1 . და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
2 . დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან.
3 . უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4 . დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5 . იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს.
6 . ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
7 . და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8 . .მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
9 . ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10 . მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11 . მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
12 . კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან.
13 . ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.
14 . მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15 . და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16 . "გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
17 . თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება - ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”.
18 . გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები.
19 . და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.
20 . აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.
21 . იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: "აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
22 . სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
1 . ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები - სიტყვები დავითისა, იესეს ძისა, დიდად ამაღლებული კაცისა, იაკობის ღმერთის ცხებულისა და ისრაელის ტკბილხმოვანი მგალობლისა:
2 . უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
3 . თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
4 . იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.
5 . ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?
6 . უწმიდურნი ეკლებივით გადაიყრებიან, ხელს არავინ მოჰკიდებს მათ.
7 . კაცი, რომელიც შეეხება მათ, რკინითა და შუბის ტარით შეიარაღდეს. ადგილზევე ცეცხლით დაიწვებიან ისინი.
8 . ესენია დავითის ძლიერი მეომრების სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, სამეულის მეთაური, რომელმაც რვაას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ბრძოლაში დახოცა.
9 . მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ ძლიერ მებრძოლთაგან, რომლებიც დავითთან ერთად იდგნენ, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს.
10 . ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.
11 . მის შემდეგ იყო შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები. ყანის ნაკვეთი იყო იქ, სადაც ცერცვი ეთესა და ხალხი გარბოდა მათგან.
12 . ჩადგა იგი შუა ნაკვეთში და იცავდა მას: შემუსრა ფილისტიმელები და დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა.
13 . ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.
14 . მაშინ დავითი გამაგრებულ ადგილას იყო, ხოლო ფილისტიმელების საგუშაგო ბეთლემში იდგა.
15 . ინატრა დავითმა და თქვა: "აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!”
16 . გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17 . თქვა: "შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.
18 . აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამასი კაცის წინააღმდეგ გამოვიდა შუბით და დახოცა. მეტი სახელი ჰქონდა მას ამ სამთა შორის.
19 . ამ სამზე მეტად პატივდებული იყო და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
20 . ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, მამაცი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ჩავიდა შუაგულ ორმოში თოვლიან დღეს და ლომი მოკლა.
21 . მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, მრისხანე შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. კეტით ჩაუხტა, გამოსტაცა ხელიდან შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22 . ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ამ სამ ვაჟკაცს შორის.
23 . ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
24 . ყასაელი, იოაბის ძმა, ერთი ოცდაათაგანი იყო, ასევე ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
25 . შამა ხაროდელი; ელიკა ხაროდელი;
26 . ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი;
27 . აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი;
28 . ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი;
29 . ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი, რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან;
30 . ბენაიაჰუ ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშიდან;
31 . აბიყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი;
32 . ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი;
33 . შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, არარელი;
34 . ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი;
35 . ხეცრაი ქარმელელი; ფაყარაი არბელი;
36 . იგალ ნათანის ძე, ცობადან; ბანი გადელი;
37 . ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი.
38 . ყირა ითრელი; გარებ ითრელი;
39 . ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
1 . მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2 . გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3 . წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4 . შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5 . ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6 . და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7 . ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8 . თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9 . ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10 . ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11 . რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12 . ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13 . შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14 . შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15 . შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16 . შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17 . შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18 . გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19 . მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20 . მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21 . ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22 . ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
1 . ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
2 . მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა, მისი განმარისხებელი თავს საფრთხეში იგდებს.
3 . დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
4 . ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
5 . კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მას.
6 . ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, მაგრამ სანდო კაცს ვინ იპოვის?
7 . მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.
8 . მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
9 . ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
10 . მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.
11 . ბავშვიც კი იცნობა თავისი საქციელით, სუფთა და მართალი თუა მისი ნამოქმედარი.
12 . მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
13 . ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
14 . არ ვარგა, არ ვარგაო - ამბობს მყიდველი; მაგრამ წავა და ნავაჭრით ტრაბახობს.
15 . არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
16 . აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.
17 . ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
18 . ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.
19 . დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.
20 . დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
21 . სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
22 . ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
23 . სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.
24 . ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25 . კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.
26 . გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
27 . უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
28 . წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.
29 . ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
30 . ბოროტისგან განწმენდს მათრახით მიყენებული ჭრილობები და დარტყმები - შიგანს რომ წვდება.
1 . მე შარონის ვარდი ვარ და ველის შროშანი.
2 . როგორც შროშანი ეკლებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ასულთა შორის.
3 . როგორც ვაშლის ხე ტყის ხეთა შორის, ისეა ჩემი მიჯნური ჭაბუკთა შორის. ვისურვე მისი ჩრდილი და დავჯექი, მისი ნაყოფი ეტკბო ჩემს სასას.
4 . ღვინის სახლში შემიყვანა და სიყვარულის ალამი დამადგა თავზე.
5 . ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!
6 . თავქვეშ მედოს მისი მარცხენა, მარჯვენა კი მეხვეოდეს.
7 . გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ველის ქურციკებსა და ფურირმებს გაფიცებთ, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს!
8 . ხმაა ჩემი მიჯნურის! აჰა, მოდის იგი, მთებზე მოხტის და ბორცვებზე მოილტვის.
9 . ქურციკს ჰგავს ჩემი მიჯნური, ახალგაზრდა ირემს; აჰა, ჩვენი ზღუდის უკან დგას იგი, ცხაურებს შორის, სარკმელში იჭვრიტება.
10 . მომიგო ჩემმა მიჯნურმა და მითხრა: ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი!
11 . რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, გადაიარეს წვიმებმა და წავიდნენ.
12 . ყვავილები გამოჩნდნენ მიწაზე, გალობის ჟამმა მოაღწია და გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მხარეში.
13 . ლეღვმა ნაყოფი გამოისხა და აყვავებული ვაზები სურნელებას აფრქვევენ. ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი.
14 . კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.
15 . დაიჭირეთ მელიები, პატარა მელიები, ვენახებს რომ აჩანაგებენ, რადგან ყვავიან ჩვენი ვენახები.
16 . ჩემი მიჯნური ჩემია და მე მისი ვარ, შროშანთა შორის მწყემსავს იგი.
17 . ვიდრეღა დღის სიგრილეა, სანამ გადახრილან ჩრდილები და გამქრალან, მობრუნდი ჩემო მიჯნურო მსგავსად ნაპრალოვან მთებზე მოარული ქურციკისა ან ირმის ნუკრისა!
1 . ვაი ფრთიანი გემების ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა.
2 . ზღვით რომ აგზავნის ელჩებს, წყალზე მოცურავე ლერწმის ნავებით; წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და პირტიტველ ერთან, ძველთაგან დღემდე საშიშარ ხალხთან, ძლევამოსილ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ.
3 . ქვეყნიერების ყველა მცხოვრებნო და მიწის ბინადარნო, როცა ნიშანი აღიმართება მთებზე - დაინახეთ; როცა საყვირი ახმიანდება - ყურად იღეთ.
4 . რადგან ასე მითხრა უფალმა: "მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში”.
5 . რადგან რთველის წინ, როცა ყველაფერი აყვავდება და ყვავილი მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, დანით აკაფავს იგი ყლორტებს და გაშვერილ ლერწებს მოაშორებს.
6 . ყველაფერი მთის მტაცებელ ფრინველებსა და მიწის ველურ მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა მხეცი იქ გამოიზამთრებს.
7 . იმ დღეს ძღვენს მიუტანენ ცაბაოთ უფალს მაღალი და პირტიტველი ხალხისგან, ძველთაგან დღემდე საშიშარი ხალხისგან, ძლევამოსილი და დამთრგუნველი ერისგან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი სერავენ - ცაბაოთ უფლის ადგილზე, სიონის მთაზე.
1 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს სიტყვა იყო უფლისგან იერემიასადმი:
2 . "აიღე გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე მითქვამს იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე, იოშიას გამეფებიდან დღემდე.
3 . მოისმენს იუდას ხალხი ყველა იმ უბედურებაზე, რის ქმნასაც ვუპირებ მათ და იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რომ ვაპატიო ბოროტება და ცოდვა”.
4 . მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.
5 . უთხრა იერემიამ ბარუხს: "დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,
6 . შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.
7 . იქნებ აღავლინონ ვედრება უფლის წინაშე, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რაც უფალმა თქვა ამ ხალხზე”.
8 . ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები.
9 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს გამოაცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მცხოვრებლებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ხალხმა.
10 . ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.
11 . მოისმინა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის ყოველი სიტყვა გრაგნილიდან,
12 . ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
13 . უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
14 . გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.
15 . უთხრეს: "დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად.
16 . როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს, შიშით გადახედეს ერთმანეთს და ბარუხს უთხრეს: "ყველა ამ სიტყვას მეფეს გადავცემთ”.
17 . ჰკითხეს ბარუხს: "გვიამბე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა? იერემია ხომ არ გკარნახობდა?”
18 . "დიახ, უპასუხა ბარუხმა, თავად მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით ვიწერდი გრაგნილში”.
19 . უთხრეს მთავრებმა ბარუხს: "წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, ნურავის გააგებინებთ თქვენს სამყოფელს”.
20 . მას შემდეგ, რაც გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახში დადეს, მეფეს ეახლნენ გარე ეზოში და ყოველი სიტყვა მოახსენეს.
21 . მეფემ იეჰუდი გაგზავნა გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახიდან და წაიკითხა მეფისა და მასთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად;
22 . მეცხრე თვე იყო, მეფე ზამთრის სახლში იჯდა, მის წინ ბუხარი გიზგიზებდა.
23 . წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.
24 . არ შეშინებულან და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფესა და მის მსახურებს, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
25 . ელნათანი, დელაია და გემარია ემუდარებოდნენ მეფეს, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ ყური არ დაუგდო მათ.
26 . ამის მაგივრად მეფემ მეფის ძე იერახმეელს, სერაია აზრიელის ძესა და შელემია ყაბდიელის ძეს უბრძანა შეეპყროთ ბარუხ მწერალი და იერემია წინასწარმეტყველი, მაგრამ უფალმა გადამალა ისინი.
27 . და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუხმა იერემიას კარნახით დაწერა:
28 . "აიღე სხვა გრაგნილი და ყველა ის სიტყვა დაწერე მასზე, რაც იმ პირველ გრაგნილში ეწერა, იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ რომ დაწვა.
29 . ასევე, იეჰოიაკიმს უთხარი, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უსათუოდ მოვა ბაბილონის მეფე, გაანადგურებს ამ ქვეყანას და ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს გააქრობსო?
30 . ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი დღის პაპანაქებაში და ღამის ყინვაში ეგდება.
31 . მე დავსჯი მას, მის შვილებსა და მის მსახურებს მათი ბოროტების გამო! მათზე, იერუსალიმზე და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ უბედურებას მოვაწევ, რომელიც მათ წინააღმდეგ წარმოვთქვი, რადგან არ მისმინეს”.
32 . აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა.
1 . ისმინეთ სიტყვა, თქვენზე რომ თქვა უფალმა, ისრაელის ძენო, მთელ იმ მოდგმაზე, ეგვიპტის ქვეყნიდან რომ ამოიყვანა:
2 . "მხოლოდ თქვენ ამოგარჩიეთ დედამიწის ყველა ტომიდან, ამიტომ მოგკითხავთ ყველა თქვენს ურჯულოებას.
3 . განა ივლიან ორნი ერთად, თუ არ შეთანხმდნენ ერთმანეთში?
4 . განა ბრდღვინავს ლომი ტყეში, თუ მსხვერპლი არა ჰყავს. განა ბრდღვინავს ლომი თავის ბუნაგიდან, თუ ნადავლი არ ჰყავს დაჭერილი?
5 . განა გაებმება ჩიტი მახეში, თუ სატყუარა არ არის მასში? განა აიღებენ მახეს მიწიდან, თუ არაფერია მასში გაბმული?
6 . განა ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? განა მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?
7 . რადგან, არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, ვიდრე არ გაუმხელს თავის საიდუმლოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.
8 . ლომი აღრიალდა - ვინ არ შეშინდება? უფალმა ღმერთმა დაილაპარაკა - ვინ არ აწინასწარმეტყველდება?
9 . გააგონეთ ციხე-დარბაზებს აშდოდში და ეგვიპტის ქვეყანაში; თქვით: სამარიის მთებზე შეიკრიბეთ და იხილეთ დიდი შფოთი მასში და ძალადობა მის წიაღში.
10 . მაგრამ სიმართლის ქმნა არ იციან, - ამბობს უფალი - ძალადობითა და ძარცვითაა მოპოვებული სიმდიდრე მათ ციხე-დარბაზებში.
11 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაძარცვავს!
12 . ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გამოგლეჯს ლომს ხახიდან ორ წვივს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გამოვგლეჯ ისრაელის ძეებს, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომთ და დამასკოში - ტახტრევნებზე.
13 . ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს! - ამბობს ადონაი უფალი, ძალთა ღმერთი.
14 . რადგან იმ დღეს, როცა მის დანაშაულს მოვკითხავ ისრაელს და დავსჯი ბეთელის სამსხვერპლოების გამო, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწას დაემხობა.
15 . ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად დავანგრევ, განადგურდება სპილოსძვლის სახლები; ბევრი სახლი აღმოიფხვრება! - ამბობს უფალი.
1 . აჰა, მოდის უფლის დღე და გაინაწილებენ ნადავლს შენს წიაღში.
2 . ყველა ერს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ და დაპყრობილ იქნება ქალაქი; გაიძარცვება სახლები და შეიბილწებიან დიაცნი. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
3 . მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს.
4 . დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით; გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფრიად დიდ ხეობად და გადავა ნახევარი მთა ჩრდილოეთით და მეორე ნახევარი - სამხრეთით.
5 . და გაიქცევით ჩემი მთების ხეობით, ვინაიდან აცალამდე მიაღწევს მთების ხეობა. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გაიქეცით იუდას მეფის, ყუზიას დღეებში; და მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი ყველა წმიდანთან ერთად.
6 . არ იქნება იმ დღეს ნათელი, არამედ - მძიმე და ბნელი ღრუბელი.
7 . ეს დღე იქნება ერთადერთი, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. საღამოს ჟამს გამოჩნდება სინათლე.
8 . უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
9 . უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
10 . ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა, გებაყის ველიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დამკვიდრდება თავის ადგილზე, ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის სამყოფელამდე, კუთხის კარიბჭემდე და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
11 . დამკვიდრდებიან მასში ადამიანები და მეტად აღარ იქნება ნგრევა! უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი!
12 . აჰა, ეს იქნება წყლული, რომლითაც დასცემს უფალი ყველა ხალხს, რომლებმაც გამოილაშქრეს იერუსალიმზე; სხეულები მათი გაიხრწნება ჯერ კიდევ მათი ფეხზე დგომისას, თვალები მათი დალპება თავის ბუდეებში და ენები მათი გაიხრწნება მათ პირში.
13 . დიდი აურზაური ჩამოვარდება იმ დღეს უფლისგან მათ შორის; თითოეული თავისი მოყვასის ხელს მოეჭიდება და მოყვასის ხელის წინააღმდეგ შეიმართება მისი ხელი.
14 . თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარშემო ხალხების დოვლათი: ოქრო-ვერცხლი და ფრიად მრავალი სამოსელი.
15 . ასეთივე წყლულები ექნება ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველა ცხოველს, რომელიც იქნება მათ ბანაკებში. მსგავსი ამ წყლულისა.
16 . და იქნება, ყოველი გადარჩენილი ყველა იმ ერისგან, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წლიდან წლამდე ივლის მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ.
17 . თუ ვინმე დედამიწის ტომთაგან არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ, არ იქნება წვიმა მათზე.
18 . და თუ ეგვიპტის სახლეული არ ავა და არ შევა, არც მათზე იქნება წვიმა და ეწევა სენი, რომელსაც დაუშვებს უფალი იმ ხალხებზე, რომლებიც არ ავლენ, რათა იზეიმონ კარვების დღესასწაული.
19 . ეს იქნება ეგვიპტისა და ყველა ერის სასჯელი, რომელიც არ ავა კარვების დღესასწაულის საზეიმოდ!
20 . იმ დღეს ცხენთა მოსართავებზეც კი წარწერილ იქნება: ‘სიწმიდე უფალს’ და იქნება ქვაბები უფლის ტაძარში, როგორც თასები სამსხვერპლოს წინ.
21 . ყველა ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში ცაბაოთ უფლისადმი იქნება მიძღვნილი. ივლის მსხვერპლის ყველა შემწირავი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. და მეტად აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე ცაბაოთ უფლის ტაძარში.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . ტაძრიდან გამოსვლისას ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: "შეხედე, მოძღვარო, რა მშვენიერი ქვებია და რა მშვენიერი შენობები!”
2 . მიუგო იესომ: "ხედავ ამ დიდ შენობებს?! ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
3 . ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა, ტაძრის პირდაპირ, განმარტოებით ჰკითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
4 . "გვითხარი, როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?”
5 . და დაუწყო მათ იესომ ლაპარაკი: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,
6 . რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, რომ ‘მე ვარ’ და მრავალს შეაცდენენ.
7 . თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
8 . ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . თქვენ კი გაფრთხილდით, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროებზე, სინაგოგებში გცემენ, და გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემ გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
10 . მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
11 . როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
12 . ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
13 . და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
14 . ხოლო როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომს, სადაც არ უნდა იყოს, წამკითხველმა გაიგოს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
15 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
16 . ველზე მყოფიც ნუ დაბრუნდება უკან, თავისი სამოსლის ასაღებად.
17 . ხოლო ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში!
18 . ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს.
19 . ვინაიდან ისეთი გასაჭირი იქნება იმ დღეებში, რომლის მსგავსიც დღემდე არ ყოფილა დასაბამიდან ქვეყნიერებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა და აღარც ოდესმე იქნება.
20 . და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, არავინ გადარჩებოდა ხორციელთაგან. მაგრამ შეამოკლა ის დღეები რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია.
21 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, ნუ ერწმუნებით.
22 . ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
23 . თქვენ კი გაფრთხილდით, რადგან წინასწარ გითხარით ყველაფერი.
24 . იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე შუქს აღარ გამოსცემს.
25 . იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.
26 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
27 . მაშინ წარგზავნის იგი თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.
28 . "ლეღვის ხისგან ისწავლეთ მაგალითი: რტოები რომ დაურბილდება და გაიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.
29 . თქვენც ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ - კარსაა მომდგარი.
30 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.
31 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
32 . მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
33 . აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
34 . ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს.
35 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.
36 . რათა მოულოდნელად არ მოვიდეს და მძინარეებს არ წაგასწროთ.
37 . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები - იფხიზლეთ!”
1 . "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, "ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი.
2 . ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია.
3 . მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4 . თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას.
5 . უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”.
6 . ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7 . კვლავ უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის.
8 . ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა.
9 . მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10 . ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.
11 . მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის.
12 . დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელიც იტაცებს მათ და ფანტავს.
13 . დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე.
14 . მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
15 . როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.
16 . მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
17 . იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
18 . ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.
19 . ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
20 . ბევრი მათგანი ამბობდა: "ეშმაკეულია და შეშლილი, რად უსმენთ მას?”
21 . სხვები ამბობდნენ: "ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?”
22 . იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა.
23 . და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის დერეფანში.
24 . შემოეხვივნენ იუდევლები და უთხრეს: "როდემდე უნდა გყავდეთ გაუგებრობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით”.
25 . მიუგო მათ იესომ: "გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
26 . მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვართაგანი არა ხართ, როგორც გითხარით.
27 . ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.
28 . მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.
29 . მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.
30 . მე და მამა ერთი ვართ”.
31 . მაშინ იუდევლებმა კვლავ წამოკრიფეს ქვები მის ჩასაქოლად.
32 . უთხრა მათ იესომ: "ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?”
33 . უთხრეს იუდევლებმა: "კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.
34 . მიუგო მათ იესომ: "განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო?
35 . თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა,
36 . მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?
37 . თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
38 . და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ”.
39 . მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
40 . კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე ნათლავდა, და იქ დარჩა.
41 . ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”.
42 . და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
1 . იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს.
2 . ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. თესალონიკელი არისტარქოს მაკედონელიც ჩვენთან იყო.
3 . მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო მეგობრებთან წასულიყო, რათა შემწეობა მიეღო მათგან.
4 . იქიდან გამგზავრებულებმა კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
5 . განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიას მირაში მივედით.
6 . იქ ასისთავმა ალექსანდრიული ხომალდი მონახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
7 . მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.
8 . მას რომ გავცდით, მივადექით "კეთილ ნავსაყუდლად” წოდებულ ადგილს, რომლსაც ქალაქი ლასეა ემიჯნება.
9 . რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
10 . "კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”.
11 . მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის მეპატრონეს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12 . ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, ამიტომ უმრავლესობამ იქიდან გამგზავრება ისურვა, რომ როგორმე ფინიკიამდე მიეღწიათ და იქ გამოეზამთრათ, კრეტას ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
13 . სამხრეთის ქარმა რომ დაუბერა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, ღუზა ასწიეს და გაცურეს კრეტას გასწვრივ.
14 . მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა,
15 . წარიტაცა ხომალდი და რაკი აღარ შეგვეძლო ქარის გამკლავება, დავნებდით და დაგვაქროლებდა.
16 . ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, რომელსაც კაუდა ერქვა, როგორღაც მოვახერხეთ ნავის შენარჩუნება.
17 . მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
18 . რაკი კვლავ ძლიერად დაგვაქროლებდა ქარიშხალი, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ.
19 . მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
20 . რადგან მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ქარიშხალი ცხრებოდა, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21 . დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: "კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და არ წამოსულიყავით კრეტადან, ამ ზიანსა და დანაკარგს აღარ ნახავდით.
22 . ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
23 . რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
24 . და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.
25 . ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:
26 . რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”.
27 . ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ.
28 . გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
29 . შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით და კიჩოდან ოთხი ღუზა ჩააგდეს გათენების მოლოდინში.
30 . მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს, და ზღვაში ნავის ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის წინიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზა.
31 . მაშინ, პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: "თუ ისინი ხომალდზე არ დარჩნენ, ვეღარ გადარჩებით”.
32 . მაშინ ჯარისკაცებმა საბელები გადაჭრეს და ნავი ზღვაში ჩავარდა.
33 . სანამ გათენდებოდა, ყველას შეაგონებდა პავლე, საჭმელი ეჭამათ. ეუბნებოდა: "დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელნი ხართ და არაფერი გიგემიათ.
34 . ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება”.
35 . ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
36 . მაშინ ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები.
37 . ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38 . დანაყრებულებმა, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
39 . რომ გათენდა, სანაპირო ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ არჩიეს ხომალდის შეყენება, თუკი მოახერხებდნენ.
40 . გადაჭრეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, ერთდროულად ახსნეს საჭის თოკები. ქარის საწინააღმდეგოდ მცირე აფრა აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
41 . მეჩეჩს ვეღარ მოერიდნენ და მასზე დაჯდა ხომალდი; ცხვირი უძრავად ჩაერჭო წყალში, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისგან ილეწებოდა.
42 . ჯარისკაცები მზად იყვნენ პატიმრები დაეხოცათ, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
43 . მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება; ბრძანა, ვისაც ცურვა შეეძლო, პირველი გადაშვებულიყო და ხმელეთზე გასულიყო,
44 . დანარჩენები კი - ზოგი ფიცარს მოსჭიდებოდა, ზოგიც - ხომალდის ნამსხვრევებს, რომ როგორმე თავი გადაერჩინათ. ამგვარად, ყველამ მიაღწია ხმელეთს.
1 . გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
2 . იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3 . პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
4 . ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”.
5 . მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.
6 . ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.
7 . იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8 . პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
9 . ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10 . მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11 . სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12 . სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ.
13 . იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ,
14 . სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.
15 . იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
16 . როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17 . სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს.
18 . მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის;
19 . მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი.
20 . ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
21 . მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი.
22 . მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”.
23 . დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
24 . ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
25 . რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 . მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27 . რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28 . ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
29 . ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.
30 . ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს;
31 . ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.
1 . რაც შეეხება წმიდანებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2 . ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.
3 . ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად.
4 . და თუ იქ ჩემი წასვლაც საჭირო იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
5 . ხოლო თქვენთან, მაკედონიის გავლის შემდეგ მოვალ; ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
6 . თქვენთან კი, შესაძლოა, დავრჩე ან იქნებ გამოვიზამთრო კიდეც, რათა იქ გამაცილოთ, სადაც წავალ,
7 . ვინაიდან ახლა გავლით არ მინდა თქვენი ნახვა, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ დამრთავს ნებას უფალი.
8 . ხოლო ეფესოში ორმოცდამეათე დღის ზეიმამდე დავრჩები,
9 . ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
10 . ტიმოთე თუ მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან; ვინაიდან ისევე, როგორც მე, ისიც უფლის საქმეს აკეთებს.
11 . ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა ჩემთან მოვიდეს; ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
12 . რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.
13 . იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
14 . ყოველივე სიყვარულით გააკეთეთ.
15 . ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.
16 . თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.
17 . მე კი ვხარობ სტეფანეს, ფორტუნატესა და აქაიკეს მოსვლით, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
18 . რადგან ჩემი სულიც დაამშვიდეს და თქვენიც. ამიტომ აღიარეთ ასეთები.
19 . მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები; დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საოჯახო ეკლესია.
20 . მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21 . მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს ხელით.
22 . ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
23 . ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,
24 . ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!
1 . გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
2 . რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
3 . ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.
4 . ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.
5 . შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6 . ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
7 . კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8 . ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.
9 . ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10 . ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
11 . მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.
12 . ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13 . მოსასხამი, ტროაში რომ დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა მოხვალ; აგრეთვე წიგნები და უფრო მეტად - პერგამენტები.
14 . მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
15 . შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.
16 . როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17 . მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
19 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
20 . მომიკითხე პრისკილა და აკვილა და ონისიფორეს სახლეული.
21 . ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი, კლავდია და ყველა ძმა.
22 . უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
1 . შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
2 . არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.
3 . ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
4 . ხოლო, როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სიკეთე და კაცთმოყვარეობა,
5 . მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
6 . რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ;
7 . რათა მისი მადლით გამართლებულები, საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთ, რისი იმედიც გვაქვს.
8 . სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.
9 . სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
10 . განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
11 . იცოდე, რომ ასეთმა კაცმა გზიდან გადაუხვია და სცოდავს; და თავისივე თავის მიერ არის მსჯავრდებული.
12 . არტემასს და ტვიქიკოსს რომ გამოგიგზავნი, ჩემკენ გამოეშურე ნიკოპოლისს, ვინაიდან აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
13 . გულმოდგინედ დაეხმარე რჯულის მცოდნე ზენასს და აპოლოს, რომ არაფერი დააკლდეთ გზაში.
14 . ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.
15 . ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენთან ყველასთან, ამინ!
1 . 1. წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იოხანან ელიაშიბის ძის შრამელისკენ. 2. იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო. 3. უხმობდა ქადაგი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყველას, ტყვეობიდან - გამოსულს, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში. 4. რომელნიც არ მოვიდოდნენ ორი ან სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების მსჯავრით წაერთმეოდათ ქონება და თავად გაძევებულ იქნებოდნენ ტყვეყოფილთა კრებულისგან. 5. შეიკრიბნენ იერუსალიმში ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში (ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს). 6. იჯდა მთელი ერი ტაძრის ეზოში და ცახცახებდა დამდგარი ზამთრის გამო. 7. წამოდგა ეზრა და მიმართა მათ: თქვენ დაარღვიეთ რჯული და შეეუღლეთ უცხოელ დედაკაცებს, მიუსართეთ რა ცოდვა ისრაელს. 8. ახლა უთხარით აღსარება და დიდება უფალს, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს; 9. აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო თესლთა ცოლებს. 10. ხმა აღმოხდა მთელს ერს და შეჰღაღადა დიდი ხმით: როგორც შენ სთქვი, ისე აღვასრულებთ. 11. მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთრის ჟამია, არ ძალგვიძს დგომა ცის ქვეშ. ვფიქრობთ, ერთი დღის და ორი დღის საქმე არ არის ეს, რადგან ბევრზე ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ამ საქმეში. 12. დადგენილ იქნან ერის წინამძღოლნი; და ყველა ვინც ჩვენთან მკვიდრობს, და რომელთაც უცხოტომის ცოლი ჰყავს, გამოცხადდეს, როცა დრო ჰპოვოს, 13. თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება ჩვენზე უფლის რისხვა ამ საქმეების გამო. 14. იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, თავს იდვეს ყოველივე, ხოლო მეშულამი და შაბთაი - ლევიანები განიკითხავდნენ მათთან ერთად. 15. შეასრულეს ყოველივე ამის მიხედვით ტყვეობიდან გამოსულებმა. 16. გამოირჩია თავისთვის ეზრა მღვდელმა მამისსახლთა წინამძღვარნი, ყველანი სახელდებით, და დასხდნენ ერთად მეათე თვის ახალ მთვარვზე, საქმის გამოსაძიებლად. 17. დასრულდა იმ კაცთა საქმის გამოძიება, რომლებსაც ჰყავდათ ცოლებად უცხოტომისანნი, პირველი თვის ახალმთვარობისთვის, და 18. აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხოთესლის ცოლები ჰყავდათ: 19. იესოს ძეთაგან, ძისა იოცადაკისა და მის ძმათაგან - მაყასეიას, ელყაზარს, იარიბს და გედალიას. 20. დასდვეს ხელნი, რომ განეშორებოდნენ თადიანთ ცოლებს, და მოიყვანეს ვაცები თავიანთი შეცოდების საპატიებლად. 21. იმერის ძეთაგან ხანანი, ზებადია, მაყასეია, შემაყია, იენიელი და ყაზარია. 22. ფაშხურის ძეთაგან ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნეთანიელი, იოზაბადი და ელყასა; 23. ლევიანთაგან იოზაბადი, შიმყი, კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და იოხანანი. 24. მგალობელთაგან ელიაშიბი და ბაკქური; 25. მეკარეთაგან შალუმი და ტელემი. 26. ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყაზარი, ხაშაბია და ბენაია; 27. ყელამის ძეთაგან მათანიასი, ზაქარია, ყაზრიელი, აბდია, იერემოთი და ელია; 28. ზამოთის ძეთაგან ელიადაყი, ელიაშიბი, მათონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია; 29. ბებაის ძეთაგან იოხანანი, ხანანია, ზაბდი და ყათლაი; 30. მანის ძეთაგან ყოლამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერამოთი; 31. ყიდოს ძეთაგან ნაათოსი და მაყასეია, ლაკკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასფასმისი, სესთელი, ბინუი და მენაშე; 32. ნანანის ძეთაგან ელიოყენაი, ყასაია, მალქია, შესიმეონ ქოსამელი; 33. ხაშუმის ძეთაგან მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელაცი, მენაშე და შიმყი; 34. ბანის ძეთაგან იერემია, მაყადაი, მაერი, იოელი, მამდაი, ფედია, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანაი, ელიაშიბი, ბანუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან შეშაი, ყაზარიელი, ყაზრაელი, სამატოსი, ზაბდი, იოსები; 35. ნაყმანის ძეთაგან მაზითა, ზაბადი, იდო, იოელი, ბენაია. 36. ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხოთესლის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებთან ერთად. 37. დაემკვიდრნენ მღვდლები, ლევიანები და ისრავლისაგანნი იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, როცა ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრებში იმყოფებოდნენ. 38. შეიკრიბა მთელი ერი ერთსულოვნად ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, გაშლილ ადგილას, 39. და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, მოცემული ისრაელის უფლის მიერ. 40. გამოუტანა ეზრა მღვდელმთავრმა რჯული მთელს ერს - კაციდან ქალამდე და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ რჯული მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე. 41. კითხულობდა ტაძრის კარიბჭესთან გაშლილ ადგილას ცისკრიდან შუადღემდე კაცთა და ქალთა წინაშე, და მთელს ერს გონება ჰქონდა მიპყრობილი რჯულისათვის. 42. აღიმართა ეზრა, მღვდელი და რჯულის მკითხველი, გამზადებულ ხის კვარცხლბეკზე. 43. მხარმარჯვნივ ედგნენ მათათა, შამუაყი, ხანანი, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბაალსამოსი, 44. ხოლო ხელმარცხნივ ფედაია, მიქაელი, მალქია, ლოთასუბი, ნაბარია და ზაქარია. 45. აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ერის წინაშე და დაჯდა დიდებით ყველას წინაშე. 46. და ვიდრე იგი რჯულს განმარტავდა, ყველა წელგამართული იდგა, და აკურთხა ეზრამ უფალი, მაღალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი, ყოვლისმპყრობელი. 47. და შეჰღაღადა მთელმა ერმა: ამენ! აღაპყრო ხელები, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს. 48. იესო, ანიუთი, შარაბია, იადინა, ყაკუბი, შაბათაი, ჰოდია, მაყასეია და კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანია და ფალია - ლევიანები ასწავლიდნენ საღვთო რჯულს და ერის წინაშე კითხულობდნენ უფლის კანონს და უხსნიდნენ კითხვასთან ერთად. 49. უთხრა განმგებელმა ეზრას, მღვდელმთავარს და მკითხველს, და ლევიანებს, რომლებიც მოძღვრავდნენ ერს, ყველას: 50. ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს. 51. ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ, 52. რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ. 53. ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ. 54. წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად, 55. რადგან განმსჭვალულნი იყვნენ იმ სიტყვებით, რომლებითაც განისწავლნენ. და შეერთდნენ.
1 . 1. ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით დაიტანჯნენ. 2. შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად; 3. რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა. 4. რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები. 5. როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება, 6. ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ. 7. რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო. 8. ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე ბოროტისაგან. 9. ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა. 10. შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი. 11. ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ. 12. ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს. 13. რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან. 14. ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა. 15. შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. 16. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ. 17. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა. 18. ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან. 19. ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ. 20. ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების შესაფერისს. 21. შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით. 22. თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა. 23. მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი დანაყრებულიყვნენ. 24. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად. 25. ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით, 26. რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ; 27. რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სუსტი სხივი გაათბობს, 28. რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ. 29. რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო წყალივით დაიღვრება.
1 . 1. ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის! 2. ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა. 3. მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ. 4. როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით. 5. რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები. 6. მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული, 7. და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა. 8. მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა. 9. შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი. 10. რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული. 11. თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება. 12. პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა. 13. ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ! 14. ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. 15. ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს. 16. დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა! 17. დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა! 18. არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა. 19. არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში. 20. როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე. 21. სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას. 22. რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით! 23. მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული. 24. შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა. 25. საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას; 26. ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის, 27. მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით, 28. არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა. 29. დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს! 30. დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით! 31. ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს! 32. ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი.