1 . ფსალმუნი დავითისა.როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
2 . ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
3 . მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.
4 . ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.
5 . ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.
6 . ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.
7 . აღსდექ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს და კბილებს უმუსრავ ბოროტეულთ.
8 . უფლისგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე.
1 . და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ:
2 . "ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”
3 . ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშისკენ მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ გადახვეწილიყო უფლის პირისგან.
4 . მაგრამ ძლიერი ქარი ამოაგდო უფალმა, დიდი ქარიშხალი ამოვარდა, ისეთი, რომ დალეწვის პირას მიიყვანა ხომალდი.
5 . შეშინდნენ მეზღვაურნი და ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც ტვირთი ჰქონდათ, ზღვაში გადაყარეს, რომ შეემსუბუქებინათ ხომალდი, იონა კი ხომალდის ბანქვეშ იყო ჩასული, იწვა და ეძინა.
6 . მივიდა ხომალდის მეთაური და უთხრა: "რა დროს ძილია? ადექი, შენს ღმერთს მოუხმე, იქნებ შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ”.
7 . ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "წილი ვყაროთ, იქნებ გავიგოთ, ვის გამო დაგვატყდა თავს ეს უბედურება”. ყარეს წილი და იონას შეხვდა წილი.
8 . უთხრეს: "გვითხარი, რის გამო დაგვატყდა ეს უბედურება? რა ხელობის კაცი ხარ და საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნიდან ხარ და რომელი ხალხიდან?”
9 . მიუგო: "ებრაელი ვარ, მოშიში უფლისა, ცათა ღმერთისა, ვინც შექმნა ზღვა და ხმელეთი”.
10 . დიდად შეშინდნენ ეს კაცები, როცა უამბო იონამ, რომ უფლის პირს გაურბოდა. უთხრეს: "ეს რა ჩაგიდენია?”
11 . ჰკითხეს: "რა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?” რადგან ზღვა უფრო და უფრო ღელავდა.
12 . მიუგო: "ამიყვანეთ და ზღვაში გადამაგდეთ, მაშინ დაწყნარდება იგი; ვიცი, რომ ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს”.
13 . მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთისკენ გაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.
14 . მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: "გევედრებით, უფალო, ამ კაცის გამო ნუ დაგვღუპავ, მაგრამ ნურც უდანაშაულო სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყველაფერი ისე ხდება უფალო, როგორც შენ გინდოდა”.
15 . ადგნენ, ზღვაში გადააგდეს იონა და დამშვიდდა აბობოქრებული ზღვა.
16 . დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს უფალს და აღთქმები დაუდეს.
17 . დიდი თევზი მოავლინა უფალმა, რომ გადაეყლაპა იონა. სამი დღე და სამი ღამე იყო იონა თევზის მუცელში.
1 . ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
2 . რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3 . პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4 . ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5 . ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6 . კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
7 . მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
8 . გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
9 . და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;
10 . ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.
11 . გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს;
12 . იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13 . შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
14 . გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
15 . ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
16 . ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17 . იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
18 . ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.
19 . დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
20 . მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
21 . გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”.
22 . აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23 . მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24 . ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
25 . შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26 . უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27 . ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28 . მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.
29 . მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30 . გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”
31 . მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.
32 . უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.
33 . იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34 . სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
35 . გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”.
36 . შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”.
37 . მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
38 . ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
39 . მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ.
40 . საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.