1 . ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: "აბრაჰამ!” და უპასუხა: "აქა ვარ!”
2 . მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
3 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
4 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5 . უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.
6 . აიღო აბრაჰამმა სამსხვერპლო შეშა და თავის ძეს, ისაკს აჰკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად.
7 . უთხრა ისაკმა აბრაჰამს: "მამა!” და მიუგო აბრაჰამმა: "აქა ვარ, შვილო!” ჰკითხა მას ისაკმა: "ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?”
8 . უთხრა აბრაჰამმა: "ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
9 . მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.
10 . გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
11 . მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: "აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
12 . უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”
13 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად.
14 . და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად "იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის - "მთაზე უფალი გამოჩნდა”.
15 . და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან.
16 . უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
17 . ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18 . და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.
19 . დაბრუნდა აბრაჰამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.
20 . ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:
21 . ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
22 . ქესედი, აზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი”.
23 . ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.
24 . მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
1 . ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა.
2 . ხედავს: ველზე ჭაა და იქვე ცხვრის სამი ფარა წევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს.
3 . იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.
4 . ჰკითხა მათ იაკობმა: "სადაურები ხართ, ძმებო?” უპასუხეს: "ხარანელები ვართ!”
5 . ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.
6 . კვლავ ჰკითხა: "ჯანმრთელადაა?” მიუგეს: "ჯანმრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება”.
7 . თქვა: "ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა! ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად”.
8 . უთხრეს: "ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭის პირიდან. მაშინ დავარწყულებთ ცხვარს”.
9 . ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
10 . და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.
11 . აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.
12 . უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
13 . როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.
14 . უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.
15 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
16 . ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
17 . ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.
18 . შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.
19 . უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.
20 . შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
21 . უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
22 . შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.
23 . საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.
24 . მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.
25 . დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”
26 . უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.
27 . გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.
28 . ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29 . და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
30 . შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.
31 . იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.
32 . დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: "იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი”.
33 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.
34 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი”. და უწოდა სახელად ლევი.
35 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
1 . და მოედო სამუელის სიტყვები მთელ ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2 . დადგნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ, გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხი ათასამდე კაცი მოისრა ბრძოლის ველზე.
3 . მოვიდა ხალხი ბანაკში და თქვეს ისრაელის უხუცესებმა: "რატომ დაგვამარცხა უფალმა დღეს ფილისტიმელთა წინაშე? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, ჩვენს შორის იყოს და გვიხსნას მტრების ხელიდან”.
4 . კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე - ხოფნი და ფინხასი ახლდა.
5 . როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6 . როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7 . შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან თქვეს: "ღმერთი მოვიდაო ბანაკში”. ამბობდნენ: "ვაი ჩვენ, რადგან არ მომხდარა ასეთი რამ არც გუშინ და არც გუშინწინ.
8 . ვაი ჩვენ! ვინ დაგვიხსნის ამ ძლიერი ღმერთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, ეგვიპტელები რომ მოსრა უდაბნოში ყოველგვარი წყლულებით.
9 . გაძლიერდით და ივაჟკაცეთ ფილისტიმელნო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც ისინი გვემონებოდნენ. ვაჟკაცურად დადექით და იბრძოლეთ!”
10 . შეებრძოლნენ ფილისტიმელები და გაანადგურეს ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; ფრიად დიდი იყო მარცხი, ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11 . წაიღეს ღვთის კიდობანი; და დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი, ხოფნი და ფინხასი.
12 . გაიქცა ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელი ჰქონდა შემოხეული და თავზე მიწის მტვერი ეყარა.
13 . მივიდა და, აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მივიდა ის კაცი ქალაქში და მოყვა, რაც მოხდა; და გლოვა გამართა მთელმა ქალაქმა.
14 . მოესმა ყელის გლოვის ხმა და იკითხა: "ეს რა ხმაურია?” საჩქაროდ მივიდა ის კაცი და უამბო ყველაფერი.
15 . ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
16 . უთხრა კაცმა ყელის: "ლაშქრიდან წამოვედი, დღეს გამოვიქეცი”. ჰკითხა ყელიმ: "რა მოხდა, შვილო?”
17 . მიუგო მაცნემ და უთხრა: "უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.
18 . ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან, სკამიდან კარისკენ, გადაიქცა ყელი, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული და მძიმე იყო. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
19 . ყელის რძალი, ფინხასის ცოლი მოსალოგინებელი იყო. როგორც კი ღვთის კიდობნის წაღების, თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მუხლებზე დაეცა და შვა, რადგან უცაბედად დაეწყო მშობიარობის ტკივილები.
20 . როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ მასთან მყოფი ქალები: "ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა”. მაგრამ ქალი არ პასუხობდა, რადგან უგრძნობი იყო მისი გული;
21 . და დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი. თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს” - ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს.
22 . თქვა: "განშორდა დიდება ისრაელს, რადგან წაიღეს ღვთის კიდობანი”.
1 . გამოვიდა ნახაშ ყამონელი და გილყადის იაბეშთან დაიბანაკა. უთხრა ნახაშს იაბეშის ყველა მკვიდრმა: "დაგვიდე შეთანხმება და შენი მსახურნი ვიქნებით”.
2 . უპასუხა ნახაშ ყამონელმა: "დაგიდებთ შეთანხმებას, ოღონდ ჯერ ყველას მარჯვენა თვალს დაგთხრით, რათა შევარცხვინო მთელი ისრაელი”.
3 . უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: "შვიდი დღე მოგვეცი, მოციქულებს გავგზავნით ისრაელის ყველა კუთხეში, და თუ არავინ გვიხსნა, გამოვალთ შენს წინაშე”.
4 . მივიდნენ მოციქულნი საულის გიბყაში და გააგებინეს ხალხს ეს ამბავი. ხმამაღლა ატირდა მთელი ხალხი.
5 . ამ დროს, საული მოდიოდა მინდვრიდან და ხარებს მოერეკებოდა. იკითხა: "რა დაემართა ხალხს, რად ტირის?” და გადასცეს იაბეშელთა სიტყვები.
6 . ღვთის სული დაეშვა საულზე, როცა ეს სიტყვები მოისმინა და განრისხდა ფრიად.
7 . აიყვანა წყვილი ხარი, დაჭრა ნაწილებად და ისრაელის ყოველ კუთხეში დააგზავნა მოციქულთა ხელით, ამ სიტყვებით: "ასე მოუვა მის ხარებს, ვინც არ გაჰყვება საულსა და სამუელს”. დაეცა ხალხს უფლის შიში და ერთი კაცივით გამოვიდა მთელი ხალხი.
8 . როცა აღრიცხა ისინი ბეზეკში, ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
9 . მოციქულებს კი, რომლებიც მოსულიყვნენ, უთხრეს: "გადაეცით გილყადის იაბეშელთ: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო”. დაბრუნდნენ მოციქულები, გადასცეს ამბავი იაბეშის მცხოვრებთ და გაიხარეს.
10 . უთხრეს იაბეშის მცხოვრებლებმა ყამონელებს: "ხვალ გამოვალთ და ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით”.
11 . მეორე დღეს სამ რაზმად გაყო ხალხი საულმა, შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას და მოსრეს ყამონელნი მზის მცხუნვარებამდე; გადარჩენილები კი ისე გაიფანტნენ, ორი ერთად არ დარჩენილა.
12 . უთხრა ხალხმა სამუელს: "ვინ იყო რომ ამბობდა: ნუთუ საულმა უნდა იმეფოს ჩვენზეო? მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ”.
13 . უპასუხა საულმა: "არავინ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა ისრაელში”.
14 . უთხრა სამუელმა ხალხს: "წამოდით, გილგალში წავიდეთ და იქ განვაახლოთ მეფობა”.
15 . წავიდა მთელი ხალხი გილგალში. იქ გაამეფეს საული და დაკლეს სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე; ფრიად გაიხარა იქ საულმა და მთელმა ისრაელმა.
1 . როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წაერთვა და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
2 . ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს ლაშქრის წინამძღოლებად. ერთს ბაყანა ერქვა, მეორეს - რეხაბი, ბეეროთელი რიმონის ძენი, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინში ირიცხებოდა.
3 . გაიქცნენ ბეეროთელნი გითაიმს და იქ დამკვიდრდნენ საცხოვრებლად.
4 . კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.
5 . წავიდნენ ბეეროთელი რიმონის ძენი, რეხაბი და ბაყანა, მივიდნენ შუადღის ხვატში იშბოშეთის სახლთან; ის კი შუადღის ძილით ისვენებდა.
6 . და აჰა, სახლში შევიდნენ, ვითომდა ხორბლის საყიდლად, ჩასცეს მახვილი მუცელში და გაიქცნენ რეხაბი და ბაყანა.
7 . როცა შევიდნენ სახლში, ტახტზე იწვა იგი, თავის საწოლ ოთახში; მახვილი უგმირეს, მოკლეს და თავი მოკვეთეს; შემდეგ აიღეს მისი თავი და ყარაბას გზით იარეს მთელი ღამე.
8 . და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს: "აჰა, იშბოშეთის, საულის ძის, შენი მტრის თავი, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა; შური უძია დღეს უფალმა ჩვენს ბატონ მეფეს საულზე და მის შთამომავლობაზე”.
9 . მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ძეებს, რეხაბსა და მის ძმას ბაყანას: "ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!
10 . თუ ამბის მომტანი, რომელმაც საულის სიკვდილი შემატყობინა და მახარებელი ეგონა თავი, შევიპყარი ციკლაგში და მოვკალი, სამახარებლოს მიცემის ნაცვლად,
11 . რაღას ვუზამ ბოროტმოქმედებს, რომელთაც მართალი კაცი თავის სახლში, თავის სარეცელზე მოკლეს?! განა არ უნდა მოვიკითხო მისი სისხლი თქვენი ხელიდან და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?”
12 . უბრძანა დავითმა მსახურებს და მოკლეს ძმები; ხელფეხი მოჰკვეთეს და ხებრონის წყალსატევზე გამოკიდეს. იშბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონს დაკრძალეს, აბნერის აკლდამაში.
1 . მოხუცდა მეფე დავითი, ხანში შევიდა; აფარებდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
2 . უთხრეს მისმა მსახურებმა: "მოვძებნით ჩვენი ბატონი მეფისთვის ახალგაზრდა, ქალწულ ქალს, რომელიც მეფის წინაშე იდგება, მოუვლის და გვერდში დაუწვება. მაშინ გათბება მეფე, ბატონი ჩვენი”.
3 . ეძებეს ლამაზი ყმაწვილი ქალი მთელ ისრაელში და იპოვეს აბიშაგ შუნამელი; და მიჰგვარეს მეფეს.
4 . ძალიან ლამაზი იყო ეს ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა; მაგრამ არ შეუცვნია იგი მეფეს.
5 . თავი აიმაღლა ადონიამ, ხაგითის ძემ; ამბობდა: "მე ვიქნები მეფე!” გაიჩინა ეტლები, მხედრები და ორმოცდაათი მორბენალი კაცი.
6 . არ საყვედურობდა მამამისი, არც შეჰკითხვია, ასე რატომ იქცევიო. ლამაზი კაცი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ შეეძინა იგი დედამისს.
7 . მოითათბირა იოაბ ცერუიას ძესა და აბითარ მღვდელთან; ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8 . ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი მებრძოლები არ ემხრობოდნენ ადონიას.
9 . მსხვერპლად მიიტანა ადონიამ ცხვრები, ხარები და ნასუქალი პირუტყვი ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომაა და მოიწვია თავისი ყველა ძმა, მეფისწულები, იუდას კაცები და მეფის მსახურები;
10 . ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, დავითის მამაცი მებრძოლები და სოლომონი, თავისი ძმა, არ მიიწვია.
11 . უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: "გაიგე, რომ გამეფდა ადონია ხაგითის ძე? ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის.
12 . ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს.
13 . წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?
14 . აჰა, ჯერ კიდევ მეფესთან ლაპარაკში იქნები, რომ მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს ნათქვამს”.
15 . შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან საწოლ ოთახში; ძალიან მოხუცებული იყო მეფე, აბიშაგ შუნამელი ემსახურებოდა მას.
16 . თავი დახარა ბათ-შებაყმა და მიწამდე სცა მეფეს თაყვანი; ჰკითხა მეფემ: "რა გინდა?”
17 . უთხრა ბათ-შებაყმა: "ბატონო, ხომ შეჰფიცე უფლით, შენი ღმერთით, შენს მხევალს: სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე!
18 . აჰა, ადონია გამეფდა ახლა, შენ კი მეფევ, ჩემო ბატონო, არაფერი იცი ამის შესახებ.
19 . მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მიიწვია ყველა მეფისწული, აბიათარ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი, ხოლო შენი მსახური სოლომონი არ მიუწვევია.
20 . შენ ხარ მეფე, შენკენაა მოპყრობილი მთელი ისრაელის თვალი, რომ ბრძანო, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის, ტახტზე შენ შემდეგ.
21 . სხვაგვარად, როცა განისვენებს მეფე, ჩემი ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი აღმოვჩნდებით მე და ჩემი ძე სოლომონი”.
22 . ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მეფეს, რომ ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა.
23 . მოახსენეს მეფეს: "ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო”. წარსდგა იგი მეფის წინაშე და სცა თაყვანი მიწამდე.
24 . უთხრა ნათანმა: "მეფევ, ჩემო ბატონო, განა ასე გაქვს ნაბრძანები, ადონია გამეფდებაო ჩემ შემდეგ და ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე?
25 . რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მოიწვია ყველა მეფისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი; ახლა ჭამენ და სვამენ მის წინაშე და ამბობენ: იცოცხლოსო მეფე ადონიამ!
26 . არ მიგვიწვია მე, შენი მსახური, ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე და სოლომონი, შენი მსახური.
27 . თუ მეფემ, ჩემმა ბატონმა, ბრძანა ეს საქმე, რატომ არ გამაგებინე შენს მსახურს, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის ტახტზე მის შემდეგ?”
28 . თქვა მეფე დავითმა: "ბათ-შებაყს დამიძახეთ!” შევიდა იგი მეფესთან და წარსდგა მის წინაშე.
29 . დაიფიცა მეფემ და თქვა: "ცოცხალია უფალი, რომელმაც გამომისყიდა ყველა გაჭირვებისგან,
30 . რომ, როგორც შემოგფიცე უფლით, ისრაელის ღმერთით, და გითხარი: სოლომონი, შენი ძე გამეფდება ჩემ შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე, ჭეშმარიტად ასე გავაკეთებ დღეს”.
31 . სახით მიწამდე დაიხარა ბათშებაყი, თაყვანი სცა მეფეს და თქვა: "უკუნისამდე იცოცხლოს მეფე დავითმა, ჩემმა ბატონმა!”
32 . თქვა მეფე დავითმა: "დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს და ბენაია იეჰოიადაყის ძეს”. და წარსდგნენ მეფის წინაშე.
33 . უთხრა მათ მეფემ: "დაიმგზავრეთ თქვენი ბატონის მსახურები, ჩემს ჯორზე შესვით ჩემი ძე, სოლომონი და გიხონში ჩაიყვანეთ.
34 . იქ სცხონ იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა ისრაელის მეფედ; მერე ჩაჰბერეთ საყვირს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
35 . მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!”
36 . უპასუხა ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს: "ამინ! ასე თქვას უფალმაც, მეფის, ჩემი ბატონის ღმერთმა!
37 . როგორც მეფესთან, ჩემს ბატონთან იყო უფალი, ისევე იყოს სოლომონთანაც და ჩემი ბატონის, დავითის ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი”.
38 . გამოვიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.
39 . აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: "იცოცხლოს მეფე სოლომონმა!”
40 . უკან გაჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით. მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისგან.
41 . პურობას ამთავრებდნენ, რომ შემოესმათ ადონიასა და მის სტუმრებს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და იკითხა: "რატომ ხმაურობს ქალაქი?”
42 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე; უთხრა ადონიამ: "მოდი, მამაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”.
43 . მიუგო იონათანმა ადონიას: "არა, სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, მეფე დავითმა,
44 . და გაგზავნა მეფემ მასთან ერთად ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი და ბენაია იეჰოიადაყის ძე, ასევე ქერეთელნი და ფერეთელნი და სამეფო ჯორზე შესვეს იგი.
45 . მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა, გამხიარულებულნი გამოვიდნენ იქიდან და ახმაურდა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46 . სამეფო ტახტზე ზის უკვე სოლომონი.
47 . მეფის მსახურებიც მივიდნენ მეფე დავითთან, ჩვენს ბატონთან და აკურთხეს ამ სიტყვებით: შენს სახელზე მეტად აღამაღლოს ღმერთმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი! და მოიდრიკა მეფე საწოლზე.
48 . თქვა: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს ტახტის მემკვიდრე და ჩემი თვალები ხედავს ამას!”
49 . შიშის ზარი დაეცათ ადონიას სტუმრებს, ადგნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50 . შეეშინდა ადონიას სოლომონისა, ადგა, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
51 . შეატყობინეს სოლომონს: "აჰა, ეშინია ადონიას მეფე სოლომონისა და სამსხვერპლოს რქებს არის ჩაჭიდებული; ამბობს: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მოკლავს თავის მსახურს”.
52 . თქვა სოლომონმა: "თუ ღირსეულად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე, ხოლო თუ ბოროტება განიზრახა, მოკვდება!”
53 . გაგზავნა მეფე სოლომონმა და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და განერთხა ადონია მეფის წინაშე. უთხრა სოლომონმა: "წადი შენს სახლში”.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური.
2 . ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო!
3 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მუქთად გაიყიდეთ და ვერცხლის გარეშე გამოისყიდებით”.
4 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ერთ დროს, ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ხალხი საცხოვრებლად, აშური კი უმიზეზოდ ჩაგრავდა მას.
5 . ახლა კი, რა დამრჩენია აქ? - ამბობს უფალი - მუქთად არის ჩემი ერი წაყვანილი, გმინავენ მისი მთავრები, ამბობს უფალი, გამუდმებით, ყოველდღიურად იგმობა ჩემი სახელი.
6 . ამიტომ შეიცნობს ჩემი ხალხი ჩემს სახელს; ამიტომ, იმ დღეს შეიცნობს, რომ მე ვარ ის, რომელიც ამბობს - "აჰა, აქ ვარ!”
7 . რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: "გამეფდა შენი ღმერთი!”
8 . ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში.
9 . აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.
10 . გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
11 . გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.
12 . მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან, მცველად.
13 . აჰა, წარმატებული იქნება ჩემი მსახური; ამაღლდება, აიწევა და დიდად აღზევდება.
14 . მრავალი განცვიფრდა მისი შემხედვარე, რადგან არავინ იყო მასზე მეტად დამახინჯებული კაცთა შორის, მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა.
15 . ასე განაცვიფრებს იგი ბევრ ხალხს, მის გამო პირს მოკუმავენ მეფენი, რადგან ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება.
1 . უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
2 . უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
3 . მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
4 . კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.
5 . დადგებიან უცხონი და მათ ცხვარს დამწყემსავენ; უცხოტომელთა ძენი იქნებიან მათი მიწათმოქმედნი და მევენახენი.
6 . და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო - იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.
7 . ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ.
8 . რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.
9 . და ცნობილი იქნება მათი თესლი ერებში და მათი შთამომავლობა - ხალხთა შორის, ყველა მათი მნახველი იცნობს მათ, რადგან უფლის მიერ კურთხეულის თესლია ისინი.
10 . სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.
11 . რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.
1 . და ქონია იეჰოიაკიმის ძის ნაცვლად გამეფდა ციდკიაჰუ იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში.
2 . არ ისმენდნენ ის და მისი მსახურნი და არც ქვეყნის ხალხი უფლის სიტყვას, რასაც იგი წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით ამბობდა.
3 . გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ იეჰუქალი, შელემიას ძე და ცეფანია, ღვთისმსახურ მაყასეიას ძე, წინასწარმეტყველ იერემიასთან ამის სათქმელად: "შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს”.
4 . ხალხში მიმოდიოდა იერემია, რადგან ჯერ კიდევ არ იყო საპატიმროში ჩაგდებული.
5 . გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; ეს რომ შეიტყვეს ქალდეველებმა, რომელთაც ალყა შემოერტყათ იერუსალიმისთვის, უკუიქცნენ ქალაქიდან.
6 . ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან წინასწარმეტყველ იერემიასთან:
7 . "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, უთხარით იუდას მეფეს, რომელიც ჩემთან გგზავნით შესაკითხად: ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება.
8 . მობრუნდებიან ქალდეველნი, შეებრძოლებიან ამ ქალაქს, დაიპყრობენ და ცეცხლით გადაბუგავენ.
9 . ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, თავს დაგვანებებენო ქალდეველნი! არ დაგანებებენ.
10 . კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გებრძვით, მათგან მხოლოდ დაჭრილებიღა რომ დარჩნენ, ისინი წამოდგებიან თავ-თავისი კარვებიდან და ცეცხლით გადაბუგავენ ამ ქალაქს”.
11 . ფარაონის ლაშქრის შიშით ქალდეველთა ჯარი იერუსალიმს რომ გაეცალა,
12 . იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წავიდა, რათა თავის ხალხს შორის თავისი წილი მიეღო.
13 . მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: "ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.
14 . მიუგო იერემიამ: "ტყუილია, არ გავრბივარ ქალდეველებთან!” მაგრამ არ დაუჯერეს; შეიპყრო ირყიამ იერემია და მიიყვანა მთავრებთან.
15 . განურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და საპატიმროში შეაგდეს. ეს იყო იონათან მწერლის სახლი, რომელსაც ციხედ იყენებდნენ.
16 . გავიდა მრავალი დღე, რაც იერემია დილეგში იჯდა.
17 . წარგზავნა მეფე ციდკიაჰუმ, წამოაყვანინა იგი თავის სახლში და ფარულად ჰკითხა მას: "არის რამე სიტყვა უფლისგან?” უპასუხა იერემიამ: "არის!” და უთხრა: "ბაბილონის მეფეს ჩაუვარდები ხელში!”
18 . ჰკითხა იერემიამ მეფე ციდკიაჰუს: "რა შევცოდე შენ წინაშე, შენი მსახურებისა და ამ ხალხის წინაშე, ციხეში რომ ჩამსვით?
19 . სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც გამშვიდებდნენ: არ გამოვა ბაბილონის მეფე თქვენს და ამ ქვეყნის წინააღმდეგო?
20 . ახლა კი მისმინე, მეფევ ბატონო! შეისმინე ჩემი ვედრება, ნუ დამაბრუნებ მწერალ იონათანის სახლში, რათა იქ არ მოვკვდე”.
21 . ბრძანა მეფე ციდკიაჰუმ, რომ საყარაულო ეზოში დაეკავებინათ იერემია. ქალაქში პურის გამოლევამდე დღიურად პურის წილობს აძლევდნენ მცხობელთა ქუჩიდან; იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.
1 . როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყურებთ?”
2 . თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”
3 . და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.
4 . ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.
5 . და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
6 . ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.
7 . დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.
8 . იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9 . და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.
10 . უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!
11 . ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”
12 . თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”
13 . უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.
14 . თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!
15 . ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16 . გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.
17 . და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
18 . უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
19 . გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
20 . მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.
21 . უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.
22 . თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
23 . არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24 . შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25 . ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.
26 . აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.
27 . ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.
28 . უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”
29 . და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
30 . "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.
31 . ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,
32 . თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.
33 . გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.
34 . მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.
35 . თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.
36 . უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”
37 . უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.
38 . მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . მაშინ მოუხმო იეშუამ რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს.
2 . უთხრა მათ: "ყველაფერი შეასრულეთ, რაც მოსემ, უფლის მსახურმა გიბრძანათ და ჩემი ხმაც ისმინეთ ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
3 . არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი დღის მანძილზე ამ დღემდე და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს.
4 . ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის; ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს მეორე მხარეს.
5 . ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით”.
6 . აკურთხა ისინი იეშუამ და გაუშვა; და გაბრუნდნენ თავ-თავისი კარვებისკენ.
7 . მენაშეს ტომის ნახევარს, ბაშანში მისცა მოსემ სამკვიდრო, ხოლო მის მეორე ნახევარს მათი ძმების გვერდით, იორდანეს მეორე მხარეს, დასავლეთით მისცა სამკვიდრო იეშუამ. ისინიც აკურთხა იეშუამ, როცა გაუშვა თავთავისი კარვებისკენ.
8 . უთხრა: "დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, დიდძალი საქონლით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით და დიდძალი სამოსლით; გაუნაწილეთ მტრისგან დატაცებული ნადავლი თქვენს ძმებს.
9 . დაბრუნდნენ რეუბენიანები, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი ისრაელიანთაგან, სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის და წავიდნენ გილყადში, მათ სამკვიდრო ქვეყანაში, რომელიც მოსეს მეშვეობით დაიმკვიდრეს, უფლის ბრძანებისამებრ.
10 . როცა მიუახლოვდნენ იორდანეს, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია, სამსხვერპლო ააგეს რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა - შესახედად დიდი სამსხვერპლო.
11 . გაიგეს ისრაელის ძეებმა და თქვეს: "აჰა, რეუბენისა და გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააგეს ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს მიდამოებში, ისრაელიანთა მხარეს”.
12 . გაიგეს ისრაელიანებმა, შეიკრიბა ისრაელის მთელი თემი სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
13 . და გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა რეუბენის ძეებს, გადის ძეებს და მენაშეს ნახევარ ტომს გილყადის ქვეყანაში ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე
14 . და მასთან ერთად ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოდან, ისრაელის ყველა ტომიდან. საგვარეულოს თითოეული მთავარი ათასეულის მეთაური იყო.
15 . მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს:
16 . "ასე ამბობს უფლის მთელი თემი: რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს, რატომ აქციეთ ზურგი, რატომ აიშენეთ სამსხვერპლო და აუმხედრდით ამ დღეს უფალს?
17 . ნუთუ საკმარისი არ იყო ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ და რის გამოც მოსრა უფლის თემი სენმა?
18 . ზურგი აქციეთ დღეს უფალს და აღარ მიჰყვებით. დღეს უფალს აუმხედრდით, ხვალ კი ისრაელის მთელ თემს დაატყდება რისხვა!
19 . თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.
20 . განა ისრაელის მთელს თემს არ დაატეხა რისხვა ყაქან ზერახის ძემ, დარისხებულის დანაშაულის გამო?! და მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულისთვის”.
21 . მიუგეს რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს:
22 . "დიადი ღმერთია უფალი, ერთადერთი ღმერთია უფალი, მან უწყის და ისრაელმაც იცოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად ან საღალატოდ მოვიქეცით ასე, დღესვე დაგვრისხოს უფალმა!
23 . თუ უფლისთვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს სამსხვერპლო, ან სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი ან სამშვიდობო მსხვერპლები შევწიროთ მასზე, მაშინ თავად უფალმა მოგვკითხოს!
24 . მაგრამ ჭეშმარიტად შიშის გამო მოვიქეცით ასე, რომ ხვალ თქვენმა შვილებმა არ უთხრან ჩვენს შვილებს: რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
25 . საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენ შორის, რეუბენელებო და გადელებო; არა გაქვთ წილი უფალში; და აუკრძალავენ თქვენი ძეები ჩვენს ძეებს უფლისადმი მოშიშებას.
26 . ვთქვით: ავაშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლებისთვის;
27 . არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.
28 . ვთქვით: როცა ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობებს ასე გვეტყვიან, მაშინ ვუპასუხებთ - ‘აჰა, უფლის სამსხვერპლოს მსგავსი, რომელიც სრულადდასაწველისა და მსხვერპლებისთვის კი არ ააგეს ჩვენმა მამებმა, არამედ მოწმობისთვის ჩვენსა და თქვენ შორის.’
29 . შორს იყოს ჩვენგან ასეთი საქმე! როგორ ავმხედრდებოდით უფლის წინააღმდეგ, ზურგს როგორ ვაქცევდით უფალს და როგორ ავაშენებდით სამსხვერპლოს სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და შესაწირისთვის უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა?”
30 . და მოისმინეს ფინხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და მათთან მყოფმა ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა რეუბენის, გადისა და მენაშეს ძეთა ნათქვამი სიტყვები და მოიწონეს.
31 . უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: "დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიღალატიათ უფლისთვის და იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან”.
32 . დაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი და მთავრები გილყადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში ისრაელის ძეებთან და მოუტანეს ამბავი.
33 . მოიწონეს ეს საქმე ისრაელის ძეებმა და აკურთხეს ისრაელის ღმერთი. აღარ უფიქრიათ გალაშქრება და იმ ქვეყნის დარბევა, სადაც მკვიდრობდნენ რეუბენიანები და გადელები.
34 . და უწოდეს რეუბენის ძეებმა და გადის ძეებმა სამხვერპლოს ყედი - "მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ უფალია ღმერთი”.
1 . აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
2 . გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
3 . უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
4 . მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
5 . უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
6 . გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 . დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
8 . მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
9 . შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
10 . დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
11 . მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
12 . უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 . კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
14 . მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 . გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
16 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
17 . აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
18 . თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 . და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
20 . მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
21 . უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 . კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
23 . დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 . იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
25 . შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
26 . დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
27 . თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
28 . შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
29 . ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
30 . უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 . აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
32 . ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
33 . შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
1 . ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები: ქისლევის თვეში, ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, შუშანის სასახლეში რომ ვიყავი,
2 . ხანანი, ერთი ჩემი ძმათაგანი და სხვა რამდენიმე კაცი ამოვიდა იუდადან, და გამოვკითხე ტყვეობიდან დაბრუნებული, გადარჩენილი იუდეველებისა და იერუსალიმის ამბავი.
3 . მითხრეს: "დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, იქ, თავის სამშობლოში, დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; იერუსალიმის გალავანი დარღვეულია, მისი კარიბჭენი კი ცეცხლით გადამწვარი”.
4 . ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი; მრავალ დღეს ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე.
5 . ვეუბნებოდი: "გევედრები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიადო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო მათთვის, ვისაც უყვარხარ და იცავს შენს მცნებებს!
6 . მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.
7 . დანაშაულს ჩავდიოდით შენ წინაშე, არ ვიცავდით მცნებებს, წესებსა და სამართალს, რომელიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს.
8 . გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო.
9 . ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!
10 . ისინი ხომ შენი მსახურები და შენი ხალხია, რომელიც გამოისყიდე შენი დიადი ძალითა და ძლიერი ხელით!
11 . ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
2 . თუ უარს იტყვი მის გაშვებაზე და კვლავ დააკავებ,
3 . აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, რომელიც ველზეა - ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, ცხვარზე და ძროხაზე. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4 . და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს”.
5 . დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
6 . აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.
7 . გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აიღეთ ქურიდან სავსე პეშვი ნაცარი და ააფრქვიოს იგი მოსემ ცისკენ ფარაონის თვალწინ;
9 . მტვრად მოეფინება ეგვიპტის მთელ ქვეყანას და გამოაჩნდება ადამიანებსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
10 . აიღეს ქურის ნაცარი, წარსდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია მოსემ ცისკენ; და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარათ ადამიანებსა და პირუტყვს.
11 . ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც.
12 . გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13 . და უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი სისხამ დილით, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
14 . თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.
15 . ახლავე გავიწვდიდი ხელს და უსათუოდ მოგსრავდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს და მოისპობოდით დედამიწიდან.
16 . მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
17 . ჯერ კიდევ იმაღლებ თავს ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არ უშვებ მათ.
18 . აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.
19 . ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა”.
20 . ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთა შორის, ჭერქვეშ შერეკა თავისი მონები და საქონელი.
21 . ხოლო, ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, თავისი მონები და საქონელი ველზე დატოვა.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზეცისკენ, რათა მოვიდეს სეტყვა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, ადამიანებზე, პირუტყვსა და ველის ყოველ ბალახზე ეგვიპტის ქვეყანაში”.
23 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24 . მოდიოდა სეტყვა და გიზგიზებდა ცეცხლი სეტყვაში, ძალზე ძლიერი, რომლის მსგავსიც მთელი ეგვიპტის მიწაზე არ მოსულა, მათი ერად ქცევის დღიდან.
25 . ყველაფერი მოსპო სეტყვამ ეგვიპტის მიწაზე, რაც მინდვრად დარჩა, კაციც და პირუტყვიც. მოსრა სეტყვამ ყოველი ბალახი ველისა და დალეწა ყოველი ხე ველისა.
26 . მხოლოდ გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ.
27 . წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
28 . გვიშუამდგომლეთ უფალთან, გვაკმაროს ეს დიადი გრგვინვა და სეტყვა და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ”.
29 . მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
30 . მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები”.
31 . განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ამოთავთავებული, სელი კი აყვავებული იყო.
32 . ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან ორივე გვიან იმკება.
33 . გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.
34 . როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.
35 . და გამძვინვარდა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილნი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
1 . ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.
2 . შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3 . და უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბერა - მწველი, რადგან უფლის ცეცხლი მოეკიდათ იქ.
4 . გულისთქმა დაეუფლა მათ შორის მყოფ ბრბოს, მათთან ერთად ისრაელიანებიც მოთქვამდნენ და ამბობდნენ - ვინ გვაჭმევსო ხორცს.
5 . გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე - კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6 . ახლა ჩამოვხმით, რადგან მანნას გარდა არაფერია ჩვენს თვალწინ”.
7 . ქინძის თესლივით იყო მანნა და ქარვის შეხედულება ჰქონდა.
8 . დადიოდა ხალხი და კრეფდა, ფქვავდა წისქვილის ქვაზე ან ფილით ნაყავდა; ხარშავდნენ ქვაბში და კვერებს აცხობდნენ მისგან; ზეთიანი კვერის გემო ჰქონდა.
9 . როცა ღამით ცვარი დაეფინებოდა ბანაკს, მანნაც ეფინებოდა მას.
10 . გაიგონა მოსემ ხალხის ტირილი თავთავის სახლებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ტიროდა; და ფრიად აღინთო უფლის რისხვა. ეს მოსეს თვალშიც ბოროტება იყო.
11 . უთხრა მოსემ უფალს: "რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
12 . ნუთუ მე ვატარე მთელი ეს ხალხი მუცლით და მე ვშობე იგი, რომ მეუბნები: ატარე შენი უბით, როგორც ძიძა ატარებს ძუძუმწოვარ ჩვილს, და წაიყვანე იმ მიწაზე, რომელიც შევფიცეო მის მამებს?
13 . სად მაქვს ხორცი ამდენი ხალხისთვის? ჩემს წინ მოთქვამენ - ხორცი მოგვეცი, რომ შევჭამოთო.
14 . მე ერთი ვერ ვატარებ ამ ხალხს; რადგან მძიმეა ეს ტვირთი ჩემთვის,
15 . და თუ ასე მექცევი, გთხოვ მომკალი, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, რათა აღარ ვუყურო ჩემს გაჭირვებას”.
16 . უპასუხა უფალმა მოსეს: "შეკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, ვინც იცი, რომ ხალხის უხუცესები და ზედამხედველნი არიან. მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად.
17 . ჩამოვალ და დაგელაპარაკები, ავიღებ სულიდან, რომელიც შენზეა და მათაც მოვაფენ, რათა შენთან ერთად ზიდონ ხალხის ტვირთი და მარტომ აღარ ატარო.
18 . უთხარი ხალხს: განიწმიდეთო ხვალისთვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ყურში ჩასტიროდით უფალს, ხორცს ვინ გვაჭმევსო, ეგვიპტეში გვერჩივნაო; მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19 . ოღონდ, ერთ დღეს კი არ შეჭამთ, არც ორ დღეს, არც ხუთ დღეს, არც ათ დღეს და არც ოც დღეს,
20 . არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან”.
21 . თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.
22 . მთელი ფარა და ნახირიც რომ დაიკლას მათთვის, ნუთუ ეს ეყოფათ? ან ზღვის მთელი თევზიც რომ მივცეთ, ნუთუ საკმარისი იქნება?”
23 . უპასუხა უფალმა მოსეს: "განა დამოკლდა უფლის ხელი? ახლა იხილავ, აგისრულდება თუ არა ჩემი სიტყვა”.
24 . გამოვიდა მოსე და უამბო ხალხს უფლის ნათქვამი, შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან და დააყენა ისინი კარვის გარშემო.
25 . და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, თან ელაპარაკებოდა მას, აიღო სულისგან, რომელიც მოსეზე იყო და მოჰფინა სამოცდაათ უხუცეს მამაკაცს; დაივანა მათზე სულმა და განუწყვეტლივ იწყეს წინასწარმეტყველება.
26 . მაგრამ ორი კაცი დარჩა ბანაკში; ერთის სახელი იყო ელდადი, მეორისა - მედადი; ისინიც ჩაწერილნი იყვნენ, მაგრამ არ გასულან სავანესთან; მათზეც დაივანა სულმა და იწყეს წინასწარმეტყველება ბანაკში.
27 . გაიქცა ერთი ჭაბუკი და აუწყა მოსეს: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28 . მიუგო იეშუამ, ნავეს ძემ, რომელიც სიყრმიდან მოსეს მსახური იყო: "მოსე, ჩემო ბატონო! აუკრძალე!”
29 . უთხრა მას მოსემ: "ჩემ გამო ხომ არ ეჭვიანობ? ნეტავ უფლის მთელი ხალხი გაწინასწარმეტყველდებოდეს და მათზეც მოაფენდეს უფალი თავის სულს”.
30 . და დაბრუნდნენ მოსე და უხუცესები ისრაელის ბანაკში.
31 . ამოვარდა ქარი უფლისგან, მოზიდა ზღვიდან მწყერი და დაყარა ბანაკიდან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, მიწიდან თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე.
32 . მთელ იმ დღე-ღამეს და მთელ მეორე დღეს აგროვებდა ხალხი მწყერს; ყველაზე ცოტას ამკრეფმაც კი ათი ხომერი აკრიფა. ბანაკის გარშემო დაილაგეს თავისთვის.
33 . ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი, დაღეჭვაც ვერ მოასწრეს, რომ უფლის რისხვა აღინთო ხალხზე და მოსრა უფალმა მრავალი.
34 . ეწოდა იმ ადგილს კიბროთ ჰათაავა - გულისთქმათა საფლავი, რადგან იქ დამარხეს ხალხი.
35 . კიბროთ ჰათაავადან ხაცეროთისკენ დაიძრა ხალხი; და დადგნენ ხაცეროთში.
1 . მერე დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
2 . ასე უთხრა უფალმა მოსეს:
3 . "გაგზავნე კაცები და ფარულად დაათვალიერონ ქანაანის ქვეყანა, ისრაელის ძეთ რომ ვაძლევ; თითო კაცი ყოველი ტომიდან, მამისსახლთა მთავარნი წარგზავნე.
4 . და წარგზავნა ისინი მოსემ უფლის ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან; ყოველი წარგზავნილი ისრაელიანთა მთავართაგანნი იყო.
5 . აი, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან - შამუაყი, ზაქურის ძე.
6 . სიმონის ტომიდან - შაფატი, ხორის ძე.
7 . იუდას ტომიდან - ხალები, იეფუნეს ძე.
8 . ისაქარის ტომიდან - იგალი, იოსების ძე.
9 . ეფრემის ტომიდან - ჰოსია, ნავეს ძე.
10 . ბენიამინის ტომიდან - ფალტი, რაფუს ძე.
11 . ზებულონის ტომიდან - გადიელი, სოდის ძე.
12 . იოსების ტომიდან - გადი, სუსის ძე, მენაშეს მხრიდან.
13 . დანის ტომიდან - ყამიელი, გემალის ძე.
14 . აშერის ტომიდან - სეთური, მიქაელის ძე.
15 . ნაფთალის ტომიდან - ნახბი, ვოფსის ძე.
16 . გადის ტომიდან - გეუელი, მაქის ძე.
17 . ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.
18 . წარგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: "ნეგებისკენ წადით და მთაზე ადით;
19 . ნახეთ ქვეყანა, როგორია იგი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი;
20 . და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
21 . და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი, იზრდება ხე თუ არა, იყავით გაბედულნი და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფები”. ყურძნის მწიფობის დრო იდგა მაშინ.
22 . ავიდნენ და ფარულად დაათვალიერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე.
23 . წავიდნენ ნეგებისკენ და ხებრონამდე მივიდნენ; და სახლობდნენ იქ ყენაკის ძენი: ახიმანი, შეშაი და თალმაი. შვიდი წლით ადრე აშენდა ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე.
24 . მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.
25 . და უწოდეს იმ ადგილს ნახალ-ეშქოლი - მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს.
26 . დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
27 . წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
28 . უამბეს და უთხრეს: "მივედით იმ ქვეყანაში, სადაც მიგვავლინე, ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი: აი, მისი ნაყოფები.
29 . მაგრამ ძლიერია ხალხი იმ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, ქალაქები ფრიად დიდია და გამაგრებული; ყენაკის ძენიც ვნახეთ იქ.
30 . ნეგების ქვეყანაში ყამალეკელნი მკვიდრობენ, ხოლო ხეთელნი, იებუსელნი და ამორელნი მთაში ცხოვრობენ, ქანაანელები კი ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე მკვიდრობენ”.
31 . გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: "წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიძს მათი ძლევა”.
32 . მაგრამ კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: "ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი”.
33 . ბოროტად ილაპარაკეს ისრაელიანთა შორის ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს: ქვეყანა, რომელიც დავზვერეთ, მშთანთქმელიაო თავისი მკვიდრებისა; მთელი ხალხი კი, იქ რომ ვნახეთ - ახოვანი.
34 . ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.
1 . ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.
2 . და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
3 . პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
4 . განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
5 . ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
6 . წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
7 . სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8 . პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.
9 . პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
10 . მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11 . დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
12 . მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.
13 . დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ.
14 . სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
15 . ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.
16 . იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17 . აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
18 . დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
19 . მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20 . "წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
21 . გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
22 . მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,
23 . უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.
24 . ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო.
25 . ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
26 . მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 . მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა?
28 . "განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”
29 . მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
30 . ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით;
31 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
32 . ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
33 . ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.
34 . მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
35 . მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
36 . რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.
37 . ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.
38 . ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
39 . ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”
40 . დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.
41 . ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
42 . ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში
1 . როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე ელაპარაკა უფალი იეშუას:
2 . "აიყვანე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
3 . ასე უბრძანე მათ: აიღეთ აქედან, იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც გაათევთ ღამეს”.
4 . და მოუხმო იეშუამ თორმეტ კაცს, ისრაელის ძეთაგან რომ გამოარჩია, თითო კაცი თითო ტომიდან.
5 . უთხრა მათ იეშუამ: "იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ შუაგულ იორდანეში და თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა მოიკიდეთ ზურგზე, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით,
6 . რათა ნიშანი იყოს ეს თქვენ შორის; როცა გკითხავენ თქვენი ძენი, რა ქვები გაქვთო ეს,
7 . უთხარით: ‘იორდანეს წყლები გაიპო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, მისი იორდანეზე გადასვლის დროს გაიპო წყლები!‘ და იყოს ეს ქვები სამახსოვროდ ისრაელის ძეებისთვის უკუნისამდე”.
8 . ისე მოიქცნენ ისრაელის ძენი, როგორც ბრძანა იეშუამ, აიღეს თორმეტი ქვა შუაგულ იორდანედან, იეშუასადმი უფლის ნათქვამისამებრ, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით, გადაიტანეს ღამის სათევში და იქ დააწყვეს.
9 . შუაგულ იორდანეშიც თორმეტი ქვა აღმართა იეშუამ, იმ ადგილას, სადაც ფეხები ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს, დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
10 . იდგნენ კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაგულში, ვიდრე არ შესრულდა ყოველი სიტყვა, რაც უბრძანა უფალმა იეშუას ხალხისთვის სათქმელად, მოსეს ანდერძისამებრ იეშუასადმი; და ჩქარობდა ხალხი გაღმა გადასვლას.
11 . როცა მთელი ხალხი გადავიდა იორდანეს, მაშინ გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
12 . რეუბენის, გადისა და მენაშეს ნახევარტომის ძეებიც გადავიდნენ იარაღასხმულნი, ისრაელის ძეთა თვალწინ, როგორც უანდერძა მათ მოსემ.
13 . ორმოცი ათასამდე იარაღასხმული კაცი გადავიდა უფლის წინაშე, იერიხოს ველზე საბრძოლველად.
14 . იმ დღეს განადიდა უფალმა იეშუა მთელი ისრაელის თვალში და სიცოცხლის ბოლომდე ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი.
15 . უთხრა უფალმა იეშუას:
16 . "უბრძანე აღთქმის კიდობნის მზიდველ მღვდლებს, ამოვიდნენ იორდანედან”.
17 . და უბრძანა იეშუამ მღვდლებს: "ამოდით იორდანედან!”
18 . როგორც კი ამოვიდნენ იორდანედან უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები და ხმელეთზე დაიდგა მათი ტერფები, დაუბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილს და უწინდელივით თავის კალაპოტში იწყო დინება.
19 . პირველი თვის მეათე დღეს ამოვიდა ხალხი იორდანედან და იერიხოს აღმოსავლეთ მხარეს, გილგალში დაბანაკდა;
20 . ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ ამოიღეს, გილგალში აღმართა იეშუამ.
21 . უთხრა ისრაელის ძეებს: "ოდესმე, რომ გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,
22 . ასე აუწყეთ თქვენს ძეებს: მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე.
23 . რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გადავლახავდით მას, როგორც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, წითელ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ;
24 . რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
1 . მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან.
2 . აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: "უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
3 . გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.
4 . უთხრა მას იესომ: "იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
5 . კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა.
6 . უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.
7 . იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”.
8 . ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
9 . ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.
10 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
11 . ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში.
12 . ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.
13 . უთხრა იესომ ასისთავს: "წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
14 . მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.
15 . შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.
16 . მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.
18 . თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ.
19 . მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: "მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
20 . უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”
21 . სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
22 . მაგრამ იესომ უთხრა მას: "შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.
23 . ჩაჯდა ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
24 . და აჰა, დიდი ღელვა მოხდა ზღვაზე, ისე რომ, ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
25 . მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით”.
26 . უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?” შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
27 . ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?”
28 . გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
29 . და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?”
30 . მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
31 . ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: "თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”.
32 . უთხრა მათ: "წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.
33 . მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და ყველაფერი თქვეს, იმის ჩათვლით, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
34 . და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.
1 . ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა.
2 . და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”.
3 . ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო.
4 . იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: "რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?
5 . რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?
6 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!”
7 . ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
8 . ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
9 . იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: "გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა.
10 . მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან.
11 . ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
12 . იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.
13 . თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
14 . მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: "რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”
15 . უთხრა მათ იესომ: "განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
16 . ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა.
17 . არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.
18 . ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: "ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”.
19 . წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას.
20 . აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო.
21 . ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო.
22 . იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: "გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.
23 . მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
24 . უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
25 . ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.
26 . მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
27 . იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: "შეგვიწყალე, ძეო დავითისა!”
28 . სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: "გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: "ჰო, უფალო!”
29 . მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: "თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!”
30 . და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: "აჰა, არავინ გაიგოს!”
31 . ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
32 . გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი.
33 . როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.
34 . ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
35 . დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.
36 . ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
37 . მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: "სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
38 . ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.
1 . ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
2 . რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3 . პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4 . ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5 . ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6 . კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
7 . მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
8 . გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
9 . და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;
10 . ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.
11 . გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს;
12 . იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13 . შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
14 . გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
15 . ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
16 . ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17 . იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
18 . ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.
19 . დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
20 . მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
21 . გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”.
22 . აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23 . მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24 . ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
25 . შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26 . უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27 . ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28 . მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.
29 . მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30 . გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”
31 . მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.
32 . უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.
33 . იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34 . სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
35 . გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”.
36 . შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”.
37 . მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
38 . ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
39 . მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ.
40 . საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3 . ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5 . იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6 . აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
7 . ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
8 . მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
9 . და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
10 . და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
11 . ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
12 . და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
13 . ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14 . მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
15 . ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
16 . გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17 . უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
18 . მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19 . ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
20 . მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21 . კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
22 . გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23 . იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
24 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
25 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
26 . არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27 . ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
28 . და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
29 . სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
30 . სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
31 . მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32 . საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
33 . მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
34 . ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
35 . განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
36 . სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
37 . იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
38 . უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
39 . დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40 . მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
41 . შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
42 . მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
43 . მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
44 . უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
45 . ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
1 . რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.
2 . უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 . მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4 . და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.
5 . მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”
6 . ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:
7 . "რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”
8 . იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
9 . რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
10 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:
11 . შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”
12 . ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
13 . კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14 . გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: "გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
15 . მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.
16 . დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
17 . ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.
18 . იოანეს მოწაფენი და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და ჰკითხეს: "რატომ არის, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფენი კი არა?”
19 . იესომ უთხრა მათ: "განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა.
20 . მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს.
21 . ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალი ქსოვილის საკერებელს; თორემ ახლად დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გამოიხევა.
22 . არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.
23 . ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24 . უთხრეს ფარისევლებმა მას: "აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
25 . მიუგო იესომ: "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26 . როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”
27 . უთხრა: "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28 . ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
1 . პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: "კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.
2 . მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.
3 . მაშინ უთხრა პავლემ: "ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.
4 . უთხრეს იქ მდგომებმა: "ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”
5 . უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.
6 . იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.
7 . ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.
8 . რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.
9 . ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: "ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”
10 . რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.
11 . მომდევნო ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ისე რომშიც გმართებს დამოწმება”.
12 . რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ.
13 . ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები.
14 . მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: "დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ.
15 . თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
16 . შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.
17 . პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”.
18 . მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.
19 . ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?”
20 . მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ.
21 . მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
22 . გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.
23 . გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: "ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად,
24 . და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”.
25 . თან ეს წერილი მისწერა:
26 . "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე!
27 . ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ.
28 . მინდოდა გამეგო, რაში ადანაშაულებდნენ და სინედრიონში მივუყვანე მათ.
29 . აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს.
30 . ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეითქვნენ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშე ილაპარაკონ მასზე. იცოცხლე!”
31 . ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიამდე.
32 . მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და თვითონ ციხე-სიმაგრეში დაბრუნდნენ.
33 . მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს.
34 . გამგებელმა წაიკითხა წერილი და ჰკითხა, საიდან ხარო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
35 . "მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ”. და ბრძანა, ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.
1 . ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
2 . ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
3 . და ყველა მიდიოდა ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
4 . იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი.
5 . რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ორსულად იყო.
6 . მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის დღეები.
7 . და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში.
8 . მწყემსები იყვნენ მინდვრად, იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ
9 . და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
10 . უთხრა მათ ანგელოზმა: "ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:
11 . ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში.
12 . ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს”.
13 . და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ:
14 . "დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!”
15 . ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: "წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა”.
16 . სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
17 . ნახვისთანავე აუწყეს იმ სიტყვაზე, რომელიც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე.
18 . ვინც ისმენდა, ყველას უკვირდა მწყემსების ნაამბობი,
19 . მარიამმა კი ყოველი სიტყვა ჩაიმარხა და ფიქრობდა მათზე თავის გულში.
20 . გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს, ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ.
21 . რვა დღე რომ შესრულდა, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაარქვეს სახელად იესო, ანგელოზის მიერ მუცელში ჩასახვამდე დარქმეული სახელი.
22 . ხოლო მათი განწმედის დღეები რომ გასრულდა, მოსეს რჯულის მიხედვით, იერუსალიმში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად.
23 . როგორც სწერია უფლის რჯულში: "ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს;
24 . და შესწირონ მსხვერპლი, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი!” - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი.
25 . და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.
26 . სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.
27 . სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
28 . მანაც აიყვანა ყრმა ხელში, ადიდა ღმერთი და თქვა:
29 . "ახლა, გაუშვი მონა შენი ბატონო, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით.
30 . რადგან იხილეს ჩემმა თვალებმა ხსნა შენმიერი,
31 . რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.
32 . სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.
33 . იოსები და მისი დედა კი გაოცებულნი იყვნენ მასზე ნათქვამით.
34 . აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: "აჰა, დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადავო ნიშნად.
35 . და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი”.
36 . იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდ წელიწადს ნაცხოვრები.
37 . ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.
38 . ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
39 . ყოველივე რჯულის თანახმად აღასრულეს და დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
40 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე.
41 . მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში.
42 . თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.
43 . დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ.
44 . ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინღა დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.
45 . რომ ვერ იპოვეს, გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
46 . სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
47 . მსმენელთაგან ყველას აოცებდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
48 . რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: "ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.
49 . უთხრა მათ: "რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისაა, იმაში უნდა ვიყო?”
50 . მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი.
51 . გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
52 . ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.
1 . უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ წილი მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრებლებიდან; მისცენ ლევიანებს ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები მათ გარშემო.
3 . და იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, საძოვრები კი, მთელი მათი საქონლისთვის, ჯოგებისთვის და პირუტყვისთვის.
4 . ქალაქთა საძოვრები, რომელთაც მისცემთ ლევიანებს, ათასი წყრთა უნდა იყოს, ქალაქის გარე კედლიდან მის ირგვლივ.
5 . გადაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, სამხრეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, დასავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა და ჩრდილოეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, ხოლო შუაში ქალაქი იყოს: ეს იქნება მათთვის ქალაქგარე საძოვრები.
6 . ლევიანთათვის მიცემული ქალაქებიდან, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს, სადაც მკვლელთა გასაქცევი იქნება; მიეცით დამატებით ორმოცდაორი ქალაქი.
7 . ყველა ქალაქი, რომელიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ორმოცდარვა ქალაქს შეადგენს თავისი სავარგულებით.
8 . და ქალაქებს, რომლებსაც ისრაელიანთა სამკვიდრებლიდან მისცემთ, მრავალრიცხოვანთაგან მეტი მიეცით, ხოლო მცირერიცხოვანთაგან - ნაკლები; თითოეულმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით მისცეს ლევიანებს თავისი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს:
10 . "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როცა გადალახავთ იორდანეს, ქანაანის ქვეყნისკენ,
11 . მაშინ აირჩიეთ ქალაქები, რათა იყოს თავშესაფრად თქვენთვის; გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც განზრახ არ მოუკლავს კაცი.
12 . გექნებათ ეს ქალაქები თქვენს თავშესაფრად შურისმაძიებელთაგან, რათა თემის სამართლის წინაშე წარდგომამდე არ მოკვდეს მკვლელი.
13 . თქვენი მიცემული ქალაქებიდან, ექვსი იყოს თავშესაფრად:
14 . სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა მხარეს მიეცით და სამი - ქანაანის ქვეყანაში: თავშესაფარ ქალაქებად იქნებიან ისინი.
15 . და იყოს მათ შორის ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად ისრაელიანთათვის, მწირისა და ხიზნისთვის, რათა გაიქცეს იქ ყოველი, ვისაც შემოაკვდება კაცი.
16 . ხოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს და მოკლავს კაცს, მაშინ მკვლელია იგი; უცილობლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს ასეთი მკვლელი.
17 . თუ ვინმე ხელით ქვას მოარტყამს კაცს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს მკვლელი.
18 . თუ ხისგან დამზადებულ ხელის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს ეს მკვლელი.
19 . მოსისხლე შურისმგებელს თვითონ შეუძლია მკვლელის მოკვლა: როცა შეხვდება მას, თვითონვე მოკლას იგი.
20 . თუ სიძულვილით უბიძგებს კაცი ვინმეს ან განზრახ ესვრის მას რაიმეს და მოკლავს,
21 . თუ მტრობით დაარტყამს ხელს და მოკლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს დამრტყმელი, რადგან მკვლელია იგი; და მოსისხლე შურისმგებელს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
22 . მაგრამ თუ უნებლიეთ, მტრობის გარეშე უბიძგა მას ან განუზრახველად ესროლა რაიმე,
23 . ან ისეთი ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, ისე, რომ არ დაუნახავს, სტყორცნის და მოკლავს, ის კი არ ყოფილა მისი მტერი და არც სიავე სურდა მისთვის,
24 . მაშინ უნდა განსაჯოს თემმა ეს ამბავი, მკვლელსა და მოსისხლე შურისმგებელს შორის,
25 . და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მოსისხლე შურისმგებლისგან; უნდა დააბრუნოს იგი თემმა მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე იქ იცხოვროს.
26 . ხოლო თუ ოდესმე გასცდება მკვლელი თავისი თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა,
27 . და მისი მოსისხლე შურისმგებელი, თავშესაფარი ქალაქის (სადაც იგი გაიქცა) საზღვრის გარეთ იპოვის მას და მოკლავს მოსისხლე შურისმგებელი მკვლელს: მაშინ არ იქნება მასზე სისხლი,
28 . ვინაიდან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო იგი მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე; ხოლო მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამკვიდრებელს.
29 . ეს იყოს თქვენთვის რჯულის დადგენილებად თაობიდან თაობამდე, ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე.
30 . კაცის ყოველი მკვლელი, უნდა მოიკლას მოწმეთა ჩვენებით; მაგრამ ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არაა ადამიანის წინააღმდეგ სასიკვდილოდ.
31 . არ აიღოთ სიცოცხლის გამოსასყიდი მკვლელისთვის, რომელიც სასიკვდილოდაა დამნაშავე, რადგან უცილობლად უნდა მოკვდეს;
32 . და ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისგან, მის სამკვიდრებელში დასაბრუნებლად, ვიდრე მღვდელმთავარი გარდაიცვლებოდეს.
33 . არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.
34 . ნუ წაბილწავთ ქვეყანას, რომელშიც იცხოვრებთ და რომელშიც მე ვივანებ, რადგან მე, უფალი, ვმკვიდრდები ისრაელიანთა შორის.
1 . და გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში.
2 . ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან.
3 . სამყოფელი სამარხებში ჰქონდა მას და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შებოჭვა.
4 . აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5 . მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.
6 . შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7 . ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”
8 . რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”
9 . ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.
10 . და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმ არემარედან.
11 . იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო.
12 . ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: "შეგვრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში”.
13 . დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი, დაახლოებით ორიათასამდე ღორი, კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო.
14 . მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი; და გამოვიდა ხალხი, რომ ენახა, რა მოხდა.
15 . მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
16 . უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17 . და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
18 . როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
19 . მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.
20 . წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, როგორ მოექცა მას იესო და ყველას უკვირდა.
21 . როცა კვლავ გამოღმა გამოცურა ნავით იესომ, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი.
22 . მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.
23 . ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
24 . წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 . და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,
26 . მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
27 . მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.
28 . რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
29 . იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.
30 . მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”
31 . მოწაფეებმა უთხრეს: "ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?”
32 . მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა.
33 . ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
34 . მან კი უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
35 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: "შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”
36 . მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”
37 . და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
38 . მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
39 . შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.
40 . დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
41 . აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
42 . მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.
43 . მან კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
1 . შაბათი რომ გავიდა, ერთშაბათის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამიც სამარხის სანახავად.
2 . და აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.
3 . შესახედაობა მისი ელვასავით იყო და სამოსი მისი - თოვლივით სპეტაკი.
4 . მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
5 . ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა: "ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
6 . აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა.
7 . ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.
8 . ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშითა და დიდი სიხარულით; მირბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისთვის.
9 . და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: "გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას!
10 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას; იქ მნახავენ”.
11 . ისინი რომ წავიდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები გაიქცნენ ქალაქში და მღვდელმთავრებს აუწყეს ყველაფერი, რაც მოხდა.
12 . შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს.
13 . უთხრეს: "თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და როცა გეძინათ, მოიპარეს იგი.
14 . თუ ამ ამბავს გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებას აგარიდებთ”.
15 . მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და დღემდე ასე გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის.
16 . თერთმეტი მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17 . ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა.
18 . მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე.
19 . ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
20 . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
1 . ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ ოლქზე მეფობდა.
2 . იმ დღეებში, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, შუშანის სასახლეში,
3 . თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.
4 . ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.
5 . ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფი ყველა ხალხისთვის შვიდდღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლის ეზოში.
6 . ლაჟვარდოვანი და თეთრი ბამბეულის ქსოვილები მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის ტახტრევნები იდგა ალისფერი ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე.
7 . სასმელს ოქროს მრავალფერი სასმისებით სვამდნენ; სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლილობისამებრ.
8 . როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახლმმართველებს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
9 . დედოფალმა ვაშთიმაც მოაწყო ნადიმი ბანოვანთათვის ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
10 . მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,
11 . რომ მეფის წინაშე მოეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და დიდებულებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო იგი.
12 . მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.
13 . დაეკითხა მეფე დრო-ჟამის მცოდნე ბრძენკაცთ, რადგან ასე სჩვეოდა მეფეს საქმის გადაწყვეტა, კანონისა და სამართლის ყოველი მცოდნის წინაშე.
14 . მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის სახის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი.
15 . "როგორ მოვექცეთ დედოფალ ვაშთის კანონით იმისთვის, რომ არ აღასრულა საჭურისების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?”
16 . თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: "არა მარტო მეფის წინაშე დააშავა დედოფალმა ვაშთიმ, არამედ ყველა მთავრისა და იმ ხალხთა წინაშე, მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში რომ ცხოვრობენ.
17 . გაიგებენ დედოფლის ამბავს დედაკაცები და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს; იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა მის წინაშე დედოფალ ვაშთის მიყვანა ბრძანა, ის კი არ მივიდაო.
18 . სპარსეთისა და მიდიის მთავართა ცოლებიც, ვინც გაიგებს დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს და მრავლად შეგვხვდება დამცირება და წყენა.
19 . თუ ინებებს მეფე, გასცეს სამეფო განკარგულება, რომ სპარსეთისა და მიდიის კანონებში ჩაიწეროს და არ შეიცვალოს: აღარასოდეს შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე, მისი დედოფლობა კი, მეფემ სხვას, მასზე ღირსეულს მისცეს.
20 . მეფის განკარგულება მთელ მის ვრცელ სამეფოში გამოცხადდება და ყოველი დედაკაცი, დიდიდან მცირემდე, პატივისცემით მოექცევა თავის ქმარს”.
21 . მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს და მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე,
22 . ყველა მხარეში დაიგზავნა წერილები - ყოველ ოლქს თავისი დამწერლობით; და ეუწყა ყოველ ხალხს თავის ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იმ ერში, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში.
1 . ამ ამბების შემდეგ, როცა დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
2 . და თქვეს მეფის გარემოცვამ, მისმა მსახურებმა: "მოუძებნონ მეფეს ყმაწვილი ლამაზი ქალწულები.
3 . დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რათა შეკრიბონ ყველა ლამაზი და ყმაწვილი ქალწული შუშანში, სატახტო ქალაქში, ქალთა სახლში და ჩააბარონ ჰეგეს, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს და დაურიგოს მათთვის საჭირო ნელსაცხებლები.
4 . ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!” მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა.
5 . იყო ერთი ებრაელი კაცი სატახტო ქალაქ შუშანში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
6 . რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან და იმ ტყვეებთან ერთად, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ.
7 . მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.
8 . როცა მეფის ბრძანებითა და განკარგულებით მრავალ ყმაწვილქალს მოუყარეს თავი სატახტო ქალაქ შუშანში და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს.
9 . მოეწონა მას ყმაწვილქალი და მადლი ჰპოვა ჰეგეს თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის განკუთვნილი ნელსაცხებელი და მისი წილი საზრდო; მეფის სახლიდან შვიდი საუკეთესო მხევალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო სადგომში გადაიყვანა, თავის მხევლებთან ერთად.
10 . არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ხალხი და წარმომავლობა, რადგან ასე დაარიგა მორდექაიმ.
11 . ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.
12 . თორმეტი თვის შემდეგ მოუწევდა ყმაწვილქალს მეფე ახაშვეროშთან შესვლის რიგი, როგორც ქალებისთვის იყო დაწესებული, რადგან მანამდე ექვსი თვე მურის ზეთით ზელდნენ და ექვსი თვე _ სურნელებებით და ქალთა ნელსაცხებლებით.
13 . ამის შემდეგ შედიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და რაც არ უნდა მოეთხოვა ქალთა სახლიდან მეფის სახლში მიმავალს, გაატანდნენ ხოლმე.
14 . საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, შაყაშგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით; ვეღარ შევიდოდა მეფესთან, თუ თვითონ მეფე არ მოისურვებდა მას და სახელდებით არ დაუძახებდა.
15 . როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგემ ურჩია. და მადლი ჰპოვა ესთერმა ყველა მისი მხილველის თვალში.
16 . მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
17 . ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და ყველა ქალწულზე მეტი მადლი და სიკეთე ჰპოვა მეფის თვალში. დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
18 . გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისა და მსახურისთვის, გადასახადები შეუმსუბუქა სამთავროებს და საჩუქრები გასცა მეფური გულუხვობით.
19 . როცა მეორედ შეკრიბეს ქალწულები, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი,
20 . ჯერ კიდევ არ ამჟღავნებდა ესთერი თავის წარმომავლობასა და ხალხს, როგორც მორდექაის ჰქონდა ნათქვამი. ისევე ასრულებდა მორდექაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მისი მზრუნველობის ქვეშ იყო.
21 . იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.
22 . შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მეფეს მოახსენა მორდექაის სახელით.
23 . გამოიძიეს ეს საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. და ჩაიწერა ეს მეფის წინაშე, მატიანის წიგნში.
1 . ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
2 . ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
3 . იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4 . დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
5 . "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 . ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
8 . ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
9 . მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
10 . მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 . ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
12 . გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 . კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 . ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
15 . კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
16 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
17 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 . ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
19 . მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
20 . შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 . ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
22 . და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
23 . ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
24 . მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
25 . მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
26 . გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
27 . ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 . როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
29 . რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
30 . ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
31 . და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 . იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
33 . გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
34 . ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
35 . გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
36 . უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 . შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 . ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 . "შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
40 . იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
41 . და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
42 . რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
43 . და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
44 . უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 . და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
46 . ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
47 . დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 . უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
49 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
50 . იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
51 . სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
52 . ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
53 . ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54 . მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
55 . დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 . გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
1 . შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
2 . მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილი ვერავინ შევიდოდა მეფის კარიბჭეში.
3 . ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ გამართული ებრაელებს, მარხვა, გოდება და ქვითინი; ბევრს ქვეშ ჯვალო და ნაცარი ეგო.
4 . მივიდნენ ესთერთან მისი მხევლები და საჭურისები და უამბეს ეს ამბავი. დიდად დამწუხრდა დედოფალი. სამოსელი გაუგზავნა, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.
5 . მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფემ მიუჩინა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა ხდებოდა.
6 . და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ.
7 . უამბო მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და იმ ვერცხლის ზუსტი რაოდენობაც აუწყა, რომელიც ჰამანს უნდა შეეტანა მეფის საუნჯეში იუდეველთა მოსასპობად.
8 . დაწერილი განკარგულების პირიც გადასცა, შუშანში რომ გაიცა მათ გასანადგურებლად, რათა ესთერისთვის ეჩვენებინა და ყველაფერი ეამბნა; დაავალა ესთერს, რომ მეფესთან მისულიყო, შევედრებოდა და წყალობა გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.
9 . მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის სიტყები.
10 . ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და დააბარა მორდექაისთან:
11 . "მეფის ყველა მსახურმა და სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, კანონის თანახმად ერთი სასჯელი - სიკვდილი ელის; მხოლოდ ის იცოცხლებს, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც თავისთან არ მივუხმივარ მეფეს”.
12 . და გადასცეს მორდექაის ესთერის სიტყვები.
13 . შეუთვალა მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ: "ნუ იფიქრებ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები ებრაელთაგან მეფის სახლში.
14 . რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”
15 . და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:
16 . "წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!”
17 . წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.