1 . მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 . "გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 . და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 . აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 . სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 . იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 . ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 . ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 . ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 . ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 . იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 . დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 . აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 . ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 . გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 . ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 . წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 . ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 . და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 . და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 . ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 . წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 . მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 . და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 . დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 . წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 . უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 . მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 . ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 . გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 . მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 . ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 . ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.
1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "ამაო სიტყვებს უნდა ამბობდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3 . განა უნდა კამათობდეს უსარგებლო სიტყვებით და ლაპარაკით, რომელშიც არავითარი სიკეთე არ არის?
4 . ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას,
5 . შენივე დანაშაული წარმართავს შენს ბაგეს და ცბიერთა ენა ამოირჩიე.
6 . შენივე პირი გდებს ბრალს, მე კი არა, შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7 . პირველშობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, მთებზე უწინ ხომ არ შექმნილხარ?
8 . ღვთის საიდუმლო ხომ არ ისმინე და მისი სიბრძნე ხომ არ მიისაკუთრე?
9 . რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?
10 . ჭაღარაც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე მეტი დღეების მქონე.
11 . ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
12 . რად გიტაცებს შენი გული და თვალებს რატომ ახამხამებ?
13 . რად წარმართავ შენს სულს ღვთის წინააღმდეგ და ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ შენი ბაგედან?!
14 . რა არის კაცი, რომ წმიდა იყოს? ან მართლობდეს დედაკაცის მიერ შობილი?
15 . აჰა, თავის წმინდანებსაც არ ენდობა და ცანიც არ არიან სუფთა მის თვალში.
16 . მით უმეტეს საძაგელი და გახრწნილი კაცი, წყალივით რომ სვამს უსამართლობას.
17 . გეტყვი და მომისმინე, რაც ნანახი მაქვს, გეტყვი.
18 . რაც სმენიათ ბრძენებს და არ დაუფარავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19 . მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, უცხოს არ გაუვლია მათ შორის.
20 . ურჯულო მთელი ცხოვრება იტანჯება; დათვლილია მტარვალთა წელთა რიცხვი,
21 . შიშის ზარია მის ყურებში და მშვიდობის ჟამსაც მიუვა გამანადგურებელი.
22 . იმედი არა აქვს, რომ სიბნელეს გაექცევა; მახვილისთვის არის განწირული.
23 . ლუკმა-პურისთვის დახეტიალობს - ამბობს, სად არისო? იცის, რომ ახლოა შავი დღე.
24 . აძრწუნებს მას გაჭირვება და უბედურება, გადასძალავს, როგორც ბრძოლისათვის შემართული მეფე.
25 . რადგან ღმერთის წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26 . უტევდა მას ჯიუტად, თავისი ჯავშნის სქელი შვერილებით,
27 . რადგან ქონით დაიფარა სახე და გვერდები ხორცით დაიმძიმა.
28 . აოხრებულ ქალაქებში ცხოვრობდა - დასანგრევად გამზადებულ უკაცრიელ სახლებში.
29 . ვერ გამდიდრდება და ვერ გაძლებს ქონება მისი და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში.
30 . ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.
31 . ნუ მიენდობა ამაოებას ასეთი კაცი და თავს ნუ მოიტყუებს, რადგან ამაოებავე იქნება მისი საზღაური.
32 . უდღეურად დაჭკნება და მისი ტოტები არ ამწვანდება.
33 . მკვახე ყურძენი დასცვივა მისი ვაზის ლერწებს და დაიბერტყება მისი ზეთისხილის ყვავილი.
34 . რადგან უნაყოფოა უღმრთოთა კრებული და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
35 . დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”
1 . მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
2 . მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.
3 . წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
4 . ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
5 . უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა.
6 . წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.
7 . მოკვდება უმართლო და მისადმი მოლოდინიც კვდება, იღუპება მის შეძლებაზე დამყარებული იმედი.
8 . მართალი თავს დააღწევს განსაცდელს, მის ნაცვლად ბოროტს ეწევა იგი.
9 . უღმერთონი თავისი პირით ღუპავენ მოყვასს, ხოლო მართალი ცოდნით გამოიხსნება.
10 . მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.
11 . წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12 . გონიერებას მოკლებული ზიზღს გამოხატავს ახლობლისადმი, გონიერი კაცი კი დუმს.
13 . ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
14 . რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
15 . ვინც თავდებად უდგება უცხოს, უსათუოდ დაზიანდება, თავდებობის მოძულე კი უსაფრთხოდ იქნება.
16 . მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17 . მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის თავს, სასტიკი კი თავისივე სხეულს აზიანებს.
18 . უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.
19 . სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.
20 . გულმრუდნი საძულველნი არიან უფლისთვის, სწორი გზით მავალნი კი სათნონი არიან მისთვის.
21 . ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს ბოროტი, მართალთა მოდგმა კი გამოხსნილ იქნება.
22 . ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.
23 . მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.
24 . ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.
25 . გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.
26 . მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.
27 . სიკეთის გულმოდგინედ მაძიებელი, კეთილგანწყობას მოიხვეჭს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება მოეწევა.
28 . თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
29 . თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.
30 . მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
31 . აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.
1 . გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
2 . და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3 . უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
4 . სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
5 . სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
6 . იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 . ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
8 . ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
9 . არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
10 . და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
12 . ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
13 . გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
14 . დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
15 . უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
16 . გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.
3 . უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო.
4 . ზემო ყლორტები მოტეხა, ქანაანის ქვეყანაში მოიტანა და ვაჭრების ქალაქში დადო.
5 . აიღო იმ ქვეყნის თესლი და ნაყოფიერ მიწაში ჩათესა, უხვ წყლებთან ჩადო და ტირიფივით დარგო.
6 . აღმოცენდა და განიტოტა დაბალი ტანის ვაზი, ლერწები არწივისკენ იყო მიმართული, ფესვებიც მის ქვეშ იყო; და გახდა ვაზი, რქა გამოიღო და ლერწები გაუშვა.
7 . და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად.
8 . ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო.
9 . უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ.
10 . თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”
11 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
12 . "უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.
13 . შემდეგ აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე, აღთქმა დადო მასთან და ფიცში შეიყვანა; ქვეყნის ძლიერნიც წაიყვანა,
14 . რათა სამეფო მასზე დამოკიდებული ყოფილიყო და არ გაამპარტავნებულიყო, რომ აღთქმა დაეცვა და გაეძლო.
15 . ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
16 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში არ მოკვდეს ის, ვინც ფიცი მოიძულა და აღთქმა გატეხა.
17 . ფარაონი და მისი დიდი ლაშქარი თავისი დიდძალი ამალით ვერ უშველის მას ომში, როცა მრავალი სულის დასაღუპავად აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდოლები.
18 . აღთქმის დარღვევით ფიცი შეიძულა; აჰა, ხელი მისცა და მაინც ჩაიდინა ეს ყველაფერი: ვერ გადარჩება.
19 . ამიტომ ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ არ ვაზღვევინე ფიცი, რომელიც შეიძულა და აღთქმა, რომელიც დაარღვია.
20 . ჩემს ბადეს მოვისვრი მასზე და ჩემს ხაფანგში გაებმევა, ბაბილონში მივიყვან და იქ გავასამართლებ მისი ორგულობის გამო, ჩემს წინააღმდეგ რომ იორგულა.
21 . რაზმიდან გაქცეული ყველა მისი მეომარი მახვილით დაეცემა; დარჩენილნი კი ყველა ქარის მიმართულებით გაიფანტებიან. მაშინ გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვილაპარაკე.
22 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.
23 . ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ, ტოტებს გაუშვებს, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა; მის ქვეშ დაბინავდება სხვადასხვაგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში დაიბუდებს ყოველი ფრთოსანი.
24 . გაიგებს მინდვრის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი: მე ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ!”
1 . მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ერებს, ენებსა და მთელ დედამიწაზე მცხოვრებთ: "მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
2 . საჭიროდ მივიჩნიე, თქვენც გაუწყოთ ის ნიშნები და სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ღმერთმა მოიმოქმედა ჩემზე.
3 . რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი - თაობიდან და თაობებზე.
4 . მე, ნაბუქოდონოსორი, ვნებივრობდი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
5 . სიზმარი ვნახე, რომელმაც შემაძრწუნა. ფიქრებმა ჩემს სარეცელზე და ხილვებმა ჩემს თავში, ამაფორიაქეს.
6 . ვბრძანე, ბაბილონის ყველა ბრძენი მოეყვანათ ჩემ წინაშე, რომ სიზმრის განმარტება ეუწყებინათ ჩემთვის.
7 . მოვიდნენ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი; ვუამბე სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს მისი აზრი.
8 . სანამ, ბოლოს, დანიელი არ მოვიდა ჩემ წინაშე, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, როგორც სახელი ჩემი ღვთისა და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია და მოვყევი სიზმარი მის წინაშე:
9 . ბელტეშაცარ, გრძნეულთა უფროსო! ვიცი, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში და არავითარი საიდუმლო არ არის შენთვის დაფარული. აი, ხილვანი ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე. ამიხსენი მისი მნიშვნელობა.
10 . ვნახე ხილვა საკუთარ სარეცელზე. აჰა, ხე დედამიწის შუაგულში - დიდი სიმაღლისა.
11 . გაიზარდა ხე, განმტკიცდა; მისი სიმაღლე ზეცას ასწვდა. დედამიწის ყოველი კიდიდან ჩანდა.
12 . მშვენივრად იყო გაფოთლილი, ნაყოფიც უხვად ესხა, ყველას ყოფნიდა საკვებად. მის ჩრდილში ბინადრობდნენ მინდვრის მხეცები, მის ტოტებში ბუდობდნენ ცის ფრინველნი, მისგან იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
13 . ვხედავდი ხილვებს ჩემს სარეცელზე და აჰა, ჩამოვიდა ზეციდან წმიდა გუშაგი.
14 . დაიძახა მან ხმამაღლა და თქვა: მოსჭერით ხე, შემოაკაფეთ ტოტები, ფოთლები შემოაცალეთ და ნაყოფი განაბნიეთ. განიდევნონ ცხოველები მისი ჩრდილიდან და ფრინველები - მისი ტოტებიდან.
15 . ოღონდ, მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.
16 . ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.
17 . ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.
18 . ეს არის სიზმარი, მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ ვიხილე და შენ, ბელტეშაცარ, ამიხსენი, რადგან ჩემი სამეფოს ბრძენთაგან არავის ძალუძს მისი მნიშვნელობის ახსნა; შენ კი ძალგიძს, იმიტომ, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში”.
19 . მაშინ დანიელი, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, ერთ საათამდე დუმდა და შემცბარი ფიქრობდა. შეაძრწუნა იგი ამ ფიქრებმა. ალაპარაკდა მეფე და უთხრა: "ბელტეშაცარ, სიზმარი და მისი მნიშვნელობა ნუ დაგაფრთხობს!” მიუგო მეფეს ბელტეშაცარმა: "ბატონო ჩემო! შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტერთ მისი ახსნა!
20 . ხე, შენ რომ იხილე, რომელიც გაიზარდა, განმტკიცდა, სიმაღლით ზეცას მიაღწია და დედამიწის კიდეებიდანაც ჩანდა,
21 . მშვენივრად რომ იყო გაფოთლილი, ნაყოფი უხვად ესხა და საკვებად ყველას ჰყოფნიდა, რომლის ჩრდილშიც მინდვრის მხეცები ბინადრობდნენ და ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,
22 . შენა ხარ, მეფევ, რომელიც განდიდდი და განმტკიცდი; გაიზარდა შენი სიდიადე და ზეცას მისწვდა, შენი საბრძანებელი ქვეყნის კიდეებამდე გავრცელდა.
23 . ხოლო მეფემ რომ წმიდა გუშაგი იხილა, ზეციდან ჩამომავალი, რომელიც ამბობდა: "მოსჭერით და აკაფეთ, ოღონდ მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად, ვიდრე შვიდი ჟამი გადაივლიდესო!”
24 . ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:
25 . განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.
26 . ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვების ბრძანება იმას მოასწავებს, რომ დაგიბრუნდება შენი სამეფო, ოღონდ მას შემდეგ, როცა მიხვდები, რომ ზეცა მმართველობს.
27 . ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.
28 . და ყოველივე მოეწია მეფე ნაბუქოდონოსორს:
29 . თორმეტი თვის შემდეგ, როცა ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობდა,
30 . თქვა მეფემ: "განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”
31 . ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: "შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
32 . განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”.
33 . მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით.
34 . იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.
35 . არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
36 . მაშინ დამიბრუნდა ჩემი გონიერება; და დამიბრუნდა პატივი და პირვანდელი ბრწყინვალება ჩემი სამეფოს სადიდებლად; მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა, განმტკიცდა ჩემი მეუფება და აღმატებული გახდა ჩემი სიდიადე.
37 . ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.
1 . "დარიოს მიდიელის პირველ წელს მის შემწედ და მფარველად დავდექი.
2 . ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: "აჰა, კიდევ სამი მეფე აღდგება სპარსეთში, მეოთხე ყველას გადააჭარბებს თავისი დიდძალი სიმდიდრით; თავისი სიმდიდრით რომ გაძლიერდება, ყველას საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ გამოიყვანს.
3 . აღდგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ძალაუფლებით იხელმწიფებს და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
4 . მისი დადგომისთანავე ნაწილებად დაიშლება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით დაიყოფა; არც მის შთამომავალთ გადაეცემა და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო. აღმოიფხვრება მისი სამეფო, სხვების იქნება და არა მათი.
5 . გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ძალაუფლებასა და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება.
6 . წლების შემდეგ კავშირს შეკრავენ და სამხრეთის მეფის ასული მოვა ჩრდილოეთის მეფესთან მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს ასული თავისი მკლავის ძალას; ვერც ის მეფე და მისი მოდგმა გაძლებს; გადაცემულ იქნება ასული თავისი ამალით, თავისი შვილებითა და შემწეებით, რომლებიც ეწეოდნენ მას იმ ხანებში.
7 . მაგრამ მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე; იგი გაილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. შეებრძოლება და გაიმარჯვებს.
8 . თვით მათ ღმერთებსაც კი ტყვედ წაასხამს ეგვიპტეში, თავიანთი რკინის კერპებითა და ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულით. წლების განმავლობაში აღარ შეუტევს ჩრდილოეთის მეფეს.
9 . შემდეგ სამხრეთის მეფის სამეფოში შეიჭრება, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
10 . იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.
11 . გამძვინვარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს, დიდ ლაშქარს გამოიყვანს იგი, მაგრამ ეს ლაშქარი სამხრეთის მეფის ხელში ჩავარდება.
12 . ლაშქარს რომ ჩაიგდებს ხელში, მისი გული აღზევდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ მაინც ვერ იმძლავრებს.
13 . ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებს და რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გაილაშქრებს მრავალრიცხოვანი ლაშქრითა და დიდი აღჭურვილობით.
14 . იმ ხანებში მრავალი აღდგება სამხრეთის მეფის წინააღმდეგ, მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, მაგრამ წაიბორძიკებენ.
15 . მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და დაიპყრობს გამაგრებულ ქალაქს. ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც რჩეული ხალხი. აღარ ექნებათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად.
16 . თავის ნებაზე მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული, წინ ვერავინ აღუდგება. მშვენიერ ქვეყანაში დადგება იგი და დაღუპვა იქნება მის ხელთ.
17 . განიზრახავს, რომ მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით მოვიდეს; მშვიდობის ხელშეკრულებას დადებენ მასთან. ცოლად მისცემს თავის ასულს სამხრეთის მეფეს, რათა დაღუპოს იგი, მაგრამ არ გამოუვა და არ მოხდება ეს.
18 . იბრუნებს სახეს ზღვისპირეთისკენ და მრავალს დაიპყრობს, მაგრამ ვინმე მთავარი აღკვეთს შერცხვენას და უკან დაუბრუნებს შერცხვენას.
19 . ამის შემდეგ თავისი ქვეყნის სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიბორძიკებს, დაეცემა და ვეღარავინ იხილავს.
20 . მის ნაცვლად აღმდგარი ხარკს აკრეფს სამეფოს სადიდებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არა მრისხანებაში და არა ბრძოლაში.
21 . მის ნაცვლად საძულველი კაცი აღდგება, რომელსაც მეფურ პატივს არ მიაგებენ. იგი მშვიდობის პერიოდში მოვა და ცბიერებით დაეუფლება სამეფოს.
22 . წამლეკავი ლაშქრები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მთავარიც.
23 . კავშირის შეკვრის შემდეგ ცბიერად იმოქმედებს, აღზევდება და მცირერიცხოვანი ხალხით გაძლიერდება.
24 . მშვიდობიან დღეებში ნაყოფიერ ქვეყანაში შევა და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს არ ჩაუდენიათ. ნაძარცვს, ნადავლსა და ნაალაფარ ქონებას დაანაწილებს. ციხე-სიმაგრეების წინააღმდეგ ექნება ზრახვები, მაგრამ გარკვეულ დრომდე.
25 . აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც მრავალრიცხოვანი და ძლიერი ლაშქრით გამოვა საბრძოლველად, მაგრამ ვერ გაუმკლავდება მას, რადგან მზაკვრული განზრახვები იქნება მის წინააღმდეგ.
26 . მასთან ერთად პურის მჭამელნი დაღუპავენ მას, მისი ლაშქარი წაილეკება და მრავალი დახოცილი დაეცემა.
27 . ორივე მეფის გულში მზაკვრობა იქნება, სიცრუეს ეტყვიან ერთმანეთს სუფრაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან აღსასრული დათქმულ დროზე მოვა.
28 . ჩრდილოეთის მეფე დიდძალი ნადავლით გაბრუნდება თავის ქვეყანაში, მაგრამ გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
29 . დათქმულ დროს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით აღარ იქნება ეს ლაშქრობა.
30 . ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. გაბრუნდება, წმიდა აღთქმაზე განრისხდება და იმოქმედებს. დაბრუნდება და წმიდა აღთქმის მიმტოვებლებთან შეკრავს კავშირს.
31 . ურდოები აღსდგებიან მისგან და შებღალავენ საწმიდარსა და ციხე-სიმაგრეს, მუდმივ შესაწირს გააუქმებენ და გაპარტახების სიბილწეს დაამყარებენ.
32 . თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.
33 . ხალხთა შორის გონიერნნი მრავალთ შეაგონებენ, თუმცა კი მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით, ტყვეობითა და ძარცვით იქნებიან შევიწროებულნი.
34 . შევიწროებისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცობით.
35 . ზოგიერთი გონიერთაგან წაბორძიკდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და გასუფთავდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე.
36 . თავისი ნებისამებრ იმოქმედებს მეფე, ყველა ღმერთზე მეტად აღზევდება, განდიდდება და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ; წარმატებული იქნება რისხვის დასრულებამდე, ვინაიდან, უნდა აღსრულდეს, რაც ნაბრძანებია.
37 . არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.
38 . სამაგიეროდ ციხე-სიმაგრის ღმერთს მიაგებს პატივს; ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ სცნობდნენ; ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით მიაგებს პატივს.
39 . უმტკიცესი სიმაგრეების წინააღმდეგ იმოქმედებს უცხო ღმერთის შეწევნით; პატივს გაუმრავლებს მათ, ვინც მას აღიარებს, მრავალზე მისცემს ძალაუფლებას და საზღაურად მიწებს დაუნაწილებს.
40 . ბოლო დროს სამხრეთის მეფე შეებრძოლება მას; ქარიშხალივით ეკვეთება მას ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით; შევა ქვეყანაში, წალეკავს და გადაივლის.
41 . შევა მშვენიერ ქვეყანაში და მრავალი მხარე დაეცემა; ხოლო ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა მთავარი ნაწილი გადაურჩება მის ხელს.
42 . ხელს მოუღერებს ქვეყნებს; ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გაექცევა მას.
43 . ხელთ იგდებს იგი ეგვიპტის ძვირფასეულობასა და ოქრო-ვერცხლის დაფარულ განძეულს; ლიბიელნი და ეთიოპელნი გაჰყვებიან მის კვალს.
44 . მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაშფოთებენ მას და დიდი რისხვით გამოვა, რათა გაანადგუროს და დაღუპოს მრავალი.
45 . თავის სამეფო კარვებს გაშლის ზღვებსა და მშვენიერ წმიდა მთას შორის, მაგრამ თავის აღსასრულს მიაწევს და არავინ იქნება მისი მშველელი.
1 . "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
2 . ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3 . თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ.
4 . დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5 . მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 . ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.
7 . თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.
8 . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
9 . როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
10 . თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
11 . ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.
12 . ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13 . იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.
14 . თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
15 . მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
16 . თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
17 . ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 . თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
19 . თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს.
20 . გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 . მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
22 . მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის.
23 . ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24 . მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
25 . რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.
26 . როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27 . თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
1 . მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
2 . არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3 . "უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”.
4 . მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? "დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”.
5 . ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.
6 . ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.
7 . მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ.
8 . როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.
9 . და დავითიც ამბობს: "დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად,
10 . თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”.
11 . მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.
12 . და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება.
13 . ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14 . ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15 . რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?
16 . თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც.
17 . ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,
18 . ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19 . შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო!
20 . კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21 . რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.
22 . ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.
23 . და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24 . ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25 . რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.
26 . და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: "მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.
27 . ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.
28 . დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით - საყვარელნი მამების გულისათვის.
29 . რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.
30 . ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო.
31 . ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32 . ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33 . ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34 . რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?
35 . ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?
36 . რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
2 . "უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.
3 . ესაა შესაწირი, რომელსაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
4 . ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილი, თხის მატყლი,
5 . ვერძისა და მაჩვის დათრიმლული ტყავები და აკაციის ძელები;
6 . გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
7 . სარდიონის ქვები და ეფოდსა და გულსაფარში ჩასასმელი ქვები.
8 . და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9 . როგორც მე გაჩვენებ კარავსა და ყოველი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ისე გააკეთე.
10 . კიდობანი აკაციის ხისგან გააკეთეთ: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე და სიმაღლე.
11 . შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედე; ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლე.
12 . ჩამოასხი ოქროს ოთხი რგოლი და ოთხ ქვედა კუთხეში მიამაგრე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი მეორე მხარეს.
13 . გამოთალე კეტები აკაციისგან და მოჭედე ოქროთი.
14 . გაუყარე კეტები კიდობნის გვერდების გასწვრივ რგოლებში, რათა მათი მეშვეობით ატაროთ კიდობანი.
15 . დარჩეს კეტები კიდობნის რგოლებში, არ გამოაძროთ.
16 . ჩადე კიდობანში აღთქმა, რომელსაც მოგცემ.
17 . გაუკეთე სარქველი ხალასი ოქროსგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18 . გამოჭედე ოქროსგან ორი ქერუბი და დასხი სარქვლის ორივე კიდეზე.
19 . ერთი ქერუბი ერთ კიდეზე დაამაგრე და ერთიც - მეორე კიდეზე; სარქვლის ორივე კიდეზე დასხით ქერუბები.
20 . სარქვლის ზემოდან ჰქონდეთ გაშლილი ქერუბებს ფრთები, თავისი ფრთებით დაფარონ სარქველი - სახეები კი ერთმანეთისკენ ექნებათ მიბრუნებული; სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბები.
21 . სარქველი დააფარე ზემოდან კიდობანს; მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ, კიდობანში ჩადე.
22 . მანდ გამოგეცხადები, სარქვლის ზემოდან, ორი ქერუბის შუაგულიდან, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და დაგელაპარაკები ყოველივეზე, რაც ისრაელის შვილებს უნდა ამცნო.
23 . გააკეთე მაგიდა აკაციის ხისგან, ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
24 . მოჭედავ მას წმიდა ოქროთი და ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25 . შემოავლე ირგვლივ მტკაველის ოდენა ჯებირი და ოქროს გვირგვინი შემოარტყი ჯებირს.
26 . გაუკეთე ირგვლივ ოქროს ოთხი რგოლი და ოთხივე ფეხთან, ოთხივე კუთხეზე მიამაგრე რგოლები.
27 . იყოს რგოლები ჯებირთან ახლოს, მაგიდის სატარებელი კეტების მოსათავსებლად.
28 . გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და მოჭედე ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ მაგიდა.
29 . გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.
30 . და მუდმივად იდოს ამ მაგიდაზე ჩემთვის მოსართმევი საწინაშეო პური.
31 . გააკეთე სუფთა ოქროს ჭედური სასანთლე; მისი შვერილი, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები ყველაფერი გამოჭედილი უნდა იყოს.
32 . ექვსი ტოტი გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი ტოტი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი მეორე გვერდიდან;
33 . სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი; და ასე ექვსივე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლეს ღეროდან;
34 . თვით სასანთლეზე - ოთხი ნუშისებრი თასი, თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35 . ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ; სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
36 . კვირტებიც და ტოტებიც ერთიანი უნდა იყოს, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედური უნდა იყოს.
37 . გააკეთე შვიდი ლამპარი, რათა მის წინ აანთონ ეს ლამპრები გასანათებლად.
38 . ხალასი ოქროსი იყოს მაშები და აქანდაზები.
39 . ერთი ტალანტი ხალასი ოქროთი გაკეთდეს იგი მთელ თავის ჭურჭელთან ერთად.
40 . ნახე და გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გაჩვენე მთაზე”.