1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . უთხრა ღმერთმა იაკობს: "ადექი, ადი ბეთელში და იქ დამკვიდრდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს გაურბოდი”.
2 . უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: "მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
3 . ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”.
4 . მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
5 . და გაემგზავრნენ. ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეებს.
6 . და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, იგივე ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაში იყო.
7 . ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა უფალი, როცა გაურბოდა თავის ძმას.
8 . გარდაიცვალა დებორა, რებეკას ძიძა და დაიკრძალა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა იაკობმა ამ ადგილს ალონ-ბაქუთი - გოდების მუხა.
9 . და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი.
10 . უთხრა ღმერთმა: "შენი სახელი იაკობია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი!” ასე უწოდა ღმერთმა სახელად ისრაელი.
11 . უთხრა ღმერთმა: "მე ვარ ღმერთი ელ-შადაი ანუ ყოვლადძლიერი; ინაყოფიერე და გამრავლდი; ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
12 . ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაჰამს და ისაკს, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია”.
13 . და ამაღლდა ღმერთი მისგან იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
14 . სვეტი აღმართა იაკობმა იმ ადგილზე, სადაც ღმერთი ელაპარაკა, ქვის სვეტი, დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
15 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკებოდა, ბეთელი.
16 . გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
17 . მშობიარობის გასაჭირში უთხრა ბებიაქალმა: "ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს შენ”.
18 . და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა თავის ვაჟს ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
19 . გარდაიცვალა რახელი და დაიკრძალა ეფრათის გზაზე, ბეთლემში.
20 . და აღმართა იაკობმა სვეტი მის საფლავზე. დღესაც დგას იმ საფლავის ძეგლი.
21 . გაემგზავრა ისრაელი და გედერის კოშკის გაღმა გაშალა კარავი.
22 . ისრაელის ამ ქვეყანაში მკვიდრობისას დაწვა რეუბენი ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ძე ჰყავდა იაკობს.
23 . ლეასგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი;
24 . რახელისგან: იოსები და ბენიამინი;
25 . ბილჰას, რახელის მხევლისგან: დანი და ნაფთალი.
26 . ზილფას, ლეას მხევლისგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომლებიც შუამდინარეთში შეეძინა.
27 . და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, იგივე ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაჰამი და ისაკი.
28 . ას ოთხმოცი წლის იყო ისაკი.
29 . განუტევა სული ისაკმა და გარდაიცვალა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და დაკრძალეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
1 . უთხრეს ამ ამბების შემდეგ იოსებს: "ავადაა მამაშენი”. და თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი.
2 . აუწყეს იაკობს: "აი, შენი ძე, იოსები მოდის შენთან”. ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა სარეცელზე.
3 . უთხრა იაკობმა იოსებს: "ელ შადაი - ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.
4 . მითხრა: "მე გაქცევ ნაყოფიერად, გაგამრავლებ და ხალხების კრებულად გადაგაქცევ; და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ - საუკუნო სამფლობელოდ.
5 . ახლა შენი ორი ძე, ეფრემი და მენაშე, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაში ჩემ მოსვლამდე შეგეძინა, ჩემები არიან; ისევე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
6 . შვილები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.
7 . ფადანიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაში; ეფრათამდე არ ვიყავი მისული, იქ დავკრძალე, ეფრათას გზაზე, დღევანდელ ბეთლემში”.
8 . დაინახა ისრაელმა იოსების ძენი და იკითხა: "ვინ არიან ესენი?”
9 . უთხრა იოსებმა: "ჩემი ძენი არიან, რომლებიც აქ მომცა ღმერთმა”. უთხრა იაკობმა: "მომიყვანე, რათა ვაკურთხო!”
10 . ბინდი გადაჰკროდა ისრაელს სიბერისაგან თვალებზე და ვერ ხედავდა. ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა, მან კი აკოცა და გულში ჩაიკრა.
11 . და უთხრა ისრაელმა იოსებს: "აღარც კი მეგონა თუ კვლავ ვიხილავდი შენს სახეს, და აჰა, ღმერთმა შენი ძენიც მახილვინა”.
12 . გადმოსვა ისინი იოსებმა მამის მუხლებიდან და მიწამდე სცა თაყვანი.
13 . აიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი ხელმარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
14 . გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.
15 . აკურთხა იოსები და თქვა: "ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე,
16 . ანგელოზმა, რომელმაც მიხსნა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი; იწოდებოდნენ ჩემი სახელით და ჩემი მამების, აბრაჰამისა და ისაკის სახელით და გამრავლდნენ ფრიად ქვეყანაზე”.
17 . როცა იხილა იოსებმა, რომ მარჯვენა ხელი ეფრემს დაადო მამამისმა, არ მოეწონა. აიღო მამის ხელი, რათა ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
18 . უთხრა იოსებმა მამას: "ასე არა, მამაჩემო. ესაა პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა”.
19 . მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: "ვიცი, შვილო, ვიცი; ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება; მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება და მისი შთამომავლობა გადაიქცევა მრავალრიცხოვან ხალხად”.
20 . აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: "შენით წარმოსთქვამს ისრაელი კურთხევას, იტყვის: "ღმერთმა გქმნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!” და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
21 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "აი, მე ვკვდები. თქვენთან იქნება ღმერთი და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე.
22 . შენთვის მომიცია მიწის ერთი წილით მეტი ძმათა წინაშე, რომელიც ჩემი მახვილითა და მშვილდით წავგლიჯე ამორელებს”.
1 . და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
2 . და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3 . თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
4 . იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
5 . უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
6 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
7 . უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
8 . და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
9 . აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10 . ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
11 . უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
12 . უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
13 . უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
14 . უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
15 . კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16 . წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 . და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
18 . შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
19 . ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
20 . გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21 . მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
22 . ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.
1 . მიუგო მოსემ: "რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?”
2 . ჰკითხა უფალმა: "რა გიჭირავს ხელში?” უთხრა: "კვერთხი”.
3 . თქვა უფალმა: "დააგდე მიწაზე”. დააგდო მიწაზე; და იქცა კვერთხი გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
4 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი და კუდით დაიჭირე”. გაიწოდა ხელი, დაიჭირა იგი და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5 . "ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
6 . კვლავ უთხრა უფალმა: "ჩაიყავი ხელი უბეში!” მანაც ჩაიყო უბეში ხელი და უკან რომ გამოიღო, ხედავს, თოვლივით თეთრი და კეთროვანია ხელი.
7 . უთხრა: "ისევ ჩაიყავი ხელი უბეში”. დააბრუნა ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და ნახა, რომ აღუდგა დანარჩენი ხორცივით.
8 . "თუ არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ პირველ ნიშანს, მეორე ნიშანზე მაინც გერწმუნებიან.
9 . თუ ამ ორივე ნიშანზეც არ გერწმუნებიან და არ შეისმენენ შენს სიტყვას, აიღე წყალი მდინარიდან და დაღვარე ხმელეთზე; წყალი, რომელსაც აიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე”.
10 . უთხრა მოსემ უფალს: "გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ და არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ”.
11 . უთხრა უფალმა: "ვინ მისცა ბაგე კაცს; ვინ შექმნა მუნჯი ან ყრუ, მხედველი ან ბრმა? განა მე არა, უფალმა?
12 . ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
13 . თქვა მოსემ: "გთხოვ, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე”.
14 . და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: "განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
15 . ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16 . ის ილაპარაკებს ხალხთან შენს მაგივრად. ის იქნება შენი ბაგე და შენ იქნები მისთვის როგორც ღმერთი.
17 . აიღე ხელში ეგ კვერთხი, რომლითაც მოახდენ სასწაულებს”.
18 . წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან და უთხრა მას: "წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომლებიც ეგვიპტეში არიან, რათა ვნახო, ცოცხლები არიან თუ არა”. და უთხრა ითრომ მოსეს: "მშვიდობით იარე”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: "წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა”.
20 . შესხა მოსემ თავისი ცოლი და ვაჟები სახედრებზე და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "როცა წახვალ და დაბრუნდები ეგვიპტეში, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. მე გავასასტიკებ ფარაონის გულს და არ გაუშვებს ხალხს.
22 . უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი;
23 . ამიტომ გეუბნები - გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”
24 . ისე მოხდა, რომ გზაზე, ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25 . აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფერხთით დაუგდო მას და თქვა: "სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის”.
26 . და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: "სისხლის ნეფე ხარ წინადაცვეთის გამო”.
27 . უთხრა უფალმა აჰარონს: "წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში”. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.
28 . და მოუთხრო მოსემ აჰარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც მოავლინა და ყოველი ნიშანი, რომლის მოხდენაც უბრძანა.
29 . წავიდა მოსე აჰარონთან ერთად და შეკრიბეს ისრაელის ძეთა უხუცესნი.
30 . და მოუთხრო აჰარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა მოსეს უფალმა და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31 . ირწმუნა ხალხმა, რომ გაიხსენა უფალმა ისრაელის ძენი და რომ იხილა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს!
2 . თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მთელ შენს მიწას ბაყაყებით მოვსრავ.
3 . გაივსება მდინარე ბაყაყებით, ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში, შენს საწოლ ოთახში, შენს სარეცელზე, შენი მსახურებისა და ხალხის სახლებში, შენს თონეებსა და ვარცლებში.
4 . შენ, შენს ხალხს და ყოველ შენს მსახურს შემოგახტებათ ბაყაყები”.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: გაიწოდე კვერთხიანი ხელი მდინარეებზე, ნაკადულებსა და ტბებზე და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე”.
6 . გაიწოდა აჰარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა.
7 . იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
8 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "ილოცეთ უფლის მიმართ, რომ მოაშოროს ბაყაყები ჩემგან და ჩემი ხალხისაგან; გავუშვებ თქვენს ხალხს და შესწირონ მსხვერპლი უფალს”.
9 . უთხრა მოსემ ფარაონს: "დანიშნე დრო, როდის ვილოცო შენთვის, შენი მსახურებისთვის და შენი ხალხისთვის - ბაყაყების შენგან და შენი სახლებიდან მოსასპობად, მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
10 . და უთხრა: "ხვალ”. მიუგო მოსემ: "იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი.
11 . მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
12 . გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს.
13 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
14 . მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა.
15 . იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
16 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს, გაიწოდეო კვერთხი, დაჰკარი მიწის მტვერს და გადაიქცევა მტვერი მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
17 . ასეც მოიქცა: გაიწოდა აჰარონმა კვერთხიანი ხელი, დაჰკრა მიწის მტვერს და მკბენარი მოედო ადამიანსა და პირუტყვს. მთელი მიწის მტვერი კოღოდ გადაიქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
18 . და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით, მკბენარის წარმოსაქმნელად, მაგრამ ვერ შეძლეს და მკბენარი ეხვია ადამიანსა და პირუტყვს.
19 . უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: "ეს ღვთის თითია”. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
21 . კიდევ თუ არ გამოუშვებ ჩემს ხალხს, მოვავლენ შენზე, შენს ხალხზე და შენს სახლეულზე ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და თვით მიწაც, რომელზეც ისინი არიან.
22 . და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც ჩემი ხალხი ბინადრობს, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა გაიგო, რომ მე ვარ უფალი ქვეყნის შუაგულში.
23 . გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისაგან. აჰა, ხვალ მოხდება ეს ნიშანი”.
24 . და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა: შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონისა და მისი მსახურების სახლებს და მთელი ეგვიპტის მიწას; მოისრა ქვეყანა ბუზანკალისგან.
25 . დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, მაგრამ ამ ქვეყანაში გააკეთეთ ეს”.
26 . უთხრა მოსემ: "ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, უფლის, ჩვენი ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვა; განა არ ჩაგვქოლავენ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ რომ შევწიროთ?
27 . წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს”.
28 . უთხრა ფარაონმა: "გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში; ოღონდ შორს ნუ წახვალთ; შეევედრეთ ჩემთვის!”
29 . უთხრა მოსემ: "აჰა, გავდივარ შენგან და ვილოცებ უფლის მიმართ, ხვალიდან განშორდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს; ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად”.
30 . გამოვიდა მოსე ფარაონისაგან და შეევედრა უფალს.
31 . აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.
32 . ამჯერადაც გაისასტიკა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.
1 . ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
2 . უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
3 . ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
4 . თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
5 . თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
6 . ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7 . შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
8 . ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
9 . ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10 . ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
11 . მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12 . ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13 . დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
14 . წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
15 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16 . მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
17 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
18 . საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
19 . მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
20 . აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
21 . იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22 . თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23 . რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
24 . თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25 . უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
26 . არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27 . წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
28 . კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
29 . არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
30 . თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31 . გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32 . ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.
2 . უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.
3 . მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
4 . მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
5 . "წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6 . იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.
7 . აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8 . ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.
9 . ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
10 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,
11 . როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!
12 . და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
13 . ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.
14 . მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15 . მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.
16 . მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”
17 . ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.
18 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
19 . ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!
20 . კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
21 . შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.
22 . ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.
23 . რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
24 . შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.
25 . ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,
26 . რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
27 . რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.
28 . ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.
29 . ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.
1 . გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
2 . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
3 . უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
4 . თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
5 . დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
6 . აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
7 . გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
8 . უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
9 . შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 . ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
11 . ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
12 . მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
13 . მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
14 . აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
15 . ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
16 . მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
17 . ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
1 . მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: "ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო.
2 . წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;
3 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.
4 . მოგცეს შენ აბრაჰამის კურთხევა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს”.
5 . გაგზავნა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6 . დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და შუამდინარეთში ცოლის შესართავად გაგზავნა და რომ კურთხევისას უთხრა: "არ შეირთო ცოლი ქანაანის ასულთაგან”.
7 . და რომ გაუგონა იაკობმა თავის დედ-მამას და წავიდა შუამდინარეთში.
8 . დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.
9 . წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.
10 . წავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და ხარანისკენ გაემართა.
11 . მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.
12 . და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.
13 . აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.
14 . ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება შენი თესლი, განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი.
15 . შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.
16 . გაიღვიძა იაკობმა და თქვა: "ჭეშმარიტად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!”
17 . შეშინდა და თქვა: "რა გასაოცარი ადგილი ყოფილა! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღვთის სახლი და ზეცის კარიბჭე!”
18 . ადგა იაკობი დილაადრიან, აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
19 . და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი - ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.
20 . დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად
21 . და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.
22 . და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.
1 . მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად.
2 . ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: "მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: "რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”
3 . სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”
4 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი.
6 . აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7 . და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: "არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”
8 . მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9 . უთხრა მოსემ იეშუას: "გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”.
10 . ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ.
11 . როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.
12 . დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.
13 . დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.
15 . ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა მას სახელად "იაჰვე-ნისი”
16 . და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
1 . ფსალმუნი დავითისა.როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
2 . ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
3 . მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.
4 . ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.
5 . ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.
6 . ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.
7 . აღსდექ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს და კბილებს უმუსრავ ბოროტეულთ.
8 . უფლისგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე.
1 . ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
2 . ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
3 . უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
4 . რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
5 . ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
6 . შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
7 . მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
8 . უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
9 . რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
10 . განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
11 . გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
12 . რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
1 . გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
2 . ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
3 . ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
4 . რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
5 . განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
6 . მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
7 . ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
8 . და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
9 . უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
10 . შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
11 . უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
12 . რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
13 . შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
14 . რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
15 . ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
16 . ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
17 . დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
18 . სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
19 . აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
20 . უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
21 . რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22 . ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
23 . რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
24 . ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
25 . გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
26 . თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
27 . მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
28 . ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
29 . დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
30 . მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
31 . თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
32 . აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
33 . რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
34 . უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
35 . გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
36 . უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
37 . უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
38 . გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
1 . გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
2 . მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
3 . წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
4 . დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
5 . უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
6 . ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
7 . ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
8 . წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
9 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
10 . რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
11 . მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე.
1 . 1. გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი, 2. რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ. 3. შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში, 4. როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან. 5. შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი. 6. გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს. 7. დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი. 8. უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ. 9. გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი. 10. ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე. 11. და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა. 12. როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები, 13. და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან 14. და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს; 15. ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი. 16. მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან. 17. და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს. 18. გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ. 19. ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან. 20. დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა. 21. ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს, 22. ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ. 23. მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი. 24. როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა. 25. აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა. 26. ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა. 27. როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა. 28. მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ. 29. მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით. 30. როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს. 31. ასევე მოამწყვდიე ეს ლაშქარი შენი ერის, ისრაელის ხელში, რომ შერცხვენოდათ თავიანთი ჯარისა და მხედრობისა. 32. აავსე ისინი სიმხდალით, დაადამბლავე მათი ძალა, და შეარყია ისინი მარცხმა. 33. შემუსრე ისინი შენს მოყვარულთა მახვილით და საგალობლებში განგადიდებენ შენი სახელის მცნობელნი. 34. შემდეგ ეკვეთნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიას ბანაკიდან ხუთი ათასამდე კაცი და გაწყდნენ მათ წინაშე. 35. დაინახა ლისიამ თავისი ლაშქრის უკუქცეკა და იუდას მებრძოლთა სიმამაცე, თუ როგორ იყვნენ მზად, ან ეცოცხლათ ან ღირსეულად დახოცილიყვნენ, და ანტიოქიისკენ გაემართა; გულში ჩაიდო, ჯარი დაექირავებინა და უფრო დიდი ლაშქრით კვლავ იუდაელებს შესეოდა. 36. მაშინ თქვეს იუდამ და მისმა ძმებმა: აჰა, შეიმუსრა ჩვენი მტერი. ავიდეთ სამსხვერპლოს განსაწმედად და განსაახლებლად. 37. შეიკრიბა მთელი ჯარი და ავიდნენ სიონის მთაზე. 38. ნახეს გაპარტახებული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, გადამწვარი კარიბჭე; ეზოში კი ბუჩქები იყო ამოსული, როგორც ტყეში ან მთაში; სიწმიდეთა საცავები მოოხრებული იყო. 39. შემოიგლიჯეს ტანისამოსი, გამართეს დიდი გლოვა და ნაცარი დაიყარეს თავზე. 40. პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელ საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ღაღადისი აღავლინეს ცისკენ. 41. მერე გამოყო იუდამ მებრძოლები ციხე-სიმაგრეში მყოფებთან საომრად, ვიდრე თავად სამსხვერპლოს გაწმედდა. 42. ამოირჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი, 43. და გაასუფთავეს საწმიდარი და ბინძური ქვები უსუფთაო ადგილზე გაიტანეს. 44. შემდეგ გამართეს ბჭობა შებღალული აღსავლენის სამსხვერპლოს გამო, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. 45. მაშინ გაუჩნდათ მათ კეთილი აზრი, დაენგრიათ იგი, რომ სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის, რადგან წარმართთაგან იყო წაბილწული; და დაანგრიეს სამსხვერპლო. 46. ქვები კი დააწყვეს ტაძრის მთაზე, შესაფერ ადგილას, სანამ მიამავალი ვინმე წინასწარმეტყველი მათ შესახებ იტყოდა რამეს. 47. მოაგროვეს წესისამებრ გაუთლელი ქვები და ააგეს ახალი სამსხვერპლო ძველის მიხედვით. 48. ააშენეს საწმიდარი და ტაძრის შიგადი, და აკურთხეს ეზო. 49. ახლად დაამზადეს წმიდა ჭურჭელი და ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის სამსხვერპლო და ტრაპეზი. 50. აკმიეს სამსხვერპლოზე, შანდლებზე სანთლები დაანთეს და გაანათეს ტაძარი. 51. ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ჩამოკიდეს ფარდები და აღასრულეს ყოველი საქმე, რაც წამოიწყეს. 52. ასმეორმოცე წელს, მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ 53. და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მოიყვანეს შესაწირავი. 54. სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ბობღნებით, ებნებითა და წინწილებით. 55. პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანისცეს და ჰმადლობდნენ ცას, რომელმაც სიკეთე მოიღო მათზე. 56. რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს. 57. ტაძრის შუბლი დაამშვენეს ოქროს გვირგვინებითა და ფარებით, განაახლეს კარიბჭეები და სიწმიდეთსაცავები, და კარი შეაბეს. 58. დიდზე დიდმა სიხარულმა მოიცვა ხალხი და განქარდა წარმართთაგან მოყივნება. 59. დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით. 60. იმავე ხანებში სიონის მთა შემოზღუდეს მაღალი კედლებით და მაგარი კოშკებით, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს აღარ დაექციათ ისინი უწინდელივით. 61. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთცურიც დასაცავად, რათა ხალხს ედომის მხარეს ჰქონოდა სიმაგრე.