1 .
შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2 .
დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ,
3 .
რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;
4 .
ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.
5 .
ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: "რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”
6 .
ხოლო მან უთხრა მათ: "კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7 .
ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!
8 .
ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ - სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.
9 .
უთხრა: "განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
10 .
მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.
11 .
თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: "კორბან” - ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,
12 .
აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის.
13 .
ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.
14 .
კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: "მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,
15 .
არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
16 .
თუ ვინმეს ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს!”
17 .
ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, ჰკითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა.
18 .
მან უთხრა: "ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
19 .
ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.
20 .
ამბობდა: "კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს.
21 .
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,
22 .
ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.
23 .
ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.
24 .
ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25 .
მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და მის ფერხთით დაემხო.
26 .
წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.
27 .
იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
28 .
მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.
29 .
უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.
30 .
წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ საწოლზე იწვა ბავშვი, ეშმაკი კი გასული იყო მისგან.
31 .
კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრების გავლით.
32 .
მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.
33 .
ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას;
34 .
ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: "ეფფათა”, რაც ნიშნავს: "განიხსენ”.
35 .
მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.
36 .
უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო მეტს აცხადებდნენ.
37 .
მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: "ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.