1 . უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.
2 . დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3 . ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
4 . წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
5 . თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6 . გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7 . გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: "შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8 . გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.
9 . დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.
10 . შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი.
11 . ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
12 . დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13 . ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.
14 . როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო.
15 . ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს; და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე.
16 . კარგად მოექცნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები.
17 . დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო.
18 . იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: "ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
19 . რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი! აი, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან!”
20 . უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი, და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ.
1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.
2 . რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3 . ისაქარი, ზებულონი და ბენიამინი,
4 . დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5 . ყოველი მათგანი იაკობის საზარდულიდან იყო გამოსული, სულ სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6 . და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;
7 . ისრაელის ძენი კი მომრავლდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ, მეტისმეტად გაძლიერდნენ და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8 . და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
9 . უთხრა თავის ხალხს: "ჩვენზე ბევრნი და ძლიერნი არიან ისრაელის ძეთა ხალხი.
10 . ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.
11 . და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები - ფითომი და რაყმესესი.
12 . მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე.
13 . უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი.
14 . სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.
15 . უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს შიფრა, ხოლო მეორეს ფუყა ერქვა.
16 . უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.
17 . მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
18 . იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და ჰკითხა: "რატომ იქცევით ასე, ცოცხლად რად ტოვებთ ვაჟებს?”
19 . უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: "ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, უფრო ჯანსაღნი არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ”.
20 . სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
21 . და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.
22 . და ასე უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს: "ყოველი ახალშობილი ვაჟი მდინარეში ჩააგდეთ, ქალი კი ცოცხალი დატოვეთ!”
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
2 . იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3 . შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
4 . სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.
5 . მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
6 . ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.
7 . მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
8 . ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.
9 . განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
10 . რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11 . უთხრა უფალმა სოლომონს: "იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს.
12 . ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13 . მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ - დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.
14 . და აღუდგინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფის შთამომავალი.
15 . ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად იმის მერე, რაც გაწყვიტა ყოველი მამაკაცი ედომში,
16 . რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, ვიდრე არ მოსპეს ყოველი მამაკაცი ედომში,
17 . გაიქცა ჰადადი მამამისის მსახურ ედომელებთან ერთად, რომ ეგვიპტეში ჩასულიყვნენ; პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18 . აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს. წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ეგვიპტეში, ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, რომელმაც მისცა მას სახლი, სარჩო და მიწა.
19 . დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.
20 . და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. ფარაონის სახლში გაზარდა ბავშვი თახფენესმა და იზრდებოდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21 . გაიგონა ჰადადმა ეგვიპტეში, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი. უთხრა ჰადადმა ფარაონს: "გამიშვი, წავალ ჩემს ქვეყანაში”.
22 . უთხრა ფარაონმა: "რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?” უპასუხა: "არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი”.
23 . კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;
24 . შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.
26 . იერობყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, ხელი აღმართა მეფეზე.
27 . აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28 . მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29 . ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად.
30 . აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31 . უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
32 . ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,
33 . რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
34 . არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს.
35 . ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს,
36 . მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
37 . აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე.
38 . თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39 . ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.
40 . ეძებდა სოლომონი იერობყამს მოსაკლავად, მაგრამ ადგა და ეგვიპტეში გაიქცა იერობყამი, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან; და იყო იქ სოლომონის სიკვდილამდე.
41 . სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი სიბრძნე სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42 . ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43 . განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
1 . იმ ხანებში დასნეულდა აბია, იერობყამის ძე.
2 . უთხრა იერობყამმა თავის ცოლს: "ადექი, გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ იერობყამის ცოლი რომ ხარ და წადი შილოში; იქაა ახია წინასწარმეტყველი, რომელმაც მითხრა, ამ ხალხის მეფე გახდებიო.
3 . აიღე ათი პური და კვერები, ქილა თაფლი და მიდი მასთან; ის გეტყვის, რაც დაემართება ყრმას”.
4 . ასეც მოიქცა იერობყამის ცოლი; ადგა, წავიდა შილოში და მივიდა ახიას სახლში. ვეღარ ხედავდა ახია, სიბერისგან დაუძლურებოდა თვალები.
5 . უთხრა უფალმა ახიას: "აჰა, იერობყამის ცოლი მოდის, რათა გკითხოს თავის ძეზე, რადგან დასნეულებულია იგი; ასე და ასე ელაპარაკე მას, როცა მოვა და სხვა ქალად მოგეჩვენება”.
6 . გაიგონა ახიამ მისი ფეხის ხმა, როცა კარს მიუახლოვდა იგი და გასძახა: "მოდი, იერობყამის ცოლო, სხვა ვინმედ რატომ მაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გითხრა.
7 . წადი და უთხარი იერობყამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: შენ აღგამაღლე ხალხს შორის და წინამძღოლად დაგადგინე ჩემს ხალხზე, ისრაელზე;
8 . წავართვი სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მიჰყვებოდა ჩემს კვალს, რათა მხოლოდ ის აღესრულებინა, რაც ჩემს თვალში იყო მართებული;
9 . მაგრამ გადააჭარბე ბოროტებით მათ, ვინც შენამდე იყვნენ; წახვედი და გაიკეთე უცხო ღმერთები - ჩამოსხმული კერპები, ჩემს განსარისხებლად, მე კი ზურგი მაქციე.
10 . აჰა, ამიტომ, უბედურებას მოვუვლენ იერობყამის სახლს და ამოვუწყვეტ იერობყამს ყველა კედელთან მიმშარდავს, ტუსაღსა თუ თავისუფალს ისრაელში და გავხვეტ იერობყამის სახლეულს, როგორც კაცი ხვეტს სიბინძურეს, სანამ სულ არ გააქრობს.
11 . მათ, ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს - ძაღლები შეჭამენ, ხოლო, ვინც მინდორში - ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, ვინაიდან უფალმა ბრძანა ასე.
12 . შენ კი ადექი და წადი შენს სახლში, როგორც კი ფეხს შედგამ ქალაქში, მოკვდება ყრმა.
13 . მთელი ისრაელი იგლოვებს და დაკრძალავენ; მხოლოდ ის დაიკრძალება იერობყამისგან, რადგან მისი სახლეულიდან მხოლოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა სათნო უფლის, ისრაელის ღმერთის თვალში.
14 . უფალი აღადგენს ისრაელზე მეფეს, რომელიც მოსპობს იერობყამის სახლეულს ამ დღეს და აღარ დაყოვნდება ეს საქმე.
15 . შემუსრავს უფალი ისრაელს, წყალზე მოქანავე ლერწამივით და ამოძირკვავს ისრაელს ამ ნოყიერი მიწიდან, რომელიც მისცა მათ მამებს და მიმოაბნევს მდინარის გაღმა, რადგან კერპები გაიკეთეს თავისთვის და განარისხეს უფალი.
16 . მტერს გადაეცემა ისრაელი იერობყამის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდა და ისრაელსაც შეაცოდინა”.
17 . ადგა იერობყამის ცოლი, წავიდა და მივიდა თირცაში; როგორც კი სახლის ზღურბლს მიუახლოვდა, მოკვდა ყრმა.
18 . იგლოვა და დაკრძალა იგი მთელმა ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
19 . იერობყამის დანარჩენი საქმენი, მისი ბრძოლები და მეფობა, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
20 . ოცდაორ წელს მეფობდა იერობყამი იერუსალიმში და მიიძინა თავის მამებთან, მის ნაცვლად ნადაბი, მისი ძე გამეფდა.
21 . რეხაბყამ სოლომონის ძე იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტი წელი მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც თავისი სახელის დასამკვიდრებლად გამოარჩია უფალმა ისრაელის ყოველი ტომიდან. დედამისს ნაყამა ერქვა, ყამონელი ქალი იყო იგი.
22 . ბოროტად იქცეოდნენ იუდევლები უფლის თვალში და ჩადენილი ცოდვებით თავიანთ მამებზე მეტად ანრისხებდნენ მას.
23 . მათაც მოიწყვეს მაღლობები, აიშენეს სვეტები და საკერპოები ყოველ მაღალ ბორცვსა და ფოთლოვანი ხის ქვეშ.
24 . საკერპოს მეძავი კაცებიც გაჩნდნენ ქვეყანაში და სჩადიოდნენ ყველა იმ სისაძაგლეს, რომელსაც აკეთებდნენ უფლის მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილი ერები.
25 . რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს, ეგვიპტის მეფე შიშაკმა გაილაშქრა იერუსალიმზე.
26 . წაიღო უფლის ტაძრის, მეფის სასახლისა და ყველა სხვა საუნჯე; თან გაიყოლა სოლომონის გაკეთებული ოქროს ყველა ფარი.
27 . სპილენძის ფარები დაამზადა მათ ნაცვლად მეფე რეხაბყამმა და მეფის სასახლის კარისმცველთა უფროსებს გადასცა.
28 . როცა უფლის ტაძარში წავიდოდა მეფე, მცველები ატარებდნენ მათ, მერე კი ისევ საცავში აბრუნებდნენ.
29 . რეხაბყამის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
30 . გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.
31 . მიიძინა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავის მამების გვერდით, დავითის ქალაქში. ნაყამა ყამონელი ერქვა დედამისს. მის მაგიერ აბიამი, მისი ძე გამეფდა.
1 . ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.
2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
3 . წამოვიდა მის წინააღმდეგ შალმანესერი, აშურის მეფე. გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და ხარკს უხდიდა.
4 . გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.
5 . შეიჭრა აშურის მეფე ქვეყანაში, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6 . ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.
7 . ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს;
8 . იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს.
9 . ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.
10 . სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.
11 . საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.
12 . ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: "ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!”
13 . აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: "მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
14 . არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
15 . უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16 . მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;
17 . ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.
18 . ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა.
19 . იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.
20 . შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;
21 . როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს და დიდი ცოდვებით აცდუნა.
22 . დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მან ჩაიდინა და არ განრიდებიან მათ,
23 . ვიდრე არ განდევნა უფალმა ისრაელი თავისი პირისგან, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახური წინასწარმეტყველების მეშვეობით. დღემდე აშურშია გადასახლებული ისრაელი თავისი მიწიდან.
24 . მოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და დაასახლა ისინი სამარიის ქალაქებში ისრაელის ძეთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25 . არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ამ ხალხებს.
26 . უთხრეს აშურის მეფეს: "ერებმა, რომლებიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში დაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია ამ ხალხებს ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ”.
27 . ბრძანა აშურის მეფემ: "წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”.
28 . მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.
29 . მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ერმა და დადგეს მაღლობთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ერმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30 . ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა - ნერეგალი, ხამათელებმა კი - აშიმა,
31 . ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.
32 . უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.
33 . უფლისაც ეშინოდათ და თავის ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ერების ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს.
34 . დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.
35 . ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;
36 . მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37 . მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
38 . ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;
39 . მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრის ხელიდან”.
40 . მაგრამ არ შეისმინეს მისი ხმა და წინანდელ ჩვეულებებს მისდევდნენ.
41 . ამ ერებს უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. ისევე როგორც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილიშვილები.
1 . გაგზავნა მეფემ მოციქულები და შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის მთელი უხუცესობა.
2 . წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს.
3 . დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.
4 . უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5 . გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ;
6 . გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტვრად აქცია და ხალხის ძეთა საფლავებზე გააბნია.
7 . დაანგრია უფლის სახლთან მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უქსოვდნენ აშერს;
8 . გამოიყვანა იუდას ქალაქებიდან ყველა მღვდელი და წაბილწა ის მაღლობები, სადაც აკმევდნენ ისინი, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, დაანგრია კარიბჭის მაღლობები, ერთი - ქალაქის მთავრის, იეშუას, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9 . თუმცა არ ადიოდნენ მაღლობთა მღვდლები უფლის სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, მაინც ჭამდნენ ხმიადებს თავის ძმებთან ერთად.
10 . წაბილწა სამსხვერპლო, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული.
11 . გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი, უფლის სახლის შესასვლელიდან სარდალ ნეთან-მელექის ოთახამდე, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12 . დაანგრია მეფემ იუდას მეფეთა მიერ, ახაზის ზედა სახლის ერდოზე და უფლის სახლის ორივე ეზოში, მანაშეს მიერ აღმართული სამსხვერპლოები, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში გადაყარა მათი მტვერი.
13 . შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.
14 . ნამსხვრევებად აქცია სვეტები, გაჩეხა აშერები და ადამიანების ძვლებით შეავსო მათი ადგილები.
15 . ასევე მოექცა სამსხვერპლოს, რომელიც ბეთელშია. იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცდუნებლის მოწყობილი მაღლობიც და სამსხვერპლოც მანვე დაანგრია; ცეცხლში დაწვა მაღლობი და გააცამტვერა; აშერიც დაწვა.
16 . მიბრუნდა იოშია და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო; გაგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები და სამსხვერპლოზე დაწვა. ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წარმოთქვა ღვთისკაცმა, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები.
17 . იკითხა იოშიამ: „ეს რა ძეგლია, მე რომ ვხედავ?” უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები, შენ რომ დამართე ახლა ბეთელის სამსხვერპლოს”.
18 . თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დასძრავს მის ძვლებს”. არ შეხებიან არც მის და არც იმ წინასწარმეტყველის ძვლებს, რომელიც სამარიიდან მოვიდა.
19 . ასევე მოაშორა იოშიამ ყველა სახლი მაღლობებზე, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის განსარისხებლად და ისეთივე საქმე დამართა მათ, როგორც ბეთელში.
20 . სამსხვერპლოებზე დაკლა მაღლობთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა კაცთა ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
21 . უბრძანა მეფემ მთელ ხალხს და უთხრა: „იდღესასწაულეთ პასექი უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია”.
22 . არ მომზადებულა ასეთი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განსჯიდნენ ისრაელს და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დღეებში არ მომხდარა ასეთი რამ.
23 . მხოლოდ იოშია მეფის გამეფების მეთვრამეტე წელს მომზადდა ასეთი პასექი უფლისთვის იერუსალიმში.
24 . აღმოფხვრა იოშიამ მესულთანეები, გრძნეულები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი იუდას ქვეყანასა და იერუსალიმში გამოჩნდა, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა ხილკიაჰუ მღვდელმა.
25 . არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც უფლისკენ მთელი თავისი გულით, სულითა და ძალით მოიქცა, მოსეს რჯულის თანახმად და არც მის მერე აღმდგარა მისი მსგავსი.
26 . მაგრამ არ შებრუნებულა უფალი მძვინვარე რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე იმ სიბრაზის გამო, რომლითაც გააბრაზა მანაშემ.
27 . თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ, როგორც ისრაელი მოვიშორე, უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს და სახლს რომელიც ავირჩიე და რომელზეც ვთქვი: აქ დამკვიდრდება ჩემი სახელი”.
28 . იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა ჩაწერილი?
29 . მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტის მეფე, აშურის მეფესთან მდინარე ევფრატზე. გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30 . ეტლით წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. აიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, ზეთი სცხეს და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.
31 . ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
33 . დაატუსაღა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა და ქვეყანას ხარკად ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო დააკისრა.
34 . გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.
35 . ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანას დაადო გადასახადები, რათა მიეცა ფული ფარაონის ბრძანებისამებრ; ქვეყნის ხალხს, თითოეულს მისი ქონების მიხედვით დააკისრა ნექოსთვის მისაცემი ფული.
36 . ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან.
37 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები.
1 . იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი.
2 . რეყაია შობალის ძემ, შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. ესენი იყვნენ ცორყათის საგვარეულონი.
3 . ესენი იყვნენ ყეთამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას კი ჰაცლელფონი ერქვა;
4 . ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა; ესენი იყვნენ ბეთ-ლეხემის მამის, ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი.
5 . ახშურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაარა.
6 . უშვა მას ნაარამ ახუზამი, ხეფერი, თეიმენი და ახაშთარი. ესენი იყვნენ ნაარას ძენი.
7 . ხელას ძენი: ცერეთი, ცოხარი და ეთნანი.
8 . კოცმა შვა ყანუბი და ცობება, ყაქარხელის, ჰარუმის ძის საგვარეულონი.
9 . პატივდებული იყო იაყბეცი თავის ძმებზე მეტად. დედამისმა იაყბეცი დაარქვა, რადგან ამბობდა, ტკივილებში გავაჩინეო იგი.
10 . და მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს: „ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვარს განმივრცობდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და დამიცავდე ბოროტებისგან, რომ არ გავიტანჯო!” და მისცა ღმერთმა, რაც სთხოვა.
11 . შუხას ძმამ ქელუბმა შვა მეხირი, ეშთონის მამა.
12 . ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და თეხინა, ქალაქ ნახაშის მამამთავარი. ესენი იყვნენ რექას მცხოვრებნი.
13 . კენაზის ძენი: ყათნიყელი და სერაია; ყათნიყელის ძე იყო ხათათი.
14 . მეყონოთაიმ შვა ყოფრა, სერაიამ შვა იოაბი, ხუროთა ველის მამამთავარი, რადგან ხუროები იყვნენ ისინი.
15 . ხალებ იეფუნეს ძის ვაჟები: ყირუ, ელა და ნაყამი; ელას ძე იყო კენაზი.
16 . იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი.
17 . ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი; იეთერმა შვა მირიამი, ხოლო მირიამმა შვა შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამამთავარი.
18 . მისმა იუდაელმა ცოლმა კი შვა იერედი, გედორის მამამთავარი, ხებერი - სოხოს მამამთავარი და იეკუთიელი - ზანოახის მამამთავარი; ესენი იყვნენ ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, რომელიც ცოლად მოიყვანა მერედმა.
19 . მისი ცოლის, ნახამის დის, ჰოდიას ვაჟები: კეყილას მამამთავრები - გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი.
20 . შიმონის ძენი: ამნონი და რინა, ბენ-ხანანი და თილონი; იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი;
21 . იუდას ძის, შელას ვაჟები: ყერი - ლექას მამა და ლაყდა - მარეშას მამა და სელის ოსტატთა საგვარეულონი, აშბეაყის სახლიდან.
22 . იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი, რომლებიც მოაბსა და იაშუბ-ლეხემზე ბატონობდნენ; ეს ძველი ამბებია.
23 . ისინი იყვნენ მექოთნენი და მეფის ბაღ-ბოსტნებთან მცხოვრებნი, მისთვის მშრომელნი.
24 . სიმეონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული;
25 . მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი და მისი ძე მიშმაყი;
26 . მიშმასყის ძენი: ხამუელი, ზაქური, შიმყი.
27 . შიმყის თექვსმეტი ძე და ექვსი ასული ჰყავდა, მაგრამ მის ძმებს მრავალი შვილი არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო გამრავლებულა, იუდას შვილებივით.
28 . და მკვიდრობდნენ ისინი ბეერ-შებაყში, მოლადში და ხაცარ-შუყალში,
29 . ბილჰაში, ყეცემში, თოლადში,
30 . ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში,
31 . ბეთ-მარბაქოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირში და შაყარაიმში. ესენი იყვნენ მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
32 . მათი სოფლები: ყეტამი და ყაინი, რიმონი, თოქენი და ყაშანი, სულ ხუთი;
33 . მთელი სოფლები, რომლებიც ამ ქალაქების ირგვლივ იყვნენ ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
34 . მეშობაბი, იამლექი და იოშა, ამაციას ძე,
35 . იოელი და იეჰუ, იოშიბიას ძე, სერაიას და ყასიელის შთამომავალი,
36 . ელიოყენაი, იაკობ, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია,
37 . ზიზა, შიფყის ძე, ალონის, იედაიას, შიმრის და შემაიას შთამომავალი.
38 . ესენი სახელდებით რომ არიან ჩამოთვლილნი, მთავრები იყვნენ თავიანთ მამისსახლებში. ძლიერ განივრცო მათი მამისეული სახლი.
39 . გედორამდე წავიდნენ და ველის აღმოსავლეთსაც გასცდნენ, რათა საძოვრები ეპოვათ თავისი სამწყსოსთვის.
40 . და იპოვეს ნოყიერი და კარგი საძოვარი; ვრცელი, წყნარი და მშვიდობიანი ქვეყანა, ვინაიდან, უწინ ქამის შთამომავლები მკვიდრობდნენ იქ.
41 . მოვიდნენ ესენი, სახელდებით ჩამოთვლილნი, იუდას მეფე ხიზკიაჰუს დღეებში, წარხოცეს მათი კარვები და სავანენი, რომლებიც პოვეს იქ და ააოხრეს ისინი; იქ დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, რადგან საძოვრები იყო მათი ფარებისთვის.
42 . სიმონის ძეთაგან ზოგიერთნი, ხუთასი კაცი, სეყირის მთისკენ წავიდა; იშყის ძენი: ფელატია, ნეყარია, რეფაია და ყუზიელი მეთაურობდნენ.
43 . დარჩენილი ყამალეკელნიც შემუსრეს და მკვიდრობენ იქ დღემდე.
1 . და ქონია იეჰოიაკიმის ძის ნაცვლად გამეფდა ციდკიაჰუ იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში.
2 . არ ისმენდნენ ის და მისი მსახურნი და არც ქვეყნის ხალხი უფლის სიტყვას, რასაც იგი წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით ამბობდა.
3 . გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ იეჰუქალი, შელემიას ძე და ცეფანია, ღვთისმსახურ მაყასეიას ძე, წინასწარმეტყველ იერემიასთან ამის სათქმელად: "შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს”.
4 . ხალხში მიმოდიოდა იერემია, რადგან ჯერ კიდევ არ იყო საპატიმროში ჩაგდებული.
5 . გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; ეს რომ შეიტყვეს ქალდეველებმა, რომელთაც ალყა შემოერტყათ იერუსალიმისთვის, უკუიქცნენ ქალაქიდან.
6 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან წინასწარმეტყველ იერემიასთან:
7 . "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, უთხარით იუდას მეფეს, რომელიც ჩემთან გგზავნით შესაკითხად: ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება.
8 . მობრუნდებიან ქალდეველნი, შეებრძოლებიან ამ ქალაქს, დაიპყრობენ და ცეცხლით გადაბუგავენ.
9 . ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, თავს დაგვანებებენო ქალდეველნი! არ დაგანებებენ.
10 . კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გებრძვით, მათგან მხოლოდ დაჭრილებიღა რომ დარჩნენ, ისინი წამოდგებიან თავ-თავისი კარვებიდან და ცეცხლით გადაბუგავენ ამ ქალაქს”.
11 . ფარაონის ლაშქრის შიშით ქალდეველთა ჯარი იერუსალიმს რომ გაეცალა,
12 . იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წავიდა, რათა თავის ხალხს შორის თავისი წილი მიეღო.
13 . მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: "ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.
14 . მიუგო იერემიამ: "ტყუილია, არ გავრბივარ ქალდეველებთან!” მაგრამ არ დაუჯერეს; შეიპყრო ირყიამ იერემია და მიიყვანა მთავრებთან.
15 . განურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და საპატიმროში შეაგდეს. ეს იყო იონათან მწერლის სახლი, რომელსაც ციხედ იყენებდნენ.
16 . გავიდა მრავალი დღე, რაც იერემია დილეგში იჯდა.
17 . წარგზავნა მეფე ციდკიაჰუმ, წამოაყვანინა იგი თავის სახლში და ფარულად ჰკითხა მას: "არის რამე სიტყვა უფლისგან?” უპასუხა იერემიამ: "არის!” და უთხრა: "ბაბილონის მეფეს ჩაუვარდები ხელში!”
18 . ჰკითხა იერემიამ მეფე ციდკიაჰუს: "რა შევცოდე შენ წინაშე, შენი მსახურებისა და ამ ხალხის წინაშე, ციხეში რომ ჩამსვით?
19 . სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც გამშვიდებდნენ: არ გამოვა ბაბილონის მეფე თქვენს და ამ ქვეყნის წინააღმდეგო?
20 . ახლა კი მისმინე, მეფევ ბატონო! შეისმინე ჩემი ვედრება, ნუ დამაბრუნებ მწერალ იონათანის სახლში, რათა იქ არ მოვკვდე”.
21 . ბრძანა მეფე ციდკიაჰუმ, რომ საყარაულო ეზოში დაეკავებინათ იერემია. ქალაქში პურის გამოლევამდე დღიურად პურის წილობს აძლევდნენ მცხობელთა ქუჩიდან; იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
1 . სიტყვა, რომელიც იყო იერემიასადმი ეგვიპტის ქვეყანაში - მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის ქვეყანაში დასახლებულ ყველა იუდეველზე.
2 . "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თვითონ ნახეთ ყველა ის უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდას ყველა ქალაქს. აჰა, ნანგრევებად არიან ქცეულნი და აღარავინ ცხოვრობს მათში.
3 . მათი იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაბრაზებლად ჩადიოდნენ, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამები.
4 . გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს; გეუბნებოდით: ნუ ჩაიდენთ ამ საზიზღრობას, მე რომ მძულს-მეთქი!
5 . მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, არ მოიქცნენ ბოროტებისგან და არ შეწყვიტეს უცხო ღმერთებისთვის კმევა.
6 . ამიტომ აინთო და გადმოიფრქვა ჩემი გულისწყრომა და რისხვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებზე, ამიტომ იქცნენ ნანგრევებად და უკაცრიელ ადგილებად, დღეს რომ არის.
7 . და ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ უკეთებთ დიდ ბოროტებას საკუთარ თავს, რატომ სპობთ იუდადან კაცსა და ქალს, ბავშვსა და ძუძუმწოვარს, ისე რომ შთამომავლობა აღარ დაგრჩეთ?
8 . რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, უცხო ღმერთებს რომ უკმევთ ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მიხვედით, რათა მოიკვეთოთ და წყევლად და სირცხვილად იქცეთ დედამიწის ყველა ერს შორის?
9 . ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი მამების ბოროტება, იუდას მეფეთა და მათი ცოლების ბოროტება, თქვენი და თქვენი ცოლების ბოროტება, რასაც იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში სჩადიოდით?
10 . დღემდე არ ნანობენ და არ შიშობენ, ჩემი რჯულითა და ჩემი წესებით არ დადიან, თქვენ და თქვენს მამებს რომ მოგეცით.
11 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, სახეს თქვენდა საუბედუროდ და მთელი იუდას ამოსაძირკვად მოვაქცევ,
12 . და ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც სახე მიაქცია ეგვიპტის ქვეყანაში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად; ყველა მათგანი განადგურდება ეგვიპტის ქვეყანაში, მახვილითა და შიმშილით დაეცემიან; დიდიდან პატარამდე მახვილითა და შიმშილით მოისრებიან და საწყევარი, შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდებიან.
13 . ეგვიპტის ქვეყანაში მაცხოვრებლებსაც დავსჯი, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.
14 . ვერავინ გადარჩება იუდას ნატამალიდან, ეგვიპტის ქვეყანაში რომ ჩავიდა საცხოვრებლად, რათა უკან, იუდას ქვეყანაში დაბრუნდეს, საითაც გული მიუწევთ დასაბრუნებლად და საცხოვრებლად; მაგრამ ვერავინ დაბრუნდება ზოგიერთი გახიზნულის გარდა”.
15 . მაშინ კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, იქ შეყრილ ქალთა დიდმა ბრბომ და ზემო და ქვემო ეგვიპტეში დასახლებულმა მთელმა ხალხმა, ასე მიუგო იერემიას:
16 . "არ შევისმენთ შენს მიერ ნათქვამ სიტყვას, უფლის სახელით რომ გველაპარაკე,
17 . ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ვთქვით, კვლავაც ვუკმევთ ცის დედოფალს, და საღვრელსაც დავუღვრით, როგორც ჩვენ და ჩვენი მამები ვაკეთებდით, ასევე ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; პურით ვძღებოდით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.
18 . მას შემდეგ, რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილისა და შიმშილის წერა შევიქენით.
19 . ცის დედოფალს რომ ვუკმევდით და საღვრელს ვუღვრიდით, განა ჩვენი ქმრების თანხმობის გარეშე ვუცხობდით კვერებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელ მსხვერპლებს?”
20 . და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს - მამაკაცებს, დედაკაცებს, ყველას, ვინც ამგვარად უპასუხა მას:
21 . "საკმეველი, რომელსაც თქვენ და თქვენი მამები, თქვენი მეფეები, თქვენი მთავრები და ქვეყნის ყველა ხალხი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში აკმევდით, განა გულში არ გაივლო და არ გაიხსენა უფალმა?
22 . ვეღარ შეძლო უფალმა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლეები მოეთმინა, რომლებიც ჩაიდინეთ; ამიტომ იქცა თქვენი ქვეყანა ნანგრევებად, უდაბურად და წყევლად, როგორც დღეს არის.
23 . იმის გამო, რომ აკმევდით და უფალს სცოდავდით, არ ემორჩილებოდით უფლის ხმას და მისი რჯულით, წესებითა და მოწმობებით არ დადიოდით, ამიტომ გეწიათ ეს უბედურება, დღეს რომ დაგატყდათ თავს”.
24 . და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა დედაკაცს: "შეისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყანაში რომ ხარ.
25 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ და თქვენი ცოლები, რასაც პირით ამბობდით, ხელებითაც იმას ასრულებდით. ამბობდით: აღთქმებს შევასრულებთ, ცის დედოფალს დავუკმევთ და საღვრელს დავუღვრითო! მიდით და აღასრულეთ აღთქმები, განამტკიცეთ დაპირებები.
26 . მაგრამ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყანაში რომ ცხოვრობ: აჰა, ჩემი დიადი სახელით დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ აღარ დარჩება ჩემი სახელის წარმომთქმელი იუდეველი კაცი მთელ ეგვიპტეში, ვინც იტყვის: ცოცხალია უფალი ღმერთიო!
27 . აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიფხიზლებ და არა სასიკეთოდ, მახვილითა და შიმშილით ამოწყდება ეგვიპტის ქვეყანაში მყოფი ყველა იუდეველი, ვიდრე მთლიანად არ გაქრებიან.
28 . ხოლო ისინი, ვინც მახვილს გაექცევიან, ძალზედ მცირედნი, ეგვიპტიდან იუდას ქვეყანაში დაბრუნდებიან. მაშინ გაიგებს ეგვიპტის ქვეყანაში საცხოვრებლად ჩასული იუდას ნატამალი, თუ ვისი სიტყვა აღსრულდება - ჩემი თუ მათი.
29 . ეს იქნება თქვენთვის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ აღსრულდება ჩემი სიტყვები თქვენდა საზიანოდ.
30 . ასე ამბობს უფალი: აჰა, ჩავაგდებ ეგვიპტის მეფეს, ფარაონ ხოფრას, მისი მტრებისა და მისი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში, როგორც ციდკიაჰუ, იუდას მეფე ჩავაგდე ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორისა და მისი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში”.