1 . ამ ამბების მერე იყო: იზრეყელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეყელში, სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.
2 . ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: "მომეცი შენი ვენახი, ბაღ-ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ უკეთეს ვენახს მოგცემ, ან თუ გინდა, საფასურს ფულად გადაგიხდი”.
3 . უთხრა ნაბოთმა: "უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!”
4 . მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: "არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.
5 . შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”
6 . უთხრა: "ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს, ვუთხარი: მომეცი შენი ვენახი ფულის ფასად, ანდა, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი, მან კი უარი მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს!
7 . უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.
8 . წერილები დაწერა იეზებელმა ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9 . ასე ჩაწერა წერილებში: "გამოაცხადეთ მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვით.
10 . წინ ორი უღირსი კაცი დაუსვით, რომ ცილი დასწამონ და უთხრან: ‘შენ იყავი, რომ სწყევლიდი ღმერთსა და მეფესო; მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს”.
11 . ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები, უხუცესები და წარჩინებულები, იმ ქალაქის მკვიდრნი, როგორც შეუთვალა იეზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12 . გამოაცხადეს მარხვა და დასვეს ნაბოთი ხალხის თავში.
13 . მოვიდა ორი უღირსი კაცი და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ უღირსებმა ნაბოთს ხალხის წინაშე, ამბობდნენ: "დასწყევლა ნაბოთმა ღმერთი და მეფეო”. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვებით ჩაქოლეს და მოკვდა.
14 . გაგზავნეს იეზებელთან და შეუთვალეს: "ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა”.
15 . როცა გაიგო იეზებელმა რომ ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა, უთხრა ახაბს: "ადექი და დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომელმაც უარი გითხრა დათმობაზე, რადგან აღარ არის ცოცხალი, მკვდარია”.
16 . როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
17 . უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თიშბელს, უთხრა:
18 . "ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის; აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19 . ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
20 . უთხრა ახაბმა ელიას: "მიპოვე ჩემო მტერო?!” უთხრა ელიამ: "გიპოვე, რადგან უფლის თვალში ბოროტის საკეთებლად გაყიდე თავი.
21 . აჰა, ბოროტებას დაგათევ თავზე, მოვკვეთ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, როგორც მონას, ისე თავისუფალს, ისრაელში!
22 . ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც იერობყამ ნებატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს მოვექეცი, იმის გამო, რომ განმარისხე, რომ ცოდვაში შეიყვანე ისრაელი”.
23 . იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: "ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
24 . ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”.
25 . ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა.
26 . დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”.
27 . როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28 . გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა:
29 . "ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.
1 . სამ წელს არ უომიათ ერთმანეთთან არამსა და ისრაელს.
2 . მესამე წელს ჩამოვიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3 . უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არ ვზრუნავთ, რომ გამოვაცალოთ იგი არამელთა მეფეს ხელიდან”.
4 . ჰკითხა იოშაფატს: "წამოგვყვები გილყადის რამოთს საბრძოლველად?” უპასუხა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: "ერთი ვართ მე და შენ; ჩემი ხალხი - შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენებია,
5 . მაგრამ გთხოვ - უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს - ჯერ უფლის სიტყვას დაეკითხე”.
6 . შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: "წავიდე გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმო?” უთხრეს: "წადი და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
7 . თქვა იოშაფატმა: "ნუთუ არაა აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
8 . მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: "არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: "ასე ნუ ამბობ, მეფეო”.
9 . მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.
10 . თავ-თავის ტახტებზე ისხდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე, იოშაფატი; სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილნი, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან; და მათ წინაშე წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი.
11 . რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.
12 . ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
13 . მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.
14 . მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”
15 . მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: "მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმოთ?” მიუგო მიქამ: "წადი და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი”.
16 . უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
17 . მიუგო მიქამ: "ფარასავით მთებზე გაბნეული ვნახე მთელი ისრაელი, რომელსაც მწყემსი არ ჰყავდა. თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის სახლს ყოველი”.
18 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "აკი გითხარი, არ მიწინასწარმეტყველებს-მეთქი სასიკეთოს, არამედ მხოლოდ ბოროტს”.
19 . თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.
20 . თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
21 . გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
22 . უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.
23 . და აჰა, სიცრუის სული ჩაუდო უფალმა ბაგეში ყველა შენს წინასწარმეტყველს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე”.
24 . მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: "როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”
25 . უთხრა მიქამ: "თვითონ დაინახავ იმ დღეს, როცა სამალავს დაუწყებ ძებნას”.
26 . მაშინ ბრძანა ისრაელის მეფემ: "წაიყვანეთ მიქა და ქალაქისთავ ამონსა და უფლისწულ იოაშს მიუყვანეთ.
27 . უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.
28 . უთხრა მიქამ მეფეს: "თუ მშვიდობით დაბრუნდები, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით”. და კიდევ თქვა: "ხალხნო, მისმინეთ ყველამ?”
29 . წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე და გილყადის რამოთზე გაილაშქრეს.
30 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "შევინიღბები და ისე გავალ საბრძოლველად; შენ კი შენი მოსასხამი მოიცვი”. გადაცმული ჩაება ისრაელის მეფე ბრძოლაში.
31 . ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.
32 . როცა დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს, ნამდვილად ისრაელის მეფეაო და მისკენ მიბრუნდნენ საომრად; და შეჰყვირა იოშაფატმა.
33 . დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა, რომ არ იყო ისრაელის მეფე და შეწყვიტეს მისი დევნა.
34 . ალალბედზე მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და აბჯრის ნაწიბურებს შორის დალახვრა ისრაელის მეფე. უთხრა ახაბმა თავის მეეტლეს: "მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, ვინაიდან დაჭრილი ვარ”.
35 . გახურდა იმ დღეს ბრძოლა; ეტლში მოუწია მეფეს დგომა არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამოს, რადგან სისხლი სდიოდა ჭრილობიდან.
36 . მზის ჩასვლისას ასეთი ხმა დაირხა ბანაკში: "თითოეული თავის ქალაქს და თითოეული თავის ქვეყანას დაუბრუნდეს!”
37 . მოკვდა მეფე, გადაასვენეს სამარიაში და იქ დაკრძალეს.
38 . გარეცხეს ეტლი სამარიის აუზთან, სადაც მეძავებიც ბანაობდნენ და ძაღლები ლოკავდნენ მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
39 . ახაბის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, სპილოს ძვლის სახლი და ყველა ქალაქი, რომელიც ააშენა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
40 . მიიძინა ახაბმა თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაზია გამეფდა.
41 . იოშაფატ ასას ძე იუდაზე ისრაელის მეფის, ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა.
42 . ოცდათხუთმეტი წლისა იყო თავისი გამეფებისას იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
43 . მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
44 . მშვიდობა დაამყარა იოშაფატმა ისრაელის მეფესთან.
45 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც აღასრულა და მისი ბრძოლები, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
46 . საკერპოთა მეძავი კაცები კი, რომლებიც მამამისის, ასას დღეებიდან შემორჩა, ამოძირკვა ქვეყნიდან.
47 . მეფე არ იყო მაშინ ედომში; იუდას მეფისნაცვალი მმართველობდა.
48 . ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.
49 . მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: ერთად ინაოსნონ ჩემმა და შენმა მსახურებმა გემებზე, მაგრამ არ ინება იოშაფატმა.
50 . მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
51 . სამარიაში კი ახაზია, ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე, იოშაფატის იუდაზე გამეფების მეჩვიდმეტე წელს და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
52 . ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი დედ-მამისა და იერობყამ ნებატის ძის გზით დადიოდა, რომლებმაც აცდუნეს ისრაელი.
53 . ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა. და ანრისხებდა უფალს, ისრაელის ღმერთს ყველა იმ საქმით, რასაც მამამისი აკეთებდა.
1 . განა არ მოუხმობს სიბრძნე და ხმას არ იმაღლებს გონიერება?
2 . მაღლობთა მწვერვალებზე დგას, გზებსა და გზაჯვარედინებზე,
3 . კარიბჭეებთან, ქალაქის შესასვლელთან, ჭიშკრებთან ღაღადებს:
4 . თქვენ მოგიხმობთ კაცნო, ადამის ძეთ მიმართავს ჩემი ხმა.
5 . შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
6 . ისმინეთ, რადგან უმთავრესზე ვილაპარაკებ; გავხსნი ბაგეებს სიმართლის სათქმელად.
7 . რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8 . სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში.
9 . წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული - ცოდნის მპოვნელისთვის.
10 . აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.
11 . რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
12 . მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.
13 . უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
14 . ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
15 . ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
16 . ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყველა მოსამართლე.
17 . მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.
18 . ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19 . ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი - რჩეულ ვერცხლზე.
20 . სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში,
21 . რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
22 . თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
23 . ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.
24 . მაშინ გამოვჩნდი, როცა არც უფსკრულები იყო და არც უხვი წყაროს წყლები.
25 . სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი.
26 . როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი.
27 . იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს,
28 . როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა,
29 . როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები.
30 . ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:
31 . ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
32 . ამიტომ მისმინეთ ახლა, შვილებო, რადგან ნეტარნი არიან ჩემი გზების შემნახველნი.
33 . ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.
34 . ნეტარია კაცი, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და ჩემი შესასვლელის ზღურბლთან მომელის.
35 . რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
36 . ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
1 . სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის და გამოკვეთა მისი შვიდი სვეტი,
2 . დაკლა თავისი საკლავი, თავისი ღვინო შეაზავა და თავისი სუფრა გაშალა.
3 . წარგზავნა თავისი მხევალნი, რათა მოეხმოთ ქალაქის მაღლობებიდან:
4 . "ვინც გულუბრყვილოა, აქეთ შემოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
5 . "მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო - ჩემ მიერ შეზავებული;
6 . მიატოვეთ გულუბრყვილობა, იცოცხლეთ, იარეთ გონიერების გზით”.
7 . მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას.
8 . ნუ ამხელ მქირდავს, თორემ შეგიძულებს; შეაგონე ბრძენს და შეგიყვარებს.
9 . შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.
10 . სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება - გონიერება.
11 . ვინაიდან ჩემით გაგიმრავლდება დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
12 . თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი და თუ მქირდავი ხარ, შენვე დაზარალდები.
13 . უგუნური ქალი მოლაყბეა, ბრიყვია და არაფრის მცოდნე.
14 . დაჯდება თავისი სახლის ზღურბლზე, ქალაქის ამაღლებულ, საპატიო ადგილებზე,
15 . რათა მოუხმოს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ:
16 . "ვინც გულუბრყვილოა, აქეთ გადმოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
17 . "ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია ჩუმად შეჭმული პური”.
18 . არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში - მის მიერ ხმობილნი.
1 . ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
2 . ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
3 . ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
4 . მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.
5 . ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
6 . მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
7 . ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.
8 . უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.
9 . უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
10 . მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
11 . უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
12 . დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
13 . მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.
14 . კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
15 . ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.
16 . მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
17 . სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.
18 . ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
19 . ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
20 . ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
21 . ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.
22 . რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.
23 . კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
24 . ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
25 . ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.
26 . საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.
27 . მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28 . დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.
29 . შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30 . ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
31 . სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
32 . დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
33 . უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
1 . მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
2 . აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
3 . მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
5 . ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
6 . შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
7 . შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
8 . რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
9 . ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
10 . ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
11 . უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
12 . ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
13 . უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14 . წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15 . წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
16 . იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
17 . იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
18 . რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
1 . აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
2 . ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით.
3 . დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.
4 . მაშინ საამო იქნება უფლისთვის იუდასა და იერუსალიმის შესაწირი, როგორც ძველ დღეებში და გარდასულ წლებში.
5 . მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
6 . რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
7 . თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?
8 . განა გაძარცვავს ღმერთს ადამიანი? თქვენ კი მძარცვავთ და თან კითხულობთ: როგორ გაგძარცვეთო? მეათედით და შესაწირით!
9 . წყევლით ხართ დაწყევლილნი, რადგან მთელი ერი მძარცვავთ.
10 . მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით - ამბობს ცაბაოთ უფალი - თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.
11 . შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს - ამბობს ცაბაოთ უფალი.
12 . და ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
13 . ქედმაღლური იყო თქვენი სიტყვები ჩემს მიმართ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: რა გვითქვამსო შენზე?
14 . ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?
15 . კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გაექცნენ სასჯელს.
16 . როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის.
17 . ჩემი იქნებიან ისინი - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.
18 . და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
2 . უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
3 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
4 . და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
5 . უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6 . რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
7 . მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
8 . გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
9 . მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10 . ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11 . რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
12 . ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13 . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
14 . და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
15 . ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
16 . ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
17 . იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
18 . თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19 . თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20 . ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
21 . როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
22 . მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
23 . ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
24 . როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25 . მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26 . მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
27 . სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
28 . მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
29 . ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
30 . ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
31 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32 . ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
33 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
34 . სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35 . გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
36 . თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
37 . ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38 . გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
39 . უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
40 . უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
41 . ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
42 . მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
43 . ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
44 . ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
45 . ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
46 . მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
47 . ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
48 . ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
49 . ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
50 . რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
51 . აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
52 . ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
53 . როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
54 . რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
2 . ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3 . ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
4 . მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად.
5 . ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან.
6 . გამოვუცხადე შენი სახელი იმ ადამიანებს, შენ რომ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი, მე მომეცი და დაიცვეს შენი სიტყვა.
7 . ახლა შეიცნეს, რომ რაც მომეცი, ყველაფერი შენგანაა;
8 . ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
9 . მათთვის გთხოვ, წუთისოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
10 . ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
11 . მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!
12 . ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
13 . ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული.
14 . მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.
15 . არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.
16 . წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან.
17 . განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.
18 . როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში.
19 . ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმედილნი იყვნენ ჭეშმარიტებით.
20 . მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.
21 . რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.
22 . დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი.
23 . მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24 . მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.
25 . მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
26 . მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.
1 . ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.
2 . და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
3 . პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
4 . განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
5 . ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
6 . წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
7 . სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8 . პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.
9 . პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
10 . მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11 . დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
12 . მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.
13 . დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ.
14 . სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
15 . ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.
16 . იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17 . აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
18 . დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
19 . მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20 . "წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
21 . გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
22 . მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,
23 . უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.
24 . ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო.
25 . ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
26 . მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 . მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა?
28 . "განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”
29 . მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
30 . ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით;
31 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
32 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
33 . ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.
34 . მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
35 . მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
36 . რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.
37 . ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.
38 . ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
39 . ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”
40 . დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.
41 . ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
42 . ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში
1 . მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?”
2 . მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
3 . და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4 . მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
5 . მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
6 . ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
7 . მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
8 . და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.
9 . შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10 . იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
11 . შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.
12 . როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა.
13 . მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
14 . გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული.
15 . ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც.
16 . იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.
17 . ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
18 . ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19 . ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20 . იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21 . როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.
22 . ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.
23 . ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა.
24 . დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
25 . ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26 . მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?
27 . მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28 . ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?
29 . ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.
30 . ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.
31 . გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32 . მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
33 . უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34 . ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
35 . ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი
36 . მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
37 . ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
38 . ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
39 . ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.
40 . უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.
41 . გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
42 . ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?
43 . მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
44 . მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.
45 . ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46 . მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის.
47 . თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.
48 . მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49 . ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
50 . განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
51 . ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
52 . წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
53 . თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
54 . ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
55 . ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
56 . თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
57 . მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას.
58 . ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59 . ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
60 . მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.
1 . ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
2 . საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3 . ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4 . ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა - ურჯულოებაა.
5 . ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
6 . ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.
7 . შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8 . ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.
9 . ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.
10 . ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
11 . რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
12 . მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
13 . ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.
14 . ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15 . ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.
16 . იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
17 . ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
18 . შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19 . ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.
20 . რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21 . საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
22 . და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
23 . ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
24 . მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.
1 . ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
2 . არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3 . ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
4 . და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
5 . რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.
6 . და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: "აბბა, მამაო!”
7 . ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.
8 . თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9 . ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10 . დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს.
11 . ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
12 . გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ.
13 . იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად.
14 . და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15 . სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16 . მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17 . სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა.
18 . კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19 . ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
20 . ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.
21 . მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
22 . ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
23 . მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
24 . ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.
25 . ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26 . ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27 . რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.
28 . და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
29 . მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30 . თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
31 . ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!
1 . მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;
2 . იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.
3 . ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.
4 . ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,
5 . რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.
6 . არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7 . ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8 . ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,
9 . რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
10 . გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11 . და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
12 . რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13 . და მაინც, ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.
14 . ამიტომ ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
15 . მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16 . გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
17 . მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
18 . ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19 . ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20 . მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
21 . დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
22 . ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23 . ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.
24 . და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25 . მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26 . რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
27 . და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28 . ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
29 . ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
30 . იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
32 . დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.
33 . ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.