1 . ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
2 . ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3 . ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
4 . იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
5 . ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6 . და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
7 . დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
10 . აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
11 . და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
12 . აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13 . ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
15 . რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
16 . მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
18 . აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიდყალმა, გოიმის მეფემ,
2 . ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
3 . ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
4 . თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
5 . მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი - ჰამში, ემიელნი - შავეკირიათაიმში.
6 . ხორიელები კი - სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7 . უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
8 . და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.
9 . ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
10 . და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
11 . და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
12 . ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ.
13 . და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი.
14 . როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.
15 . გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16 . დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.
17 . გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18 . და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19 . აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.
20 . კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.
21 . უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.
22 . უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,
23 . რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!
24 . გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.
1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . ვინაიდან, აჰა, ცაბაოთ უფალი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენსა და შეწევნას, პურისა და წყლის მთელ მარაგს.
2 . მამაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს,
3 . ორმოცდაათისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და ბრძენს, ოსტატსა და გამოცდილ მისანს.
4 . ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და ჩვილნი იბატონებენ მათზე.
5 . შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
6 . ამიტომ ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას მამამისის სახლიდან და ეტყვის: "მოსასხამი გაქვს, უფროსად უნდა გაგვიხდე, შენს განკარგულებაში იყოს ეს ნანგრევები!”
7 . ის კი ასე შეეპასუხება იმ დღეს: "არ გაგიხდებით უფროსად, რადგან არც პურია ჩემს სახლში და არც სამოსელი; მე ნუ დამაყენებთ ხალხის უფროსად!”
8 . ვინაიდან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან უფლის წინააღმდეგაა მათი ენა და მოქმედება, რათა აუჯანყდნენ მის დიდებულ თანდასწრებას.
9 . მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.
10 . უთხარით მართალს, რომ ნეტარია, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.
11 . ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.
12 . ჩვილნი ავიწროებენ ჩემს ხალხს და დედაკაცნი მმართველობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლნი გაცდუნებენ და სავალი გზები გაგიმრუდეს.
13 . აღდგება უფალი შესადავებლად და წამოიმართება ხალხთა განსაკითხად.
14 . განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.
15 . ძალადობთ ჩემს ხალხზე და აჭირვებთ გლახაკებს!” - თქვა მბრძანებელმა, ცაბაოთ უფალმა.
16 . ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
17 . თხემზე ქეცს შეჰყრის უფალი სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს”.
18 . იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავებს, თმის ბადეებსა და ნახევარმთვარეებს,
19 . საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,
20 . თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებსა და ბაფთებს, სუნამოებსა და თილისმებს,
21 . ბეჭდებსა და ნესტოების რგოლებს,
22 . მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
23 . გამჭვირვალე ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
24 . იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.
25 . შენი კაცები მახვილით დაეცემიან და შენი ძლიერნი ბრძოლაში დაიხოცებიან.
26 . იქვითინებენ და იგლოვებენ კარიბჭენი და გამოცარიელებული დარჩება ეს ქვეყანა.
1 . "ვაი მწყემსებს, ჩემი სამწყსოს ცხვარს რომ ანადგურებენ და ფანტავენ!” - ამბობს უფალი.
2 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ჩემი ხალხის მწყემსებზე: "თქვენ გაფანტეთ ჩემი ფარა, განდევნეთ, არ იფხიზლეთ მასზე; აჰა, დაგსჯით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ამბობს უფალი.
3 . თვითონ შევკრებ ჩემი ფარის ნარჩენს ყველა ქვეყნიდან, სადაც განვდევნე და თავ-თავიანთ საძოვარზე დავაბრუნებ; განაყოფიერდებიან და გამრავლდებიან.
4 . გამოვიყვან მწყემსებს, რომლებიც მომწყემსავენ მათ, აღარც შეშინდებიან, აღარც დაფრთხებიან და აღარც არაფერი დააკლდებათ, ამბობს უფალი.
5 . აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.
6 . მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი - ჩვენი სიმართლე!
7 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო!
8 . არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, რომლებშიც მე განვდევნე ისინი, გამოიყვანა და მოიყვანაო; იცხოვრებენ ისინი თავ-თავიანთ მიწაზე”.
9 . წინასწარმეტყველების გამო მიკვდება გული და მითრთის ძვლები, მთვრალს დავემსგავსე, ღვინით დაძლეულ კაცს, უფლისა და მისი წმიდა სიტყვებისთვის.
10 . რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან გმინავს ქვეყანა წყევლის გამო, გადაიბუგა უდაბნოს საძოვრები; ბოროტებას ესწრაფვიან, უსამართლობას ამკვიდრებენ.
11 . "რადგან შეიბღალა წინასწარმეტყველიცა და ღვთისმსახურიც, ჩემს სახლშიც კი ვიპოვე მათი ბოროტება!” - ამბობს უფალი.
12 . "ამიტომ ისე იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული სიბნელეში, უბიძგებენ და დაეცემიან, ვინაიდან უბედურებას მოვაწევ მათზე მათი მონახულების წელს!” - ამბობს უფალი.
13 . სამარიის წინასწარმეტყველებშიც დავინახე უგუნურება. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნეს ჩემი ხალხი, ისრაელი.
14 . იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.
15 . ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: "აი, ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს, ვინაიდან იერუსალიმის წინასწარმეტყველებისგან გამოდის სიბილწე მთელ ქვეყანაზე”.
16 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.
17 . ჩემს მაძაგებელთ ეუბნებიან, უფალი ამბობს, მშვიდობა გექნებათო! ყველა ურჩი გულით მავალს ეუბნებიან, უბედურება არ მოგეწევათო!
18 . მაგრამ ვინ იდგა უფლის სათათბიროში, ვინ მოისმინა და იხილა მისი სიტყვა? ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას და ვინ გაიგონა?
19 . აჰა, რისხვით გამოვიდა უფლის ქარიშხალი, სასტიკი ქარბორბალა; ბოროტმოქმედთა თავზე დატრიალდება იგი.
20 . არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ აღასრულებს, სანამ არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვას, უკანასკნელ დღეებში ნათლად მიხვდებით ამას.
21 . მე არ გამომიგზავნია ის წინასწარმეტყველნი, მაგრამ მორბოდნენ, მე არ მილაპარაკია მათთან, მაგრამ წინასწარმეტყველებდნენ.
22 . ჩემს სათათბიროში, რომ მდგარიყვნენ, მაშინ ჩემს სიტყვებს აუწყებდნენ და მოაქცევდნენ ჩემს ხალხს, თავიანთი ბოროტი გზიდან და ბოროტმოქმედებიდან.
23 . განა მხოლოდ ახლოდან ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, ნუთუ შორიდან ღმერთი არა ვარ?
24 . სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.
25 . გავიგონე, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ წინასწარმეტყველებდნენ სიცრუეს და ამბობდნენ: სიზმარი ვნახე, სიზმარიო!
26 . როდემდე ექნებათ ასეთი გული სიცრუის წინასწარმეტყველთ? როდემდე იწინასწარმეტყველებენ საკუთარი გულის საცდურიდან?
27 . ცდილობენ თავიანთი სიზმრებით, ერთმანეთს რომ უყვებიან, დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო.
28 . წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.
29 . განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი, და უროსავით არ ანგრევს კლდეს?
30 . ამიტომ, აჰა, მე გამოვდივარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.
31 . აჰა, მე ვარ იმ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, თავისას რომ ლაპარაკობენ, მაგრამ გაიძახიან, ის ამბობსო!
32 . აჰა, მე ვარ სიზმრების ცრუგანმმარტებელთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, სიცრუეს რომ უყვებიან ჩემს ხალხს და თავიანთი სისულელით აცდუნებენ; მე არ გამომიგზავნია ისინი, არაფერი დამივალებია მათთვის, არც არავითარი სარგებელი მოაქვთ ამ ხალხისთვის, ამბობს უფალი.
33 . ახლა, როცა გკითხავს ეს ხალხი ან წინასწარმეტყველი, ან ღვთისმსახური: როგორი სიტყვით დაგტვირთა უფალმაო? ეტყვი: თქვენ ხართ ტვირთი, და მე მიგატოვებთ თქვენ, - ამბობს უფალი.
34 . წინასწარმეტყველი, ღვთისმსახური ან სხვა ვინმე, იტყვის: უფლის სიტყვით ვარ დატვირთულიო, მე დავსჯი მას და მის სახლს.
35 . ასე ეტყვის თითოეული თავის ახლობელს და თითოეული თავის ძმას: რა უპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
36 . აღარ ახსენოთ უფლის სიტყვის ტვირთი, ვინაიდან თითოეულს საკუთარი სიტყვა ექცევა ტვირთად, რადგან თქვენ ამახინჯებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი მეუფის სიტყვებს.
37 . ასე ეტყვი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
38 . თუ კიდევ იტყვით - ტვირთი უფლისა, ასე ამბობს უფალი, რადგან მაინც ამბობთ - ტვირთი უფლისა, მე კი დაგავალეთ, რომ არ გეთქვათ ტვირთი უფლისა,
39 . აჰა, საუკუნოდ მოგიშორებთ ჩემი სახიდან, მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს.
40 . მოვაწევ თქვენზე ლანძღვასა და სამუდამო დამცირებას, რომელსაც აღარ დაივიწყებენ”.
1 . ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
3 . იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4 . რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
5 . აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
6 . ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
7 . ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
8 . გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
9 . ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
10 . რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
11 . დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
13 . რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
14 . ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
15 . რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
16 . საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
17 . საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
18 . როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
19 . აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
20 . ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
21 . მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22 . აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
23 . დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
24 . დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
25 . როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
26 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
27 . ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
28 . კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
29 . თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
30 . გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
31 . ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
32 . წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
33 . იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
34 . უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
35 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
36 . ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
37 . მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
38 . დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
39 . მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
1 . როგორ დაიბინდა ოქრო, შეიცვალა საუკეთესო ოქრო; ყველა ქუჩის თავში გადმოიყარა საწმიდრის ძვირფასი ქვები.
2 . ძენი სიონისა, აუწონავი ბაჯაღლოსავით ძვირფასნი, როგორ დაემსგავსნენ მექოთნის ხელით ნაზელ თიხის დოქებს.
3 . ტურებიც კი მკერდს უშვერენ თავიანთ ლეკვებს, აჭმევენ ძუძუს! ჩემი ხალხის ასული კი სასტიკი გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
4 . ძუძუმწოვართა ენა სასას მიეკრა წყურვილისგან, პურს ითხოვენ ბავშვები, მაგრამ არავინაა მიმწოდებელი.
5 . ნუგბარის მჭამელნი გულწასულნი ყრიან ქუჩებში, ძოწეულში გაზრდილნი ნაგავში ეხვევიან.
6 . გადააჭარბა ჩემი ხალხის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვას, რომელიც წამში მოისპო ისე, რომ ხელიც არ შეხებია.
7 . სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი; მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, შეხედულებით საფირონს ჰგავდნენ.
8 . ნახშირივით ჩაუშავდათ სახეები, ვეღარ იცნობიან ქუჩებში; კანი დაუნაოჭდათ ძვლებზე, შეშასავით გამოუშრათ.
9 . მახვილით მოკლულიყვნენ სჯობდა, ახლა რომ შიმშილით იხოცებიან მინდვრის ნაყოფს მონატრულნი.
10 . გულმოწყალე ქალები თვითონ ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საჭმელი რომ ჰქონოდათ ჩემი ასულის უბედურებისას.
11 . გადმოაფრქვია უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოიღვარა მისი მძვინვარების ცეცხლი, ააგიზგიზა სიონი და შთანთქა მისი საფუძვლები.
12 . არც კი ეჯერათ ქვეყნის მეფეებსა და ქვეყნიერების მცხოვრებთ, რომ შემჭირვებელი და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.
13 . მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.
14 . ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში, სისხლით შებილწულნი, ისე რომ ვერავინ ეკარებოდა მათ სამოსელს.
15 . "განვედ, უწმიდურო!” უყვირიან. "გაგვშორდი, გაგვშორდი, არ შეგვეხო!” მიდიოდნენ და დაწანწალებდნენ; ხალხებში კი ამბობდნენ: "აქ აღარ ვაცხოვრებთო,
16 . უფალმა გაფანტა და მეტად აღარ მოხედავსო მათ, პატივს არ მიაგებდნენ ღვთისმსახურთ და მოხუცებულთ არ ინდობდნენო”.
17 . თვალები დაგვებინდა შემწეობის ამაო მოლოდინში, საგუშაგო გოდოლიდან გავცქეროდით ხალხს, რომელსაც არ შეეძლო ჩვენი შველა.
18 . უსაფრდებოდნენ ჩვენს ნაბიჯებს, რომ არ გვევლო ჩვენს ქუჩებში. მოახლოვდა ჩვენი ბოლო, დასრულდა ჩვენი დღეები, მოვიდა ჩვენი აღსასრული.
19 . ცის არწივებზე სწრაფნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვდევნიდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
20 . სუნთქვა ჩვენი ნესტოებისა, უფლისგან ცხებული, იმათ ორმოში დატყვევდა; ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებთო ხალხებში.
21 . იმხიარულე და გაიხარე, ედომის ასულო, მცხოვრებო ყუცის ქვეყანაში, შენთანაც გადმოვა თასი, დათვრები და გაშიშვლდები.
22 . დასრულდა შენი ურჯულოების სასჯელი, სიონის ასულო, მეტად აღარ გაგდევნის; ხოლო შენ ედომის ასულო დაგსჯის შენი ურჯულოების გამო და გამოაჩენს შენს ცოდვებს.
1 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიუთითე იერუსალიმს მის სისაძაგლეებზე.
3 . უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი - ამორელია და დედაშენი - ხეთელი.
4 . იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, არც ჭიპლარი მოუჭრიათ შენთვის და არც წყლით განბანილხარ გასასუფთავებლად, არც მარილით გახეხილხარ და არც საფენებში შეფუთულხარ.
5 . არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს.
6 . გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი!
7 . მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი.
8 . კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
9 . როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.
10 . მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.
11 . სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.
12 . ნესტოზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე - საყურეები, თავზე მშვენიერი გვირგვინი დაგადგი.
13 . ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.
14 . სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . "შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.
16 . აიღე შენს სამოსელთაგან, მაღლობები მოირთე და მეძავობდი მათზე, რისი მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება.
17 . აიღე შენი სამკაული ჩემი ოქრო-ვერცხლიდან, მე რომ მოგეცი, მამაკაცის გამოსახულება გაიკეთე და მეძავობდი მასთან.
18 . აიღე ნაქარგი ქსოვილის სამოსელი და მათ გადააფარე, ჩემს ზეთსა და საკმეველს სწირავდი მათ წინაშე.
19 . ჩემი მოცემული პური, გამტკიცული ფქვილი, ზეთი და თაფლი, მე რომ გაჭმევდი - მათ სწირავდი სასიამოვნო კეთილსურნელებად!” - ამბობს უფალი ღმერთი.
20 . "შენს ძეებსა და ასულებს, მე რომ გამიჩინე, მსხვერპლად სწირავდი კერპებს ჩასანთქმელად, თითქოს შენი მეძავობა არ იყო საკმარისი.
21 . შენ კლავდი ჩემს შვილებს და კერპებს აძლევდი.
22 . მთელ ამ სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი საკუთარ სისხლში იყავი ამოთხვრილი.
23 . ყველა ამ ბოროტების შემდეგ - ვაი, ვაი შენ! - ამბობს უფალი ღმერთი.
24 . აიშენე შენთვის სამეძაოები და გორაკი გაიკეთე ყველა მოედანზე.
25 . ყოველ ქუჩისთავში აიშენე გორაკი და გამოფინე შენი სილამაზე, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას.
26 . მეძავობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს გულისთქმიან მეზობლებთან; ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაჯავრებლად.
27 . აჰა, გამოვიწოდე ხელი და შეგიმცირე შენთვის გამზადებული მიწა. შენს მოძულეებს გადაგეცი, ფილისტიმელ ასულებს, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა.
28 . აშურის ძეებთანაც მეძავობდი, გაუმაძღრობის გამო მეძავობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ გაძეხი.
29 . მეტად გაამრავლე შენი სიძვა ქანაანის ქვეყანაში ქალდეამდე, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდი.
30 . როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.
31 . იშენებდი გორაკებს ყოველ ქუჩისთავში და საროსკიპოებს - ყველა მოედანზე, მაშინ მეძავივით არ იყავი, რადგან უარს ამბობდი საფასურზე.
32 . მრუში ცოლივით, რომელიც ქმრის ნაცვლად უცხოებს უწვება.
33 . ყველა როსკიპ ქალს საჩუქარს აძლევენ, შენ კი პირიქით, იქით ასაჩუქრებდი შენს საყვარლებს და ქრთამავდი შენთან მოსასვლელად ყოველი მხრიდან, შენთან სიძვისთვის.
34 . შენ სხვა ქალებისგან განსხვავებულად როსკიპობდი: შენ კი არ დაგდევდნენ საროსკიპოდ, არც საზღაურს გაძლევდნენ, პირიქით იქცეოდი.
35 . ამიტომ მოისმინე უფლის სიტყვა, როსკიპო.
36 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გადმოღვარე შენი სიბილწე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და ყველა შენს საზიზღარ კერპთან; ასევე შენი ძეების სისხლის გამო, მათ რომ შესწირე,
37 . აჰა, მოვაქუჩებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, ყველას, ვინც გიყვარდა, ვინც გძულდა; მოვაქუჩებ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სირცხვილს.
38 . გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
39 . გადაგცემ მათ ხელს, დაანგრევენ შენს საროსკიპოებს და დაამხობენ შენს გორაკებს, სამოსელს გაგხდიან, წაგართმევენ სამკაულებსა და მოკაზმულობას და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.
40 . ბრბოს აგიმხედრებენ, ქვებით ჩაგქოლავენ და მახვილებით აგჩეხენ.
41 . ცეცხლით გადაგიწვავენ სახლებს, მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენს განკითხვას; შეწყვეტ როსკიპობას და აღარც საჩუქრებს გასცემ.
42 . დავიცხრობ გულისწყრომას შენზე, ჩამიქრება ეჭვიანობა, დავწყნარდები და მეტად აღარ განვრისხდები.
43 . ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
44 . და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
45 . დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი.
46 . სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.
47 . მათი გზებით არ დადიოდი, არც მათი სისაძაგლენი ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა; მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე.
48 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ გაუკეთებიათ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით.
49 . აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.
50 . გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ წინაშე; ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე.
51 . სამარიას კი შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. შენი სისაძაგლეებით გაუსწარი მათ; მართლები გამოჩნდნენ შენი დები ყველა შენი სისაძაგლით, რასაც სჩადიოდი.
52 . ახლა შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების განმკითხველო, საკუთარი ცოდვებით, რითაც მათზე მეტად შეიბილწე. ისინი შენზე მართლები არიან! ჰოდა, ატარე შენი სირცხვილი, რადგანაც შენ გაამართლე შენი დები.
53 . და დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომსა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიასა და მისი ასულების ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ წიაღში,
54 . რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც ჩაიდინე მათ სანუგეშოდ.
55 . შენი დები - სოდომი და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; და შენ და შენი ასულებიც დაუბრუნდებით პირვანდელს.
56 . შენი სიამაყის დღეებში, შენი ბაგითაც კი არ მოიხსენიებოდა შენი და სოდომი,
57 . სანამ გამომჟღავნდებოდა შენი ბოროტმოქმედებანი შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს.
58 . შენი გარყვნილება და სისაძაგლე ატარე ახლა! ამბობს უფალი.
59 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და აღთქმა დამირღვიე.
60 . გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.
61 . გაგახსენდება შენი გზები და შეგრცხვება, როცა მიიღებ შენს დებს - შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; როცა დაგიდგენ მათ ასულებად, მაგრამ არა შენი აღთქმის გამო.
62 . აღვადგენ შენთან ჩემს აღთქმას და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
63 . რათა გაიხსენო და შეგრცხვეს, და პირს ვეღარ ხსნიდე სირცხვილით, როცა მოგიტევებ ყოველივეს, რაც ჩაიდინე” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: "შეუძლებელია არ მოვიდნენ ცდუნებანი, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვლენ.
2 . მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ეს მცირეთაგანი ეცდუნებინა.
3 . გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე.
4 . დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.
5 . უთხრეს უფალს მოციქულებმა: "მოგვიმატე რწმენა”.
6 . უთხრა მათ უფალმა: "მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.
7 . რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას, ნუთუ ეტყვის, ახლავე მიდი და სუფრას მიუჯექიო?
8 . განა არ ეტყვის, ვახშამი მომიმზადე და წელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
9 . ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისთვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
10 . ასევე თქვენც, ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა”.
11 . ისე მოხდა, რომ იერუსალიმისკენ მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12 . ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ.
13 . ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: "შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!”
14 . დაინახა და უთხრა: "წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.
15 . ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.
16 . პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.
17 . მაშინ თქვა იესომ: "ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?
18 . არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”
19 . უთხრა: "ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!”
20 . ჰკითხეს ფარისევლებმა: "როდის მოვა ღმერთის სამეფო?” და უთხრა: "ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა.
21 . ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო”.
22 . მოწაფეებს უთხრა: "დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავთ.
23 . გეტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო, ნუ წახვალთ, ნუ გაედევნებით!
24 . ვინაიდან, როგორც ელვა გაიელვებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისაც თავის დღეს.
25 . ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ.
26 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც.
27 . ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა.
28 . ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29 . იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა.
30 . ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
31 . იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩავა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, ნურც ის დაბრუნდება უკან.
32 . გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33 . ვინც ეცდება შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას; ხოლო ვინც დაკარგავს თავის სიცოცხლეს, შეინარჩუნებს მას.
34 . გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
35 . ორნი დაფქვავენ ერთ ადგილზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
36 . ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე დარჩება”.
37 . ჰკითხეს: "სად, უფალო?” ხოლო მან უპასუხა: "სადაც ლეშია, სვავებიც იქვე მოგროვდებიან”.
1 . მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
3 . მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
4 . რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
5 . არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;
6 . მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
7 . ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა,
8 . რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.
9 . ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;
10 . უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
11 . მაშინ, როცა ანგელოზებიც კი - მათზე მაგარნი და ძლევამოსილნი, არ წარმოთქვამენ უფლის წინაშე, მათ საწინააღმდეგოდ საგმობ ბრალდებას.
12 . ისინი კი როგორც პირუტყვნი, ბუნებით შესაპყრობად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთ ხრწნილებაშივე ლპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.
13 . და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14 . მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
15 . სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
16 . მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.
17 . ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
18 . ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
19 . თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20 . ვინაიდან თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნებით წუთისოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21 . უმჯებესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისგან.
22 . იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.
1 . იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა - მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში.
2 . წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.
3 . საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი ჩვენს საერთო ხსნაზე მომეწერა თქვენთვის; მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე წერილობით შემეგონებინეთ, რომ იღწვოდეთ რწმენისთვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცათ.
4 . ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
5 . მინდა შეგახსენოთ, თუმცა ეს ყველაფერი იცით, რომ უფალმა ჯერ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.
6 . ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ღირსება და მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შემოინახა წყვდიადში, რათა გაასამართლოს დიად დღეს.
7 . როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძავობდნენ და აჰყვნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის ნიმუშად არიან დადგენილნი,
8 . ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეებსაც, ხორცს რომ ბილწავენ, ძალაუფლებას უარყოფენ და დიდებას გმობენ.
9 . მიქაელ მთავარანგელოზმაც, ეშმაკთან პაექრობისას, მოსეს სხეულის გამო რომ ედავებოდა, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: "შეგრისხოს უფალმა!”
10 . ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.
11 . ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან, საზღაურისთვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და სიჯიუტით იღუპებიან, როგორც კორახი.
12 . ისინი ლაქებად ჩანან თქვენი სიყვარულის სერობებზე; თავხედურად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ საკუთარ თავს; ქარის მიერ მიმოფანტული უწყლო ღრუბლები, შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის გამხმარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი;
13 . ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
14 . ენოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდანთან ერთად.
15 . რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღმერთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილებს.
16 . ისინი არიან მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ და ანგარების გამო პირფერობენ.
17 . თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული.
18 . ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
19 . ესენი არიან განხეთქილების მომტანნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.
20 . ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
21 . დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.
22 . ზოგიერთ დაეჭვებულს წყალობით მოექეცით;
23 . სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისგან გამოტაცებით და ხორცისგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზიზღეთ.
24 . ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისგან და უბიწონი წარგადგინოთ თავისი დიდების წინაშე სიხარულით,
25 . ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, და ახლა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
1 . როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.
2 . იოანემ კი, ესმა რა საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, თავისი ორი მოწაფეთაგანი გაუგზავნა,
3 . რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?
4 . მიუგო მათ იესომ და უთხრა: "წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
5 . ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
6 . ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”
7 . ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: "რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
8 . აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
9 . მაშ, რიღასთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.
10 . ვინაიდან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაუწყებელს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.
11 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სამეფოში უმცირესი მასზე დიდია.
12 . იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
13 . რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
14 . თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
15 . ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
16 . მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან
17 . და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ გლოვობდით.
18 . ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
19 . მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.
20 . მაშინ იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, რადგან არ მოინანიეს.
21 . "ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ.
22 . მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.
23 . შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.
24 . მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.
25 . მაშინ მიმართა იესომ და თქვა: "გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
26 . დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი.
27 . ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
28 . მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!
29 . იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
30 . ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”