1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2 . იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
3 . და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
4 . გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
5 . უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
6 . თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
7 . მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
8 . იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
9 . წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
10 . ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
11 . და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
12 . მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13 . მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
14 . მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15 . განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16 . ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
17 . ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
18 . წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
19 . ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
20 . გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
21 . გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
22 . მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
23 . წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
24 . ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
25 . დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
26 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
27 . ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
28 . ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
29 . შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
30 . ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
31 . მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
32 . და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
33 . შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34 . აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35 . და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
36 . განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37 . მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
38 . ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
39 . მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
40 . დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
41 . ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
42 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
43 . მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
44 . ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
45 . აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
46 . და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
47 . და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
48 . თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
49 . და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
50 . თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
51 . და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
52 . მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
53 . აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
54 . შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
55 . ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.
1 . როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყურებთ?”
2 . თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”
3 . და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.
4 . ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.
5 . და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
6 . ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.
7 . დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.
8 . იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9 . და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.
10 . უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!
11 . ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”
12 . თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”
13 . უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.
14 . თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!
15 . ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16 . გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.
17 . და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
18 . უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
19 . გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
20 . მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.
21 . უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.
22 . თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
23 . არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24 . შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25 . ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.
26 . აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.
27 . ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.
28 . უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”
29 . და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
30 . "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.
31 . ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,
32 . თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.
33 . გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.
34 . მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.
35 . თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.
36 . უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”
37 . უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.
38 . მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
1 . ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: "წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო”. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.
2 . აცნობეს იერიხოს მეფეს: "აჰა, ღამით კაცები მოსულან აქ ისრაელის ძეთაგან, ქვეყნის დასაზვერად”.
3 . შეუთვალა იერიხოს მეფემ და უთხრა რახაბს: "გამოიყვანე კაცები, რომ მოვიდნენ და შენს სახლში შემოვიდნენ, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულები”.
4 . ადგა და დამალა ეს ორი კაცი ამ ქალმა, მათ კი უთხრა: "დიახ, მოვიდნენ ჩემთან კაცები, ოღონდ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
5 . დაბინდებისას კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ; არ ვიცი, საით წავიდნენ, საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით”.
6 . თვითონ კი სხვენზე აიყვანა ისინი და სელის ჩალაში დამალა, რომელიც სხვენზე ჰქონდა გაშლილი.
7 . იორდანესკენ მიმავალი გზით, ფონებისკენ დაედევნენ მათ კაცები; კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს.
8 . ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ავიდა მათთან რახაბი სხვენზე.
9 . უთხრა კაცებს: "ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, თქვენდამი შიშმა მოგვიცვა ყველანი და შეძრწუნებულნი არიან ამ ქვეყნის მკვიდრნი თქვენ წინაშე.
10 . რადგან გვსმენია, როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენ წინაშე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან და რა დამართეთ ორ ამორელ მეფეს, იორდანეს გაღმა მყოფ სიხონსა და ყოგს, რომლებიც გაანადგურეთ.
11 . მოვისმინეთ და შედრკა ჩვენი გული, აღარავის შერჩა მხნეობა, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა დედამიწაზე.
12 . ახლა გევედრებით, დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით სიკეთით, მამაჩემის სახლეულსაც ისე მოექცევით სიკეთით და მომცემთ სარწმუნო ნიშანს.
13 . იხსენით ჩემი დედ-მამა, ძმები, დები და ყველაფერი, რაც მათ აქვთ და დაგვიხსენით სიკვდილისგან”.
14 . უთხრეს კაცებმა: "ჩვენი სიცოცხლე თქვენის სანაცვლოდ, თუ არ გააცხადებ ჩვენს ამბავს; სიკეთითა და ერთგულებით მოგექცევით, როცა მოგვცემს უფალი ამ ქვეყანას”.
15 . და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი და გალავანზე ცხოვრობდა იგი;
16 . უთხრა მათ: "მთაში წადით, რომ მდევარი არ შემოგხვდეთ და სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე გამობრუნდებოდნენ მდევრები, მერე კი წადით თქვენი გზით”.
17 . უთხრეს კაცებმა: "თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე,
18 . თუ არ გამოაბავ მეწამულ თოკს იმ სარკმელს, რომლიდანაც ძირს ჩაგვიშვი, როცა შემოვალთ თქვენს ქვეყანაში; მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან შეკრიბე სახლში.
19 . შენი სახლის კარიდან თითოეული გარეთ გამოსულის სისხლი მის თავზე იყოს, ჩვენ უბრალონი ვიქნებით. ხოლო ყოველი შენს სახლში მყოფის სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ შეახო ხელი.
20 . თუ გათქვამ ამ ჩვენ საქმეს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისგან, რომლითაც დაგვაფიცე”.
21 . უპასუხა: "თქვენი სიტყვისამებრ იყოს!” გაუშვა და წავიდნენ ისინი, მან კი მეწამული თოკი გამოაბა სარკმელს.
22 . წავიდნენ და მივიდნენ მთაში, დარჩნენ იქ სამ დღეს, ვიდრე გაბრუნდებოდნენ მდევრები. მთელ გზაზე ეძებეს მდევრებმა, მაგრამ ვერ იპოვეს.
23 . და დაბრუნდა ეს ორი კაცი, ჩამოვიდნენ მთიდან, გავიდნენ გაღმა, მივიდნენ იეშუა ნავეს ძესთან და, ყველაფერი უამბეს რაც შეემთხვათ.
24 . უთხრეს იეშუას: "ხელში ჩაგვიგდო უფალმა მთელი ქვეყანა; შეძრწუნებულნი არიან ქვეყნის მკვიდრნი ჩვენ წინაშე”.
1 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
2 . იგივე დამართე ჰაღაის და მის მეფეს, რაც იერიხოსა და მის მეფეს დამართე, მხოლოდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. საფარი მოიწყვეთ ქალაქის უკან”.
3 . ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.
4 . უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;
5 . მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.
6 . დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.
7 . მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . ქალაქს რომ დაიპყრობთ, ცეცხლი წაუკიდეთ, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით; აჰა, ნაბრძანები მაქვს”.
9 . გაგზავნა ისინი იეშუამ და ჩასხდნენ საფარში, ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. ხალხთან გაათია ის ღამე იეშუამ.
10 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაათვალიერა ხალხი და წაუძღვა ჰაღაისკენ ისრაელის უხუცესებთან ერთად.
11 . ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები, მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ ქალაქს და დაბანაკდნენ ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო ჰაღაისა და მათ შორის.
12 . აიყვანა ხუთი ათასამდე კაცი და ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით ჩაასაფრა.
13 . ქალაქის ჩრდილოეთით დაბანაკდა მთელი ხალხი, ჩასაფრებული რაზმი კი - ქალაქის უკან, დასავლეთით; იმ ღამეს შუაგულ ველზე გავიდა იეშუა.
14 . როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ისწრაფეს, ადრიანად ადგნენ ქალაქის კაცები და გამოვიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დანიშნულ დროს, ყარაბას წინ; არ იცოდა, რომ ქალაქის უკან მტერი იყო ჩასაფრებული.
15 . თითქოს დამარცხდნენო, უკუიქცნენ მათგან იეშუა და მთელი ისრაელი, უდაბნოსკენ მიმავალი გზით.
16 . ყიჟინა დასცა ჰაღაიში მყოფმა ხალხმა, ერთად შეიყარნენ და გამოედევნენ იეშუას; მოსწყდნენ ქალაქს.
17 . კაცი არ დარჩა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა, ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელს დაედევნენ.
18 . უთხრა უფალმა იეშუას: "გაიწოდე ჰაღაიზე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას”. და გაიწოდა იეშუამ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისკენ.
19 . როდესაც გაიწოდა ხელი იეშუამ, საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში, დაიპყრეს და მაშინვე ცეცხლი წაუკიდეს.
20 . უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.
21 . დაინახა იეშუამ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი და კვამლი ასდის ქალაქს, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის კაცები.
22 . ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ შესახვედრად და ისრაელიანებს შორის აღმოჩდნენ ჰაღაელნი, ზოგი აქეთ, ზოგი იქით; მუსრეს ისინი და არავინ გაუშვეს ცოცხალი,
23 . ჰაღაის მეფე კი ცოცხლად შეიპყრეს და მიჰგვარეს იეშუას.
24 . როცა დაასრულა ისრაელმა ყოველი ჰაღაელის მუსვრა ველზე და უდაბნოში, სადამდეც სდიეს და დაეცა ყველა მახვილის პირით, მაშინ გაბრუნდა ისრაელი ჰაღაისკენ და შემუსრა იგი მახვილით.
25 . იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.
26 . იეშუას მანამდე არ დაუშვია შუბგაწვდილი ხელი, ვიდრე არ ამოწყდა ჰაღაის ყველა მცხოვრები.
27 . მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ისრაელმა ამ ქალაქიდან, უფლის ბრძანების მიხედვით, როგორც უბრძანა იეშუას.
28 . გადაწვა იეშუამ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია იგი დღემდე.
29 . ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე, მზის ჩასვლისას ბრძანა იეშუამ და ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30 . მაშინ აუგო იეშუამ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31 . როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ძეებს. ისე ააგო, როგორც რჯულის წიგნში ეწერა მოსეს, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა; მასზე აღუვლინეს უფალს სრულადდასაწველები და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
32 . და გადაწერა იეშუამ იმ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელის ძეთა წინაშე.
33 . მთელი ისრაელი, მისი უხუცესები, ზემდგომნი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს, უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი ასევე მკვიდრი. ერთი ნახევარი გერიზიმის მთის პირდაპირ იდგა, მეორე ნახევარი - ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრე ბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის საკურთხებლად.
34 . ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.
35 . არ დარჩა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხა იეშუას მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების, პატარების და ხიზნების წინაშე, რომლებიც ცხოვრობდნენ მათ შორის.
1 . იმ დღეებში, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს, ერთი ლევიანი ხიზნობდა ეფრემის მთის ფერდობზე; და ხარჭა მოიყვანა თავისთვის, იუდას ბეთლემიდან.
2 . მაგრამ იმრუშა მისმა ხარჭამ, განშორდა და წავიდა მამის სახლში - იუდას ბეთლემში და იყო იქ ოთხი თვე.
3 . ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა გულითადად დალაპარაკებოდა და დაებრუნებინა თავისთან. თან მსახური და წყვილი სახედარი ახლდა. ქალმა მამის სახლში შეიყვანა. დაინახა იგი ყმაწვილქალის მამამ და სიხარულით შეეგება.
4 . და აღარ გაუშვა იგი სიმამრმა, იმ ყმაწვილქალის მამამ. სამი დღე იმყოფებოდა მასთან, ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
5 . ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.
6 . დასხდნენ ერთად, ჭამეს და სვეს; და უთხრა ყმაწვილქალის მამამ იმ კაცს: "გთხოვ, დარჩი ეს ღამეც და გაიმხიარულე გული”.
7 . წამოიმართა კაცი წასასვლელად, მაგრამ შეეხვეწა სიმამრი და ის ღამეც იქ გაათია.
8 . მეხუთე დღეს დილაადრიანად ადგა კაცი და წასასვლელად მოემზადა. უთხრა ყმაწვილქალის მამამ: "ჯერ გული გაიმაგრე და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრება”. და ჭამა ორივემ.
9 . ადგა კაცი თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად წასასვლელად და უთხრა სიმამრმა, ყმაწვილქალის მამამ: "უკვე მწუხრისკენ იხრება დღე, აქ გაათიეთ ღამე, გაიმხიარულე გული, ხვალ კი ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას შენი კარვისკენ”.
10 . მაგრამ აღარ ინება კაცმა ღამის იქ გათევა, ადგა, წავიდა და მივიდა იებუსამდე (იერუსალიმამდე); თან ხარჭა და ორი დატვირთული სახედარი ახლდა.
11 . იებუსს რომ მიუახლოვდნენ, უკვე გადახრილი იყო დღე. უთხრა მსახურმა თავის ბატონს: "შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქისკენ და იქ გავათიოთ ღამე”.
12 . უპასუხა ბატონმა: "არა, უცხოტომელთა ქალაქში არ შევუხვევთ, სადაც არ ცხოვრობენ ისრაელის ძენი, ბარემ გიბყამდე მივიდეთ”.
13 . უთხრა თავის მსახურს: "მოდი, სადმე სხვაგან მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათენოთ”.
14 . და განაგრძეს გზა, იარეს და ჩავიდა მზე გიბყასთან, რომელიც ბენიამინის ტომს ეკუთვნოდა.
15 . შეუხვიეს გიბყაში, რომ ღამის გასათევად შესულიყვნენ. მივიდნენ და დასხდნენ ქალაქის მოედანზე, მაგრამ სახლში არავინ შეიპატიჟა ღამის გასათევად.
16 . აჰა, მოხუცი მოდიოდა საღამოჟამს თავისი მინდვრიდან; ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ადგილობრივები კი ბენიამინის ძენი იყვნენ.
17 . აღაპყრო თვალნი და მგზავრი დაინახა ქალაქის მოედანზე. ჰკითხა მოხუცმა: "საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?”
18 . უპასუხა: "იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი და უფლის სახლისკენ ვადგავარ გზას, მაგრამ შინ არავინ შემიპატიჟა.
19 . ჩალაც გვაქვს და საკვებიც ჩვენი სახედრებისთვის, პურიც მომეძევება და ღვინოც ჩემთვის, ჩემი მხევლისა და მსახურისთვის - არაფერი მაკლია”.
20 . მიუგო მოხუცმა: "მშვიდობა შენდა, რაც დაგაკლდება ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს”.
21 . შეიყვანა თავის სახლში, საკვები მისცა სახედრებს; ფეხები დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
22 . როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, გარს შემოერტყნენ ქალაქის გარყვნილი კაცები იმ სახლს, აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ მოხუცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, უნდა შევიცნოთო.
23 . გამოვიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: "არა, ძმებო, ბოროტს ნუ დამართებთ, რადგან ჩემი სახლის სტუმარია ეს კაცი, ნუ ჩაიდენთ ამ სისაძაგლეს.
24 . აჰა, ქალწული ასული მყავს, სტუმარს კი ხარჭა ახლავს, გამოგიყვანთ და ახადეთ ნამუსი ან, რაც გენებოთ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უზნეობას”.
25 . მაგრამ არ ინებეს მომხდურებმა მისი მოსმენა. მაშინ მოჰკიდა იმ კაცმა ხელი თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა. ყველამ შეიცნო იგი, მთელი ღამე ძალადობდნენ მასზე განთიადამდე; მხოლოდ ცისკარზე გაუშვეს.
26 . მოვიდა ქალი განთიადისას და დაეცა იმ კაცის სახლის შესასვლელთან, ვისთანაც მისი ბატონი იყო გაჩერებული. გათენებამდე ეგდო.
27 . ადგა დილას მისი ბატონი, გააღო სახლის კარი და გამოვიდა, რომ თავისი გზით წასულიყო. ხედავს, ხარჭა სახლის კართანაა დავარდნილი, ხელები კი ზღურბლისთვის ჩაუვლია.
28 . უთხრა: "ადექი, წავიდეთ”, მაგრამ პასუხი არ გასცა ქალმა. ადგა კაცი, სახედარს გადაკიდა ხარჭა და გაუდგა გზას თავისი სახლისკენ.
29 . როცა მივიდა, აიღო დანა, მოკიდა ხელი თავის ხარჭას, დაანაკუწა თორმეტ ნაწილად და დააგზავნა ისრაელის ყოველ კუთხეში.
30 . და ყოველი ამის მნახველი ამბობდა: "არ ყოფილა და არც ნახულა ასეთი რამ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელიანთა გამოსვლის შემდეგ დღემდე. იფიქრეთ ამაზე, მოითათბირეთ და თქვით, რა ვქნათ”.
1 . უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა, ნაყომიმ: "ჩემო ასულო, ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა.
2 . განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.
3 . დაიბანე, ნელსაცხებელი წაიცხე, შენი საუკეთესო სამოსი ჩაიცვი, მერე ჩადი კალოზე, მაგრამ ვიდრე ჭამა-სმა არ დასრულდება, იმ კაცს არ დაენახო.
4 . როცა დაწვება დასაძინებლად, გაიგე სად წევს, მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი; და ის თვითონ გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე”.
5 . უპასუხა რუთმა: "როგორც მეუბნები, ისე მოვიქცევი”.
6 . ჩავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც უთხრა დედამთილმა.
7 . ჭამა და სვა ბოყაზმა, გამხიარულდა მისი გული, მივიდა ზვინის კიდესთან და დაწვა დასაძინებლად. რუთიც მივიდა ფარულად, გადახადა და მიუწვა ფერხთით.
8 . შუაღამისას შეკრთა კაცი, წამოიწია და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით!
9 . ჰკითხა ბოყაზმა: "ვინა ხარ?” უპასუხა: "მე ვარ, რუთი, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ”.
10 . უთხრა ბოყაზმა: "კურთხეული ხარ უფლის მიერ, ჩემო ასულო! ეს საქციელი პირვანდელს სჯობია, რადგან ჭაბუკთ არ გამოედევნე, არც გლახაკთ, არც მდიდართ!
11 . ახლა ნუ გეშინია! რასაც მეტყვი, შეგისრულებ, რადგან იცის ქალაქის ყოველმა მკვიდრმა, რომ უმწიკვლო ქალი ხარ.
12 . თუმცა ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლო ნათესავიც გყავს.
13 . აქ დარჩი ამაღამ, დილით კი, თუ ის გამოგისყიდის, კეთილი, გამოგისყიდოს; ხოლო, თუ არ მოისურვა შენი გამოსყიდვა, მაშინ ცოცხალია უფალი, მე გამოგისყიდი! იწექი აქ დილამდე”.
14 . დილამდე იწვა რუთი მის ფეხთით და ადგა გარიჟრაჟამდე, სანამ კაცი თავის მოყვასს გაარჩევდა. თქვა ბოყაზმა: "არავინ გაიგოს, რომ ქალი იყო კალოზე”.
15 . უთხრა რუთს: "აიღე თავსაფარი, რომელიც გახურავს და დამიჭირე”. მანაც დაიჭირა; ექვსი საწყაული ქერი ჩაუყარა ბოყაზმა და ზურგზე აჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
16 . მივიდა რუთი თავის დედამთილთან და ჰკითხა მან: "რა მოხდა, ჩემო ასულო?” და ყოველივე უამბო რუთმა, რაც გაუკეთა იმ კაცმა.
17 . უთხრა: "ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა და მითხრა, ხელცარიელი ნუ მიხვალო დედამთილთან”.
18 . უთხრა ნაყომიმ: "დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე გაიგებ, რით დასრულდება ეს საქმე; არ გაჩერდება ის კაცი, სანამ დღესვე არ მოათავებს ყველაფერს”.
1 . გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
2 . ერთ საღამოს, ადგა დავითი თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ძალზე ლამაზი იყო ქალი.
3 . და გაგზავნა დავითმა ქალის ამბის გამოსაკითხად; უთხრეს: "ბათ-შებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი”.
4 . მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
5 . დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს: "ორსულად ვარ”.
6 . შეუთვალა იოაბს დავითმა: "გამომიგზავნე ურია ხეთელი”. იოაბმაც გამოუგზავნა.
7 . მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი.
8 . უთხრა დავითმა ურიას: "წადი სახლში და ფეხები დაიბანე”. გავიდა ურია დავითის სახლიდან და მეფის ძღვენი გააყოლეს უკან.
9 . მაგრამ ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია, თავისი ბატონის მსახურებთან ერთად, სახლში არ წასულა ურია.
10 . უთხრეს დავითს, "სახლში არ წავიდა ურია”. ჰკითხა დავითმა: "ხომ ნამგზავრი იყავი? სახლში რატომ არ წახვედი?”
11 . უთხრა ურიამ დავითს: "როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურნი ველზე ბანაკობენ, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ მოვიქცევი ასე!”
12 . უთხრა დავითმა ურიას: "დღესაც დარჩი და ხვალ გაგაგზავნი”. და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
13 . მოიპატიჟა ურია დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე. დაათრო დავითმა ურია. და გამოვიდა საღამოს თავისი ბატონის მსახურებთან დასაწოლად, სახლში არ წავიდა.
14 . დილით წერილი მისწერა დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა.
15 . დაწერა: "დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა გელით და მერე მიატოვეთ, რომ მოკვდეს”.
16 . როცა იოაბმა ქალაქი დაზვერა, ურია იქ დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
17 . გამოვიდნენ ქალაქის კაცები და შეებრძოლნენ იოაბს. დაეცნენ მეომრები, დავითის კაცთაგან, მოკვდა ურია ხეთელიც.
18 . და გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.
19 . უბრძანა მაცნეს: "ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,
20 . თუ გაბრაზდა მეფე და გითხრა: რატომ მიუახლოვდით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენო სროლას?
21 . ვინ მოკლა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა გალავნიდან დედაკაცის ნასროლმა წისქვილის ქვის ნატეხმა არ მოკლა თებეცში? რატომ მიუახლოვდითო გალავანს? მაშინ ეტყვი: შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა-თქო”.
22 . წავიდა მაცნე, მივიდა და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც გააგზავნა იოაბმა.
23 . უთხრა მაცნემ დავითს: "როცა მოგვეძალა მტერი და ველზე გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ.
24 . მოისარებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს შენს მსახურებს, ბევრი გაწყდა მეფის მსახურთაგან, შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა”.
25 . უთხრა დავითმა მაცნეს: "იოაბს გადაეცი, ნუ დაგანაღვლიანებს-თქო ეს ამბავი, რადგან მახვილი ხან ერთს ჭამს, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხე-თქო. ასე გაამხნევე იოაბი”.
26 . გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და გლოვობდა იგი თავისი ქმრის გამო.
27 . გლოვის დღეები რომ გავიდა, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში, ცოლად დაისვა და უშვა ვაჟი. და ეს საქმე, რაც ჩაიდინა დავითმა, ბოროტება იყო უფლის თვალში.
1 . გაუგზავნა უფალმა დავითს ნათანი; ისიც მივიდა და უთხრა: "ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი, ერთი ღარიბი.
2 . მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა მდიდარს.
3 . ღარიბს კი არაფერი ებადა ერთი პატარა კრავის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა. კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა.
4 . ერთხელ მგზავრი ეწვია ამ მდიდარ კაცს, მაგრამ მდიდარმა ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ სტუმარს გამასპინძლებოდა; წამოიყვანა ღარიბი კაცის კრავი და მასთან მოსულ კაცს სადილად მოუმზადა”.
5 . ძლიერი რისხვით აინთო დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: "ცოცხალია უფალი, სიკვდილს იმსახურებს ამის ჩამდენი კაცი!
6 . კრავი კი ოთხმაგად უნდა ზღოს, რადგან ასე შეუბრალებლად მოიქცა”.
7 . მიუგო დავითს ნათანმა: "ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან;
8 . შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!
9 . რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.
10 . ამიერიდან მახვილი აღარ მოშორდება შენს სახლს, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი დაისვი ცოლად.
11 . ასე ამბობს უფალი: აჰა, შენივე სახლიდან მოგივლენ უბედურებას, ავიყვან შენს ცოლებს შენს თვალწინ და მივცემ მათ შენს მოძმეს, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან!
12 . შენ ფარულად გააკეთე, მე კი მზისით გავაკეთებ ამას, მთელი ისრაელის თვალწინ!”
13 . და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
14 . მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.
15 . წავიდა ნათანი თავის სახლში და დალახვრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი.
16 . ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
17 . თავზე დაადგნენ სახლის უხუცესნი მიწიდან ასაყენებლად, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან.
18 . მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ეშინოდათ დავითის მსახურებს, რომ ეუწყებინათ მისთვის ბავშვის სიკვდილი; ამბობდნენ: "აჰა, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი, ველაპარაკებოდით და არ გვისმენდა, როგორღა ვაცნობოთ მისი სიკვდილი, თავს ბოროტი არაფერი აუტეხოს!”
19 . დაინახა დავითმა მოჩურჩულე მსახურები, მიხვდა, რომ მოკვდა ბავშვი და ჰკითხა მათ: "მოკვდა ბავშვი?” უპასუხეს: "მოკვდა”.
20 . ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, მივიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. მერე დაბრუნდა თავის სახლში, საჭმელი მოითხოვა და ჭამა.
21 . ჰკითხეს მსახურებმა: "რას ნიშნავს შენი საქციელი: ცოცხალი ბავშვისთვის მარხულობდი და მოსთქვამდი, მოკვდა ბავშვი, შენ კი ადექი და პური ჭამე?!”
22 . მიუგო დავითმა: "ბავშვის სიცოცხლეში ვმარხულობდი და მოვთქვამდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და ცოცხალი დამიტოვოს ბავშვი?
23 . ახლა მკვდარია იგი, რაღად ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან და ის კი აღარ დამიბრუნდება”.
24 . ნუგეში სცა დავითმა ბათ-შებაყს, თავის ცოლს, მივიდა და დაწვა მასთან; ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი. და შეიყვარა იგი უფალმა.
25 . წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).
26 . ებრძოდა იოაბი ყამონის რაბათს და დაიპყრო სამეფო ქალაქი.
27 . გაუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შეუთვალა: "ვებრძოლე რაბათს და ქალაქის წყაროები ვიგდე ხელთ.
28 . ახლა შემოიკრიბე ხალხი, ალყაში მოაქციე ქალაქი და აიღე, თორემ მე ავიღებ და ჩემი სახელი დაერქმევა”.
29 . შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, წავიდა რაბათს, შეებრძოლა და აიღო.
30 . გვირგვინი მოჰხადა დავითმა მეფეს, ტალანტ ოქროს იწონიდა, ზედ ძვირფასი ქვა ამშვენებდა. თავზე დაიდგა დავითმა იგი და დიდძალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.
31 . იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში
1 . აღნუსხეს მთელი ისრაელი და ჩაწერეს ისრაელის მეფეთა წიგნში. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი ორგულობის გამო.
2 . პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ - ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი ანუ ნეთინელნი.
3 . იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან:
4 . ყუთაი, ყამიჰუდის ძე, ყომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, ფერეცის - იუდას ძის, ძეთაგან.
5 . შილონელთაგან - პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6 . ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები, ექვსას ოთხმოცდაათნი.
7 . ბენიამინის ძეთაგან: სალუ, მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე;
8 . იბნეია, იეროხამის ძე, ელა, ყუზის ძე, მიხრის ძე, მეშულამი, შეფატიას ძე, რეღუელის ძე, იბნიას ძე.
9 . მათი ძმები თავ-თავისი გვარ-ტომების მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველანი გვარის თავკაცები იყვნენ მამისსახლში.
10 . მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი და იაქინი,
11 . ყაზარია, ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ახიტუბის ძე, ღვთის სახლის მთავარი;
12 . ყადაია, იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე და მაყასაი ყადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე,
13 . მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი ათას შვიდას სამოცი კაცი.
14 . ლევიანთაგან: შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, მერარის ძეთაგან.
15 . ბაკბარი, ხერეში, გალალი, მათანია, მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე.
16 . ყობადია, შემაყიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, ასას ძე, ელკანას ძე, ნეტოფათელთა სოფლებში მცხოვრებნი.
17 . კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და მათი ძმები; შალუმი მთავარი იყო.
18 . დღემდე ისინი დგანან მეფის კარიბჭეში, აღმოსავლეთით, ისევე როგორც ლევიანთა ბანაკის კარისმცველნი.
19 . შალუმი, კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე და მისი ძმები. კორახელთა მამისსახლიდან მსახურებდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკის შესასვლელს დარაჯობდნენ.
20 . ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი მმართველი იყო და უფალი იყო მასთან.
21 . ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22 . სულ ორას თორმეტი კაცი შეირჩა ზღურბლების მცველებად; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავისი სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხედველმა დანიშნეს ისინი მათი ერთგულების გამო.
23 . თავის ძეებთან ერთად იდგნენ უფლის სახლისა და კარვის კარიბჭის სადარაჯოდ.
24 . ოთხივე მხრიდან იდგნენ კარისმცველები: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25 . მათი ძმები თავიანთ სოფლებში ცხოვრობდნენ, რათა დრო და დრო, შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26 . რადგან კარიბჭის მცველთა ის ოთხი მთავარი, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებსა და ღვთის სახლის საგანძურებს მეთვალყურეობდნენ.
27 . ისინი ღვთის სახლის გარშემო ბანაკობდნენ მთელ ღამეს, ვინაიდან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28 . ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29 . ზოგიერთ მათგანს, წმიდა ნივთები ებარა, საწმიდრის ყველა ჭურჭელი, წმიდა პურის ფქვილი, ღვინო, ზეთი, საკმეველი და სურნელებანი.
30 . ზოგიერთი მღვდლის ძენი კი სურნელებათა შემზავებლები იყვნენ.
31 . მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, პურეულის ცხობის საქმე მიენდო.
32 . ზოგიერთ მათ ძმას კეჰათიანთაგან, წინადაგების პური ჩააბარეს, რათა მოემზადებინათ შაბათობით.
33 . ესენი არიან მგალობლები, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან, რადგან დღე და ღამე გალობის საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34 . ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავისი გვარ-ტომის მთავარნი. იერუსალიმში ცხოვრობდნენ ისინი.
35 . გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. სახელად მაყაქა ერქვა მის ცოლს.
36 . მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, მის შემდეგ ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37 . გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38 . მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების პირისპირ ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39 . ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40 . იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი, მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41 . მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
42 . ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
43 . მოცამ შვა ბინყა; მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი;
44 . აცელს ექვსი ძე ჰყავდა. მათი სახელებია: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი; ესენი იყვნენ აცელის ძენი.
1 . იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
2 . ვინაიდან არ შეეგებნენ ისრაელის ძეთ პურითა და წყლით და ბილყამი დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, ღმერთმა კი კურთხევად აქცია წყევლა.
3 . და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
4 . მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,
5 . მომზადებული ჰქონდა ტობიასთვის დიდი ოთახი, სადაც უწინ შენაწირს, გუნდრუკს, ჭურჭელს, ასევე ლევიანთა, მგალობელთა და კარისმცველთათვის დაწესებულ მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედსა და მღვდელთათვის შემონაწირს ინახავდნენ.
6 . ამ დროს იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ართახშასთას მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, ბაბილონში მივედი მეფესთან და გარკვეული დროის შემდგომ კვლავ გამოვეთხოვე მას.
7 . ამოვედი იერუსალიმს და შევიტყვე ელიაშიბის ბოროტება, ოთახი რომ გაუკეთა ტობიას ღვთის ტაძრის ეზოში.
8 . დიდად განვრისხდი და ოთახიდან გარეთ გადმოვყარე ტობიას სახლეულის ნივთები.
9 . ვუბრძანე და განწმიდეს ეს ოთახები; და დავაბრუნე იქ ღვთის ტაძრის ჭურჭელი, შემონაწირი და გუნდრუკი.
10 . აღმოვაჩინე, რომ თავისი წილი არ ეძლეოდათ ლევიანებს და ყველა თავის ყანაში გაქცეულიყო - ლევიანნიც, მგალობლებიცა და საქმის მკეთებლებიც.
11 . დავტუქსე წინამძღოლნი და ვუთხარი, რად არის-მეთქი მიტოვებული ღვთის ტაძარი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
12 . მთელ იუდას მოჰქონდა ხორბლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედი საგანძურში.
13 . საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.
14 . გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.
15 . იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს.
16 . ცორელები მკვიდრობნდნენ იერუსალიმში; მოჰქონდათ თევზი და ყოველი გასაყიდი და შაბათობით ყიდდნენ იუდასა და იერუსალიმის ძეებზე.
17 . გავუწყერი იუდას დიდებულებს და ვუთხარი: "რატომ სჩადიხართ ბოროტებას, რატომ ბღალავთ შაბათ დღეს?
18 . განა ასე არ აკეთებდნენ თქვენი მამებიც და ამის გამო არ მოგვივლინა ჩვენმა ღმერთმა ჩვენ და ამ ქალაქს მთელი ეს უბედურება?! ისრაელზე რისხვის მოსაწევად ბღალავთ თქვენ შაბათს!”
19 . შაბათის წინ, როგორც კი, შებინდდა იერუსალიმის კარიბჭეებთან, ვბრძანე, რომ კარები დაეხშოთ და შაბათის გადასვლამდე არ გაეხსნათ. ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებზე, რომ არ შემოტანილიყო ტვირთი შაბათ დღეს.
20 . გაათიეს ვაჭრებმა და ყოველი გასაყიდის გამყიდველებმა იერუსალიმის გარეთ ერთხელ და მეორედაც.
21 . ვაფრთხილებდი მათ და ვეუბნებოდი: "რაღად ათევთ ღამეს ქალაქის გალავნის პირდაპირ? თუ კიდევ გაიმეორებთ, ხელს აღვმართავ თქვენზე”. ამის მერე აღარ მოდიოდნენ შაბათობით.
22 . ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.
23 . ვნახე იმ დღეებში იუდეველნი, რომლებიც აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებს ირთავდნენ.
24 . მათ ძეთაგან ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა, ებრაული ენა არ იცოდა და სხვა ხალხთა ენებზე მეტყველებდა.
25 . გავუჯავრდი და ვწყევლე ისინი; ზოგიერთი ვცემე, თმა დავაგლიჯე, ღმერთს ვაფიცებდი: არ მისცეთ-მეთქი თქვენი ასულები მათ ძეებს და ნურც თქვენთვის და თქვენი ძეებისთვის მოიყვანთ-მეთქი მათ ასულებს!
26 . განა ასე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, თუმცა არსად ყოფილა მისი მსგავსი მეფე! უყვარდა იგი თავის ღმერთს და მთელ ისრაელზე დაადგინა მეფედ! მაინც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა!
27 . განა თქვენზეც უნდა ვისმენდეთ, რომ ამ დიდ ბოროტებას სჩადიხართ და სცოდავთ ჩვენი ღმერთის წინაშე უცხოტომელი ქალების შერთვით?”
28 . იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.
29 . გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან შებღალეს ღვთისმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა.
30 . განვწმიდე ისინი ყოველივე წარმართულისგან; მღვდლებსა და ლევიანებს ყველას დავუდგინე მოვალეობანი, თითოეულს - თავისი მსახურებისამებრ.
31 . შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.
1 . "რატომ არ დაადგინა ვადები ყოვლადძლიერმა? და რად ვერ ხედავენ მისი შემცნობელნი მის დღეებს?
2 . საზღვრებს ანაცვლებენ ბოროტეულნი, ნახირს იტაცებენ და მწყემსავენ;
3 . ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
4 . გაჭირვებულს ხელს კრავენ გზიდან; ერთიანად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
5 . აჰა, უდაბნოს ველური სახედრებივით გადიან თავის საქმეზე, საზრდოს საძებრად; ტრამალი აძლევს მათ პურს მათი შვილებისთვის.
6 . სხვის ყანაში იმკიან და ბოროტეულთა ვენახებს კრეფენ;
7 . შიშვლად ათევენ, უსამოსელოდ, წასაფარებელი არა აქვთ სიცივეში;
8 . მთების თქეშში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
9 . ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.
10 . შიშვლები დაწანწალებენ უსამოსლოდ და მშივრები დაატარებენ ძნებს.
11 . ზეთს ხდიან მათ სამყოფელში და ყურძენს წურავენ საწნახლებში, თავად კი წყურვილით იტანჯებიან;
12 . კვნესის ხალხი ქალაქში და შველას ითხოვენ დაჭრილთა სულები, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას;
13 . სინათლის წინააღმდეგ ამბოხებულთაგან არიან ესენი, არ აღიარებენ მის გზებს და არ რჩებიან მის ბილიკებზე.
14 . განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
15 . მრუშის თვალი კი ამბობს ბინდის მოლოდინში: "ვერავინ დამინახავს და საფარველს იფარებს სახეზე”.
16 . სახლებს ძირს უთხრიან ბნელში, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი;
17 . წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს;
18 . ქაფივით არიან წყლის ზედაპირზე; დაწყევლილია მათი წილი ქვეყანაზე და ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთი ვენახების გზას.
19 . გვალვა და სიცხე შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი - ცოდვილებს;
20 . დაივიწყებს მათ დედის საშო, დატკბება მათით მატლი და ჭია, აღარავის გაახსენდება, ხესავით გატყდება ბოროტი;
21 . ბერწსა და უშვილოს რომ თრგუნავს, და კეთილად არ ექცევა ქვრივს;
22 . ძლიერებსაც ძლევს თავისი ძლიერებით, წამოდგებიან, მაგრამ სიცოცხლის იმედი აღარ ექნებათ.
23 . სიმშვიდეს აძლევს მათ, თუმცა თვალს არ აშორებს მათ გზებს;
24 . ცოტა ხნით აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან; ეცემიან და კვდებიან ყველას მსგავსად, და თავთავებივით მოიჭრებიან.
25 . ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს, ვინ გამიარაფრებს სიტყვას?”
1 . "აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით?
2 . , რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღმერთისგან, ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლადძლიერისგან, მაღლიდან?
3 . განა უმართლოსთვის არ არის დაღუპვა და ავბედობა ბოროტმოქმედისთვის?
4 . განა არ ხედავს ჩემს გზებს და ჩემს ყოველ ნაბიჯს არ ითვლის?
5 . განა სიცრუით დავდიოდი და სამზაკვროდ ისწრაფოდა ჩემი ფეხი?
6 . დაე, ამწონოს სამართლიან სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება.
7 . თუ გადამიხვევია გზიდან ან თვალებს თუ აჰყოლია ჩემი გული, ან ბიწი თუ მისცხებია ჩემს ხელებს.
8 . მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
9 . თუ ცთუნებულა ჩემი გული დედაკაცით ან მოყვასის კართან თუ ჩავსაფრებულვარ?
10 . მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11 . რადგან მრუშობის დანაშაულია ეს და მსაჯულები უნდა სჯიდნენ მას,
12 . რადგან ცეცხლი იქნებოდა ეს, განადგურებამდე მშთანთქმელი და ამოძირკვავდა მთელ ჩემს მონაგარს!
13 . თუ ოდესმე უგულებელვჰყავი ჩემი მსახურისა და მხევლის საჩივარი ჩემს წინააღმდეგ,
14 . რაღას ვიზამ მაშინ, როცა აღდგება ღმერთი და მომინახულებს, რა პასუხი გავცე?
15 . განა ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, მანვე არ შექმნა ისინი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16 . თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?
17 . ან თუ მეჭამოს პურის ლუკმა მარტოს და ობლისთვის არ გამეყოს?
18 . რადგან სიყრმიდანვე ვზრდიდი მამასავით, და დედის მუცლიდანვე ვუძღვებოდი;
19 . თუ მინახავს სიშიშვლის გამო მომაკვდავი ან გლახაკი უმოსასხამოდ
20 . და არ დავულოცივარ მის გულს, რადგან გათბნენ ჩემი ცხვრის მატყლით?
21 . ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?
22 . მაშინ მომწყდეს მხრები ბეჭიდან და იდაყვში მომტყდეს მკლავები!
23 . რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებ.
24 . ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?
25 . თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?
26 . თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის,
27 . და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;
28 . ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.
29 . ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას?
30 . არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.
31 . განა არ ამბობდნენ ჩემი კარვის კაცები, ვინ არ გამძღარა მისი ხორცითო?!
32 . მგზავრს გარეთ არ გაუთევია და კარი ღია მქონდა სტუმრისთვის.
33 . იქნება ადამივით დავფარე დანაშაული, და გულში დავმალე უწმიდურება?
34 . ნუთუ ხალხის სიმრავლე მაშინებდა და მოძმეთა ზიზღი მაძრწუნებდა, ისე, რომ ვდუმდი და კარში არ გავდიოდი?
35 . ნეტავი ვინმე მომისმენდეს, აჰა, ეს არის ჩემი სურვილი, რომ მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და საბუთი დაწეროს ჩემმა მოქიშპემ.
36 . განა მხრებზე არ შევისვამდი და გვირგვინივით არ შემოვიხვევდი?
37 . ჩემს ნაბიჯებს ჩამოვუთვლიდი და როგორც მთავარს, ისე მივეახლებოდი.
38 . ოდესმე მიწას თუ დაუჩივლია ჩემზე ან ერთად თუ ატირებულან მისი ხნულები?
39 . ოდესმე მუქთად თუ მიჭამია მისი მოსავალი ან მისი მფლობელი თუ შემიწუხებია?
40 . მაშინ ხორბლის ნაცვლად ნარშავა აღმოცენდეს და ქერის ნაცვლად - ღვარძლმა იხაროს!” და დაასრულა სიტყვა იობმა.
1 . გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი,როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ,რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
2 . მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
3 . რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
4 . უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
5 . ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
6 . დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
7 . აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
8 . ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
9 . მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
10 . ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
11 . ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
12 . მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
13 . მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
14 . დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
15 . დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
16 . ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
17 . სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ.
2 . ისმინეთ ეს, უხუცესებო! გაიგონეთ, ქვეყნის ყველა მკვიდრნო. თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დღეებში ან თქვენი მამების დღეებში?
3 . ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა - თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა - შემდეგ თაობას.
4 . რაც მუხლუხოს გადაურჩა, კალიამ შეჭამა; რაც კალიას გადაურჩა, კუტკალიამ შეჭამა; რაც კუტკალიას გადაურჩა, ბოცომკალმა შეჭამა.
5 . გაიღვიძეთ, ლოთებო, და იტირეთ ღვინის მსმელნო! ივალალეთ ტკბილ ღვინოზე, ბაგიდან რომ მოგწყვიტეს.
6 . რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.
7 . მან ააოხრა ჩემი ვენახი, გააჩანაგა ლეღვის ხეები; ქერქი გააძრო და გადაყარა, ტოტები გაუთეთრდა.
8 . იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.
9 . მოწყდა პურეულის შესაწირი და საღვრელი უფლის სახლიდან, გოდებენ მღვდელნი, უფლის მსახურნი.
10 . მინდვრები გაჩანაგდა, გლოვობს მიწა, ვინაიდან ხორბალი გაოხრდა, მაჭარი გაშრა, გახმა ზეთისხილი.
11 . შერცხვნენ მიწათმოქმედნი, მოთქვამენ ხორბალზე და ქერზე, რადგან განადგურდა სამკალი.
12 . გახმა ვენახი და დაჭკნა ლეღვი. გაქრა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე გახმა; სიხარული დაუჭკნა ადამის ძეებს.
13 . ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი.
14 . მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.
15 . ვაი იმ დღეს! რადგან მოახლოვდა უფლის დღე და ნგრევასავით მოვა ყოვლადძლიერისგან.
16 . განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საზრდო, მხიარულება და ლხინი ჩვენი ღმერთის სახლიდან?
17 . გაფუჭდა მარცვალი მიწის ბელტების ქვეშ, დაცარიელდა საცავები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა მარცვლეული.
18 . როგორ გმინავს პირუტყვი, ნახირი უპატრონოდ დაეხეტება, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარაც შეწუხდა.
19 . შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები და ალმა გადაწვა მინდვრის ყველა ხე.
20 . ველის მხეცებიც შენ შემოგღაღადებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა შეჭამა უდაბნოს საძოვრები.
1 . იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ, მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ.
2 . უთხრა: "წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ რომაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ.
3 . და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანენ”.
4 . ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
5 . უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
6 . წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ.
7 . მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე.
8 . დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9 . ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”
10 . იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი?
11 . ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.
12 . შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
13 . უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”
14 . მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.
15 . მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ.
16 . უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.
17 . დატოვა ისინი, გამოვიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია.
18 . დილას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
19 . გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: "ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი.
20 . ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ; ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეღვი?!
21 . მიუგო მათ იესომ პასუხად: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!
22 . და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.
23 . ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
24 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25 . საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
26 . თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.
27 . მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
28 . აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.
29 . მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა.
30 . მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა.
31 . იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: "პირველმა”. უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;
32 . რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
33 . მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა.
34 . რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად.
35 . შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს.
36 . კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ.
37 . ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
38 . მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს!
39 . შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს.
40 . ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?”
41 . მიუგეს: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.
43 . ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს.
44 . ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.
45 . მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
46 . შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
1 . აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში თავიანთ შესაწირს ყრიდნენ მდიდრები.
2 . დაინახა ღარიბი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო,
4 . ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა”.
5 . როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებითა და შეწირულობებით არისო დამშვენებულიო, მიუგო:
6 . "დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
7 . მათ ჰკითხეს: "მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?”
8 . მან კი უთხრა: "იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულიაო ის ჟამი. ნუ გაჰყვებით მათ.
9 . ომებისა და შფოთის ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძრწუნდებით; ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული”.
10 . უთხრა მათ: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
11 . იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან;
12 . მაგრამ სანამ ეს ყოველივე მოხდება ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს გადაგცემენ, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ.
13 . ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
14 . ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
15 . რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16 . გადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ.
17 . და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.
18 . მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19 . მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.
20 . ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრების დღე.
21 . მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში - გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.
22 . რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23 . ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24 . მახვილის პირით დაეცემიან, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში და წარმართნი გათელავენ იერუსალიმს, სანამ არ დასრულდება წარმართთა დღეები.
25 . იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო.
26 . ხალხს გული წაუვა შიშით და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები.
27 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.
28 . როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.
29 . უთხრა მათ იგავი: "შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30 . როცა გაიკვირტებიან, შეხედავთ და ხვდებით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31 . ასევე, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო.
32 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
33 . ცა და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან!”
34 . "გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე.
35 . ვინაიდან მახესავით დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36 . ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”
37 . დღისით იესო ტაძარში იყო და ასწავლიდა, ღამღამობით კი ზეთისხილისად წოდებულ მთაზე ადიოდა.
38 . დილაობით დიდძალი ხალხი მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.
1 . ო, ნეტა ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს უგუნურებას! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2 . ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3 . მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
4 . ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
5 . მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
6 . მართალია, სიტყვაში გაუწაფავი, მაგრამ არა ცოდნაში; თუმცა ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე.
7 . ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8 . სხვა ეკლესიებს ვართმევდი და გასამრჯელოს ვიღებდი მათგან, რათა თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მიჭირდა, არავინ შემიწუხებია.
9 . ვინაიდან ჩემს ნაკლულობას მაკედონიიდან მოსული ძმები ავსებდნენ; ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით და კვლავაც ვეცდები.
10 . და როგორც ქრისტეს ჭეშმარიტებაა ჩემში, გეუბნებით, რომ ეს სიქადული ვერ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11 . რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
12 . მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმასვე გავაკეთებ, რომ საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, ჩვენი მსგავსნი რომ უნდათ აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც იკვეხნიან.
13 . რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
14 . თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.
15 . მაშ, რაღა გასაკვირია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს ღებულობენ? მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16 . და კვლავაც ვიტყვი - ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო.
17 . რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით,
18 . და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
19 . ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.
20 . იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ.
21 . ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.
22 . ისინი ებრაელები არიან? - მეც. ისრაელიანები არიან? - მეც. აბრაჰამის თესლნი არიან? - მეც.
23 . ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24 . ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25 . სამჯერ ჯოხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი;
26 . გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;
27 . შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ უძილობაში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28 . გარდა ამისა, ყოველდღე მიხდება ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29 . ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?
30 . თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი.
31 . ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
32 . დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.
33 . სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედლის ჩასწვრივ და ხელიდან დავუსხლტი მას.
1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . ჩაიკეტა იერიხო და დახშული იყო ისრაელიანთა გამო: ვერავინ გამოდიოდა იქიდან და ვერავინ შედიოდა იქ.
2 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნახე, ხელში ჩაგაგდებინე იერიხო და მისი მეფე, თავისი ძლიერი მებრძოლებით.
3 . გარს შემოუარეთ ქალაქს და ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ერთხელ შემოავლეთ წრე. ასე უარეთ ექვსი დღის მანძილზე;
4 . და შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდი ბუკით ივლის კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და სცენ ბუკი მღვდლებმა.
5 . როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქებს და გაიგონებთ ბუკის ხმას, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ხალხმა, იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედელი და ავა მასზე ხალხი, თითოეული თავისი მხრიდან”.
6 . მოუხმო იეშუა ნავეს ძემ მღვდლებს და უთხრა: "ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ატაროს შვიდმა მღვდელმა ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ!”
7 . უთხრა ხალხს: "წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, ხოლო შეიარაღებულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ”.
8 . როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
9 . წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკებს სცემდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
10 . ასე უბრძანა ხალხს იეშუამ: "ნუ აიმაღლებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით: დაეცით ყიჟინა! მაშინ დასცემთ ყიჟინას”.
11 . და შემოუარეს უფლის კიდობნით ქალაქს, ერთი წრე დაარტყეს; შემდეგ დაბრუნდნენ ბანაკში და იქ გაათიეს.
12 . ადგა დილაადრიანად იეშუა და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
13 . და შვიდი მღვდელი, რომელთაც უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი მოჰქონდათ, გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდა, წინ შეიარაღებული კაცები მიუძღოდნენ, მათ უკან მომავალნი კი კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზად განუწყვეტლივ ბუკს აყვირებდნენ.
14 . მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში; ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
15 . მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.
16 . და მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის ბუკებს, უთხრა იეშუამ ხალხს: "დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ეს ქალაქი!
17 . უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
18 . ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, არ შეაჩვენოთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
19 . მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისთვის, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს”.
20 . ახმაურდა ხალხი და ბუკებსაც ჩაჰბერეს. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და იქვე ჩაიქცა კედელი; ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
21 . მახვილის პირით მოსრეს ქალაქში ყოველივე, რაც დარისხებული იყო: მამაკაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, ცხვარი და სახედარი.
22 . უთხრა იეშუამ ქვეყნის დასაზვერად გაგზავნილ კაცებს: "მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ”.
23 . მივიდნენ მზვერავი ჭაბუკები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, ძმა და ყველა, ვინც ჰყავდა და დატოვეს ისრაელის ბანაკის გარეთ,
24 . ხოლო ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, ცეცხლით გადაბუგეს; მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი დადეს უფლის სახლის საგანძურში.
25 . რახაბ მეძავი, მამამისის სახლეული და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იეშუამ და დამკვიდრდა ის ისრაელში დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იერიხოს დასაზვერად გაგზავნა იეშუამ.
26 . ასეთი წყევლა წარმოთქვა მაშინ იეშუამ: "წყეული იყოს უფლის წინაშე კაცი, რომელიც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს: თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე”.
27 . უფალი იყო იეშუასთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.
1 . მობრუნდი, მობრუნდი სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რათა ხელახლა გიხილოთ! რად უნდა უცქიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს?
2 . როგორ დაამშვენეს შენი ტერფები სანდლებმა, დიდებულთა ასულო, ოსტატის ნახელავი სამკაულივითაა შენი თეძოების სიმრგვალე.
3 . შენი ჭიპი მრგვალი თასია, რომელსაც არ მოჰკლებია შეზავებული ღვინო; შენი მუცელი ხორბლის ხვავია შროშანებით გარშემორტყმული.
4 . შენი მკერდი - ორი ნუკრი, ტყუპი ქურციკი.
5 . შენი ყელი კოშკია სპილოს ძვლისა, თვალები ხეშბონის აუზებია ბათ-რაბიმის ბჭესთან, ცხვირი კოშკია ლიბანისა, დამასკოსკენ მიმართული!
6 . ქარმელივით გამშვენებს თავი შენი; ნაწნავნი შენს თავზე, როგორც ძოწეული, მოხიბლეს მეფე შენმა კულულებმა.
7 . რა მშვენიერი და საწადელი ხარ, საყვარელო და სანატრელო, შენი სიტკბოებით
8 . ფინიკივით აშოლტილო, მტევნებს მიგიგავს მკერდი!
9 . ვთქვი, ავცოცდები-მეთქი ფინიკზე, მოვეჭიდები მის კუნწულებს; დაე, ვაზის მტევნებივით იყოს შენი მკერდი და ვაშლის სურნელივით - შენი ამონასუნთქი.
10 . ბაგე შენი, საუკეთესო ღვინოა; ლაღად რომ მირაკრაკებს ჩემი მიჯნურისთვის, ბაგეთა დამატკბობელი!
11 . მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემსკენაა წადილი მისი.
12 . მოდი, ჩემო მიჯნურო, ველად გავიდეთ, სოფლებში გავითენოთ.
13 . ადრიანად გავიდეთ ვენახებში, ვნახოთ, თუ იფეთქა ვაზმა, კვირტი თუ გაიფურჩქნა, თუ აყვავდა ბროწეული. ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნი!
14 . სურნელება მოაფრქვიეს მანდრაგორებმა, რჩეული ხილია ჩვენს ზღურბლთან, ახალიც და ძველიც - შენთვის შევინახე ჩემო მიჯნურო!