1 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ.
2 . და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
3 . შეაგდო ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
4 . იოსები მიუჩინა მათ მცველთა უფროსმა და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5 . ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს - თითოეულს საკუთრივ განსამარტი: მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც.
6 . მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაღვრემილნი არიან.
7 . ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად: "რატომ ხართ დაღვრემილნი”?
8 . უთხრეს: "სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა”. უთხრა იოსებმა: "განა უფლისაგან არ არის ახსნა? მე მიამბეთ”.
9 . უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: "სიზმარში ვხედავ, აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
10 . სამი ლერწი ჰქონდა; როგორც კი გაიფურჩქნა, კვირტები გამოიღო და მტევნები დამწიფდა.
11 . ხელთ ფარაონის ფიალა მეჭირა; ავიღე ყურძენი, ფიალაში ჩავწურე და ფარაონს მივართვი”.
12 . უთხრა იოსებმა: "ეს არის მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
13 . სამი დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი.
14 . ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე; ქენი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
15 . რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე”.
16 . დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა სიზმარი იოსებმა და უთხრა: "მეც ვნახე სიზმარი: აჰა, პურის სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
17 . ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი; და ფრინველი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან”.
18 . მიუგო იოსებმა: "ესაა მისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;
19 . სამი დღის შემდეგ თავს მოგკვეთს ფარაონი და ხეზე ჩამოგკიდებს; შენს ხორცს კი ფრინველი დაძიძგნის”.
20 . მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა.
21 . დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას;
22 . ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მას იოსებმა.
23 . და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.
1 . მერე გახსნა იობმა პირი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.
2 . ალაპარაკდა იობი და თქვა:
3 . "ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’
4 . წყვდიადად იქცეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა თავისი სიმაღლიდან და აღარც ნათელი გააბრწყინოს მასზე!
5 . ბნელში დაინთქას და სიკვდილის აჩრდილმა მოიცვას იგი, ღრუბელმა დაფაროს და შეაძრწუნოს იგი დღის სიშავემ!
6 . წყვდიადმა შეიპყროს ის ღამე, ნუღარ აღირიცხოს წლის დღეებში და თვეთა რიცხვში ნუღარ შევა!
7 . აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.
8 . სწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომლებიც მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ!
9 . დაბნელდნენ მისი გარიჟრაჟის ვარსკვლავნი, ნათელს ელოდოს და არ მოვიდეს, ნუ იხილავს გაცისკროვნებას.
10 . რადგან დედაჩემის საშოშივე არ დამიხშო კარი და არ დაფარა ტანჯვა ჩემი თვალისაგან.
11 . რატომ არ მოვკვდი დაბადებისას, რად არ მოვისპე მუცლიდან გამოსვლისას?
12 . რად მიმიღეს ბებიაქალის მუხლებმა და ძუძუს რისთვის ვწოვდი?
13 . რადგან ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი, ვიძინებდი და მოვისვენებდი,
14 . მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, თავისთვის სამარხთა აღმშენებლებთან
15 . ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ და ვერცხლით ივსებდნენ სახლებს.
16 . არ ვიარსებებდი ნაადრევად მოწყვეტილი გადამალული ჩვილებივით, რომელთაც არ უხილავთ ნათელი.
17 . შფოთვას წყვეტენ იქ ბოროტები და განისვენებენ ძალაგამოლეულნი.
18 . მშვიდად არიან ტუსაღნი, აღარ ესმით ზედამხედველთა ხმა.
19 . მცირეც იქაა და დიდიც, მონაც თავისუფალია თავისი ბატონისგან.
20 . რატომ ეძლევა სინათლე წამებულს და სიცოცხლე სულგამწარებულს,
21 . სიკვდილს რომ მოელის, ის კი არ მოდის! და დაფარული საუნჯესავით ეძიებს მას?
22 . სიხარულის ყიჟინას რომ დასცემს, როცა საფლავს იპოვის?
23 . რისთვის მიეცა სიცოცხლე კაცს, რომლისგანაც დაფარულია გზა და რომელიც ალყაში ჰყავს ღმერთს მოქცეული?
24 . რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი.
25 . რადგან, რისიც მეშინოდა, ის დამატყდა და რაც მაძრწუნებდა, ის არ ამცდა.
26 . არ მაქვს სიმშვიდე, აღარც სიწყნარე, აღარც მოსვენება. უბედურება მეწია”.
1 . მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
2 . აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
3 . მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
5 . ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
6 . შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
7 . შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
8 . რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
9 . ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
10 . ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
11 . უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
12 . ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
13 . უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14 . წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15 . წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
16 . იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
17 . იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
18 . რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
1 . გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
2 . შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
3 . განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
4 . უთხრა მათ იესომ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.
5 . და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
6 . უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
7 . მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.
8 . და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით.
9 . ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
10 . და ეუბნებოდა: "რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან;
11 . თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”.
12 . წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.
13 . და მრავალი ეშმაკი გამოდევნეს, ზეთს სცხებდნენ ბევრ ავადმყოფს და კურნავდნენ.
14 . გაიგო რა მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა მისი სახელი, თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
15 . ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.
16 . ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: "ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით”.
17 . რადგან ჰეროდემ თვითონ გაგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად შეირთო იგი.
18 . ვინაიდან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: "არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლი ცოლად”.
19 . ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.
20 . რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი; იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა; ბევრს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
21 . დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;
22 . შევიდა ჰეროდიას ასული, იცეკვა და აამა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს; და უთხრა მეფემ ქალიშვილს: "რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ”.
23 . დაუფიცა: "რაც გინდა მთხოვე, მოგცემ; ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი”.
24 . გამოვიდა და ჰკითხა დედამისს: "რა ვთხოვო?” იოანე ნათლისმცემლის თავიო - უპასუხა მან.
25 . მყისვე დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: "მინდა, რომ ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი მომართვა ლანგრით”.
26 . შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისთვის უარის თქმა.
27 . მაშინვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და იოანეს თავის მოტანა უბრძანა; ისიც წავიდა და საპყრობილეში მოჰკვეთა თავი.
28 . მოიტანა მისი თავი ლანგრით და ქალიშვილს გადასცა, ქალიშვილმა კი დედამისს მისცა.
29 . ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში ჩაასვენეს.
30 . შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყოველივე, რაც გააკეთეს და ასწავლეს.
31 . უთხრა მათ: "წამოდით უდაბურ ადგილას მხოლოდ თქვენ და მცირედ მოისვენეთ”. რადგან მრავლად იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
32 . და მარტონი წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას.
33 . მაგრამ დაინახეს ისინი მიმავალნი და იცნო ბევრმა; ყოველი ქალაქიდან აედევნენ ფეხით და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
34 . გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
35 . უკვე გვიანი იყო; მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "ეს ადგილი უდაბურია და თანაც უკვე გვიანია.
36 . გაუშვი ეს ხალხი გარშემო სანახებსა და სოფლებში, რომ საზრდო იყიდონ თავიანთთვის”.
37 . მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: "წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?”
38 . უთხრა: "რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!” ნახეს და უთხრეს: "ხუთი და ორიც თევზი”.
39 . მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანე ბალახზე.
40 . და დასხდნენ მწყობრად, ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
41 . აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა.
42 . ყველამ ჭამა და გაძღა.
43 . დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი გოდორი გაავსეს.
44 . და ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო პურის მჭამელი.
45 . და მყისვე აიძულა მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
46 . ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცად.
47 . საღამოჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ხმელეთზე.
48 . დაინახა, რომ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარმა დაუბერა. ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით წავიდა მათკენ და უნდოდა გვერდი აევლო.
49 . ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო და შეჰყვირეს;
50 . რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
51 . ავიდა მათთან ნავში და ჩადგა ქარი. დიდად გაუკვირდათ და გაოცდნენ ისინი;
52 . ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.
53 . გაღმა გავიდნენ, გენესარეთის მიწას მიადგნენ და ღუზა ჩაუშვეს.
54 . როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, იქაურებმა უმალვე იცნეს იგი.
55 . მთელი ის ქვეყანა შემოირბინეს; ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო, საწოლებით გამოჰყავდათ ავადმყოფები.
56 . სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.