1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4 . ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
6 . თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
7 . თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
8 . მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
9 . როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10 . ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
12 . ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
13 . არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
14 . ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
15 . უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
16 . ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
17 . შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
18 . შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
19 . დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
20 . თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
21 . მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
22 . და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
23 . როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
24 . მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
25 . მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26 . არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
27 . არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28 . მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
29 . ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
30 . დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
31 . ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
32 . წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33 . როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
34 . როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35 . უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
36 . სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
37 . დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . ესენი იყვნენ ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი,
2 . დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
3 . იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა; სამი შეეძინა მას ქანაანელი შუაყის ასულისგან. ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში და მოაკვდინა იგი უფალმა.
4 . და უშვა მას თამარმა, მისმა რძალმა, ფერეცი და ზერახი; სულ ხუთი ძე ჰყავდა იუდას.
5 . ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
6 . ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარა - სულ ხუთნი.
7 . ქარმის ძე - ყაქარი, რომელმაც აღთქმა დაარღვია და განსაცდელში ჩააგდო ისრაელი.
8 . ეთანის ძე - ყაზარია.
9 . ხეცრონის ძენი, რომლებიც შეეძინათ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
10 . რამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
11 . ნახშონმა შვა სალმა და სალმამ შვა ბოყაზი.
12 . ბოყაზმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იესე,
13 . იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი და მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
14 . მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
15 . მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
16 . მათი დები იყვნენ: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
17 . აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იყო ისმაელიანი იეთერი.
18 . ხალებმა, ხეცრონის ძემ, შვა თავისი ცოლებისგან, ყაზუბასაგან და იერიყოთისგან. აი, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
19 . მოკვდა ყაზუბა და შეირთო ხალებმა ეფრათი, რომელმაც უშვა ხური.
20 . ხურმა შვა ური და ურმა შვა ბეცალელი.
21 . ამის შემდეგ, სამოცი წლის იყო ხეცრონი, როცა მაქირის (გილყადის მამის) ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო; უშვა მან სეგუბი.
22 . სეგუბმა შვა იაირი, რომელსაც ოცდასამი ქალაქი ეკუთვნოდა გილყადის ქვეყანაში.
23 . აიღეს მათგან გეშურმა და არამმა იარის სოფლები, კენათი და მისი შემოგარენი - სამოცი ქალაქი. ყველა ესენი მაქირის, გილყადის მამის ძენი იყვნენ.
24 . მას შემდეგ, რაც ხეცრონი ხალების ეფრათში მოკვდა, შვა აბიამ, მისმა ცოლმა აშხური, თეკოაყის მამა.
25 . იერახმეელის, ხეცრონის პირმშოს ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26 . სხვა ცოლიც ჰყავდა იერახმეელს, სახელად ყათარა; ის იყო ონამის დედა.
27 . იერახმეელის პირმშოს, რამას ძენი იყვნენ: მაყაცი, იამანი და ყეკერი.
28 . ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი - ნადაბი და აბიშური.
29 . აბიშურის ცოლს აბიგაილი ერქვა, რომელმაც ახბანი და მოლიდი უშვა მას.
30 . ნადაბის ძეები იყვნენ სელედი და აფაიმი; ისე მოკვდა სელედი, შვილები არ ჰყოლია.
31 . აფაიმის ძე - იშყი, იშყის ძე - შეშანი, შეშანის ძე კი - ახლაი.
32 . შამაის ძმის, იდაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. ისე მოკვდა იეთერი, რომ შვილები არ ჰყოლია.
33 . იონათანის ძენი იყვნენ ფელეთი და ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ.
34 . ძეები არ ჰყოლია შეშანს, მხოლოდ ასულები. ეგვიპტელი მონა ჰყავდა შეშანს, სახელად იარხაყი.
35 . მისცა შეშანმა თავის მონას, იარჰას, ცოლად თავისი ასული და უშვა მან ყათაი.
36 . ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი,
37 . ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი,
38 . ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია,
39 . ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა,
40 . ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი,
41 . შალუმმა შვა იეკამეა, იეკამეამ შვა ელიშამაყი.
42 . იერახმეელის ძმის, ხალების ძე იყო: მისი პირმშო მეშაყი, ზიფის მამა; ხოლო მარეშა - ხებრონის მამა.
43 . ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი და შემაყი.
44 . შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა; რახამმა შვა შამაი.
45 . შამაის ძე იყო მაყონი, მაყონი ბეთცურის მამა გახდა.
46 . ყეიფას, ხალების ხარჭას, ეყოლა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
47 . იაჰედაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეიფა და შაყაფი.
48 . ხალების ხარჭამ, მაყაქამ, შვა შებერი და თირხანა.
49 . მანვე შვა შაყაფი, მადმანას მამა, შევა - მახბენას და გიბყას მამა და აქსახი - ხალების ასული.
50 . ესენი იყვნენ ხალების ძენი: ხური, ეფრათის პირმშო და შობალი, კირიათ-იეყარიმის მამა;
51 . სალმა, ბეთ-ლეხემის მამა, ხარეფი, ბეთ-გადერის მამა.
52 . შობალის, კირიათ-იეყარიმის მამის, შთამომავალნი იყვნენ: ჰარო, ჰაცი, მენუჰოტი.
53 . კირიათ-იეყარიმის საგვარეულოებია: ითრელნი, ფუთელნი და შუმათელნი. ამათგან გამოვიდნენ ცორათელნი და ეშთაოლელნი.
54 . სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი და ნეტოფელი, ყატროთ ბეთ-იოაბი, ჰაცი, მანუჰოტი და ცარყელნი.
55 . იაყბეცში მცხოვრები მწერლების საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი. ესენი იყვნენ კინიმელნი, ხამათის, ბეთ-რეხაბის მამის შთამომავალნი.
1 . აი, კანონები, რომელთაც დაუდგენ მათ:
2 . თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
3 . თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.
4 . თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.
5 . ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,
6 . მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.
7 . თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.
8 . თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
9 . თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.
10 . თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.
11 . თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.
12 . თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
13 . ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს.
14 . თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად.
15 . ვინც თავის მამას ან დედას შემოჰკრავს, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
16 . ვინც ადამიანი მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოაჩნდეს - სიკვდილით მოკვდეს.
17 . თავისი მამის და დედის მაწყევარი, უსათუოდ უნდა მოკვდეს.
18 . თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბნენ და დაჰკრა ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი და გადარჩა კაცი, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19 . მერე კი ადგა და გარეთ ყავარჯნით სიარული შეძლო, მაშინ ნუ დაისჯება მისი მცემელი, მხოლოდ სამუშაოდან მისი მოცდენისთვის გადაუხადოს და სრულ გამოჯანმრთელებამდე იზრუნოს მასზე.
20 . თუ კაცმა ჯოხით სცემა თავისი მონა ან მხევალი და შემოაკვდა, შური იძიეთ მასზე.
21 . მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე კიდევ იცოცხლა, მაშინ აღარ იძიოთ მასზე შური, რადგან მისი საკუთრებაა იგი.
22 . თუ ჩხუბისას ორსულ ქალს დაჰკრავენ და ნაადრევად იმშობიარებს იგი, მაგრამ ზიანი არ მიადგება, მაშინ დაეკისროს დამნაშავეს რასაც იმ ქალის ქმარი მოითხოვს და გადაიხადოს მსაჯულების დადგენილებისამებრ.
23 . მაგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.
24 . თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25 . დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
26 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.
27 . თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ.
28 . თუ ხარმა მამაკაცს ან დედაკაცს ურქინოს და მოკლას, უსათუოდ ჩაიქოლოს ხარი და არ შეიჭამოს მისი ხორცი; ხოლო ხარის პატრონი უდანაშაულოა.
29 . მაგრამ თუ ხარი მანამდეც მარქენალი იყო და გააფრთხილეს პატრონიც, მან კი არ დაამწყვდია და მოკლა ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარიც ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს.
30 . თუ გამოსასყიდი დაეკისრება, მაშინ გადაიხადოს საურავი თავისი სიცოცხლის წილ, დაკისრებულის მიხედვით.
31 . თუ ძეს ან ასულს ურქინოს, ამავე სამართლით მოექეცით მას.
32 . თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.
33 . თუ ვინმე თავს მოხდის ან ამოთხრის ორმოს და არ დააფარებს, იქ კი ხარი ან სახედარი ჩავარდება,
34 . მაშინ გადაიხდის ორმოს მფლობელი, ფულით აუნაზღაურებს მათ პატრონს, ხოლო ლეში მისი იქნება.
35 . და თუ ვინმეს ხარი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ფულიცა და ლეშიც შუაზე გაიყონ.
36 . ხოლო თუ მანამდეც ცნობილი იყო, რომ ხარი მარქენალია, მისმა პატრონმა კი არ დაამწყვდია, მაშინ გადაიხადოს ხარის წილ, ხოლო ლეში მისი იქნება.