1 . დაამზადა ოთხკუთხედი აკაციისგან სრულადდასაწველთა სამსხვერპლო: ხუთი წყრთა იყო მისი სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე და სამი წყრთა - სიმაღლე.
2 . და გაუკეთა რქები ოთხივე კუთხეში, მისგანვე გამოდიოდა რქები, და სპილენძით მოჭედა.
3 . სამსხვერპლოს ყოველი ხელსაწყო: ქოთნები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები სპილენძისგან გააკეთა.
4 . გაუკეთა სამსხვერპლოს ბადისებრი ცხაური სპილენძისგან, წრიული შვერილის ქვემოდან, მის ნახევრამდე.
5 . სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისთვის ოთხი რგოლი ჩამოასხა კეტების გასაყრელად.
6 . დაამზადა კეტები აკაციისგან და სპილენძით მოჭედა.
7 . და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ; ღრუ ფიცრებით გაუკეთა.
8 . გააკეთა სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეკრებილი მომსახურე დედაკაცების სპილენძის სარკეებით.
9 . მოაწყო ეზო; სამხრეთით ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო - ასი წყრთა.
10 . ოცი სვეტი და ოცი სპილენძის კვარცხლბეკი ჰქონდა; სვეტების სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო.
11 . ჩრდილოეთის მხრიდანაც - ასი წყრთა, ოცი სვეტითა და სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტებისთვის ვერცხლის სამაგრები თავისი კაუჭებით.
12 . დასავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა ფარდა; და დაამზადა მისთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი; ვერცხლის კაუჭები და სამაგრები სვეტებისთვის.
13 . აღმოსავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა.
14 . თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხრიდან, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით;
15 . თხუთმეტი წყრთა ფარდა მეორე მხრიდანაც, ეზოს კარის ორივე მხარეს, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16 . ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონის იყო.
17 . კვარცხლბეკები სვეტებისთვის სპილენძისა, ხოლო სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო და თავიც ვერცხლით ჰქონდა მოჭედილი. ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო შეერთებული.
18 . ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი ოსტატურად ნაქარგი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გრეხილი ბისონისაგან იყო. სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით - ხუთი, მთელ სიგანეზე, ეზოს ფარდების შესაბამისად.
19 . მისი ვერცხლით თავმოჭედილი ოთხი სვეტი, სპილენძის ოთხი კვარცხლბეკით; ვერცხლის სამაგრები და ვერცხლის კაუჭები.
20 . აღთქმის კარვისა და ეზოს ირგვლივ ყოველი პალო სპილენძისა იყო.
21 . ეს არის აღთქმის ანუ მოწმობის კარვის აღრიცხვა, რომელიც ლევიანთა მსახურების მეშვეობით, აჰარონის ძის, ღვთისმსახურ ითამარის ხელით იქნა აღწერილი მოსეს ბრძანებისამებრ.
22 . ხოლო ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
23 . მასთან იყო ოჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატურად მქარგავი ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულსა და ბისონის
24 . და მთელმა ოქრომ, რაც საწმიდრის საქმის საწარმოებლად დაიხარჯა, შემონაწირ ოქროსთან ერთად ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
25 . ხოლო აღრიცხულთაგან შემოსულმა ვერცხლმა: ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
26 . კაცისგან ერთი ბეკაყი, რომელიც საწმიდრის შეკელის ნახევარია. ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაციდან, თითოეულისაგან, რომელიც ოც წელზე უფროსი იყო და აღრიცხვა გაიარა.
27 . ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრისა და ფარდის კვარცხლბეკების ჩამოსასხმელად იქნა გამოყენებული; ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, ტალანტი კვარცხლბეკისთვის.
28 . ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელისგან კი კაუჭები დაუმზადა სვეტებს, თავები მოუჭედა და სამაგრებით შეაერთა.
29 . შემოწირული სპილენძი სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი იყო.
30 . და გააკეთა მისგან კვარცხლბეკები საკრებულო კარვის შესასვლელისთვის, სპილენძის სამსხვერპლო თავისი ბადისებრი ცხაურით, სამსხვერპლოს ყველა ჭურჭელი,
31 . კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ სვეტებისა და ეზოს შესასვლელისთვის, აღთქმის კარვის ყოველი პალო და ყველა პალო ეზოს ირგვლივ.
1 . „ესეც აძრწუნებს ჩემს გულს, ლამის ამომივარდეს საგულედან.
2 . გულისყურით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან რომ გამოდის.
3 . მთელ ცის ქვეშეთში აგზავნის მას და ელვა მისი დედამიწის კიდეებს სწვდება;
4 . ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის.
5 . გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
6 . რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.
7 . აჩერებს ყველა ადამიანის ხელს, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს მისი ნამოქმედარი.
8 . თავშესაფარში გარბიან მხეცები და თავიანთ ბუნაგებში ინაბებიან.
9 . სამხრეთიდან ქარიშხალი მოდის, ჩრდილოეთიდან - ყინვა.
10 . ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და მყარდება სიმრავლე წყლისა.
11 . ტენით ავსებს სქელ ღრუბლებს და მისი ელვით ნათდებიან ისინი.
12 . მისი ნება-სურვილით მოძრაობენ ღრუბლები, მის ბრძანებას ასრულებენ მთელი დედამიწის ზურგზე.
13 . ხან არგნით, თავისივე ხალხის საკეთილდღეოდ, ხანაც წყალობისთვის.
14 . ყური მომაპყარ იობ, აღსდექ და ჩაუკვირდი ღვთის სასწაულებს.
15 . თუ იცი, როგორ დააფუძნა ისინი, როგორ აცისკროვნებს ღმერთი თავის ღრუბლებს ელვის სინათლით?
16 . თუ იცი ღრუბელთა განფენილობა, საოცრებანი ცოდნაში უნაკლოსი?
17 . რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა სამხრეთის ქარში მყუდროვდება ქვეყანა?
18 . თუ შეძლებ მასთან ერთად ცათა გადაჭიმვას, ჩამოსხმული სარკესავით მტკიცე რომ არის?
19 . გვასწავლე, რა ვუთხრათ მას, ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელის გამო.
20 . მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას?
21 . ახლა არ ჩანს ღრუბლებში მბრწყინავი მნათობი, მაგრამ ჩაუქროლებს ქარი და გაასუფთავებს.
22 . ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.
23 . ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში - არავის ჩაგრავს.
24 . ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია”.
1 . იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 . ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 . რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 . მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 . თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 . ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 . ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 . გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 . თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 . მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 . ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 . ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 . ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 . არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 . როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 . ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 . ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 . მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 . ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 . რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 . ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 . იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 . რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 . შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 . მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 . თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 . ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
1 . თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
2 . წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
3 . მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
4 . სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
5 . უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
6 . არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
7 . ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
8 . სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.
9 . რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10 . და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
11 . როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
12 . რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
13 . ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.
1 . ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარი თავის წარდგენა? ნუთუ ზოგიერთებივით გვჭირდება წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?
2 . თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში ჩაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი;
3 . თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით; არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.
4 . აი, ასეთი გულდაჯერება გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღვთის მიმართ;
5 . არა იმიტომ, რომ საკუთარ თავებს ვთვლით რამის შემძლეებად, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მიერ არის ჩვენი შემძლეობა;
6 . მან მოგვცა შეძლება, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა; ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
7 . ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო,
8 . რამდენად უფრო დიადი იქნება სულის მსახურების დიდება?
9 . რადგან, თუ მსჯავრის მსახურება დიდებაა, რამდენად უფრო აღმატებული იქნება დიდებით გამართლების მსახურება?
10 . რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, ვეღარ ჩაითვლება დიდებულად ამ აღმატებულ დიდებასთან შედარებით.
11 . ვინაიდან, თუ გარდამავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.
12 . ამიტომ, რაკი ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ.
13 . და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ ისრაელიანებს გარდამავალი დიდების დასასრულისათვის არ ემზირათ.
14 . მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.
15 . მაგრამ დღემდე, მოსეს რომ კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,
16 . ხოლო უფლისკენ რომ მოიქცევიან, რიდე ეხსნებათ.
17 . უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
18 . ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
1 . 1. მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი, 2. სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისაგან; 3. ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა; 4. რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული; 5. არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი დასაბამი. 6. რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და ყველასათვის მსგავსია გასვლაც. 7. ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული. 8. კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად ჩავაგდე მასთან შედარებით. 9. მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე. 10. ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან ჩაუქრობელია მისი ნათელი. 11. ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე. 12. ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი. 13. უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს. 14. რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით. 15. მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი. 16. რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში. 17. მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება. 18. დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, 19. წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, 20. ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. 21. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა, ყოველთა შემოქმედმა. 22. რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი, 23. დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი. 24. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. 25. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას. 26. იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა. 27. ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. 28. რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. 29. რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა. 30. რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს ბოროტება.
1 . 1. სიკეთეს თუ აკეთებ, იცოდე, ვისთვის აკეთებ და მოგენიჭება მადლი შენი სიკეთის წილ. 2. კეთილი უყავი ღვთისმოსავს და სანაცვლოს იპოვი, თუ მისგან არა, უზენაესისგან მაინც. 3. არ იქნება სიკეთე მისთვის, ვინც განუწყვეტლივ სჩადის ბოროტებას და ვინც მოწყალებას სიხარულით არ გასცემს. 4. მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს. 5. კეთილი უყავი თავმდაბალს და უწმინდურს ნურაფერს მისცემ; დაუკავე მას პური და არ მისცე, რათა მისით არ გძლიოს შენ, რადგან ორმაგ ბოროტებას მიიღებ ყველა სიკეთისათვის, რასაც მას გაუკეთებ. 6. რადგან მოიძულა უზენაესმა ცოდვილნი და უწმინდურებს სასჯელს მიაგებს. 7. მიეცი კეთილს და ცოდვილს ნუ შეეწევი. 8. არ გამოიცნობა მეგობარი სიკეთეში და არ დაიფარება მტერი გასაჭირის ჟამს. 9. ადამიანის ბედნიერებისას მისი მტრები მწუხარებენ, გასაჭირის ჟამს კი მეგობარიც გაეყრება. 10. არასოდეს ენდო შენს მტერს, რადგან სპილენძივით ჟანგდება მისი ბოროტება. 11. თუ დამდაბლდა და ქედწახრილმა იარა, გაფრთხილდი და თავი დაიცავი მისგან; ეყავ მას ვითარცა კრიალა სარკე და შეიცნობ, რომ ბოლომდე როდი განწმენდილა ჟანგისაგან. 12. ნუ დააყენებ მას შენს გვერდით, რათა არ ჩამოგაგდოს და შენს ადგილზე არ დადგეს. ნუ დაისვამ მას მარჯვენით, რათა ოდესმე არ მოისურვოს შენი სავარძელი, თორემ ბოლოს ჩასწვდები ჩემს სიტყვებს და სინანულით გაიხსენებ ჩემს შეგონებებს. 13. ვინ შეიწყალებს გველით დაგესლილებს და ყველა იმათ, ვინც მხეცებს მიეახლა? 14. ასევე ცოდვილ კაცთან ერთად მავალს და გამზიარებელს მისი ცოდვებისა? 15. დროებით დარჩება შენთან, მაგრამ თუ იყოყმანებ, ვეღარ დაითმენს. 16. მტერი თავისი ბაგით გატკბობს, გულში კი ფიქრობს, ორმოში ჩაგაგდოს. მტერი თვალებით იტირებს, მაგრამ თუ დრო იპოვა, სისხლით ვერ გაძღება. 17. თუ თავს უბედურება დაგატყდება, შენზე წინ გაჩნდება იქ, და, თითქოს გშველიდეს, ფეხს დაგიდებს. 18. თავს გადააქნევს, ხელებს შემოჰკრავს, ბევრს იჩურჩულებს და სახეს შეიცვლის.