1 . განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
2 . ციცაბო მთაზე აამაღლეთ ნიშანი, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ წარჩინებულთა ჭიშკრებით.
3 . მე ვუბრძანე ჩემთვის განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცთ, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ, ჩემი რისხვის აღსასრულებლად.
4 . ჩოჩქოლის ხმაა მთებში, თითქოს მრავალრიცხოვანი ხალხისგან, ერთად შეკრებილ სამეფოთა ერების ხმაური; ცაბაოთ უფალი საბრძოლო ლაშქარს ათვალიერებს.
5 . შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა - მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.
6 . იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.
7 . ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება.
8 . შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.
9 . აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან.
10 . რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს.
11 . მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ - მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.
12 . კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს - ოფირის ოქროზე.
13 . ამის გამო ცა ათრთოლდება და დედამიწა შეირყევა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
14 . თითოეული დევნილი ქურციკივით იქნება და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი დაფანტული ცხვარივით; თავ-თავიანთ ხალხებს მიუბრუნდებიან და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცევა.
15 . ვისაც იპოვიან - განიგმირება, ვისაც დაიჭერენ - მახვილისგან დაეცემა.
16 . მათი შვილები მათივე თვალწინ აიკუწებიან, მათი სახლები გაიძარცვება, ცოლებს პატივს აჰყრიან.
17 . აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ეამებათ.
18 . მათი მშვილდები ყმაწვილებს გააპობენ; მუცლის ნაყოფსაც არ შეიბრალებენ და ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.
19 . და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდედი - ღვთის მიერ დამხობილი სოდომსა და გომორასავით.
20 . აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.
21 . წამოწვებიან იქ უდაბნოს ნადირნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ველური თხები იხტუნებენ იქ.
22 . აფთარნი იღმუვლებენ დაქცეულ სასახლეებში და ტურები დაიწყებენ კივილს საზეიმო დარბაზებში; მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.
1 . სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიასადმი:
2 . "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წიგნში ჩაიწერე ყველა სიტყვა, მე რომ გითხარი.
3 . რადგან, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ჩემი ერი - ისრაელი და იუდა უნდა დავაბრუნო ტყვეობიდან; იმ ქვეყანაში დავაბრუნებ, მათ მამებს რომ მივეცი, და დაიმკვიდრებენ მას, ამბობს უფალი”.
4 . ეს არის სიტყვები, უფალმა რომ ილაპარაკა ისრაელსა და იუდაზე:
5 . "ასე ამბობს უფალი: შიშისა და ძრწოლის ხმა მესმის; მშვიდობა არ არის;
6 . იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?
7 . ვაი, ვინაიდან დიდია ეს დღე; არასოდეს ყოფილა მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის, მაგრამ გამოხსნილ იქნება მისგან.
8 . და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.
9 . თავიანთ უფალ ღმერთს მოემსახურებიან და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.
10 . ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო! ამბობს უფალი, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, გამოგიხსნი შორეული მიწიდან და შენს შთამომავალთ - მათი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.
11 . რადგან, შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, რომლებშიც გაგფანტე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, არამედ სამართლიანად დაგსჯი; დაუსჯელს არ გაგიშვებ”.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: "განუკურნებელია შენი ჭრილობა და ფრიად მძიმეა შენი წყლული.
13 . არავინ გამოგესარჩლება, ჭრილობას არავინ შეგიხვევს, კურნება არ არის შენთვის.
14 . ყველა მოყვარემ დაგივიწყა, აღარ გკითხულობენ, რადგან მტერივით დაგჭერი და სასტიკად დაგსაჯე დიდი დანაშაულის გამო; აღურიცხავია შენი ცოდვები.
15 . რატომ კვნესი? დაჭრილი ხარ, განუკურნებელია შენი სატკივარი, რადგან დიდია შენი დანაშაული და აღურიცხავია შენი ცოდვები. მე მოგწიე ეს ყველაფერი.
16 . ყველა შენი მჭამელი შეიჭმევა, ყველა შენი მტერი, ყველა მათგანი დატყვევდება; შენი ამაოხრებელი თავად აოხრდება, შენს მძარცველებს მე გავაძარცვინებ.
17 . მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.
18 . ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.
19 . მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.
20 . უწინდელივით იქნებიან მათი ძენი და დაფუძნდება მისი კრებული ჩემ წინაშე; მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.
21 . მისგან გამოვა მისი წინამძღოლი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი მთავარი. მივიზიდავ და ისიც მომიახლოვდება; განა ვინმე შეძლებს, რომ თვითნებურად მომიახლოვდეს? ამბობს უფალი.
22 . ჩემი ხალხი იქნებით და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
23 . აჰა, ქარიშხალივით, ყოველივეს აღმგველი გრიგალივით გამოდის უფალი; ბოროტეულთა თავზე დატრიალდება ის.
24 . არ შებრუნდება უფლის მგზნებარე რისხვა, ვიდრე არ აახდენს და არ აღასრულებს განზრახულს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!
2 . ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.
3 . შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
4 . კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
5 . ისევ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებში, დარგავენ დამრგველნი და მოიმკიან.
6 . ვინაიდან დადგება დღე და დაიძახებენ გუშაგნი ეფრემის მთაზე: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
7 . ასე ამბობს უფალი: "სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა!
8 . აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.
9 . ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
10 . ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!
11 . რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
12 . მოვლენ და ხმამაღლა შესძახებენ სიონის სიმაღლეებზე; უფლის სიკეთეზე იყიჟინებენ: მარცვლეულზე და მაჭარზე, ზეთზე და ცხვარ-ძროხის მონაგებზე, და იქნება მათი სული მორწყული ბაღივით და აღარასოდეს დანაღვლიანდებიან.
13 . მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
14 . მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.
15 . ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.
16 . ასე ამბობს უფალი: "თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
17 . არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი, დაგიბრუნდებიან შენი ძენი ტყვეობიდან!”
18 . ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: "შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
19 . მოვბრუნდი და მოვინანიე მას შემდეგ, რაც მივხვდი და მკერდზე ვიცემდი ხელს; შემრცხვა და დავმცირდი, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილი მიტარებია!”
20 . "განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
21 . "აღმართე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, გული დაუდე და დაუკვირდი გზას, რომლითაც დადიხარ. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი შენს ქალაქებს.
22 . როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალმა ახალი რამ მოიტანა ქვეყანაზე - დიაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!”
23 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდას ქვეყანასა და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან მობრუნდებიან: უფალმა გაკურთხოს, სამკვიდრებელო სიმართლისა, წმიდა მთაო!
24 . კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მიწათმოქმედნი და მესაქონლენი.
25 . რადგან დავარწყულებ გადაღლილებს და განვაახლებ ყველა დამწუხრებულ სულს”.
26 . ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი.
27 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლებში ადამიანისა და საქონლის თესლს.
28 . და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
29 . იმ დღეებში აღარ იტყვიან: "მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
30 . რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
31 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.
32 . არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” - ამბობს უფალი.
33 . "რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;
34 . და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
35 . ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
36 . "თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”.
37 . ასე ამბობს უფალი: "თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” - ამბობს უფალი.
38 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
39 . ზღვარი მისი შორს, პირდაპირ გიბყათის ღარებამდე გადავა და გოყათისკენ მობრუნდება.
40 . გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.
1 . ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
3 . იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4 . რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
5 . აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
6 . ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
7 . ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
8 . გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
9 . ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
10 . რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
11 . დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
13 . რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
14 . ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
15 . რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
16 . საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
17 . საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
18 . როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
19 . აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
20 . ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
21 . მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22 . აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
23 . დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
24 . დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
25 . როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
26 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
27 . ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
28 . კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
29 . თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
30 . გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
31 . ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
32 . წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
33 . იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
34 . უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
35 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
36 . ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
37 . მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
38 . დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
39 . მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
1 . სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას პირით.
2 . "გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!
3 . რადგან ხალხი მოადგა ჩრდილოეთიდან და უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას; აღარ იქნება მასში მცხოვრები, ადამიანიდან პირუტყვამდე ყველა დაიძრება და წავა.
4 . იმ დღეებში და იმ ჟამად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელის ძენი და იუდას ძენი, ერთად ივლიან და გზადაგზა იტირებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
5 . სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!
6 . დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.
7 . მათი მპოვნელები ჭამდნენ; მათი მტრები ამბობდნენ: რა ჩვენი ბრალია, უფალს შესცოდეს, რომელიც სიმართლის სამკვიდროა, უფალს, მათი მამების იმედსო.
8 . გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.
9 . რადგან, აჰა, წამოვაყენებ და მოვიყვან ბაბილონის წინააღმდეგ დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და დაატყვევებენ; მათი ისრები გამოცდილი მეომრებივით არიან, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
10 . ნადავლად იქცევა ქალდეველთა ქვეყანა და გაძღება ყველა მისი მძარცველი, ამბობს უფალი.
11 . რადგან გიხარიათ და დღესასწაულობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან დეკეულივით კუნტრუშობთ და ცხენებივით ჭიხვინებთ.
12 . დიდად შერცხვება დედათქვენი, დამცირდება თქვენი მშობელი; უკანასკნელი იქნები ერებს შორის - უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი.
13 . უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, მთლიანად გაუდაბურდება. ყველა, ვინც ბაბილონს ჩაუვლის, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მისი წყლულების დამნახავი.
14 . ჩამწკრივდით ბაბილონის გარშემო, მშვილდის მომზიდველნო! ესროლეთ, ისრებს ნუ დაინანებთ, რადგან უფალს შესცოდა.
15 . ყოველი მხრიდან დაეცით საბრძოლო ყიჟინა; დანებდა, დაეცნენ მისი საძირკვლები, დაინგრნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
16 . მთესველი და ნამგლის დამჭერი ამოძირკვეთ ბაბილონიდან მოსავლის აღების დროს. მოძალადის მახვილისგან ყოველი თავისი ხალხისკენ გაბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს.
17 . გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გაფანტეს. პირველად აშურის მეფემ შეჭამა იგი, ბოლოს კი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები”.
18 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
19 . დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე, და იბალახებს იგი ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემისა და გილყადის მაღლობებზე დაიკმაყოფილებს სურვილს.
20 . იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს - და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.
21 . მერათაიმის ქვეყანაზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე გაილაშქრე, ააოხრე და გაანადგურე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი, ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გიბრძანე!
22 . ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში, დიდი ნგრევაა.
23 . როგორ გატყდა და დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო! როგორ იქცა ბაბილონი საშინელებად ერებისთვის?
24 . მახე დაგიგე და გაები, ბაბილონო, მაშინ, როცა არ ელოდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს, რადგან უფალს შეეჭიდე.
25 . გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის იარაღი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში.
26 . შორეული კიდეებიდან მოდით მის წინააღმდეგ, გახსენით მისი ბეღლები, ზვინებივით დაახვავეთ, სრულად გაანადგურეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს მისგან.
27 . მახვილს მიეცით მისი მოზვრები, დასაკლავად ჩავიდნენ; ვაი მათ, რადგან მათი დღე დადგა, მათი დასჯის ჟამი.
28 . აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.
29 . მრავალნი შეჰყარეთ ბაბილონის წინააღმდეგ, ყველა მშვილდის მომზიდველი. ბანაკად შემოეწყვეთ ყოველი მხრიდან, არავინ გაგექცეთ. მისი საქმისამებრ მიუზღეთ; როგორც გექცეოდათ, ისე
30 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის ქუჩებში და ყველა მისი მებრძოლი დადუმდება იმ დღეს, ამბობს უფალი.
31 . აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
32 . წაიბორძიკებს მედიდური და დაეცემა, არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება.
34 . მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
35 . მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ;
36 . მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან;
37 . მახვილი მისი ცხენების წინააღმდეგ, მისი ეტლებისა და ყველა უცხოტომელის წინააღმდეგ, მის წიაღში რომ არიან და დიაცებად იქცევიან; მახვილი მისი საგანძურების წინააღმდეგ და გაიძარცვებიან.
38 . გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.
39 . დაიბუდებენ იქ უდაბნოს არსებები ტურებთან ერთად და სირაქლემები. უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
40 . როგორც ღმერთის მიერ დაქცეულ სოდომში და გომორასა და მის მეზობელ ქალაქებში, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ დასახლდება, კაციშვილი აღარ იცხოვრებს მასში.
41 . აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ერი; მრავალი მეფე აღდგება ქვეყნის კიდეებიდან;
42 . მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი არიან, დაუნდობელნი; მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს, ცხენებზე არიან ამხედრებულნი; ერთი კაცივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
43 . გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
44 . აჰა, ლომივით ამოვალ იორდანის უღრანიდან საძოვრებზე, გამუდმებით რომ ირწყვება. წამში გავაქცევ მათ და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? სამსჯავროზე ვინ დამიძახებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?”
45 . ამიტომ ისმინეთ უფლის განზრახვა, ბაბილონზე რომ განიზრახა; მისი გადაწყვეტილება, ქალდეველთა ქვეყანაზე რომ გადაწყვიტა; უსათუოდ წაათრევენ ფარის პატარა ბატკნებსაც კი, უსათუოდ გაუდაბურდება მათი საძოვრები.
46 . მიწა შეიძრება, როცა ხმა გაისმება: "შეიპყრეს ბაბილონი”; კივილი გაისმება ერებში.
1 . ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
2 . უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
3 . არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
4 . დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
5 . რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
6 . გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
7 . ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
8 . უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
9 . ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
10 . უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11 . წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
12 . ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
13 . დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
14 . საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
15 . მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
16 . მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
17 . საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
18 . ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
19 . მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20 . შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
21 . შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
22 . შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23 . შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
24 . "თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
25 . აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
26 . ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
27 . ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
28 . მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
29 . ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
30 . მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
31 . შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
32 . ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
34 . "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
35 . დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
37 . ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
38 . ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
39 . როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
40 . "ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
41 . როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42 . ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
43 . გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
44 . მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
45 . გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
46 . ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
47 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
48 . იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
49 . "როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
50 . წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
51 . შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
52 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53 . ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
54 . გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55 . ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
56 . რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
57 . "დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
59 . სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
60 . ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
61 . უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62 . იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
63 . ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
64 . და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
1 . ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.
2 . შოლტის ცემისა და ბორბლების გრიალის ხმაა; ცხენები ჭიხვინებენ და ეტლები გრიალებენ.
3 . მხედრები მიჰქრიან, მახვილები ელავენ, შუბები ბრწყინავენ; ბევრია განგმირული, გვამების გროვაა! არ დაითვლება ცხედრები, გვამებზე ბრკოლდებიან მეომრები.
4 . ეს მეძავის უზომო მრუშობის გამო ხდება, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, თავისი მრუშობით რომ ჰყიდის ხალხებს და თავისი ჯადოქრობით - ტომებს.
5 . აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - ბოლომდე აგიწევ კალთას, დავანახებ შენს სიშიშვლეს ხალხებს და შენს სირცხვილს - სამეფოებს.
6 . მოგაყრი სიბინძურეს, წაგბილწავ და სასეიროდ გაქცევ.
7 . ვინც დაგინახავს, გაგშორდება და იტყვის: ‘გაძარცულია ნინევე! ვინ იგლოვებს მისთვის? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელნი?’
8 . რითი სჯობიხარ თებეს? ნილოსის მდინარესთან რომ იყო და წყლები რომ ერტყა გარშემო? მისი სიმაგრე ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი.
9 . ქუშის ქვეყანა იყო მისი ძლიერება და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი იყვნენ მის შემწედ.
10 . ისიც განდევნეს, ტყვედ წაიყვანეს, მისი ბავშვები ნაკუწებად აქციეს ყოველი ქუჩის თავში; მის დიდებულებზე წილი ყარეს, წარჩინებულებს ბორკილები დაადეს.
11 . შენც დათვრები და დამალვას მოინდომებ, მტრებისგან თავშესაფარს დაუწყებ ძებნას.
12 . მწიფენაყოფიანი ლეღვის ხესავითაა ყველა შენი ციხე-სიმაგრე, თუ შეარხიე პირში ჩაუცვივდება მჭამელს.
13 . აჰა, დიაცებივით არის შენი ხალხი შენს შორის. ფართოდ გაიღო შენი ქვეყნის კარიბჭენი შენი მტრებისთვის, ცეცხლი ჭამს შენს ურდულებს.
14 . ალყისთვის მოემზადე, წყალი მოიმარაგე და ციხე-სიმაგრენი გაამაგრე; მიდი თიხასთან, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
15 . იქ შეგჭამს ცეცხლი, დაგცემს მახვილი და განადგურდები, როგორც კალიისგან ნადგურდებიან! გამრავლდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
16 . ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია მოვაჭრენი, მაგრამ კალიაც კი მიფრინავს, როცა ფრთებს გაშლის.
17 . შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.
18 . სძინავთ შენს მწყემსებს, აშურის მეფევ, ისვენებენ შენი დიდებულნი, მთებზე გაიფანტა შენი ხალხი და არავინაა შემკრები;
19 . არ გიშუშდება ჭრილობა, არ არის კურნება შენი წყლულისთვის; ვინც კი მოისმენს შენს ამბავს, ტაშს შემოჰკრავს შენზე, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?
1 . როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?
2 . ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
3 . ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს - ყოფით საქმეებს!
4 . თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
5 . თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?
6 . მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
7 . ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
8 . მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
9 . განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
10 . ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.
11 . ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
12 . ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
13 . საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი - სხეულისთვის.
14 . ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15 . ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
16 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.
17 . ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.
18 . გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
19 . ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
20 . ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
1 . 1. აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი, 2. და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი. 3. ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს. 4. რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება. 5. აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას. 6. რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები. 7. ამიტომ ამბობს უფალი: 8. მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით. 9. შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ. 10. აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე, 11. არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას. 12. ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი. 13. ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო. 14. ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა! 15. რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში. 16. დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ. 17. მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს, 18. რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს. 19. აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო. 20. აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული. 21. როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი. 22. არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე. 23. მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას. 24. ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი. 25. არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს, 26. რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი. 27. მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას. 28. აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი: 29. მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს. 30. რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს. 31. ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად. 32. ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს მიატრიალებენ გასაქცევად. 33. აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის. 34. აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით სავსე. 35. დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება, 36. და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და ზარი დედამიწაზე, 37. შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები. 38. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან. 39. მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს, რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით. 40. აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს, 41. ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები, 42. რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული. 43. ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას. 44. მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიგტირებენ მას. 45. გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან. 46. აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ, 47. ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ შენთან ბოზობა! 48. საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს ღმერთი: 49. მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება 50. დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება. 51. დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა. 52. განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი, 53. გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა? 54. ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე? 55. შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს. 56. როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ ღმერთი და ბოროტს მიგცემს. 57. შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით, გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე. 58. მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი. 59. ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი. 60. გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი ბაბილონისკენ გაბრუნებულნი. 61. ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან. 62. და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ; 63. ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ.