1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.
1 . მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 . "გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 . და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 . აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 . სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 . იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 . ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 . ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 . ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 . ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 . იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 . დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 . აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 . ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 . გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 . ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 . წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 . ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 . და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 . და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 . ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 . წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 . მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 . და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 . დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 . წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 . უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 . მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 . ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 . გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 . მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 . ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 . ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.
1 . აი, ის ხალხები, რომლებიც დატოვა უფალმა, რათა მათი მეშვეობით გამოეცადა ყოველი ისრაელიანი, რომელიც ვერ შეესწრო ქანაანელებთან გამართულ ვერც ერთ ომს.
2 . მხოლოდ იმისთვის, რომ სცოდნოდათ ისრაელიანთა შთამომავლებს და ესწავლათ ომი, რის შესახებაც უწინ არაფერი იცოდნენ:
3 . ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელი, ციდონელი და ხიველი, ლიბანის მთაზე რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ხამათის მისასვლელამდე.
4 . ისრაელის გამოსაცდელად იყვნენ ისინი, რათა გაცხადებულიყო შეისმენდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს მეშვეობით რომ ამცნო მათ მამებს.
5 . და დამკვიდრდნენ ისრაელის ძენი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის.
6 . შეირთეს ცოლებად მათი ასულნი, თავიანთი ასულები კი მათ ძეებს მიათხოვეს და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
7 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის წინაშე: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და აშერებს.
8 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და გადასცა ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის, შუამდინარეთის მეფეს; რვა წელი ემსახურებოდნენ მას ისრაელის ძენი.
9 . შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და აღუდგინა უფალმა ისრაელიანებს მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
10 . უფლის სული იყო მასზე ისრაელში სამსაჯულოდ. გავიდა საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშათაიმი, არამის შუამდინარეთის მეფე; და განამტკიცა თავისი ხელი ქუშან-რიშათაიმზე;
11 . დამშვიდდა ქვეყანა ორმოცი წელიწადი; და გარდაიცვალა ღოთენიელი, კენაზის ძე.
12 . კვლავ იწყეს ისრაელიანებმა ბოროტების ჩადენა უფლის წინაშე; და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მოაბის მეფე, ისრაელის წინააღმდეგ, რადგან ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში.
13 . შემოიკრიბა ყეგლონმა ყამონისა და ყამალეკის ძენი, წავიდა, დაამარცხა ისრაელი და დაიპყრო პალმების ქალაქი.
14 . თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს;
15 . შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა, მოუვლინა მათ უფალმა მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძისა, ცაცია კაცი; და ძღვენი გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს.
16 . გაიკეთა ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთი წყრთა იყო მისი სიგრძე და მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე შეიბა იგი.
17 . და მიართვა ძღვენი ყეგლონს, მოაბის მეფეს; ყეგლონი კი ფრიად ხორცსავსე კაცი იყო.
18 . როგორც კი დაასრულა ძღვენის მირთმევა, მაშინვე გაისტუმრა ძღვენის მზიდველი ხალხი.
19 . მობრუნდა ეჰუდი გილგალის კერპთაგან და უთხრა: "საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო”. მიუგო: "ჩუმად იყავი!” და გამოვიდა მისგან ყველა იქ მდგომი.
20 . მივიდა მასთან ეჰუდი, ის კი ზემო გრილ ოთახში იჯდა, მხოლოდ თავისთვის რომ ჰქონდა. უთხრა ეჰუდმა: "ღვთის სიტყვა მაქვს შენთან”. და წამოიმართა მეფე სავარძლიდან.
21 . გაიწოდა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოზე შებმული მახვილი და აძგერა მუცელში.
22 . ვადიანად შევიდა ხმალი და ქონმა გადაფარა იგი; მუცელშივე ჩაუტოვა მახვილი და გარეთ გამოუვიდა განავალი.
23 . გამოვიდა ეჰუდი ტალანში, გამოიკეტა კარი და ჩარაზა.
24 . მოვიდნენ მისი გამოსვლის შემდეგ მეფის მონები და ჩარაზული დახვდათ ზემო ოთახის კარი; თქვეს: ალბათ მოსასაქმებლადააო საგრილობელ ოთახში ჩაკეტილი.
25 . დიდ ხანს ელოდნენ, ვიდრე არ შეწუხდნენ, მაგრამ არ გაიღო ზემო ოთახის კარი. მაშინ აიღეს გასაღები, გახსნეს კარი და, აჰა, მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.
26 . სამშვიდობოს გააღწია ეჰუდმა, ვიდრე გონს მოეგნენ ისინი, გასცდა კერპებს და სეყირში მიიმალა.
27 . მისვლისას ჩაჰბერა რქის საყვირში ეფრემის მთაზე, ჩამოვიდნენ მთიდან ისრაელის ძენი და წინ წაუძღვა მათ.
28 . უთხრა: "მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი”. გაჰყვნენ მას, გადაჭრეს იორდანეზე გადასასვლელები მოაბისკენ და არავინ გაატარეს
29 . იმ დროს თითქმის ათი ათასი მოაბელი კაცი მოსრეს, ყველა ძლიერი და მამაცი, არავინ გადარჩენილა.
30 . ასე დამორჩილდნენ იმ დღეს მოაბელნი ისრაელს და ოთხმოცი წლით დამშვიდდა ქვეყანა.
31 . მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, რომელმაც ხარის საგმირით მოსრა ექვსასი ფილისტიმელი და იხსნა ისრაელი.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,
2 . რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.
3 . რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?
4 . აღარაფერი დაგრჩებათ გარდა იმისა, რომ ტყვეთა შორის ჩაიკეცოთ და დახოცილთა შორის დაეცეთ. მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
5 . ვაი აშურს, ჩემი რისხვის კვერთხს! არგანი მის ხელში ჩემი რისხვის იარაღია!
6 . უღმერთო ხალხზე ვაგზავნი და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს და ნადავლი წამოიღოს, ქუჩის ტალახივით გათელოს ისინი.
7 . მაგრამ ასე არ ფიქრობს იგი და არც ასე გეგმავს თავის გულში, რადგან ცოტა ხალხის განადგურებას და მოსპობას არ ლამობს.
8 . ვინაიდან ამბობს: "განა ჩემი მთავრები ყველანი მეფენი არ არიან?
9 . განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია?
10 . აკი მისწვდა ჩემი ხელი კერპების მქონე სამეფოებს, რომლებსაც უფრო მეტი კერპები ჰყავდათ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიას.
11 . როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, განა ისე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის გამოსახულებებს?”
12 . და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
13 . რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით, ჩემი სიბრძნით და გონიერებით გავაკეთეო ეს; მე გავაუქმე ხალხთა საზღვრები და დავიტაცეო მათი საგანძურები, ძლიერი კაცივით დავამხე მათში მცხოვრებნი.
14 . როგორც ბუდეს, ისე მისწვდა ჩემი ხელი ხალხთა სიმდიდრეს, მიტოვებული კვერცხებივით მოვაგროვეო მთელი ქვეყანა; არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და ხმის ამომღები.
15 . თუ ეტრაბახება ცული მჩეხავს? ხერხი თუ ედიდგულება მხერხავს? განა კვერთხი თავისით აღიმართება? განა ყავარჯენი თავისით გაივლის?
16 . ამიტომ სიმჭლევეს მოავლენს ღმერთი, ცაბაოთ უფალი მის მსუქნებზე და მისი დიდების ქვეშ მწველი ალის მსგავსი ცეცხლი დაინთება.
17 . და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა - ალად, იგიზგიზებს და ერთ დღეში შეჭამს მის ძეძვსა და ნარ-ეკალს.
18 . სულით ხორცამდე მოსპობს მისი ტყის დიდებას და მის ნაყოფიერ მინდორს; ავადმყოფი კაცივით გაძვალტყავდება.
19 . მისი ტყე ისე გამეჩხერდება, რომ დარჩენილ ხეებს ყმაწვილიც კი დაითვლის.
20 . და იქნება, იმ დღეს აღარ დაეყრდნობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნაშთი თავის მომსვრელს; ჭეშმარიტად, უფალს, ისრაელის წმიდას დაეყრდნობა.
21 . მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.
22 . ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს შენი ხალხი, ისრაელ, მხოლოდ მისი ნატამალი მიუბრუნდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა განადგურდეს, სამართლიანობით უნდა წაილეკოს.
23 . რადგან ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა განადგურება, აღასრულებს კიდეც მთელ ქვეყანაზე.
24 . ამიტომ ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და ეგვიპტესავით აღუმართავს შენზე არგანი.
25 . რადგან სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაღუპად შებრუნდება.
26 . აღმართავს მასზე ცაბაოთ უფალი სიკვდილის მათრახს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას; აღიმართება მისი კვერთხი ზღვაზე, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
27 . ასე იქნება იმ დღეს, როცა ჩამოგეხსნება მხრებიდან მისი ტვირთი და ქედიდან მისი უღელი; დაიმსხვრევა უღელი სიმსუქნის გამო.
28 . ყაიათში გადმოვიდა, გადაიარა მიგრონი და მიქმაშში დააწყო საჭურველი.
29 . გაიარა გასასვლელი, ღამე გებაყში გაათია, შეძრწუნებულია რამა, საულის გიბყა გაიქცა.
30 . ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ და საბრალო ყანათოთო!
31 . მადმენა გაიქცა, გებიმის მცხოვრებლები თავშესაფარს ეძებენ.
32 . კიდევ ერთ დღეს ნობში დადგება, მუშტს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის მაღლობს.
33 . აჰა, ღმერთი, ცაბაოთ უფალი, საშინლად ლეწავს ტოტებს, ტანმაღალნი მოიკვეთებიან და ქედმაღალნი დაემხობიან.
34 . რკინით გაჩეხავს უღრან ტყეს და დასცემს ლიბანს ძლევამოსილი.
1 . დამასკოს განაჩენი: "აჰა, ქალაქი აღარ იქნება დამასკო, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა.
2 . მიტოვებულია ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარებისთვის იქნებიან; წამოწვებიან და არავინ იქნება მათი დამაფრთხობელი.
3 . აღიგვება ეფრემის სიმაგრე და დამასკოს ხელმწიფება, ისრაელის ძეთა დიდებასავით დაემხობა არამის ნარჩენი!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . და იქნება იმ დღეს: დაილევა იაკობის დიდება და ჩამოუხმება ხორცი.
5 . იქნება სამკალის მომკასავით, როგორც მომკელი ხვეტს თავთავებს მკლავით რეფაიმის ხეობაში.
6 . დარჩება მცირე ნაყოფი, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება: ორი, სამი მარცვალი კენწეროზე, ოთხი, ხუთი - რტოებზე”. - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი.
7 . იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
8 . აღარ გაიხედავს საკუთარი ხელით ნაკეთები სამსხვერპლოებისკენ, მისმა თითებმა რომ გააკეთეს; აღარც აშერებსა და მზის სვეტებს მიხედავს.
9 . გაუდაბურდება იმ დღეს მისი გამაგრებული ქალაქები, უღრან ტყეს დაემსგავსება, ისრაელის ძეებმა რომ მიატოვეს, და იქნება უკაცრიელი.
10 . რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.
11 . დარგე და ზრუნავდი მასზე დილაობით, რომ ადრიანად გაფურჩქნულიყო ნერგი, მაგრამ ავადმყოფობას, ტკივილსა და უკურნებელ სენს მოიმკი იმ დღეს.
12 . ჰოი, ხმაური მრავალი ხალხებისა, რომლებიც ზღვასავით ხმაურობენ; ვაი, ღრიალი ტომთა, ვითარცა ღრიალი ადიდებული წყლებისა.
13 . აღრიალდებიან ტომები, როგორც ღრიალებენ წყალნი მრავალნი, მაგრამ შერისხავს და შორს გააქცევს მათ; გაიხვეტებიან მთებში ქარის მიერ მიმოტაცებული ჩენჩოსავით დევნილნი.
14 . საღამო ჟამია და აჰა, ძრწოლაა! გათენებამდე ვეღარ გაძლებს იგი. ასეთი იქნება ჩვენი მძარცველების წილი და ჩვენი გამღატაკებლების ხვედრი.
1 . "მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.
2 . თუმცა ამბობენ: "როგორც უფალია ცოცხალიო”, მაგრამ ნამდვილად ცრუდ იფიცებენ”.
3 . უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.
4 . ვთქვი ჩემთვის: "საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
5 . დიდკაცებთან მივალ, დაველაპარაკები, მათ მაინც ეცოდინებათ-მეთქი უფლის გზა, განკითხვანი თავიანთი ღმერთისა”; მაგრამ მათაც ერთიანად დაუმსხვრევიათ უღელი და დაუწყვეტიათ საბელები.
6 . ამის გამო შემუსრავს მათ ტყის ლომი, უდაბნოს მგელი გააპარტახებს, ჯიქი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს, დაგლეჯს ყოველ იქიდან გამოსულს, რადგან გამრავლდა მათი დანაშაული, გახშირდა მათი განდგომა.
7 . "როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.
8 . გამაძღარი, ატეხილი ულაყებივით არიან - თითოეული თავისი მოყვასის ცოლს შეჭიხვინებს.
9 . არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე?
10 . შედით მის ვენახში და მოსპეთ, მაგრამ არა ბოლომდე. ყლორტები ააჭერით, რადგან უფლისა არ არიან ისინი.
11 . რადგან მიღალატა ისრაელისა და იუდას სახლმა!” - ამბობს უფალი;
12 . ცილს სწამებდნენ უფალს და ამბობდნენ: "არ არის იგი, სიავე არ გვეწევა, მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.
13 . წინასწარმეტყველნი განქარდებიან, უფლის სიტყვა არ არის მათში; ასემც დამართნიათ მათ”.
14 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: "რადგან ასეთი სიტყვა თქვით, აჰა, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში, ამ ხალხს კი - შეშად, რომელსაც შთანთქავს იგი!
15 . აჰა, შორიდან მომყავს თქვენზე ხალხი, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი. ძლიერი ხალხია, ძველი ხალხი, ხალხი, რომლის ენა არ იცი, ამიტომ მის ნალაპარაკებს ვერ გაიგებ.
16 . პირღია საფლავია მისი კაპარჭი, ყველანი მამაცი მეომრები არიან.
17 . ის შეჭამს შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეებსა და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარსა და ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებულხარ.
18 . იმ დღეებშიც კი - ამბობს უფალი - არ მოგსპობთ მთლიანად.
19 . და იქნება, როცა იკითხავენ, რის გამო დაგვსაჯაო ასე უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მაშინ უთხარი მათ: როგორც მე დამივიწყეთ და საკუთარ ქვეყანაში უცხო ღმერთებს ემსახურებოდით, ასევე მოემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის.
20 . აუწყეთ ეს იაკობის სახლს და ასე გამოაცხადეთ იუდაში:
21 . ახლა ეს ისმინე, სულელო და უბედურო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ისმენს,
22 . ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას.
23 . ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ.
24 . გულშიც კი არ უთქვამთ: "გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.
25 . თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.
26 . რადგან არიან ჩემს ხალხში ბოროტმოქმედნი, სულგანაბულნი რომ ჩასაფრებულან ფრინველზე მონადირეებივით, დგამენ ხაფანგებს და ადამიანებს იჭერენ.
27 . როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ.
28 . გასუქდნენ და გალაღდნენ, ზღვარს გასცდნენ ბოროტებაში, ობოლთა საქმეში სამართალს არ დაეძებენ, რათა არ გაიმარჯვონ, ღარიბთა საქმეს არ განსჯიან.
29 . არ დაგსაჯო ამის გამო? ამბობს უფალი. განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
30 . საზარელი და საშინელი რამ ხდება ამ ქვეყნად.
31 . წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?”
1 . იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?
3 . ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ.
4 . სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
5 . მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ.
6 . ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი.
7 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:
8 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი - არა!
9 . ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა,
10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!
11 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.
12 . როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ.
13 . გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში.
14 . პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.
15 . თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
16 . "დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!
17 . თქვენ კი, ჩემო ფარავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, მე განვსჯი სამართალს კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის.
18 . განა გეცოტავებათ პოხიერ მოლზე ძოვა, დანარჩენ საძოვარს ფეხით რომ თელავთ? დაწმენდილ წყალს სვამთ, დარჩენილს კი ფეხით რომ ამღვრევთ?
19 . ჩემი ცხვარი თქვენი ფეხით გათელილს უნდა ჭამდეს და თქვენი ფეხით ამღვრეულს სვამდეს?
20 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები განმკითხველი მსუქან და გამხდარ კრავს შორის.
21 . ვინაიდან გვერდებით, მხრებითა და რქებით აწვებით სუსტებს, რომ გარეთ გარეკოთ ისინი.
22 . მე გამოვიხსნი ჩემს ცხვრებს, მეტად აღარ იქცევიან ნადავლად! განმკითხველი ვიქნები კრავსა და კრავს შორის!
23 . გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
24 . მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.
25 . მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.
26 . მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.
27 . ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
28 . მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
29 . აღვუდგენ სასახელო ნერგს და აღარ იქნებიან შიმშილის მსხვერპლნი ამ ქვეყანაზე; აღარც ხალხების სირცხვილს იტვირთავენ.
30 . და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა - ჩემი ხალხია! - ამბობს უფალი ღმერთი.
31 . და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . განტოტვილი ვაზია ისრაელი, ნაყოფიერი: რაც უფრო მრავლადაა მისი ხილი, მით უფრო გაიმრავლა სამსხვერპლოები, რაც უფრო კარგი იყო მისი ქვეყანა, მით უფრო დაამშვენა სვეტები.
2 . გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან - ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.
3 . ამბობენ: მეფე არა გვყავს, ვინაიდან არ გვეშინია უფლისა, მეფე კი - რას გაგვიკეთებსო ჩვენ?
4 . ფუჭად ლაპარაკობენ, ყალბად იფიცებენ, კავშირებს კრავენ; ამიტომაც აღმოცენდება განკითხვა, როგორც შხამიანი ბალახი ყანის კვლებში.
5 . ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.
6 . თვითონაც აშურში იქნება წაყვანილი, საჩუქრად მეფე იარებთან. სირცხვილს იტვირთავს ეფრემი და შერცხვება ისრაელს თავისი ზრახვებისა.
7 . გაქრება სამარიის მეფე, როგორც ქაფი წყლის პირზე.
8 . აოხრდება სიმაღლენი ავენისა - ისრაელის ცოდვისა, ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს - დაგვიფარეთო; და მაღლობებს - ზემოდან დაგვემხეთო.
9 . გიბყას მთის დღეებიდან სცოდავდი, ისრაელო! იქ დაიდგი სამსხვერპლოები, განა არ მოეწევა გიბყას უმართლობის ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება?
10 . მოვისურვე მათი დასჯა - შეიკრიბებიან მათზე ხალხები და შეიბოჭებიან მათი ორმაგი ურჯულოების გამო.
11 . გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.
12 . სიმართლეში თესეთ თქვენთვის და მოიმკეთ წყალობაში. გატეხეთ თქვენი ყამირი, რადგან უფლის მოძიების ჟამია, სანამ მოვა და გაწვიმებთ სიმართლეს.
13 . ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.
14 . ჩოჩქოლი ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაინგრევა, როგორც შალმანმა დაანგრია ბეთარბელი ბრძოლის დღეს, როცა შვილებს დააკლეს დედა.
15 . ასე მოგექცევა ბეთელი შენი დიდი ბოროტების გამო, დადგება განთიადი და ბოლომდე აღმოიფხვრება ისრაელის მეფე.
1 . ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა აბაკუმმა.
2 . როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე?
3 . რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.
4 . ამიტომაც დაუძლურდა რჯული და ვეღარ იმარჯვებს სამართალი, ბოროტმოქმედი ჯაბნის მართალს და გამრუდდა სამართალი.
5 . შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით, გაოცდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.
6 . რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, სასტიკ და ფიცხ ხალხს, მთელ ქვეყანაზე რომ მიმოდიან, იმ საცხოვრებლების დასაპატრონებლად, მათ რომ არ ეკუთვნით.
7 . საშიშნი და შემზარავნი თვითონ არიან საკუთარი თავების რჯულიცა და სამართალიც.
8 . ჯიქზე უსწრაფესნი არიან მათი ცხენები და ღამის მგლებზე მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, შორიდან მოფრინავენ მსხვერპლზე შემართული არწივებივით.
9 . დასარბევად მოდიან, ქარბუქივით მოექანებიან მათი რაზმები და ქვიშასავით ხვეტენ ტყვეებს.
10 . მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.
11 . ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.
12 . განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
13 . მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
14 . ზღვის თევზებივით აქციე ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით გახდნენ.
15 . ანკესით იჭერენ მათ ქალდეველნი, ბადეში აბამენ; ამიტომ ხარობენ და ზეიმობენ.
16 . ამიტომ სწირავენ მსხვერპლს თავიანთ ბადეს და საკმეველს უკმევენ თავიანთ თევზსაჭერს, რადგან მათგან აქვთ დიდი თევზჭერა და უხვია მათი საჭმელი.
17 . ნუთუ უსასრულოდ უნდა აშიშვლებდნენ მახვილებს და უმოწყალოდ უნდა ხოცავდნენ ხალხებს?
1 . ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.
2 . დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: "დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის საპყრობილედ; და ყოველი ბილწი მხეცისა და არაწმიდა ფრინველის საპყრობილედ;
3 . ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.
4 . გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: "გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.
5 . ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
6 . მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით; სასმისი, რომელსაც ღვინით გივსებდათ, ორმაგად შეუვსეთ მას.
7 . რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
8 . ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9 . და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.
10 . მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში დადგა შენი განკითხვა.
11 . დედამიწის ვაჭრები დაიტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12 . ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
13 . დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სიცოცხლეს.
14 . შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.
15 . ყოველივე ამით მოვაჭრენი, მისგან რომ გამდიდრდნენ, შორს გადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
16 . იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,
17 . რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე. ყოველი მესაჭე, და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს გადგა.
18 . მოსთქვამდნენ მისი ხანძრის კვამლს რომ უყურებდნენ, და ამბობდნენ: რომელი ქალაქი ჰგავდა ამ დიდ ქალაქს?
19 . თავზე მტვერი დაიყარეს და მოსთქვამდნენ ტირილითა და გლოვით: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებითაც გამდიდრდა ყველა, ვინც ხომალდით დაცურავდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაუდაბურდა.
20 . გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.
21 . ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა, გადააგდო ზღვაში და თქვა: "ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.
22 . ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.
23 . ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.
24 . მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდანთა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.