხალხი გარბოდა მათგან.
12 . ჩადგა იგი შუა ნაკვეთში და იცავდა მას: შემუსრა ფილისტიმელები და დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა.
13 . ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.
14 . მაშინ დავითი გამაგრებულ ადგილას იყო, ხოლო ფილისტიმელების საგუშაგო ბეთლემში იდგა.
15 . ინატრა დავითმა და თქვა: "აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!”
16 . გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17 . თქვა: "შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.
18 . აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამასი კაცის წინააღმდეგ გამოვიდა შუბით და დახოცა. მეტი სახელი ჰქონდა მას ამ სამთა შორის.
19 . ამ სამზე მეტად პატივდებული იყო და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
20 . ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, მამაცი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ჩავიდა შუაგულ ორმოში თოვლიან დღეს და ლომი მოკლა.
21 . მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, მრისხანე შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. კეტით ჩაუხტა, გამოსტაცა ხელიდან შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22 . ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ამ სამ ვაჟკაცს შორის.
23 . ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
24 . ყასაელი, იოაბის ძმა, ერთი ოცდაათაგანი იყო, ასევე ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
25 . შამა ხაროდელი; ელიკა ხაროდელი;
26 . ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი;
27 . აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი;
28 . ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი;
29 . ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი, რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან;
30 . ბენაიაჰუ ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშიდან;
31 . აბიყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი;
32 . ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი;
33 . შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, არარელი;
34 . ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი;
35 . ხეცრაი ქარმელელი; ფაყარაი არბელი;
36 . იგალ ნათანის ძე, ცობადან; ბანი გადელი;
37 . ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი.
38 . ყირა ითრელი; გარებ ითრელი;
39 . ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . ერთხელ ნისანის თვეში, მეფე ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; რაკი სევდიანი არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2 . მკითხა მეფემ: "რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი.
3 . ვუთხარი მეფეს: "იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?”
4 . მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
5 . ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
6 . მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.
7 . ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
8 . ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
9 . მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.
10 . როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.
11 . მივედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
12 . ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.
13 . ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
14 . გავიარე წყაროს კარიბჭისკენ და მეფის აუზისკენ, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა იქ, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რაზეც ვიჯექი.
15 . ასე ავუყევი ღამით ხევს და დავათვალიერე კედელი; ისევ უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან და შინ დავბრუნდი.
16 . ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.
17 . ბოლოს ვუთხარი: "თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
18 . და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: "ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
19 . გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მსახურმა და არაბმა გეშემმა. დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: "რას სჩადიხართ? მეფეს უჯანყდებით?”
20 . ვუპასუხე მათ: "ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი არა გაქვთ წილი, უფლება და სახსენებელი იერუსალიმში!”
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
3 . ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4 . რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
5 . თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
6 . თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7 . გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
8 . ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
9 . ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
10 . ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11 . რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
12 . განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
13 . აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
14 . სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
15 . გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
16 . ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
17 . დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
18 . იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
19 . მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20 . გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21 . ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22 . განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
23 . ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
24 . მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
25 . რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
26 . ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
27 . ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
28 . ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29 . მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
30 . განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?
1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2 . "ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვჩქარობ,
3 . ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონიერების სული მათქმევინებს პასუხს:
4 . განა არ იცი, რომ ძველთაგან, მიწაზე ადამიანის დაფუძნებიდან ასეა:
5 . ხანმოკლეა ლხენა ბოროტეულთა, და წამიერი - უღვთოთა სიხარული?
6 . თუნდაც ცას მისწვდეს მისი დიდება და თავით ღრუბლებს შეეხოს,
7 . თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ; და იკითხავენ მისი მნახველნი: სადაა იგი?
8 . სიზმარივით გაფრინდება, ვერავინ იპოვის და ღამის ხილვასავით განქარდება;
9 . თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ოდესმე.
10 . მისი შვილები ღატაკებს სთხოვენ მოწყალებას და თავისი ხელით დაუბრუნებენ მის დოვლათს;
11 . მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით და მასთან ერთად მიიქცევიან მტვრად.
12 . თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ მალავს მას.
13 . თუმცა ენანება გადმოსაგდებად და პირში იჩერებს;
14 . მაინც ასპიტთა გესლად ექცევა საჭმელი მუცელში, მის შიგნეულში;
15 . ჩაყლაპა ნადავლი და ისევ ამოარწყევს: ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
16 . ასპიტთა გესლს წოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას;
17 . ვერ იხილავს ნაკადულებსა და მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს;
18 . დააბრუნებს მონაგებს და ვერ ჩაყლაპავს; ნავაჭრის შესაბამისად ექნება სიმდიდრე, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას,
19 . რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.
20 . ვინაიდან ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში.
21 . არაფერი მორჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გაძლებს მისი კეთილდღეობა.
22 . ვიწროდ იქნება სრულ სიუხვეში, და ყველა ჩაგრულის ხელი მისწვდება.
23 . მუცლის ამოვსებისას, ცეცხლს გამოუგზავნის ღმერთი თავის რისხვაში და ჭამისას აწვიმებს მასზე.
24 . რკინის იარაღს გაექცევა და სპილენძის მშვილდი განგმირავს;
25 . ამოიძრობს ისარს ზურგიდან, მაგრამ ელვა გამოვა მისი ნაღველიდან და თავზარი დაეცემა!
26 . მისთვის ინახება საგანძურად მთელი სიბნელე; დაუნთებელი ცეცხლი შთანთქავს და სიავე მოიცავს გადარჩენილს მის კარავში!
27 . ამხელს ზეცა მის დანაშაულს და მის წინააღმდეგ აღდგება მიწა.
28 . მისი სახლის დოვლათი გადაივლის და სახლის სიკეთე წაილეკება უფლის რისხვის დღეს.
29 . ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!”
1 . გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
2 . რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
3 . მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
4 . უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
5 . უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
6 . სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
7 . რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
8 . დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
9 . რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
10 . მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
11 . ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
12 . იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
2 . როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.
3 . ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
4 . აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
5 . მამა ობოლთა და მსაჯი ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
6 . ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
7 . ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
8 . დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.
9 . ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
10 . შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.
11 . უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
12 . ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
13 . თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
14 . როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
15 . მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
16 . რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
17 . ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
18 . შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
19 . კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.
20 . ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.
21 . მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.
22 . თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
23 . რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;
24 . ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
25 . წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
26 . კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
27 . იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
28 . შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
29 . შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
30 . შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.
31 . მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
32 . ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
33 . ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
34 . მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.
35 . საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
1 . გალობა ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
2 . რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
3 . შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
4 . თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
5 . მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
6 . ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
7 . გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
8 . აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
9 . დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
10 . განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
11 . მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
12 . რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა.
13 . ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.
14 . ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი,
15 . ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
16 . აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო.
17 . შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
18 . მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
1 . გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
2 . ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
3 . ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
4 . ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
5 . ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.
6 . გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
7 . ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
8 . უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
9 . ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
10 . რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
11 . რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
12 . უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
1 . კორახის ძეთაფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2 . უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
3 . ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
4 . გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
5 . სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
6 . უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
7 . მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
1 . დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
2 . კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3 . შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
4 . დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
5 . უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6 . განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7 . ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
1 . ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ.
2 . რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ.
3 . რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.
4 . მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.
5 . შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.
6 . არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
7 . მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
8 . დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
9 . ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
10 . ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
11 . სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
12 . გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
13 . ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
14 . ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
15 . ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
16 . რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
17 . რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
18 . მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
19 . ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
20 . შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
21 . თვალი არ მოაშორო, გულის წიაღში შეინახე.
22 . რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.
23 . ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
24 . მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.
25 . წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირი იყოს შენი მზერა შენს წინაშე.
26 . მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.
27 . ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.
1 . შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას,
2 . რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი.
3 . რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.
4 . ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.
5 . სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.
6 . სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.
7 . ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.
8 . შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,
9 . თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,
10 . შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.
11 . ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,
12 . იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;
13 . არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.
14 . ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”.
15 . სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან,
16 . რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?
17 . მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი.
18 . კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,
19 . მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!
20 . შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?
21 . რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
22 . ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.
23 . შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.
1 . იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
2 . სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
3 . არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
4 . ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
5 . ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
6 . მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
7 . კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
8 . გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
9 . უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
10 . თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
11 . მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
12 . სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
13 . ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
14 . ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
15 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
16 . მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
17 . დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
18 . სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
19 . ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
20 . მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
21 . მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
22 . უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
23 . ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24 . უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
25 . გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
26 . რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
28 . მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
29 . უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
30 . საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
31 . მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32 . მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
1 . ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
2 . თავის პირის ნაყოფთაგან იგემებს კაცი სიკეთეს, მოღალატეთა წადილი კი ძალადობაა.
3 . ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.
4 . ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
5 . მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
6 . უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.
7 . ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს.
8 . ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.
9 . მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.
10 . ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.
11 . არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.
12 . გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.
13 . სიტყვის აბუჩად ამგდები თავს იზიანებს, მცნების მოშიშს კი საზღაური ელის.
14 . ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
15 . კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.
16 . ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სიბრიყვეს ავლენს.
17 . უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.
18 . დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
19 . ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.
20 . ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.
21 . ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
22 . კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.
23 . ღარიბი კაცის დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს, მაგრამ უსამართლობის გამო აღიგვება.
24 . წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
25 . მართალი ძღომამდე ჭამს, ბოროტეულთა მუცელს კი მუდამ შია.
1 . ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 . სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 . სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 . სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 . სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 . დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 . ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 . წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 . ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 . მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 . ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 . სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 . გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 . გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 . ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 . გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 . გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 . ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 . ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 . თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 . განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 . ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 . ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 . ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 . უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 . ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 . რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 . მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 . ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 . უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 . გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 . სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 . გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
1 . გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
2 . კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
3 . უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.
4 . უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
5 . ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
6 . წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
7 . როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
8 . სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
9 . კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
10 . ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
11 . მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
12 . სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
13 . მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
14 . სიკვდილის მაუწყებელია მეფის რისხვა, ბრძენი კი დააცხრობს მას.
15 . მეფის ხალას მზერაში სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
16 . სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა - რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
17 . წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.
18 . დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
19 . ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
20 . საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
21 . გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ, ტკბილი საუბარი დამაჯერებლობას მატებს.
22 . გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
23 . ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
24 . სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი - სულისთვის და კურნება - ძვლებისთვის.
25 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია.
26 . მშრომელს თავისი მადა აშრომებს, შიმშილი უბიძგებს შრომისკენ.
27 . უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
28 . უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29 . მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.
30 . ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
31 . ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
32 . რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.
33 . წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.
1 . თავნება კაცი თავის სურვილებს მიჰყვება და ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
2 . ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
3 . მოვა ბოროტი კაცი და მოჰყვება სიძულვილი, უღირსობას კი შერცხვენა მოჰყვება.
4 . კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5 . არ არის კარგი დამნაშავესადმი მიმხრობა, არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
6 . ბრიყვის ბაგეები დავას იწვევს და მისი პირი დასარტყმელად მოუწოდებს.
7 . ბრიყვს თავისი პირი ღუპავს, მისი ბაგეები მისივე სულის მახეა.
8 . ჭორის გამავრცელებლის სიტყვები ნუგბარივითაა, მუცლის სიღრმემდე აღწევენ.
9 . თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
10 . უფლის სახელი მყარი კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია.
11 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის თვალში.
12 . დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
13 . მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14 . კაცის სულს სნეულების ატანა შეუძლია, მაგრამ ვინ აიტანს შემუსვრილ სულს?
15 . გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.
16 . ძღვენი გზას უფართოებს კაცს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17 . თითქოს მართალია დავის წამომწყები, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და გამოიძიებს მას.
18 . წილისყრა ბოლოს უღებს დავას და აშველებს ძლიერებს.
19 . განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია და უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს ჰგავს.
20 . კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.
21 . სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.
22 . ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა.
23 . ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24 . არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.
3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;
5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.
11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.
12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.
14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.
15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.
17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.
19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.
21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,
22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.
24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.
25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.
27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.
1 . გახსოვდეს შენი შემოქმედი შენი სიჭაბუკის დღეებში, ვიდრე დაგიდგება ავი დღეები და გეწევა წლები, რომლებზეც იტყვი: "აღარ მახარებს ისინი!”
2 . ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და სინათლე, მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები მობრუნდებიან წვიმის შემდეგ;
3 . იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;
4 . ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;
5 . ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,
6 . გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.
7 . ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
8 . "ამაოებათა ამაოება” - თქვა ეკლესიასტემ - "ყოველივე ამაოებაა!”
9 . იმის გარდა რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა ცოდნას და მრავალ იგავს იკვლევდა და თხზავდა.
10 . ეძებდა ეკლესიასტე შესაფერ სიტყვებს, რათა ზუსტად დაეწერა ჭეშმარიტების სიტყვები.
11 . ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.
12 . უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.
13 . ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;
14 . რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს - კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.
1 . აჰა, მშვენიერი ხარ ჩემო სატრფოვ, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა გილყადის მთიდან დაშვებული თხების არვეა!
2 . შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
3 . შენი ბაგენი მეწამული ძაფია და შენი პირი - მშვენიერი; შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
4 . შენი ყელი დავითის კოშკია, საჭურველისთვის აშენებული, ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი!
5 . შენი მკერდი შვლის ორი ნუკრია, ქურციკის ტყუპები, შროშანთა შორის რომ ბალახობენ.
6 . ვიდრე დღის სიგრილეა და გადახრილია ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის მაღლობზე.
7 . ყოვლად მშვენიერი ხარ, ჩემო სატრფოვ და ნაკლი არ არის შენში.
8 . ლიბანიდან წამომყევი, ჩემო საპატარძლოვ, ლიბანიდან წამომყევი! ჩამოდი ამანის, სენირისა და ხერმონის მწვერვალებიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა თავშესაფრიდან!
9 . შენ დაატყვევე ჩემი გული, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით;
10 . რა მშვენიერია შენი ალერსი, საპატარძლოვ, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი, და შენი ნელსაცხებლის სურნელი ყველა სურნელზე უკეთესი!
11 . გოლეული მოსწვეთს შენს ბაგეებს, საპატარძლოვ, თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ! შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
12 . ზღუდეშემოვლებული ბაღი ხარ, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი!
13 . შენი ყლორტები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით, ჰენნით და ნარდით!
14 . ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, გუნდრუკის ყოველგვარი ხით, მურით და ალოეთი, ყოველგვარი საუკეთესო სურნელებით.
15 . ბაღების წყარო ხარ, ცოცხალი წყლის ჭა - ლიბანიდან მომდინარე ნაკადები!
16 . გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო, მოდი სამხრეთის ნიავო, ჩემს ბაღს მოჰბერე, რომ იფრქვეოდეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის ბაღში ჩემი მიჯნური და იგემოს მისი რჩეული ხილი!
1 . და იტყვი იმ დღეს: "გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
2 . აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.
3 . ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.
4 . იმ დღეს იტყვით: "მადლობა მიაგეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში განაცხადეთ მისი საქმენი, გაახსენეთ, რომ ამაღლებულია მისი სახელი.
5 . უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული საქმეები მოიმოქმედა, მთელ ქვეყნიერებას აუწყეთ ეს ამბავი.
6 . ხმამაღლა შესძახე და სიხარულით იყიჟინე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა”.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . "ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, საყვირივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს - მისი ცოდვები.
2 . თუმცა ყოველდღე მეძებენ და სურთ გაიგონ ჩემი გზები, იმ ერების მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავისი ღმერთის სამართალს რომ არ გაურბიან; მართალ განკითხვას რომ ეძიებენ და ღმერთთან სიახლოვეში რომ ნეტარებენ.
3 . რისთვის ვიმარხულეთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის დავიმდაბლეთ თავი, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს საწადელს იკმაყოფილებთ და მუშაკებს ავიწროებთ.
4 . აჰა, იმისთვის მარხულობთ, რომ იდავოთ, იშუღლოთ და ბოროტად ურტყათ მუშტები; არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ზეცაში.
5 . განა ასეთი მარხვა ავირჩიე, დღე კაცმა რომ თავი დაიტანჯოს, ლერწამივით თავი დახაროს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი დაიგოს? ამას უწოდებთ მარხვას და უფლის სათნო დღეს?
6 . განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე - დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაგლიჯო უღლის აპეურები, გაათავისუფლო ჩაგრულნი და დალეწო ყველა უღელი?
7 . რომ მშიერს პური უწილადო და უსახლკარო ღატაკი სახლში შეიყვანო? შიშველს რომ ნახავ შემოსო და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
8 . მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და სწრაფად აღმოცენდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
9 . მაშინ მოუხმობ და გიპასუხებს უფალი, შეჰღაღადებ და იტყვის: "აქ ვარ!” თუ შენი წიაღიდან უღელს მოიცილებ, თითს აღარ გაიშვერ და ბოროტებას აღარ ილაპარაკებ;
10 . თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი - შუადღესავით იქნება.
11 . მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.
12 . უძველეს ნანგრევებს ააშენებ, ძველისძველ საძირკვლებს აღადგენ და დაგერქმევა დანგრეულის აღმშენებელი, საცხოვრებელი ადგილის ბილიკთა განმაახლებელი.
13 . თუ დააკავებ ფეხს შაბათის გამო და საწადელს არ აისრულებ ჩემს წმიდა დღეს. შაბათს "ნეტარებას” უწოდებ და უფლის წმიდა დღეს - "საპატიოს” თუ პატივს მიაგებ მას და საკუთარი გზებით არ ივლი, საკუთარი თავის სიამეს არ მოძებნი და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
14 . მაშინ იპოვი შენს სიხარულს უფალში, დედამიწის სიმაღლეებზე აგიყვან და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ილაპარაკა!”
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.
3 . უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” - ამბობს
4 . ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო ოჯახო.
5 . ასე ამბობს უფალი: "რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ?
6 . არ უკითხავთ: სად არის უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან ამოგვიყვანა, რომელმაც უდაბნოში, ტრამალებზე და დახრამულ ადგილებში გვატარა, ურწყულ და ბნელ ქვეყანაში, სადაც კაცს არ გაუვლია და სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
7 . მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და დოვლათი, მაგრამ მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
8 . მღვდლებს არ უკითხავთ: სად არის უფალი? რჯულის კაცნი ვერ მცნობდნენ, მმართველნი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და უსარგებლო გამოსახულებებს მიჰყვებოდნენ.
9 . ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას, ამბობს უფალი, თქვენ და თქვენს შვილთაშვილებსაც მოვედავები.
10 . რადგან, აბა, დაიარეთ ქითიმელთა ზღვისპირეთი და ნახეთ, კედარში გააგზავნეთ და ყურადღებით დააკვირდით, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამ?
11 . თუ შეუცვლია რომელიმე ერს თავისი ღმერთები, თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი უსარგებლო კერპებზე გაცვალა თავისი დიდება.
12 . გაოგნდით, ცანო, ამ ამბის გამო, შეძრწუნდით და შეშფოთდით” - ამბობს უფალი.
13 . "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
14 . განა მონაა ისრაელი? თუ მონის სახლშია დაბადებული? მაშ რატომ იქცა ნადავლად?
15 . მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, ხმამაღლა ღრიალებდნენ. გააუდაბურეს ქვეყანა; მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია.
16 . ნოფის და თახფანესის ძეებმაც კი მოგპარსეს კეფა.
17 . განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?
18 . ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დასალევად? აშურის გზას რაღად დასდგომიხარ? ევფრატის წყლის დასალევად?
19 . შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
20 . "რადგან დიდი ხნის წინ მე დავლეწე შენი უღელი და დავწყვიტე შენი ბორკილები, მაგრამ შენ თქვი: "მაინც არ გემსახურები” და ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ დაწექი მეძავივით.
21 . მე კი რჩეულ ვაზად დაგრგე, სრულ და ჭეშმარიტ თესლად, როგორ გადაგვარდი და ველურ ვაზის ყლორტებად როგორ გადამექეცი?
22 . ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
23 . "როგორ ამბობ: არ შევბილწულვარ და ბაყალთა კვალზე არ მივლიაო? შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე, რა ჩაიდინე, მარდო აქლემო, შენს გზებზე რომ დაწანწალებ;
24 . ვინ მოაბრუნებს მყვირალობის დროს უდაბნოს მიჩვეულ კანჯარს? ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს. მისი მძებნელნი არ დაიღლებიან, მიაგნებენ, როცა დადგება დაწყვილების თვე.
25 . ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.
26 . როგორც ქურდი შერცხვება, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვა ისრაელის სახლი, შერცხვნენ მისი მეფეები, მისი მთავრები, მისი მღვდლები და მისი წინასწარმეტყველნი.
27 . ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!
28 . სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? აბა, აღსდგნენ, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს; რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ!
29 . რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, - ამბობს უფალი.
30 . "ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.
31 . თაობავ! შეიგნე უფლის სიტყვა; განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან წყვდიადის ქვეყანა? რატომ ამბობს ჩემი ხალხი: თავისუფალნი ვართ, მეტად აღარ მოვალთ შენთანო?
32 . განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულს, პატარძალი - თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა და დავიწყების დღეებს რიცხვი არა აქვს.
33 . რა კარგად გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად! ავხორცი ქალიც კი ისურვებდა შენი გზების სწავლას.
34 . შენი სამოსელის კალთებსაც ამჩნევია არა ქურდების, არამედ უდანაშაულო ღატაკთა სისხლი;
35 . მაინც ამბობ, უდანაშაულო ვარ, მისი რისხვა ჩემგან შებრუნდებაო! აჰა, მე გაგასამართლებ შენი ნათქვამის გამო, რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო!
36 . რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც ასურეთისგან შერცხვი.
37 . მისგანაც თავშიცემით გახვალ, რადგან უფალმა ისიც უარყო, ვისი იმედიც გქონდა და არ გექნება მისგან გამორჩენა.
1 . და მითხრა უფალმა: "თვით მოსე და სამუელი რომ დადგნენ ჩემ წინაშე, აღარ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე; მომაშორე, წავიდნენ.
2 . და იქნება, როცა იკითხავენ, საით წავიდეთო? მაშინ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ვინც სასიკვდილო სენისთვისაა განწირული - სასიკვდილო სენისკენ, ვინც მახვილისთვის - მახვილისკენ, ვინც შიმშილისთვის - საშიმშილოდ და ვინც ტყვეობისთვის - ტყვეობაში!
3 . ოთხნაირი სასჯელი დაატყდებათ თავს, ამბობს უფალი, მახვილი - მოსაკლავად, ძაღლები - სათრევად, ცის ფრინველები და მიწის მხეცები - შესაჭმელად და მოსასპობად.
4 . საფრთხობელად ვაქცევ მათ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, მენაშე ხიზკიას ძის, იუდას მეფის ნამოქმედარის გამო იერუსალიმში.
5 . ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ გიგლოვებს? ვინ მობრუნდება შენი სიკეთის მოსაკითხად?
6 . აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.
7 . ფიწლით გაგფანტავ ქვეყნის კარიბჭეში, შვილებს წაგართმევ და მოგსპობ, ჩემო ხალხო, რადგან არ ბრუნდები შენი გზებიდან.
8 . ზღვაში ქვიშაზე მეტად გამიმრავლდა მისი ქვრივები; მოვაწევ მათი ჭაბუკების დედებს შუადღის მძარცველს, მოულოდნელად დავცემ მათზე ძრწოლასა და ელდას.
9 . გათანგულია შვიდი შვილის მშობელი, სულს ღაფავს; დღისით ჩაესვენა მისი მზე, შერცხვენილი და თავმოჭრილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მტრის წინაშე, ამბობს უფალი.
10 . ვაიმე, დედაჩემო, ვინაიდან მთელ ქვეყანასთან საკამათოდ და საჩხუბრად მშობე; ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.
11 . და თქვა უფალმა: "ნამდვილად გიხსნი შენ სიკეთისთვის და ჭეშმარიტად შემოგევედრება მტერი გაჭირვების ჟამს!
12 . განა გატეხავს ვინმე რკინას? ჩრდილოეთის რკინასა და თითბერს?
13 . შენს სიმდიდრესა და საუნჯეს, საზღვრებში რომ გაქვს, საძარცვად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვის გამო.
14 . წავაყვანინებ შენს თავს შენი მტრების ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღენთო ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც თქვენზე აგიზგიზდა”.
15 . შენ იცი, უფალო. გამიხსენე, მომინახულე და შური იძიე ჩემ გამო ჩემს მდევნელებზე; შენი სულგრძელობით ნუ განმირისხდები. შენ იცი, რომ შენ გამო ვიტან დამცირებას.
16 . ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
17 . არც მოლაყბეთა წრეში ვმჯდარვარ და არც მიმხიარულია; შენი ხელის წინაშე ვიჯექი მარტოობაში, რადგან რისხვით ამავსე.
18 . რად გამიგრძელდა ტკივილი სამუდამოდ? რატომ არ ინკურნება ჩემი დამაუძლურებელი ჭრილობა? თითქოს მაცდურ წყაროდ და არასაიმედო წყლად მექეცი.
19 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
20 . მიუდგომელ სპილენძის გალავნად დაგადგენ ამ ხალხის წინაშე; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთან ვარ, შენს სახსნელად და გადასარჩენად! ამბობს უფალი.
21 . გამოგიხსნი ბოროტთა ხელიდან და გამოგისყიდი სასტიკთა ბრჭყალებიდან”.
1 . რკინის კალმითაა დაწერილი იუდას ცოდვები, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე და მათი სამსხვერპლოების რქებზე.
2 . მათ შვილებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები, ფოთლოვანი ხეები და აშერები მაღალ გორაკებზე.
3 . შენს მთებს, შენს სიმდიდრესა და მთელ შენს საუნჯეს საძარცვად მივცემ, შენს მაღლობებს - მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვების გამო.
4 . შენივე მეშვეობით დაკარგავ მემკვიდრეობას, რომელიც მე მოგეცი. მოემსახურები შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან ჩემი მრისხანების ცეცხლი გააღვივეთ, მუდამ იგიზგიზებს იგი”.
5 . ასე ამბობს უფალი: "წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.
6 . უდაბურ ველზე ამოსული ბუჩქივით იქნება, სიკეთეს ვერ ეღირსება; იცხოვრებს გადაბუგულ ველზე, მარილოვან და დაუსახლებელ მიწაზე.
7 . კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს; უფალი იქნება მისი დასაყრდენი.
8 . წყლის პირას დარგული ხესავით იქნება, წყაროსკენ გაიდგამს ფესვებს და გვალვის დადგომა არ შეაშინებს; ფოთლები ამწვანებული ექნება,
9 . ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?
10 . მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.
11 . კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.
12 . დიდების ტახტი, დასაბამიდანვე ამაღლებული, არის ჩვენი საწმიდრის ადგილი.
13 . ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.
14 . განმკურნე, უფალო, და განკურნებული ვიქნები, მიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი ქების სიმღერა.
15 . აჰა, ასე მეუბნებიან ისინი: "სადაა უფლის სიტყვა? აბა, შესრულდეს!”
16 . არ მიმიტოვებია მწყემსობა, არც უბედურების დღე მწყუროდა, შენ იცი ეს. ჩემი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები შენს თვალწინ იყო.
17 . ნუ შემაძრწუნებ, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს.
18 . დაე, შერცხვნენ ჩემი მდევნელნი, მე ნუ შევრცხვები! დაე შეიმუსრნონ ისინი, მე ნუ შევიმუსრები! ავი დღე მოაწიე მათზე და მძიმე მუსვრით დალეწე ისინი.
19 . მითხრა უფალმა: "წადი და დადექი ძეთა კარიბჭესთან, რომლითაც იუდას მეფეები შემოდიან და გადიან; ასევე - იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭესთან.
20 . უთხარი: შეისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო, იუდეველნო და იერუსალიმის მცხოვრებნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო.
21 . ასე ამბობს-თქო უფალი: თუ გიყვართ სიცოცხლე, ფრთხილად იყავით, შაბათ დღეს ტვირთი არ ზიდოთ და იერუსალიმის კარიბჭეებში არ შემოიტანოთ.
22 . შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს ვუბრძანე.
23 . მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
24 . მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ, ამბობს უფალი, და შაბათ დღეს ტვირთს არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში, წმიდად ჰყოფთ შაბათ დღეს და არც რაიმე საქმეს გააკეთებთ ამ დღეს,
25 . მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები და უფლისწულები, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თვითონაც და მათი დიდებულნიც, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ.
26 . და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ასევე ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან, მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ ყოვლადდასაწველსა და მსხვერპლს, ძღვენს და გუნდრუკს, მადლიერების მსხვერპლს უფლის სახლში.
27 . ხოლო, თუ არ შეისმენთ, რათა წმიდა ჰყოთ შაბათი დღე და ტვირთით შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს შევუნთებ მის კარიბჭეებს და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება”.
1 . ეფრემი რომ ლაპარაკობდა, ძრწოლას იწვევდა. ის აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა.
2 . ახლა უმატეს ცოდვას; ვერცხლისგან ქანდაკებები ჩამოისხეს, კერპები გაიკეთეს ოსტატურად, ყველა მათგანი ოსტატის მიერ არის ნაკეთები. ამბობენ: "კაცმა, მსხვერპლს რომ მოიტანს, ხბოს აკოცოსო”.
3 . ამიტომ დილის ნისლივით იქნებიან ისინი, ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით.
4 . მაგრამ მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; ჩემ გარდა სხვა ღმერთს არ უნდა იცნობდეთ, რადგან არავინაა მხსნელი, მხოლოდ მე ვარ.
5 . მე გიცნობდი შენ უდაბნოში, გვალვიან მიწაზე.
6 . როცა საძოვრები გაუჩნდათ, გაძღნენ და გული გაუამაყდათ, ამის გამო დამივიწყეს.
7 . ამიტომ ლომივით ვიქნები მათთვის, ვეფხვივით დავუდარაჯდები გზაზე.
8 . ბელებწართმეული დათვივით დავეცემი მათ, გულის ფიცარს დავუგლეჯ და შევჭამ, როგორც ლომი ჭამს; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
9 . თავი დაიღუპე, ისრაელო, რადგან ჩემს წინააღმდეგ ხარ, შენი შემწეს წინააღმდეგ.
10 . სად არის ახლა შენი მეფე, რომ შენც გიხსნას და შენი ყველა ქალაქიც? ან შენი მსაჯულები, რომლებსაც სთხოვდი: მეფე და მთავრები მომეციო?
11 . ჩემი წყრომის დროს მოგეცი მეფე და წაგართვი ჩემი რისხვისას.
12 . შეფუთულია ეფრემის ურჯულოება, შემონახულია მისი ცოდვები.
13 . მშობიარეს ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, რადგან ახლა იმის დრო არ არის, რომ საშოს კარებთან დაყოვნდეს.
14 . გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!
15 . თუმცა ნაყოფიერია იგი ძმათა შორის, მაგრამ ამოვარდება აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყაროები, დაიშრიტება მისი სათავეები და ის გაძარცვავს მთელი მისი ძვირფასი ჭურჭლეულის საგანძურს.
16 . დადანაშაულდება სამარია, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან! აიკუწებიან მისი ბავშვები და გაიფატრებიან მისი ორსულნი.
1 . აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
2 . შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3 . წილი ჰყარეს ჩემს ხალხზე, ბიჭი მეძავში გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს, რომ დაელიათ.
4 . რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
5 . იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო წაიღეთ და ჩემი ძვირფასი საგანძური თქვენს ტაძრებში შეიტანეთ;
6 . ბერძენთა ძეებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის ძენი, რომ თავიანთი საზღვრებიდან მოგეშორებინათ ისინი.
7 . აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
8 . თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს მივყიდი და ისინი მათ შაბაელთ მიჰყიდიან, შორეულ ხალხს, რადგან უფალმა ბრძანა.
9 . აუწყეთ ეს ამბავი ხალხებს, მოემზადეთ საომრად; გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები, ამოვიდნენ და ახლოს მოდგნენ მეომრები.
10 . სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან - შუბები; დაე, თქვას სუსტმა: "ძლიერი ვარ!”
11 . იჩქარეთ, მოდით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! უფალო, დაუძახე შენს ძლიერ მებრძოლებს.
12 . გამოიღვიძონ ხალხებმა და იოშაფატის ველს მიაშურონ, რადგან იქ დავჯდები, რომ გავასამართლო ირგვლივ მცხოვრები ხალხები.
13 . მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.
14 . ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.
15 . მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ.
16 . სიონიდან დაიგრგვინებს უფალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.
17 . მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.
18 . იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
19 . გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
20 . იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21 . და მოვიკითხავ მათ სისხლს, რომელიც არ მომიკითხავს, რადგან სიონზე მკვიდრობს უფალი”.
1 . ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.
2 . გაიარეთ ქალნეში და ნახეთ, მერე დიდ ხამათში გადადით და ჩადით ფილისტიმელთა გათში. უკეთესნი ხართ ამ სამეფოებზე? განა მათი საზღვრები თქვენს საზღვრებზე დიდია?
3 . ცდილობთ, რომ გადაწიოთ უბედურების დღე, და იახლოვებთ ძალადობის ზეიმს!
4 . სპილოსძვლის სარეცლებზე განრთხმულხართ და თქვენს საწოლებზე ნებივრობთ, საუკეთესოს მიირთმევთ ფარიდან და ნასუქალ ხბოებს.
5 . ქნარის ხმაზე მღერით და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.
6 . თასებით მიირთმევთ ღვინოს, საუკეთესო ნელსაცხებლებს იცხებთ, იოსების უბედურება კი არ გაწუხებთ.
7 . ამიტომ პირველნი წახვალთ ტყვეობაში და გულარხეინთა ღრეობა გადაივლის.
8 . თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
9 . და იქნება: ათი კაციც რომ დარჩნენ ერთი გვარიდან, ისინიც დაიხოცებიან.
10 . და აიყვანს კაცს მისი ჭირისუფალი ან ნათესავი, რომ გაიტანოს მისი ძვლები სახლიდან და ჰკითხავს სახლში დამალულს: არის კიდევ ვინმე შენთანო? უპასუხებს: ცოცხალია უფალი, არავინო! და ეტყვის: ჩუმად, რადგან არ უნდა იხსენებოდეს უფლის სახელი!
11 . რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დასცემს დიდ სახლს ნატეხებად და პატარას - ნამსხვრევებად.
12 . განა ირბენს ცხენი კლდეებზე? განა მოიხვნება კლდე ხარებით? გესლად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.
13 . ამაო ნივთებით ხარობთ და გაიძახით: განა ჩვენი შეძლებით არ ავიმაღლეთო რქანი?
14 . ხალხს გამოვიყვან შენზე, ისრაელის სახლო, - ამბობს ცაბაოთ უფალი - რომელიც დაგჯაბნის ხამათის შესასვლელიდან ყარაბას წყაროებამდე.
1 . იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.
2 . იმ დღეს იქნება - ამბობს ცაბაოთ უფალი - მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.
3 . ხოლო თუ ისევ იწინასწარმეტყველებს ვინმე, მაშინ ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ იცოცხლებ, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო; და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა იწინასწარმეტყველებს.
4 . იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვების გამო, როცა იწინასწარმეტყველებენ და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს ხალხთა მოსატყუებლად.
5 . იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწათმოქმედი კაცი ვარ, რადგან სიყრმიდანვე კაცთაგან ვისწავლე მესაქონლეობა.
6 . ეტყვიან: ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელზე? უპასუხებს: ჩემი მეგობრების სახლში ვარ ნაგვემი.
7 . აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.
8 . მთელ ქვეყანაზე - ამბობს უფალი - ორი მესამედი მოისპობა და დაიღუპება, ერთი მესამედი კი გადარჩება.
9 . ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.
1 . და გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში.
2 . ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან.
3 . სამყოფელი სამარხებში ჰქონდა მას და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შებოჭვა.
4 . აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5 . მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.
6 . შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7 . ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”
8 . რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”
9 . ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.
10 . და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმ არემარედან.
11 . იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო.
12 . ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: "შეგვრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში”.
13 . დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი, დაახლოებით ორიათასამდე ღორი, კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო.
14 . მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი; და გამოვიდა ხალხი, რომ ენახა, რა მოხდა.
15 . მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
16 . უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17 . და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
18 . როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
19 . მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.
20 . წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, როგორ მოექცა მას იესო და ყველას უკვირდა.
21 . როცა კვლავ გამოღმა გამოცურა ნავით იესომ, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი.
22 . მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.
23 . ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
24 . წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 . და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,
26 . მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
27 . მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.
28 . რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
29 . იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.
30 . მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”
31 . მოწაფეებმა უთხრეს: "ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?”
32 . მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა.
33 . ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
34 . მან კი უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
35 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: "შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”
36 . მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”
37 . და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
38 . მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
39 . შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.
40 . დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
41 . აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
42 . მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.
43 . მან კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
1 . ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან იცოდეთ, რომ ასეთები უფრო მეტად განვისჯებით,
2 . ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.
3 . აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მათ მთელ სხეულს.
4 . აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა მიმოიტაცონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს.
5 . ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ჰბუგავს დიდ ტყეს.
6 . ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული. ის ბილწავს მთელს სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან.
7 . რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
8 . ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუკავებელი ბოროტებაა ეს და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
9 . მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
10 . ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო.
11 . განა ერთი წყაროს თვალიდან მოედინება ტკბილი და მწარე?
12 . ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს - ლეღვი? ასევე არ შეიძლება ერთი წყაროდან მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.
13 . ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
14 . მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
15 . ეს არ არის მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური.
16 . რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.
17 . ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
18 . სიმართლის ნაყოფი მშვიდობაში ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.
1 . მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
3 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
4 . რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
5 . არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
6 . მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
7 . ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8 . რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
9 . ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
10 . უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
11 . მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
12 . ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
13 . და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14 . მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
15 . სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
16 . მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17 . ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
18 . ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19 . თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20 . ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21 . უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22 . იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
1 . ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც დედამიწის ოთხი ქარი ეჭირათ, რომ არ ექროლა ქარს არც დედამიწაზე, არც ზღვაზე და არც რაიმე ხეზე.
2 . და ვიხილე მზის აღმოსავლიდან ამომავალი სხვა ანგელოზი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე, რომელმაც დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისა და ზღვისთვის,
3 . და უთხრა: "ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.
4 . და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ასორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული ისრაელიანთა ყველა ტომიდან;
5 . იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;
6 . აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
7 . სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;
8 . ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.
9 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.
10 . დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!”
11 . ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს
12 . და ამბობდნენ: "ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”
13 . შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: "ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?”
14 . ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
15 . ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.
16 . აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.
17 . ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
1 . განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:
2 . "ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
3 . როცა თავს ზემოთ მისი ლამპარი მინათებდა და მისი სინათლით დავდიოდი ბნელში;
4 . ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს, როცა ღვთის მეგობრობა იცავდა ჩემს კარავს.
5 . როცა ჯერ კიდევ ყოვლადძლიერი იყო ჩემთან და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ;
6 . როცა რძეში ვიბანდი ფეხებს და კლდიდან მოედინებოდა ჩემთვის ზეთის ნაკადები!
7 . ქალაქის კარიბჭესთან გავიდოდი და მოედანზე ვიმზადებდი სავარძელს;
8 . დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
9 . მთავარნი თავს იკავებდნენ საუბრისგან და პირზე ხელს იფარებდნენ;
10 . დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11 . ყური მისმენდა და მაკურთხებდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
12 . რადგან მიხსნია ღატაკი - შველას რომ ითხოვდა და ობოლი - შემწე რომ არ ჰყავდა;
13 . მომაკვდავი კაცი მაკურთხებდა და ქვრივის გულს ვახარებდი;
14 . სიმართლით ვიმოსებოდი, მართლმსაჯულება მქონდა მოსასხამად და სამართალი იყო ჩემი თავსაბურველი.
15 . ბრმისთვის თვალები ვიყავი და კოჭლისთვის - ფეხები;
16 . გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;
17 . ბოროტი კაცისთვის ყბები დამილეწავს და კბილებიდან გამომიგლეჯია მიტაცებული;
18 . ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.
19 . ჩემი ფესვები წყლამდეა გაშლილი და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20 . დიდება ჩემი არ ჭკნება და მტკიცეა მშვილდი ჩემს ხელში;
21 . კაცები მისმენდნენ და მელოდებოდნენ, დუმდნენ ჩემს რჩევაზე;
22 . ჩემი სიტყვის შემდეგ ხმას აღარ იღებდნენ, ღრუბელივით ისრუტავდნენ ჩემს ნათქვამს;
23 . წვიმასავით მელოდნენ და როგორც ნაგვიანევ წვიმას, პირს მიშვერდნენ.
24 . გავუცინებდი და არ ეჯერათ, ჩემი სახის ნათელს არ აკნინებდნენ;
25 . გზებს ვურჩევდი მათ და ვთავკაცობდი, ვმკვიდრობდი, როგორც მეფე მხედრობაში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!